გაციების სეზონი დაიწყო
ზაფხულში უცვლით ჰაერს, დაგყავთ ზღვასა თუ მთაში... მაგრამ აცივდება თუ არა, ხვდებით, რომ პროფილაქტიკის ყველა საშუალება ამაოა სასუნთქი სისტემის მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების (მრვი) მიმართ. რეალურად შესაძლებელია თუ არა ორგანიზმის ვირუსებისგან დაცვა, გვესაუბრება პედიატრი ხათუნა ხასია.
- უნდა გავაკაჟოთ თუ არა ორგანიზმი, თუ აციებასთან ერთად მაინც ავადობს ბავშვი ე.წ. მრვი-ებით?
- გაკაჟებით ორგანიზმი, მისი იმუნიტეტი უფრო ძლიერდება, გაკაჟებული ბავშვის მრვი-ით ავადობა კი იმით აიხსნება, რომ არსებობს 300 და მეტი სახეობის ვირუსი და ყოველ ჯერზე ბავშვი სხვადასხვა ვირუსით ავადდება. მისი ორგანიზმის თავდაცვითუნარიანობა კი უფრო ძლიერდება.
ბავშვის ორგანიზმს არ შეუძლია ყველა ვირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტის გამომუშავება, ამიტომ შემოდგომა-ზამთრის სეზონზე ავადობს 4-6-ჯერ. ამ პერიოდში ჰაერის ტემპერატურა დაბალია და ტენიანობა - მაღალი. ეს არის ხელსაყრელი პირობები ვირუსებისთვის. მცირე ასაკის ბავშვის იმუნური სისტემა სრულად არ არის ჩამოყალიბებული, საბავშვო ბაღისა და სხვა სახის სასწავლო დაწესებულების აღსაზრდელები თანმიმდევრობით ავადობენ, თითქოს ერთმანეთს უცვლიან ვირუსებს.
- როგორ მოქმედებენ ვირუსები?
- ორგანიზმში სასუნთქი გზებიდან მოხვედრილი ვირუსი მის ლორწოვან გარსებში ჩასახლდება და იწყებს აქტიურად გამრავლებას. ამის საპასუხოდ ორგანიზმის დამცველობითი რეაქცია იწყება ცხვირცემინებისა და ხველის სახით.
- რა საშიშროებას უქმნის ბავშვს ვირუსული ინფექციები?
- ორგანიზმისთვის სახიფათო ხშირი ავადობა კი არ არის, არამედ შესაძლო გართულებები, მაგ: თანდართული ბაქტერიული ინფექციები, რაც განაპირობებს ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ანთებას, როგორებიცაა სინუსიტი, ფარინგიტი, ტონზილიტი, ოტიტი, ბრონქიტი, პნევმონია. გართულება უფრო მძიმედ გადასატანია ბავშვისთვის, ვიდრე თვით მრვი, რადგან არასწორმა და დაგვიანებულმა მკურნალობამ შესაძლოა ქრონიკული ფორმის ჩამოყალიბება გამოიწვიოს.
- რა ჩივილები აქვს ბავშვს და რას უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება, რომ ექიმთან მისვლა არ დაგვიანდეს?
- თავდაპირველად ყურადღებას იპყრობს ბავშვის საერთო სისუსტე და მოდუნება - ადინამია, იგი ჭირვეულობს, უარს ამბობს საკვებზე, უჩივის ყელის ტკივილს, ცხვირით სუნთქვის გაძნელებას, ცხვირიდან თხიერი გამონადენი აქვს, მატულობს სხეულის ტემპერატურა, შესაძლოა წინ უსწრებდეს შემცივნება. თუ ჩვილებთან მაღალ ტემპერატურას ახლავს პირღებინება და ვერ აძლევთ ამის გამო სიცხის დამწევ საშუალებებს, ასეთ დროს საჭიროა ბავშვი აჩვენოთ ექიმს, რომ დროულად დაიწყოს მკურნალობა და თავიდან აიცილოთ შესაძლო გართულებები.
- ექიმის მოსვლამდე მშობლები მიმართავენ თვითმკურნალობას. ყველაზე ხშირად ასეთ დროს რაში ცდებიან?
- სამწუხაროდ, ბავშვისთვის ჩივილების შესამსუბუქებლად მშობელი უნებურად უხეშ შეცდომებს უშვებს, რომელსაც სერიოზული ზიანის მოტანა შეუძლია ავადმყოფისთვის. განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი.
შეცდომა N1: სიცხის დასაწევად აცეტილსალიცილის მჟავას - ასპირინის მიცემა.
ასპირინის მიღება 12 წლამდე არასასურველია რეის სინდრომის (ღვიძლის პრობლემებისა და კომის) განვითარების დიდი რისკის გამო.
ყველაზე უსაფრთხო სიცხის დამწევ საშუალებად მიღებულია იბუპროფენისა და პარაცეტამოლის ჯგუფის პრეპარატები, ნებისმიერი ფორმით - ტაბლეტი, სუსპენზია, სანთლები.
შეცდომა N2: სიცხის დასაწევად სპირტით დაზელა და ბავშვის შეფუთვა.
ბავშვი უნდა დაიზილოს გრილი წყლით, შეფუთვის გარეშე. უნდა ჩააცვათ არა სინთეტიკური, არამედ
ბუნებრივი - ბამბის პიჟამა. დაიმახსოვრეთ, ტემპერატურა ორგანიზმის თავდაცვითი რეაქციაა ვირუსების წინააღმდეგ. ამიტომ მისი დაწევა 38,5 გრადუსამდე არაა სასურველი, თუ არ არსებობს ჩვენება ამისთვის, მაგალითად - ფებრილური გულყრის ეპიზოდი.
შეცდომა N3: სწრაფად განკურნებისთვის მრვი-ის დროს ანტიბიოტიკის მიცემა - ეს ყველაზე სახიფათო შეცდომაა!
ვირუსის მკურნალობის სქემა აგებულია მისი სიმპტომების წინააღმდეგ და ორგანიზმის იმუნიტეტის გასაძლიერებლად. ანტიბიოტიკი, პირიქით, იმუნური ძალების შესუსტებას იწვევს და უფრო ახანგრძლივებს ავადმყოფობის მიმდინარეობას. ანტიბიოტიკის დანიშვნის ერთადერთი ჩვენებაა ბაქტერიული ინფექციით გართულება, რაზეც უკვე ვისაუბრეთ.
- რას ურჩევთ მშობლებს, როგორ დაეხმარონ და შეუმსუბუქონ მდგომარეობა მრვი-ით დაავადებულ ბავშვს?
- ავადმყოფი ბავშვისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია პოზიტიური განწყობა ოჯახში, დადებითი ემოციები, სიყვარული და მზრუნველობა.
ხშირად გაანიავეთ ავადმყოფი ბავშვის ოთახი. ოთახში ჰაერი არ უნდა იყოს მშრალი, დაატენიანეთ ზომიერად. ეს შეუმსუბუქებს სუნთქვას და ყელის ტკივილს. გარდა ამისა, ნოტიო ჰაერი ეწინააღმდეგება ვირუსების გავრცელებას.
მიეცით ბალანსირებული, ვიტამინებით გამდიდრებული საკვები. ამისათვის კვებეთ უხვად ხილითა და ბოსტნეულით, შეუზღუდეთ ცომეული და ტკბილეული, ცხიმიანი და ძნელად მოსანელებელი საკვები.
ორგანიზმიდან სითხის დანაკარგი შეავსეთ მინერალური წყლის, ჩაის, გვირილის, ასკილის ნაყენის, ნაკლებად ტკბილი კომპოტის მიცემით, იმუნიტეტის გასაძლიერებლად კარგ ეფექტს იძლევა წიწილის ბულიონი.
მშვიდი და უშფოთველი ძილი ჯანმრთელობის საწინდარია. ძილი საუკეთესო წამალია. ძილის დროს ორგანიზმი ძალებს იკრებს დაავადებასთან საბრძოლველად. მაგრამ უნდა განასხვაოთ ძილიანობა, როცა ბავშვი ძილადაა მივარდნილი, კონტაქტში დაგვიანებით შემოდის. ასეთ დროს დაუყოვნებლივ მიმართეთ სპეციალიზებულ ბავშვთა კლინიკას ინფექციური პროფილით.
დაბოლოს, გაეცით პასუხი მოცემულ კითხვებს და გაარკვიეთ ჯანმრთელობის ის რისკფაქტორები, რომლებიც თქვენს ჩვევებზეა დამოკიდებული:
- იბანთ თუ არა ხელებს საპნით ჭამამდე და ტუალეტით სარგებლობის შემდეგ?
- ანიავებთ და ატენიანებთ თუ არა ხშირად ბავშვის ოთახს?
- რეცხავთ თუ არა ბავშვის მაგარ სათამაშოებს თვეში ერთხელ და რბილ სათამაშოებს ორ თვეში მაინც?
- სარგებლობს თუ არა ბავშვი საერთო ჭურჭლით?
- ცვლით თუ არა კბილის ჯაგრისს მრვი-ით დაავადების შემდეგ?
- არის თუ არა ბავშვის მენიუში C ვიტამინით მდიდარი ბოსტნეული?
- იყენებთ თუ არა საკვების მომზადებისას ნიორსა და ხახვს ნატურალური სახით?
თუ გსურთ იყოთ ჯანმრთელი, ჩვევად აქციეთ ეს ქმედებები.