ჩვენს პატარას ფაფა არ უყვარს... - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჩვენს პატარას ფაფა არ უყვარს...

თუ პატარა უარს ამბობს ფაფაზე, იქნებ სჯობდეს, ის სულაც აღარ მივცეთ? საერთოდ, საჭიროა კი ფაფა? ეს თქვენ გადაწყვიტეთ, სპეციალისტები კი გვირჩევენ, ახალ საკვებს ბავშვი თანდათანობით შევაგუოთ. დაიწყეთ 1 ჩაის კოვზით. თუ ბავშვს ფაფა მოსწონს, არც კუჭს უშლის და არც ალერგიულ რეაქციებს იწვევს, მისი ოდენობა თანდათან 2-3 სუფრის კოვზამდე გაზარდეთ. თუ ბავშვმა წინააღმდეგობა გაგიწიათ, რამდენიმე დღეს დაასვენეთ, მერე კი ხელახლა სცადეთ ან სხვა ფაფა შესთავაზეთ.

 

რომელი ბურღულის ფაფა სჯობს?

ყველაზე მეტი კვებითი ღირებულება აქვს წიწიბურას. ის მდიდარია ადვილად ასათვისებელი მცენარეული ცილებით, ცხიმებით, სახამებლით, B ჯგუფის, PP ვიტამინებით, კალიუმით, ფოსფორით, მაგნიუმითა და რკინით. დაღერღილ წიწიბურას ორგანიზმი უფრო ადვილად ითვისებს, მაგრამ მასში სასარგებლო ნივთიერება უფრო ნაკლებია, ამიტომ უმჯობესია, ჩვილს დაუღერღავი წიწიბურას ფაფა მოუმზადოთ. შეარჩიეთ ბაცი ფერის მარცვალი - ის ნაკლებად მოხალულია და გაცილებით მეტი კვებითი ღირებულება აქვს, ვიდრე მუქ ყავისფერს. ნედლი წიწიბურა კი უშუალოდ ფაფის მომზადების წინ მოხალეთ.

მეორე ადგილზეა შვრიის ფაფა - მასში განსაკუთრებით ბევრია შეუცვლელი ამინომჟავა, სხვა სახის ბურღულეულთან შედარებით მეტია ცხიმი, რკინა, სპილენძი, მანგანუმი, თუთია, უხვად არის B ჯგუფისა და E ვიტამინებიც.

ჰერკულესი შვრიის ბურღულის სპეციფიკური დამუშავებით მიიღება, ამიტომ ჩვილებისთვის მისგან მომზადებული ფაფა უფრო სასარგებლოა, ვიდრე უშუალოდ შვრიის მარცვლებისგან მომზადებული.

მანანის ბურღული სხვებთან შედარებით ნაკლებ უჯრედისს შეიცავს. სამაგიეროდ, მდიდარია მცენარეული ცილითა და სახამებლით, თუმცა მინერალური ნივთიერებებისა და ვიტამინების შემცველობით წიწიბურასა და შვრიას ჩამოუვარდება. კიდევ ერთი: ალერგიული ბავშვებისთვის მანანის ფაფა რეკომენდებული არ არის.

ბრინჯი სახამებლით ყველაზე მდიდარია, მაგრამ მასში ცოტაა მცენარეული ცილა, ვიტამინები და მინერალური ნივთიერებები. უჯრედისის დაბალი შემცველობის გამო ჩვილის კუჭი მას ადვილად ინელებს, ამუშავებს და შეიწოვს, ამიტომ ბრინჯის ფაფა საუკეთესოა იმ პატარებისთვის, რომლებსაც კუჭ-ნაწლავის პრობლემები აწუხებთ.

სიმინდის ბურღული მდიდარია სახამებლით. მასში ცოტაა ფოსფორი და კალციუმი, მაგრამ საკმაოდ ბევრია რკინა და PP ვიტამინი. სიმინდის ბურღული დიდხანს ხარშეთ, რათა ორგანიზმმა იოლად აითვისოს.

ფეტვის ბურღული კვებითი ღირებულებით სხვებს საგრძნობლად ჩამოუვარდება, თუმცა ფოსფორი, კალიუმი, მაგნიუმი და რკინა მასში გაცილებით მეტია, ვიდრე ბრინჯსა და მანანის ბურღულში. ფაფის მომზადებისას ისიც დიდხანს უნდა ხარშოთ.

არსებობს მზა ფაფებიც. ისინი დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულისგან და გამდიდრებულია ვიტამინებით, მინერალური ნივთიერებებით, უმთავრესად კი რკინით, კალციუმით, იოდით.

 

პირველი ფაფა

ფაფას ჩვილს პირველი დამატებითი საკვების - ბოსტნეულის პიურეს მიღებიდან 2-3 კვირის შემდეგ აძლევენ. უმჯობესია, თავდაპირველად იოლად მოსანელებელი ჰერკულესის ფაფა გაასინჯოთ. თუ პატარამ მასზე უარი თქვა, შეგიძლიათ, დაამატოთ გახეხილი ვაშლი ან ბანანი და 2-3 წუთით გააჩეროთ თავდახურულ ქვაბში.

ფაფა უმჯობესია დილის 10 საათზე ან საღამოს 6 საათზე აჭამოთ. თავდაპირველად ძალიან თხელი, თითქმის რძის სისქისა მოუმზადეთ. ამისთვის საჭიროა, 1 ჩაის კოვზი ბურღული მოიხარშოს 100მლ წყალში, კარგად რომ მოიხარშება, დაამატეთ იმდენი რძე, რომ მოცულობა 100მლ-მდე შეივსოს, გემოვნებისამებრ შეაზავეთ მარილითა და შაქრით.

ორი კვირის შემდეგ მოამზადეთ უფრო სქელი ფაფა - 2 ჩაის კოვზი ბურღული 100მლ სითხეზე. ჰერკულესი შეგიძლიათ პირდაპირ რძეში მოხარშოთ - მას დიდხანს ხარშვა არ სჭირდება, სხვა ბურღულეული კი ხანგრძლივ ხარშვას საჭიროებს.

 

დედიკოს ხათრით

სამწუხაროდ, ფაფა ყველას როდი უყვარს. ერთ წელზე უფროსი ასაკის პატარები, რომელთაც უკვე შეუძლიათ, გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება საკვების მიმართ, მას პირს არ აკარებენ. როგორ მოვიქცეთ ასეთ დროს?

თუ პატარას არ მოსწონს ფაფის გემო, დაამატეთ ხილი, კენკრა, ბოსტნეული. დანამატები განსაკუთრებით მოუხდება ფიტინის მჟავის შემცველ ბურღულეულს - მანანს, ხორბალს. ფიტინის მჟავა ხელს უშლის კალციუმის ათვისებას, ბოსტნეულისა და ხილის დამატებით კი დანაკლისს თავიდან აიცილებთ.

არსებობს მეორე გზაც - ფაფა მადის აღმძვრელად მოვკაზმოთ, ჩავასხათ ლამაზ ჭურჭელში, მაგიდა ლამაზად გავაწყოთ... მოკლედ, უხმეთ თქვენს ფანტაზიას, გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა და კვება სასიამოვნო პროცესად უქციეთ თქვენს პატარა ჭირვეულ შვილს.