ბავშვის ულუფა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბავშვის ულუფა

არადა სწორედ ამ ასაკში დაშვებული შეცდომები იჩენს თავს მოწიფულ ასაკში, როცა ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლა უკვე ძალიან ძნელია. გვესაუბრება პედიატრი მანანა ანდღულაძე.

- ქალბატონო მანანა, მშობლები ბავშვის კვებაზე ხშირად გვეკითხებიან. ამჯერად გვინდა, ერთ-ერთ შეკითხვას გავცეთ პასუხი: 10 თვის ბავშვი იწონის 11 კგ-ს, ჭამს თითო ჯერზე 400 მლ საკვებს ბოთლიდან. თუ ნაკლები მიიღო, ტირის და ღამითაც ვერ იძინებს. ხშირად აქვს პირღებინება, მაგრამ ეს წონაზე არ მოქმედებს. რას ურჩევთ მშობლებს?

- წლამდე ასაკის ბავშვის ულუფა დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე (რამდენი თვისაა), წონაზე (მათ შორის - დაბადების წონაზეც) და სხვა ფაქტორებზე. თუ ბავშვი 10 თვისაა, ერთ ჯერზე 200 მლ-ზე მეტს არ უნდა იღებდეს. უნდა იკვებებოდეს დღეში 5-ჯერ (და არა ყოველი წამოტირებისას). მაშასადამე, არ უნდა იღებდეს დღეში 1000 მლ-ზე (1 ლ-ზე) მეტს.

თუ 10 თვის ბავშვი 11 კგ-ს იწონის, ეს იმას ნიშნავს, რომ მას აქვს ჭარბი წონა ანუ საქმე გავქვს პარატროფიასთან, ეს კი არასასურველია. თუ წონას გავითვალისწინებთ, შესაძლოა, მას 200 მლ-ზე მეტიც უნდოდეს და ეკუთვნოდეს, მაგრამ ვინაიდან მისი კუჭი 200 მლ-ზე მეტ საკვებს ვერ დაიტევს, ვერ მოინელებს და ვერ აითვისებს, ამიტომ უნდა ვეცადოთ, ბავშვი არ გადავტვირთოთ. პერიოდული პირღებინებაც სწორედ ჭარბი კვებით აიხსნება.

ბავშვს ბოთლიდან, საწოვარათი კვებავენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ის რაოდენობრივად საჭიროზე მეტს ითხოვს (400 მლ-ს ერთ ჯერზე), მაგრამ თვისობრივად საჭიროზე ნაკლებს იღებს. უფრო გასაგებად თუ ვიტყვით, ბავშვი მიირთმევს ორგანიზმისთვის აუცილებელი ნივთიერებებით ღარიბ საკვებს. თქვენ უნდა კვებავდეთ არა ბოთლიდან, ე.ი. თხელი და არაკალორიული საკვებით, არამედ ასაკის შესაბამისი ცილებით, ცხიმებით, ნახშირწყლებით, ვიტამინებით, მინერალებით მდიდარი კერძებით, ასეთ კერძებს კი საწოვარათი ვერ მიიღებს. ასეთია ფაფები, ხორცისა და ბოსტნეულის კერძები, თევზი, ხაჭო, მაწონი, კვერცხი, ორცხობილა, ხილფაფები.

როდესაც ბავშვი იღებს თვისობრივად მდიდარ, მრავალფეროვან, ასაკის შესაფერის, კალორიულ საკვებს, მისი ორგანიზმი აღარ განიცდის შიმშილს და შესაბამისად აღარც ჭარბ საკვებს ითხოვს, აღარ არის აღგზნებული, ჭირვეული და ძილიც მშვიდი აქვს.

ღამით ბავშვის ორგანიზმი, ისევე როგორც მოზრდილისა, უნდა ისვენებდეს. აქედან გამომდინარე, ღამით ბავშვს ნუ მიაჩვევთ კვებას. მიზანშეწონილია, ძილის წინ მიღებული საკვებიც იყოს მსუბუქი, ადვილად მოსანელებელი. მაგალითად, დედის რძე, თუ ამის საშუალება არ არის - მაწონი ან ადაპტირებული რძე. ასეთი მიდგომა თავიდან აგვაცილებს ბავშვის კუჭ-ნაწლავის სისტემის გადატვირთვას, დისფუნქციას და შემდგომ - უფრო დიდ პრობლემებს.

როგორც ჩანს, პატარა უპირატესად ნახშირწყლოვან საკვებს იღებს, რითაც აიხსნება მისი პასტოზურობა (ჭარბი წონა, გაფუება). ესეც უარყოფით კვალს ტოვებს მის იმუნურ სისტემაზე - მის ბრძოლისუნარიანობაზე. ასეთი ბავშვები ძნელად უმკლავდებიან სულ მცირე ინფექციურ პროცესსაც კი და ძნელად ემორჩილებიან მკურნალობას. ამიტომ თუ ექიმის რჩევას გაითვალისწინებთ და პატარას ყოველდღიურად მისცემთ სრულფასოვან საკვებს, პრობლემაც ნაკლები გექნებათ.

- როგორი უნდა იყოს 10 თვის ბავშვის დღიური რაციონი?

- სასურველია, რაციონი პირად პედიატრთან შეთანხმებით შეადგინოთ და გაითვალისწინოთ ბავშვის ინდივიდუალობა. 10 თვის ბავშვი უნდა იკვებებოდეს 4 საათში ერთხელ, ე.ი. დღე-ღამეში 5-ჯერ, ღამის 8 საათიანი ინტერვალით.

პირველი და ბოლო კვება უნდა იყოს უფრო მსუბუქი - დედის რძე ან მაწონი ან ადაპტირებული ნარევი. მაწონი შეიძლება იყოს გამდიდრებული ხაჭოთი ან ორცხობილათი.

მეორე და მეოთხე კვება შეიძლება იყოს რომელიმე ბურღულის 10%-იანი ფაფა, პლუს ხილის დესერტი.

მესამე კვება უნდა იყოს სადილი - ბოსტნეული, ხორცი, თევზი, კვერცხი, შემდგომ უკვე პურიც და ა.შ. სადილზე მანევრირების მეტი საშუალება გექნებათ.

ღამის ინტერვალს თავისი მნიშვნელობა აქვს - ორგანიზმი საკვების გადამუშავებით არ უნდა იყოს დაკავებული, უნდა ისვენებდეს, რათა მომდევნო დღეს კვლავ ახალი ენერგიით, მადიანად შეუდგეს საკვების მიღებას.

- რას გვეტყვით საკვების მომზადების ტექნოლოგიაზე?

- ყველას ვურჩევ, ყოველი კვების წინ მოუმზადოს პატარას ახალი საკვები და არავითარ შემთხვევაში არ მისცეს ერთხელ მომზადებული მთელი დღის განმავლობაში, მით უმეტეს, მეორე დღეს, თუნდაც მაცივარში შენახული. გარდა იმისა, რომ ბავშვი მიიღებს დაძველებულ საკვებს, მას ერთი და იგივეც მობეზრდება, რაც მის გაღიზიანებას და პროტესტს გამოიწვევს. და კიდევ - ეს ცალმხრივად კვება გამოგივათ, რაც სხვა უარყოფით შედეგებსაც მოიტანს.

- რა აზრის ხართ მზა, ქარხნული წესით მომზადებულ საკვებზე?

- ასეთი საკვები მიზანშეწონილია მგზავრობის ან სხვა ექსტრემალური მდგომარეობის დროს, მაგრამ ოჯახურ პირობებში სასურველია, თვითონ მოუმზადოთ პატარას ყველანაირი საკვები. ამით არა მხოლოდ ბავშვს მიანიჭებთ დიდ სიამოვნებას და ბედნიერებას, არამედ, მერწმუნეთ, თქვენც ძალიან დიდ სიხარულს იგრძნობთ - იმას რა სჯობს, როცა საყვარელ პაწიას თავად უმზადებთ სასურველ, სასარგებლო, ეკოლოგიურად სუფთა და ასაკის შესაფერის საკვებს.