ტანდეგობა და მისი დარღვევები

ტანდეგობას დგომისას სხეულის ჩვეულ მდებარეობას უწოდებენ. მისი ჩამოყალიბება ადრეული ბავშვობიდან იწყება და უმთავრესად გარემო ფაქტორების ზემოქმედებით არის განპირობებული. ტანდეგობის დარღვევების ფორმებზე ორთოპედი ნინო გასვიანი გვესაუბრება.
- როგორ უნდა მივხვდეთ, დარღვეულია თუ არა ტანდეგობა?
- ტანდეგობის შეფასებისას მხედველობაში უნდა მივიღოთ თავისა და მხრის სარტყლის მდებარეობა, ხერხემლის კონფიგურაცია, მენჯის დახრისა და ქვედა კიდურების ღერძით შექმნილი კუთხის სიფართოვე.
- რა დარღვევაა კისერმრუდობა?
- კისერმრუდობა - თავის არასწორი დგომა - საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ერთ-ერთი დეფორმაციაა. ეს პათოლოგია უმეტესად კისრის რბილი ქსოვილის დაზიანებით არის განპირობებული, გაცილებით იშვიათად კი ხერხემლისა და ნერვული სისტემის დაზიანების ბრალია.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
განასხვავებენ კისერმრუდობის თანდაყოლილ და შეძენილ ფორმებს. თანდაყოლილი კისერმრუდობა უპირატესად კუნთოვანი ხასიათისაა და მკერდ-ლავიწ-დვრილისებრი კუნთის განვითარების ანომალიით (სიმოკლით) არის განპირობებული. თანდაყოლილი კისერმრუდობა, ჩვეულებრივ, სამშობიაროშივე ან სიცოცხლის პირველივე თვეს ვლინდება. თუ დიაგნოზი დროულად არ დაისვა, 5-6 წლისთვის ამ ანომალიის ფონზე სახისა და თავის ასიმეტრია ჩამოყალიბდება.
შეძენილი კისერმრუდობა კომპენსატორული ხასიათისაა და მხედველობის დარღვევის (სიელმის ან ასტიგმატიზმის) შედეგი გახლავთ. კისრის დეფორმაცია თანდათან ყალიბდება, უპირატესად - 3-5 წლის ასაკში. თანდაყოლილი კისერმრუდობისგან განსხვავებით, მკერდ-ლავიწ-დვრილისებრი კუნთის ორგანული ცვლილებები ამ დროს გამოხატული არ არის, ბავშვი თავს თავისუფლად ატრიალებს ორივე მხარეს და მისი სწორად დაჭერაც შეუძლია. შეძენილი კისერმრუდობის პროფილაქტიკა და მკურნალობა, უწინარეს ყოვლისა, გულისხმობს მხედველობის კორექციას, კისრის კუნთების მასაჟსა და სამკურნალო ფიზკულტურას.
- ტანდეგობის შეფასებისას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ხერხემლის მდებარეობას წინა-უკანა სიბრტყეში. ამის გათვალისწინებით რამდენი ტიპის ტანდეგობა არსებობს?
- როგორც ცნობილია, ხერხემალს აქვს ოთხი ფიზიოლოგიური ნადრეკი: კისრის ლორდოზი, გულმკერდის კიფოზი, წელის ლორდოზი და გავის კიფოზი. ხერხემლის ასეთი ფორმა სხეულს მოქნილობასა და სიმტკიცეს სძენს და წონასწორობის შენარჩუნებაში ეხმარება. ამჟამად ტანდეგობის 5 ძირითად ტიპს გამოყოფენ:
- ნორმალური ტანდეგობა - ახასიათებს ზომიერად გამოხატული ფიზიოლოგიური ნადრეკები და სხეულის ყველა ნაწილის სიმეტრიული განლაგება.
- ბრტყელი ზურგი - ფიზიოლოგიური ნადრეკები სუსტად არის განვითარებული. მენჯის დახრის კუთხე შემცირებულია. ასეთი ტანდეგობისას ხერხემლის გამძლეობა ნაკლებია და არახელსაყრელ პირობებში არცთუ იშვიათად სკოლიოზი ვითარდება.
- მრგვალი ზურგი - ახასიათებს ხერხემლის ფიზიოლოგიური ნადრეკების სიმკვრივე და მენჯის დახრის კუთხის გაზრდა.
- წელში ოდნავ მოხრილობა - გულმკერდის კიფოზი ძლიერდება, რის გამოც სუსტდება კისრისა და წელის ლორდოზი. ასეთ ბავშვებს გულმკერდი ჩავარდნილი აქვთ, მუცელი - გამოვარდნილი, მხრები - ოდნავ წინ წამოწეული, მუხლები - დგომისას ოდნავ მოხრილი.
- ტანდეგობის დარღვევა ფრონტალურ სიბრტყეში. მისთვის დამახასიათებელია ხერხემლის სტრუქტურების არამუდმივი ცვლილება. ვინაიდან ასეთი გადახრა მუდმივი არ არის, შესაძლებელია გამოსწორდეს ბავშვის სხეულის გასწორების გზითაც კუნთების დაჭიმვის ხარჯზე.
- რა არის ხერხემლის დეფორმაციების მთავარი მიზეზი?
- მთავარი მიზეზი ჩონჩხის განვითარების ანომალიებია. ეს ანომალიები იზოლირებულიც შეიძლება იყოს და ნერვული და კუნთოვანი ქსოვილების არასწორ განვითარებასაც უკავშირდებოდეს. რა ასაკში გამოვლინდება დეფორმაცია, ეს, ერთი მხრივ, ანომალიის სახეობაზეა დამოკიდებული, მეორე მხრივ კი პათოლოგიური პროცესის ინტენსივობაზე. იშვიათად ის წლამდე ასაკში ვლინდება, უმეტესად კი გვიან იჩენს თავს და თანდათანობით ძლიერდება. ხერხემლის ყველაზე გავრცელებული დეფორმაციაა სკოლიოზი - ხერხემლის გვერდითი გამრუდება.
- როგორ უნდა გაისინჯოს ბავშვი?
- ბავშვი ისინჯება ფეხზე მდგომი, წინიდან, გვერდიდან, უკნიდან. შემდეგ სთხოვენ, მაქსიმალურად გადაიხაროს წინ, ნიკაპი გულმკერდზე მიიდოს, ხოლო ხელები დაუშვას. ამ პოზიციაში ვლინდება ნეკნოვანი კუზი ტორსის დაზიანებით. წინიდან ფასდება ლავიწის დგომა, გულმკერდის ანომალიები. სკოლიოზის არსებობა-არარსებობის შეფასებისას დიდი მნიშვნელობა აქვს:
- მხრების დგომას;
- თავის მდგომარეობას (ყურის ნიჟარების სიმეტრიულობა ჰორიზონტალური ხაზის მიმართ).
- ბეჭის ზედა და ქვედა კიდეების პარალელურობას;
- მენჯის გადახრას;
- ქვედა კიდურების სხვადასხვა სიგრძეს;
- გულმკერდის დეფორმაციებს (ჩავარდნილი - ე.წ. მეწაღისებური - და ამოზნექილი - ე.წ. ქათმის გულმკერდი);
- წელის სამკუთხედის სიმეტრიულობას;
- ხერხემლის მალების მახვილისებური მორჩების შემაერთებელი ხაზის დეფორმაციას.
დიაგნოზის დასაზუსტებლად რენტგენოლოგიურ გამოკვლევას მიმართავენ.