როგორ ვუმკურნალოთ ბავშვის სახსრებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ვუმკურნალოთ ბავშვის სახსრებს

მართებული ტაქტიკის შერჩევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - სხვაგვარად პატარას მომავალში დიდი სირთულეები ელის. გვესაუბრება გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკის ტრავმატოლოგ-ორთოპედი თამაზ გაბუნია.

- ბატონო თამაზ, სახსართა რომელი თანდაყოლილი პათოლოგიებია ცნობილი ამჟამად?

- ძვალსახსროვანი სისტემის ერთ-ერთი თანდაყოლილი პათოლოგიაა ტერფმრუდობა. ის რამდენიმე სახისაა: ცალმხრივი, ორმხრივი, შიგნით შებრუნებული, გარეთ მიქცეული (ვალგუსური ორიენტაციის), მიზიდული. განასხვავებენ თანდაყოლილი ტერფმრუდობის ორ ტიპს. ძვლოვანს ტერფის რომელიმე ძვლის ნაკლებობა განაპირობებს, ხოლო მყესკუნთოვანს - მომზიდველი კუნთის მყესის პათოლოგია.

არსებობს II ხარისხის ნეიროგენული ბუნების ტერფმრუდობაც. ეს დაავადების ერთ-ერთი რთული ფორმაა და ცერებრული ნერვული სისტემის დაზიანების ფონზე ვითარდება.

- არსებობს თუ არა ტერფმრუდობის განვითარების რისკფაქტორები? გენეტიკურად ხომ არ გადაეცემა ეს პათოლოგია?

- არა, თუმცა არ არის გამორიცხული, მესამე-მეოთხე თაობაში განმეორდეს. განსაზღვრულ როლს ასრულებს ნაყოფზე თამბაქოს, ალკოჰოლის, რადიაციის (უარყოფითი ეგზოგენური ფაქტორების) ზემოქმედება.

- როგორ უნდა შევამჩნიოთ, რომ პატარას ფაფუკ ფეხებს ტერფმრუდობა ემუქრება?

- ჩვილის ტერფმრუდობას პირველად ნეონატოლოგი (მიკროპედიატრი) ამჩნევს, რომელიც მშობიარობისას იღებს ახალშობილს და დედას ამცნობს, რომ მის პატარას თანდაყოლილი ტერფმრუდობა აქვს. თუ ამ ეტაპზე პათოლოგია ვერავინ შეამჩნია, დედა უნდა დააკვირდეს, ხომ არ აქვს ბავშვს ცალი ან ორივე ტერფი გარეთ ან შიგნით შებრუნებული ან ზურგისკენ მიზიდული. თუ ტერფი გამრუდებულია და დედა მის გასწორებას შეეცდება, ხელის გაშვებისთანავე ის კვლავ პათოლოგიურ მდგომარეობას დაუბრუნდება. უფრო სწორად, ასეა მყესკუნთოვანი დაზიანების დროს. ძვლოვანი დაზიანებისას კი ტერფს ხელით ვერ შეაბრუნებ, ის თითქოს ჩაჭედილია.

დიაგნოზის დასაზუსტებლად ტერფის რენტგენოგრაფიულ გამოკვლევას ატარებენ. არცთუ იშვიათად ტერფმრუდობას პირველად ერთი თვის ასაკში, ბავშვთა პოლიკლინიკაში პროფილაქტიკური გასინჯვისას, ორთოპედი ამჩნევს. მდგომარეობის შეფასების შემდეგ, სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვილს ორთოპედიულ ცენტრში გზავნიან.

- როგორ ვლინდება ნეიროგენული ტერფმრუდობა?

- ნეიროგენული ტერფმრუდობა, იგივე ექინოვალგუსური დეფორმაცია, ძვალსახსროვანი და ნერვული სისტემების მძიმე პათოლოგიაა. მის მიმართ მემკვიდრეობითი განწყობა უდავოდ არსებობს, თუმცა ის ყოველთვის არ ვლინდება; პათოლოგიის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს მავნე გარეგანი ფაქტორების ზემოქმედება. ნეიროგენული ტერფმრუდობის დროს ტერფი ჩამოვარდნილია და ხელით გასწორებისას ხელის გაშვებისთანავე პათოლოგიურ მდგომარეობას იბრუნებს. ქალასშიგა წნევის მომატების გამო ბავშვი აგზნებულია, დაჭიმული. ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება ზოგჯერ კიდურების დამბლას იწვევს.

- როგორ ხდება პათოლოგიის კორექცია?

- თანდაყოლილი ტერფმრუდობის დროს მკურნალობის პირველი ეტაპი მოიცავს სამკურნალო ფიზკულტურას, სამკურნალო მასაჟს, ფიზიოთერაპიულ პროცედურებს, მათ შორის - აბაზანებს. 1,5 თვის შემდეგ, თუ ფიზიოპროცედურებმა ნაყოფი არ გამოიღო, მკურნალობა გრძელდება თაბაშირის ეტაპობრივი ნახვევებით. სულ 7-8 ნახვევია საჭირო. პირველი 8 დღით ედება, მერე კი ორ კვირაში ერთხელ იცვლება. მკურნალობა ამბულატორიულია, ბავშვის საავადმყოფოში მოთავსება აუცილებელი არ არის, შეგიძლიათ, ექიმთან შინიდან ატაროთ.

მინდა, ხაზი გავუსვა ერთ უსიამოვნო ფაქტს: ზოგჯერ თაბაშირის ნახვევს არასწორად ადებენ. ამიტომ მკურნალობას შედეგი არ მოაქვს. ნახვევი უნდა დაედოს მუხლის სახსარში მოხრილ ფეხს ბარძაყის შუა მესამედიდან ტერფის თავამდე. ასეთი მდგომარეობის დროს აქილევსის მყესი დუნდება, რაც შედეგზეც აისახება - 6-8 თვის ასაკისთვის დეფორმაცია უკვალოდ ქრება. როცა ბავშვი ფეხს აიდგამს, შესაძლოა ისევ შეაბრუნოს ტერფი. ამის თავიდან ასაცილებლად ექიმი პატარას სპეციალურ ფეხსაცმელს ურჩევს. ის ბავშვმა დაახლოებით სამ წლამდე უნდა ატაროს. ამ ხნის მანძილზე პატარა დროდადრო ორთოპედს უნდა აჩვენოთ და ზუსტად შეასრულოთ მისი მითითებები.

სხვაგვარად არის საქმე თანდაყოლილი ძვლოვანი ტერფმრუდობის დროს. ამ შემთხვევაში მკურნალობა ქირურგიულია. ოპერაცია საჭიროა მაშინაც, როცა სპეციალისტს დაგვიანებით მიმართავენ ან მკურნალობა არაპროფესიონალურად ტარდება. ოპერაცია ზაცეპინის მეთოდით კეთდება, მერე კი კარგა ხანს საჭიროა სამკურნალო ფიზკულტურა და მასაჟი. ქირურგიული ჩარევა უმჯობესია 2 წლის შემდეგ მოხდეს.

ნეიროქირურგიული ტერფმრუდობის (ექინოვალგუსური დეფორმაციის) მკურნალობა კომბინირებულია - ბავშვს ერთი მხრივ ნევროპათოლოგის, მეორე მხრივ კი ორთოპედის დახმარება სჭირდება. აუცილებელია სამკურნალო ფიზკულტურა, მასაჟი, ფიზიოთერაპია. ქირურგიულ ჩარევას არ მიმართავენ. მკურნალობა წლობით გრძელდება, თუმცა სრული განკურნება, სამწუხაროდ, შეუძლებელია. პათოლოგია მცირდება, მაგრამ არ ქრება.

- რა ტიპის ვარჯიშები და მასაჟი გამოიყენება ასეთ დროს?

- ვარჯიში მარტივია - ბრუნვითი მოძრაობები კოჭ-წვივის სახსარში, ფეხშიშველა სიარული ხორკლიან ზედაპირზე, პატარა რბილი საგნების ფეხით აღება... მასაჟი ძირითადად რელაქსაციურია და აქილევსის მყესის და კუნთის მოდუნებას ისახავს მიზნად. ამისთვის გამოიყენება ხელსმა, ვიბრაცია და სხვა. კარგად დაიმახსოვრეთ:

  • სამკურნალო ფიზკულტურაც და მასაჟიც ორთოპედის მეთვალყურეობით მხოლოდ და მხოლოდ კვალიფიციურმა სპეციალისტმა უნდა ჩაატაროს;
  • შეამჩნევთ თუ არა ანომალიას, მყისვე მიმართეთ ბავშვთა ორთოპედს;
  • შედეგიანია მხოლოდ დროულად დაწყებული მკურნალობა!

- ჩვილ ასაკში არცთუ ისე იშვიათია მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია (განუვითარებლობა). რა იწვევს მას?

- საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ჩამოყალიბება მუცლადყოფნის პერიოდის მეოთხე-მეხუთე კვირას იწყება, მისი საბოლოო ფორმირება კი მას შემდეგ ხდება, რაც ბავშვი ფეხს აიდგამს. დარღვევები საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება წარმოიშვას.

თუ დედას ან სხვა უახლოეს ნათესავს ბავშვობაში ორთოპედიული პრობლემები ჰქონდა, გაცილებით მეტია ალბათობა იმისა, რომ პატარას ასეთივე პათოლოგია ჩამოუყალიბდეს.

ბარძაყის თავის ამოვარდნილობა დისპლაზიის ერთ-ერთი კლინიკური გამოვლინებაა. ის სახსრის შემადგენელი ელემენტების განუვითარებლობის შედეგია და შემაერთებელი ქსოვილის პირველადი დარღვევის შედეგად ყალიბდება. გენეტიკური ფაქტორები აქ მთავარ როლს ასრულებს. შედარებით ნაკლებ, თუმცა მაინც საგრძნობ გავლენას ახდენს მავნე გარეგანი ფაქტორები და ჰორმონული დარღვევები ორსულობის პერიოდში.


- რისკის ფაქტორები თუა ცნობილი?

- დისპლაზია უმეტესად გოგონებსა და მენჯით წინამდებარეობით დაბადებულ ჩვილებს შორის გვხვდება. გოგონებში ეს დაავადება თითქმის ხუთჯერ ხშირია. არცთუ იშვიათად ბარძაყის თავის ამოვარდნილობა მცირე (2500 გ-მდე) წონის ახალშობილებშიც შეიმჩნევა. გარდა ამისა, რისკის ფაქტორებია დედის გინეკოლოგიური დაავადებები - საშვილოსნოს მიომა, შეხორცებები საშვილოსნოში და სხვა პროცესები, რომლებიც საშვილოსნოში ბავშვის მოძრაობას აფერხებს.

- როგორ ამოვიცნოთ პათოლოგია?

- დაავადებას რამდენიმე სიმპტომი ახასიათებს:

  • განზიდვის შეზღუდვა - ზურგზე დაწოლილ ბავშვს ფეხებს 90-გრადუსიანი კუთხით ვუხრით მუხლისა და მენჯ-ბარაყის სახსარში და ფრთხილად, ზედმეტი ძალდატანების გარეშე გადავუშლით. ჯანმრთელი ბავშვის მუხლები თითქმის საწოლის ზედაპირამდე უნდა მივიდეს. თუ რომელიმე ან ორივე მხარეს მოძრაობა შეზღუდულია, დისპლაზია უნდა ვივარაუდოთ.
  • სახსრის ტკაცუნი - ამ ხმას გამოსცემს ბარძაყის თავი, როცა ფოსოში სწორდება. ტკაცუნი განზიდვის შემოწმებისას ხელით შეიგრძნობა ან ისმის. ეს სიმპტომი 2-3 თვემდე ასაკის ჩვილებს აღენიშნებათ.
  • კიდურების ჭარბი გარეთა როტაცია ანუ ფეხის ტერფის გარეთ მიბრუნება. ეს მძინარე ბავშვს თვალნათლივ ეტყობა.
  • ნაოჭების ასიმეტრია - ყურადღებიან მშობლებს ყველაზე ხშირად სწორედ ეს სიმპტომი აშფოთებთ, თუმცა დაავადებისთვის ყველაზე ნაკლებად არის დამახასიათებელი. არცთუ იშვიათად, ნაოჭების ასიმეტრიის მიუხედავად, სახსრები ნორმალურია.
  • კიდურების დამოკლება - ეს ნიშანი შესამჩნევია ცალმხრივი დისპლაზიის დროს, როცა ის უკვე მკვეთრად არის გამოხატული.

- თუ ჩვილს რომელიმე ამ სიმპტომთაგანი აღმოაჩნდა, როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები?

- დიაგნოზის დასმა დაბადებისთანავეა შესაძლებელი. ეჭვის, თუნდაც მცირედის, შემთხვევაში აუცილებელია, პატარა ორთოპედს აჩვენოთ. ორთოპედი ჩვილს ულტრაბგერით გამოკვლევაზე გაგზავნის. გამოკვლევის ეს მეთოდი ახალშობილისთვის პრაქტიკულად უვნებელია, თუმცა მისი მეშვეობით სახსრის მდგომარეობის სრულყოფილი შეფასება ყოველთვის ვერ ხერხდება - ულტრაბგერა სახსრის ელემენტების ურთიერთგანლაგების შესახებ სრულფასოვან ინფორმაციას ვერ გვაწვდის, ამიტომ საბოლოო დიაგნოზისთვის მაინც რენტგენოგრაფიული გამოკვლევაა საჭირო, რომელიც სახსრის ობიექტური შეფასების საშუალებას იძლევა.

- როგორ უნდა მოვუაროთ პათოლოგიით დაბადებულ ჩვილს?

- თუ დიაგნოზი სამშობიარო სახლშივე დაისვა, ახალშობილი მჭიდროდ არ უნდა შეახვიოთ - როცა ბარძაყი განზიდულია, მისი თავი ტაბუხის ფოსოს უახლოვდება. სწორედ ამ მდგომარეობის შენარჩუნებაა აუცილებელი, ამისთვის კი ფეხები მენჯ-ბარძაყის სახსარში რაც შეიძლება მეტად უნდა იყოს განზიდული. საამისოდ შეგიძლიათ ფართო ნახვევი, ორი პამპერსი ან პატარა ბალიში გამოიყენოთ.

სახსრის სწორი განვითარებისთვის აუცილებელია მოძრაობის ადეკვატური სიფართოვე, მოსვენების დროს კი ფიზიოლოგიური, ბუნებრივად განპირობებული მდგომარეობა, როცა ფეხები მუხლებშია მოხრილი და გადაშლილია. გარდა ამისა, დედამ უნდა ისწავლოს სპეციალური ვარჯიშები - კიდურების განზიდვა, წრიული მოძრაობები, რომლებიც ბავშვს დღის განმავლობაში რამდენიმეჯერ უნდა ჩაუტაროს. საჭიროა სამკურნალო მასაჟიც, რომელსაც სპეციალისტი ატარებს. დისპლაზიის იმ ეტაპზე, როცა ამოვარდნილობა უმნიშვნელოა, ზემოთ ჩამოთვლილი პროცედურები კორექციისთვის საკმარისია.

- მაგრამ თუ დიაგნოზი უფრო გვიან დაისვა?

- თუ დიაგნოზი სამი-ოთხი თვის ასაკში დაისვა, რენტგენოლოგიური გამოკვლევით უფრო ზუსტად ადგენენ დაავადების ფორმას. ამ დროს უკვე საგანგებო არტაშნების დადებაა საჭირო. მათი ტარების ხანგრძლივობა ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ინდივიდუალურია - რამდენიმე თვიდან ერთ წლამდე. მთავარი კურსის ბოლომდე მიყვანაა.

ზოგჯერ მშობლები არტაშანს ორთოპედთან შეუთანხმებლად ხსნიან - ეცოდებათ შეწუხებული ბავშვი და ფიქრობენ, რომ დარჩენილი 2-3 კვირა არაფერს ნიშნავს, რეალურად კი ამ დროს ყოველი დღე მნიშვნელოვანია.

თუ ჩვილს 4 თვის შემდეგ აღმოაჩნდა პათოლოგია, უკვე სტაციონარული მკურნალობაა საჭირო. ამ დროს რბილ დაჭიმვას მიმართავენ, რაც საბოლოოდ სახსრის ნორმალურ ან თითქმის ნორმალურ მდგომარეობას აღადგენს. ასეთ პოზიციაში სახსარს არტაშნით ან თაბაშირის ნახვევით აფიქსირებენ. დაჭიმვის პროცესი შეიძლება 3 კვირაში დასრულდეს, რის შემდეგაც აუცილებელია სახსრის ფიქსაცია 3-4 თვით.

- რა შეიძლება მოჰყვეს დაგვიანებულ მკურნალობას?

- მკურნალობის გარეშე თანდაყოლილი ამოვარდნილობის დროს არასწორი მოძრაობის შედეგად სახსარში ვითარდება დისპლაზიური კოქსართროზი - მენჯ-ბარძაყის სახსრის მძიმე დაავადება, რომელსაც თან სდევს ტკივილი, სიარულის დარღვევა, სახსარში მოძრაობის შეზღუდვა, ყოველივე ამას კი საბოლოოდ ინვალიდობამდე მივყავართ. ასეთ დროს მკურნალობა მხოლოდ ქირურგიული გზით არის შესაძლებელი, მაგრამ რაც უფრო მეტად დაგვიანდება ოპერაცია, მით უფრო მცირეა სრული გამოჯანმრთელების შანსი.

ოპერაციული ჩარევა მაშინაც აუცილებელია, როცა კონსერვატიულ მკურნალობას შედეგი არ მოაქვს - სახსრის ნორმალური პოზიცია ბოლომდე ვერ აღდგება. ამ შემთხვევაში ოპერაცია ორი წლიდან არის რეკომენდებული, თუმცა ეს ზოგადი რეკომენდაციაა, საკითხი მაინც ინდივიდუალურად უნდა გადაწყდეს.

მშობლებო! თუ დისპლაზიაზე ოდნავი ეჭვი მაინც გაგიჩნდათ, ნუ ენდობით ნაცნობ-მეგობრების სიტყვებს, დიდი საქმე, ჩემს შვილსაც ასევე ჰქონდაო, პატარა დაუყოვნებლივ აჩვენეთ პედიატრს და ორთოპედს!

სახსრების ანთებითი დაავადებები (ართრიტები) თანამედროვე პედიატრიული რევმატოლოგიის ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა. რევმატულ და არარევმატულ ართრიტებზე გვესაუბრება დ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს რევმატოლოგიური განყოფილების გამგე მაკა იოსელიანი.

- რა სახის რევმატული ართრიტები გვხვდება ბავშვებში ყველაზე ხშირად?

- რევმატული დაავადებების განვითარების ალბათობა დაბადებიდანვე არსებობს, თუმცა ართრიტით მიმდინარე დაავადებათა ჩამოყალიბების საფრთხე ბავშვის ზრდისა და განვითარების პარალელურად იმატებს. ბავშვთა ასაკში ართრიტით მიმდინარე 110-ამდე რევმატული დაავადება გვხვდება. მათ შორის სიმძიმით გამოირჩევა იუვენილური რევმატოიდული ართრიტი, რომლის დაგვიანებული დიაგნოსტიკისა და არასწორი მართვის შემთხვევაში ინვალიდობის მაჩვენებელი მაღალია (დაავადებულ ბავშვთა ნახევარზე მეტი ათი წლის განმავლობაში მესამე-მეოთხე ჯგუფის ინვალიდი ხდება) და 10-15 წლით ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობას.

ბავშვთა ასაკში გავრცელებულ ართრიტებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია რეაქტიულ ართრიტს. რეაქტიულ ართრიტზე მაშინ საუბრობენ, როდესაც დაავადება კონკრეტულ ინფექციას ან გამომწვევ აგენტს უკავშირდება. მაგალითად, სტრეპტოკოკულ ინფექციას (ვლინდება ხშირი ანგინით), ნაწლავურ ინფექციებს (იერსინიოზს, სალმონელოზს, დიზენტერიას), წითურას, ყბაყურას, პარკოვირუსს. პორგნოზისთვის მნიშვნელოვანია, ართრიტის ტიპი დაავადების ადრეულ ეტაპზევე დადგინდეს.

ართრიტის ტიპის დასადგენად ვითვალისწინებთ დაავადების ხანგრძლივობას, დაწყების თავისებურებას, ტკივილის დროსა და ხასიათს, პათოლოგიურ პროცესში ჩართულ სახსართა რაოდენობას, დაზიანების ხარისხს, ავადმყოფის ასაკს, სქესს. სტატისტიკური მონაცემებით, ბავშვთა 10-15% სახრების მიდამოში ტკივილს უჩივის, მაგრამ მათი მხოლოდ მცირე ნაწილია ავად ჭეშმარიტი რევმატოიდული ართრიტით.


- რომელი ნიშნების არსებობა გვავარაუდებინებს იუვენილურ რევმატოიდულ ართრიტს?

- იუვენილურ რევმატოიდულ ართრიტს ვვარაუდობთ, როდესაც:

  • ართრიტი 3-6 კვირაზე მეტხანს გასტანს (ეს აუცილებელი ნიშანია);
  • აღინიშნება წვრილი (ხელისა და ფეხის თითების) სახსრების სიმეტრიული დაზიანება, დილით, გაღვიძებისას, ან სახსრების ხანგრძლივი უძრაობის შემდეგ შებოჭილობის შეგრძნება და ტკივილი.
  • ერთ-ერთი ნიშანია მხედველობის პრობლემებიც.

როდესაც დაავადება მძიმედ მიმდინარეობს, მას დაერთვის სიგამხდრე, ოფლიანობა, ტემპერატურის მატება, გამონაყარი, შინაგანი ორგანოების დაზიანების ნიშნები. ავადმყოფ ბავშვს აღენიშნება მაღალი ცხელება შემცივნებით, ტემპერატურა იწევს დღეში ერთხელ ან ორჯერ, უფრო მეტად - საღამოობით. ხშირად ამას ერთვის წითელასმაგვარი ვარდისფერი გამონაყარი (ე.წ. რევმატოიდული გამონაყარი), რომელიც კიდურებსა და წელის მიდამოში ლოკალიზდება და ტემპერატურის დაკლების შემდეგ ქრება. ამ გამონაყარს დიაგნოსტიკური მნიშვნელობა აქვს.

სახსარგარე დაზიანებებს შორის აღსანიშნავია:

  • თვალის დაზიანება - უვეიტი (უმეტესად გოგონებს ემართებათ);
  • ექსუდაციური პერიკარდიტი (გულის გარეთა გარსის ანთება);
  • გენერალიზებული ლიმფადენოპათია (ლიმფური ჯირკვლების გადიდება);
  • ღვიძლის, იშვიათად ელენთის გადიდება.

იუვენილური რევმატოიდული ართრიტისთვის დამახასიათებელია:

  • ფიზიკური განვითარების შეფერხება;
  • ზრდაში ჩამორჩენა;
  • ჩონჩხის ცალკეული ძვლების ზრდის დარღვევა, მაგალითად, თითის ფალანგების დამოკლება ან დაგრძელება.

- როგორ ვლინდება არარევმატოიდული ართრიტი?

- არარევმატოიდულ, სხვადასხვა ინფექციის ფონზე განვითარებულ რეაქტიულ ართრიტებს აქვთ შემდეგი საერთო ნიშნები:

  • შეიმჩნევა ქრონოლოგიური კავშირი ინფექციასთან;
  • ართრიტის ხანგრძლივობა არ აღემატება 1-2 კვირას;
  • ხშირია დაავადების მწვავე დასაწყისი;
  • მიმდინარეობა შედარებით კეთილთვისებიანია;
  • აღინიშნება რეციდივისკენ მიდრეკილება.

- რა იწვევს ართრიტს და როგორ დავიცვათ მისგან ბავშვი?

- იუვენილური ართრიტის მიზეზი უცნობია, ამდენად, პრევენციის საშუალებები არ არსებობს. რაც შეეხება რეაქტიულ ართრიტს, მისი პრევენცია გამომწვევი მიზეზის დროული და სწორი მკურნალობაა.

- როგორია მკურნალობის ტაქტიკა?

- ყოველ ცალკეულ შემთხვევაში მკურნალობის ტაქტიკა სხვადასხვაგვარია. იუვენილური რევმატოიდული ართრიტის დროს პაციენტს ხანგრძლივი, ხშირად მუდმივი მკურნალობა სჭირდება.

მკურნალობის დანიშვნისას ვითვალისწინებთ დაავადების ფორმას, ხანგრძლივობასა და მიმდინარეობის თავისებურებას. დაავადების დასაწყისში ინიშნება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები. პროგნოზი უმთავრესად იმაზეა დამოკიდებული, დროულად ჩავრთავთ თუ არა თერაპიაში იმუნომოდულაციურ პრეპარატებს, რაც, წესისამებრ, სტაციონარში ხორციელდება. უახლესი პათოგენეზური საშუალებები მკვეთრად ცვლის დაავადების პროგნოზს და ინვალიდობის ხარისხს.

რაც შეეხება რეაქტიულ ართრიტს, მისი მკურნალობის ტაქტიკა უპირატესად გამომწვევ მიზეზზეა დამოკიდებული და მის წინააღმდეგ არის მიმართული. პარალელურად ტარდება სახსროვანი სინდრომის მკურნალობა ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით. პროგნოზი უმეტესად კეთილსაიმედოა, განსაკუთრებით - მკურნალობის დროულად დაწყებისა და სწორად წარმართვის შემთხვევაში.

- როგორ ხდება რეაბილიტაცია? შეიძლება თუ არა, ბავშვი სპორტის რომელიმე სახეობაზე ვატაროთ? რას გვეტყვით კვებაზე?

- აღნიშნული პათოლოგიების დროს ფიზიკური რეაბილიტაცია ექიმისგან დიდ სიფრთხილეს მოითხოვს. დაავადების გამწვავება თავიდან რომ ავიცილოთ, დატვირთვა ბავშვის მდგომარეობის გათვალისწინებით უნდა შეირჩეს. დაავადების განსაზღვრულ ეტაპზე ინიშნება ვარჯიშების სპეციალური კომპლექსი, ცურვა, მასაჟი, ბალნეოთერაპია. ზღვაზე და მაღალ მთაში დასვენება რეკომენდებული არ არის, უმჯობესია ბავშვი ზომიერი კლიმატური ჰავის კურორტებზე დავასვენოთ.

რაციონი უნდა იყოს სრულფასოვანი, მდიდარი ცილებით, ვიტამინებითა და ორგანიზმისთვის საჭირო სხვა საკვები ნივთიერებებით. ართრიტით დაავადებულ ბავშვებს ახასიათებთ ზრდაში ჩამორჩენა. ამდენად, რაციონის შერჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს. იზღუდება მხოლოდ ისეთი პროდუქტები, რომლებიც ჯანმრთელი ბავშვისთვისაც არ არის რეკომენდებული. კერძოდ, მწარე, ცხარე, მჟავე, მლაშე, შაშხი, კონსერვები.

ნუ შეშფოთდებით, თუ თქვენს შვილს ართრიტის დიაგნოზი დაუსვეს. დროული და ადეკვატური მკურნალობა, მართებული რეაბილიტაცია, მუდმივი ყურადღება და სითბო, მჭიდრო კავშირი ექიმსა და პაციენტს (მის მშობლებს) შორის თავიდან აგაცილებთ ყველა შესაძლო გართულებას, რაც დაავადების პროგრესირების შემთხვევაშიც კი ბავშვის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ ადაპტაციამდე მიგვიყვანს.