როგორ ამოვიცნოთ და შევაჩეროთ კანის სიმსივნე
- კანის პიგმენტურ წარმონაქმნებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია ნევუსს, რომელიც წარმოადგენს კეთილთვისებიანი უჯრედების გროვას და პიგმენტური ხალების სახით ვლინდება, მისგან განვითარებულ სიმსივნეს კი მელანომა ეწოდება. მისი ყველაზე გავრცელებული სუბიექტური სიმპტომებია:
- ქავილი ან წვის შეგრძნება;
- ზრდა ან დაპატარავება;
- ფერის შეცვლა;
- დაწყლულება;
- სისხლდენა.
ნევუსი სხვადასხვანაირია - მოსაზღვრე, ლურჯი, ოტისა, თმიანი გიგანტური ნევუსი და სხვა. თმიანი გიგანტური ნევუსი ჩნდება ტანსა და კიდურებზე, ადამიანთან ერთად იზრდება, ზედაპირი უსწორმასწორო აქვს, მეჭეჭოვანი, ნახეთქებიანი. ლურჯი ნევუსი ლურჯი ან ცისფერია, ხშირად ჩნდება სახეზე, დუნდულებზე, კიდურებზე. ოტის ნევუსი ჩნდება სახეზე, სამწვერა ნერვის I-II ტოტების ინერვაციის ადგილას, თვალზე. საყურადღებოა ტერფებზე, ფეხისგულებსა და თითის ბალიშებზე არსებული პიგმენტური წარმონაქმნები - მათი მალიგნიზაცია უფრო აგრესიულად მიმდინარეობს.
- აქვს თუ არა მნიშვნელობა ხალის ფერს?
- მალიგნიზაციის თვალსაზრისით ხალის ფერს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ის შეიძლება იყოს შავი, ყავისფერი, მოცისფრო, მონაცრისფრო, ვარდისფერი ან თეთრი (უპიგმენტო მელანომა).
- მელანომის განვითარების რა რისკფაქტორებია ცნობილი?
- მელანომის განვითარების ყველაზე მნიშვნელოვან რისკფაქტორებად მიიჩნევა მზის ულტრაიისფერი გამოსხივება, პიგმენტური ნევუსების ტრავმა (დაჟეჟვა, გაჭრა). კანის მელანომის სიხშირეზე გავლენას ახდენს ეთნიკური ფაქტორი: ის უმთავრესად გავრცელებულია ღია ფერის კანიან, ქერა, ცისფერთვალა ადამიანებში და შეხამებულია ულტრაიისფერი სხივებისადმი მომატებულ მგრძნობელობასთან.
- კანის კიბოსწინარე დაავადებებზე რას გვეტყვით?
- კანის კიბოსწინარე დაავადებებიდან საყურადღებოა:
- კანის რქა;
- კანის მოხუცებულობითი ატროფია (კერატომა);
- კერატოაკანთომა;
- კანის ნაწიბურები (დამწვრობით გამოწვეული);
- ანთების ფონზე განვითარებული წყლულები და ფისტულები;
- ბოუენის დაავადება, პიგმენტური ქსეროდერმა, პეჯეტის დაავადება (ამ უკანასკნელთ განსაკუთრებით მაღალი ალბათობა ახასიათებთ).
- კანის კიბოს განვითარებას რა უწყობს ხელს?
- ისევე როგორც მელანომას, კანის კიბოსაც უმეტესად მზის ულტრაიისფერი გამოსხივება აჩენს. ამიტომაც არის, რომ კანის კიბო, წესისამებრ, სხეულის დაუფარავ ნაწილებზე - სახეზე, კისერზე, ხელის მტევნებზე წარმოიშობა. ის უჩნდებათ ღია ფერის კანიან, ქერა, ცისფერთვალა ადამიანებს პიგმენტ მელანინის ნაკლებობის გამო, ასევე - ალბინოსებს. ასეთი ადამიანები ვერ ირუჯებიან და ადვილად იწვებიან მზეზე. კანის კიბოს მაპროვოცირებელი სხვა ფაქტორებია ქიმიური კანცეროგენები, დაბალი ან მაღალი ტემპერატურის ხანგრძლივი ზემოქმედება, რენტგენის სხივები.
- როდის უნდა მივმართოთ ონკოდერმატოლოგს?
- კანის ავთვისებიანი სიმსივნე შეუიარაღებელი თვალითაც ადვილი შესამჩნევია და მისი დროული დიაგნოსტიკა რთული არ არის. მიუხედავად ამისა, პაციენტი ხშირად მაინც დაგვიანებით მიმართავს ექიმს. ასე რომ არ დაგემართოთ, შეამჩნევთ თუ არა კანზე უჩვეულო წარმონაქმნს, მაშინვე მიდით ონკოდერმატოლოგთან.
- რა გზით შეიძლება კანის კიბოსა და მელანომის თავიდან აცილება?
- უპირველესად, აუცილებელია მელანომის და კანის კიბოს მაღალი რისკის მქონე პირთა გამოვლენა, რომლებისთვისაც რეკომენდებულია:
- მზეზე ყოფნის შეზღუდვა;
- მზისგან დამცავი კრემების გამოყენება;
- პიგმენტური ლაქების დაცვა ტრავმებისგან;
- ნევუსების მოცილება ტრავმასაშიშ ზონებში;
- ნევუსებზე, განსაკუთრებით - ფეხისგულებზე, ტერფებზე, თითის ბალიშებზე, ყურადღებით დაკვირვება;
- კანის კიბოსწინარე დაავადების დროული ქირურგიული მკურნალობა.