საკვებში არსებული კანცეროგენები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საკვებში არსებული კანცეროგენები

პოლიციკლური ნახშირწყლები

კანცეროგენული პოლიციკლური ნახშირწყლები კანცეროგენების ფართო ჯგუფია. ეს ნივთიერებები ორგანულ ნაერთთა წვის შედეგად წარმოიქმნება. სადღეისოდ გარემოს დამაბინძურებელი ფართოდ გავრცელებული 200-მდე ნაერთია გამოყოფილი. მაგალითად, მსოფლიოში ყოველწლიურად 7 ათასი ტონა 3,4-ბენზპირენი გამოიყოფა გარემოში. 3,4-ბენზპირენი კანცეროგენული პოლიციკლური ნახშირწყლების ფართო ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენელია. აღნიშნული ჯგუფის სხვა კანცეროგენების მსგავსად, ისიც ფილტვების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, კანისა და სხვა ორგანოების სიმსივნეს იწვევს. კანცეროგენული პოლიციკლური ნახშირწყლები საწარმოო ნარჩენებით, ნავთობის წვის პროდუქტებითა და ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით დაბინძურებული გარემოდან ხვდება მცენარეულ და ცხოველურ საკვებში (როგორც ხორცეულში, ასევე თევზეულში). ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაბინძურება განაპირობებს აღნიშნული ჯგუფის კანცეროგენების მოხვედრას მცენარეულ პროდუქტებში. ცხოველების ორგანიზმში პოლიციკლური ნახშირწყლები სწრაფად იშლება, ამიტომაც ხორცეულში, რძის ნაწარმსა და თევზეულში, ჩვეულებრივ, ამ სახის კანცეროგენების შემცველობა ნაკლებია, თუმცა ცხოველური პროდუქტების შებოლვისას (ანუ კვამლით დამუშავებისას) კანცეროგენული პოლიციკლური ნახშირწყლები მათში უხვად გროვდება. სპეციალისტებმა გამოთვალეს, რომ 50 გრამ შებოლილ ძეხვში შეიძლება იყოს იმდენივე კანცეროგენი, რამდენსაც შეიცავს ერთი კოლოფი სიგარეტის მოწევისას გამოშვებული კვამლი. თურმე შპროტის ერთი ქილა 60 კოლოფი სიგარეტის ეკვივალენტია. მიუხედავად ამისა, ძეხვი ყველა ჩვენგანის საყვარელი პროდუქტია. შეგახსენებთ, სარგებლობა მას მცირე მოაქვს, კალორია კი უხვად. ისიც საკვირველია, რომ შებოლილი ძეხვი არცთუ იაფი პროდუქტია. წვეულების გამართვისას ყოველთვის ვცდილობთ, სტუმრებს ძვირად ღირებული შებოლილი ძეხვით გავუმასპინძლდეთ. არადა, ონკოლოგიური თვალსაზრისით საკვები რაციონიდან საერთოდ უნდა გამოირიცხოს არა მხოლოდ ეს, არამედ ნებისმიერი შებოლილი პროდუქტი. თქვენი გადასაწყვეტია! თუ მთლიანად ვერ შეელევით, ეცადეთ, იშვიათად მაინც, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში მიირთვათ ასეთი საკვები.

ნიტროზოშენაერთები

კანცეროგენული ნიტროზოშენაერთები ასევე დაბინძურებული გარემოდან ხვდება საკვებ პროდუქტებში. მცირე რაოდენობითაა ისინი შებოლილ, ნახევრად შებოლილ, დაკონსერვებულ ხორცსა და თევზში, ლუდის მუქ სახეობებში, მშრალ დამარილებულ თევზში, დამარილებულ და დამწნილებულ ბოსტნეულში. მთავარი მაინც ნიტროზოშენაერთების წინამორბედებით - ნიტრატებითა და ნიტრიტებით - საკვების დაბინძურებაა. თანამედროვე აგროქიმიური ღონისძიებების, მინერალური სასუქების გამოყენების შედეგად ბოსტნეული და სხვა მცენარეული პროდუქტები საკმაოდ დიდი რაოდენობით შეიცავს ნიტრატებს. საკუთრივ ნიტრატები უსაფრთხოა. სახიფათო და საგანგაშოა ის, რომ ნიტრატების დაახლოებით 5% საკვებში ნიტრიტებამდე აღდგება, რომლებიც, თავის მხრივ, კანცეროგენული ნიტროზოშენაერთების წინამორბედია. სხვა წინამორბედთაგან აღსანიშნავია ამინები და ამიდები, რომლებიც ასევე აღმოჩენილია სხვადასხვა საკვებში. ნიტრიტების მიერ ამინებისა და ამიდების ნიტროზირების შედეგად წარმოიქმნება კანცეროგენული ნიტროზოშენაერთები (ნიტროზამინები და ნიტროზამიდები). საყურადღებოა, რომ წინამორბედი ნივთიერებებისგან კანცეროგენული ნიტროზოშენაერთების სინთეზი თავისთავად ხდება საკვებში ოთახის ტემპერატურაზე. პროდუქტების დამუშავება კვამლით (შებოლვა), შეწვა, დაკონსერვება, დამარილება მკვეთრად აჩქარებს აღნიშნულ პროცესს - კანცეროგენების წარმოქმნას. ამის საპირისპიროდ, საკვების შენახვა მაცივარში, დაბალ ტემპერატურაზე, მკვეთრად აფერხებს კანცეროგენების სინთეზს. წინამორბედი ნივთიერებებისგან კანცეროგენული ნიტროზამინებისა და ნიტროზამიდების წარმოქმნა საკუთრივ ორგანიზმშიც ხდება. კერძოდ, კუჭში, ნაწლავებსა და შარდის ბუშტში. ბრიტანეთში ჩატარდა გამოკვლევა: მოხალისეებს ასმევდნენ ნიტრატებით გაჯერებული ბოსტნეულის წვენს, რის შედეგადაც მათ შარდში დიდი რაოდენობით ნიტროზოშენაერთები ვლინდებოდა. კანცეროგენულმა ნიტროზოშენაერთებმა ადამიანის ორგანიზმში შესაძლოა დასაბამი მისცეს კუჭის, საყლაპავის, ცხვირის ღრუს, ღვიძლის, ხახის, თირკმლის, შარდის ბუშტისა და თავის ტვინის სიმსივნურ პათოლოგიას. ნიტრატებს ყველაზე მეტს შეიცავს ბოსტნეული, რომელიც აზოტოვანი სასუქებით განოყივრებულ ნიადაგზე იზრდება: სალათა, ისპანახი, ნიახური, თალგამი, ბოლოკი, ჭარხალი, ბადრიჯანი, კარტოფილი. რა თქმა უნდა, თუ ეს ბოსტნეული ბუნებრივი სასუქებით განოყივრებულ ნიადაგზეა მოყვანილი, ნიტრატები მათში არ იქნება. ნიტრატები შესანიშნავად გადადის წყალში ბოსტნეულის ხარშვისას. როდესაც წვნიანი ოთახის ტემპერატურაზე რჩება, მასში სწრაფად წარმოიქმნება ნიტრიტები. სტაფილო, ჭარხალი, კარტოფილი და სხვა ბოსტნეული ოთახის ტემპერატურაზე დიდხანს შეიძლება დარჩეს დაუზიანებელი, მაგრამ მათში არსებული ნიტრატები ამ დროს ნიტრიტებად გარდაიქმნება. აღნიშნული პროცესი უკვე +2°ჩ ტემპერატურაზე წყდება. აქედან გამომდინარე, ხილ-ბოსტნეულის, ისევე როგორც მზა კერძების, შეგრილებისთანავე მაცივარში შენახვა აუცილებელია. ნიტრიტები მეტად ტოქსიკურია. ისინი მნიშვნელოვანი რაოდენობით ვლინდება შაშხში, ძეხვეულსა და ხორცის კონსერვებში. ეს განპირობებულია დასახელებული პროდუქტების წარმოებაში აზოტოვანი მჟავას მარილების გამოყენებით. მცირე რაოდენობით არის ნიტრიტები მარცვლეულში, საკვებ მცენარეთა ბოლქვებში, გაზიან უალკოჰოლო სასმელებში. ნიტრიტები ხშირად ორგანიზმში ხვდება საკვები დანამატების სახით. ისინი შესანიშნავი კონსერვანტებია. გასული საუკუნიდან მოყოლებული, მათ ფართოდ იყენებენ ხორცპროდუქტების შესანახად. მიუხედავად იმისა, რომ ნიტრიტების ონკოლოგიური საფრთხე დღეს კარგად არის ცნობილი, ნიტრიტების დანამატები, ყველაზე ხშირად - ნატრიუმის ნიტრიტი, სამწუხაროდ, მაინც ფართოდ გამოიყენება ძეხვეულის, ლორის, ბეკონის, ხორცის კონსერვების წარმოებაში. ამიტომაც გირჩევთ, ჩამოთვლილ პროდუქტებს მაქსიმალურად ერიდოთ. ნუ ჩართავთ ყოველდღიურ რაციონში.

მიკოტოქსინები

კანცეროგენული მიკოტოქსინები საკვებში სხვადასხვა პროდუქტზე ობის სოკოს პარაზიტობის შედეგად ხვდება. ობის სოკო ყველაზე ხშირად აზიანებს მარცვლეულს, ნიგოზსა და პარკოსნებს. მიკოტოქსინები მეტისმეტად გამძლეა, გაცხელებისა და კულინარიული დამუშავებისას პრაქტიკულად არ იშლება. საზოგადოდ, მიკოტოქსინები და, კერძოდ, მათი წარმომადგენელი აფლატოქსინები ძლიერი კანცეროგენებია. მათი მცირე დოზებიც კი უჯრედთა ავთვისებიან გადაგვარებას იწვევს. მეცნიერული გამოკვლევებით ნაჩვენებია, რომ ობიანი საკვების აფლატოქსინები ღვიძლის კიბოს ჩამოყალიბებაში უდიდეს როლს ასრულებს. მათ ბრალი მიუძღვით სხვა ლოკალიზაციის სიმსივნეების, კერძოდ, თირკმლისა და სწორი ნაწლავის კიბოს, განვითარებაშიც. ამიტომ ნუ დაგენანებათ დაობებული პური, ყველი და სხვა პროდუქტები - თამამად გადაყარეთ ისინი. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ობის სოკოები პროდუქტში ღრმად აღწევენ. აქედან გამომდინარე, გარედან არსებული ობის ფენის ჩამოჭრა საქმეს ვერ უშველის - ვერ დაგიცავთ კანცეროგენების ორგანიზმში მოხვედრისაგან. მოგეხსენებათ, ობის სოკო სწრაფად მრავლდება დამპალ ხილსა და ბოსტნეულზე. ასევე ხშირად აზიანებს ის ნიგოზსა და მიწის თხილს. დასახელებული პროდუქტების შეძენისას ყურადღება მიაქციეთ მათ ხარისხს, ვარგისობას, სიჯანსაღეს. საკვები, რომელიც სწრაფად ობდება, გირჩევთ, ბევრი არ იყიდოთ (ცნობისათვის, ასეთია მარცვლეული, ბურღულეული, ნიგოზი, თხილი და ყავა). ისარგებლეთ მაცივრითა და საყინულით - მათში შეიძლება არა მხოლოდ ხორცისა და თევზის, არამედ ადვილადდაობებადი პროდუქტების, ნიგვზისა და ყველის შენახვაც. რეგულარულად გაალხვეთ და ცხელი წყლით გამოწმინდეთ მაცივარი, მისი ცალკეული კამერები. ასევე რეგულარულად დაამუშავეთ ცხელი წყლით საპურე (პურის შესანახი ჭურჭელი). თუ ის ხისაა, სველი დამუშავების შემდეგ კარგად გააშრეთ. გარეცხვის შემდეგ ასევე საგულდაგულოდ გააშრეთ ჭურჭელი, ქილები და ის ტარა, რომელიც ფქვილის, ბურღულეულისა და სხვა პროდუქტების შესანახად გაქვთ განკუთვნილი. გახსოვდეთ, ობის სოკოები სწრაფად და ინტენსიურად, სულ რამდენიმე საათში მრავლდება, ისე რომ, ძალიან მოკლე ხანში ორგანიზმისთვის მავნე რაოდენობას აღწევს. ნუ შეჭამთ დაობებულ საკვებს. ყურადღება მიაქციეთ მას, განსაკუთრებით - თბილ ქვეყნებში გამგზავრებისას. მაგალითად, აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში თურმე მზა კერძების 20% კანცეროგენულ აფლატოქსინებით არის გაჯერებული. შესაბამისად, ამ ქვეყნებში ღვიძლის სიმსივნით ავადობა მაღალია.


დიოქსინები

ბოლო ხანს შეშფოთებას იწვევს საკვებ პროდუქტებში მაღალკანცეროგენული ნაერთების - დიოქსინების აღმოჩენა. დიოქსინები ქლორის შემცველი მეტად საშიში ნივთიერებებია. ისინი ქიმიური და ნავთობგადამამუშავებელი წარმოების, აგრეთვე ტრანსფორმატორული ზეთების, პესტიციდებისა და ჰერბიციდების ნარჩენებს წარმოადგენს. წარმოიქმნება ნაგვის (განსაკუთრებით - პოლიეთილენის ტომრების, პლასტიკური ბოთლებისა და შესაფუთი გარსების) წვისა და წყლის ქლორირების პროცესში. დიოქსინები მდგრადი ნაერთებია, არ იშლება, ინტენსიურად გროვდება როგორც ბიოსფეროში, ასევე ადამიანის ორგანიზმშიც. ისინი ძალზე ტოქსიკურია. მათი სასიკვდილო დოზა გაცილებით მცირეა, ვიდრე ზოგიერთი საომარი მომწამვლელი ნივთიერებისა. დიოქსინების 90% ადამიანის ორგანიზმში ხვდება საკვების: ხორცის, თევზის, რძის ნაწარმის, ასევე - სასმელი წყლის მეშვეობით. ორგანიზმში მოხვედრილი დიოქსინები სისხლში ცირკულირებს, ლაგდება ცხიმოვან ქსოვილში, ძნელად გამოიდევნება ორგანიზმიდან, აზიანებს დნმ-ს, აქვეითებს იმუნიტეტს, უხეშად და დამანგრევლად ერთვება უჯრედთა გაყოფისა და სპეციალიზაციის პროცესში, რაც განაპირობებს ონკოლოგიურ პათოლოგიას. ექსპერტთა დასკვნით, დიოქსინები მიეკუთვნება გარე სამყაროს ყველაზე საშიში და მნიშვნელოვანი კანცეროგენების ჯგუფს.

პესტიციდები

პესტიციდები მცენარეთა დაცვის ქიმიური საშუალებებია, რომლებსაც სოფლის მეურნეობაში მავნე ორგანიზმებთან საბრძოლვალად იყენებენ. ჰერბიციდები ანადგურებენ სარეველებს, ინსექტიციდები - მავნე მწერებს, ფუნგიციდები - პათოგენურ სოკოებს, ზოოციდები - მავნე თბილსისხლიან ცხოველებს და ა. შ. პესტიციდები დღეს ფართოდ გამოიყენება სოფლის მეურნეობაში. განვითარებულ ქვეყნებში მათი დახმარების გარეშე წარმოებული მცენარეული საკვების წილი სულ 1%-ს შეადგენს. ყველა პესტიციდი შხამია, ადამიანისთვისაც კი, ამიტომ მათი რაოდენობა პროდუქტებში მკაცრად რეგლამენტირებულია სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური სამსახურების მიერ. დღეს უკვე აღარ დავობენ იმაზე, რომ საკვებში შენარჩუნებული პესტიციდების “უსაფრთხო” ნარჩენები არ ახდენს ტოქსიკურ გავლენას, მით უმეტეს, არ მოქმედებს მომაკვდინებლად; სამაგიეროდ, აქვეითებს იმუნიტეტს, ორგანიზმის სენშეუვალობას, დაავადებებთან ბრძოლის უნარს, გროვდება ქსოვილებში საშიშ დონემდე და იწვევს ონკოლოგიურ დაავადებებს.

მძიმე მეტალები

საკვებში შესაძლოა მოხვდეს მძიმე მეტალები, რომლებიც 40-ზე მეტია. მათ რკინაზე მეტი სიმკვრივე აქვთ. დაბინძურებული გარემოდან საკვებში ყველაზე ხშირად ხვდება ტყვია, დარიშხანი, კადმიუმი, ვერცხლისწყალი, კობალტი, ნიკელი. მძიმე მეტალები მავნე ზემოქმედებას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე, გროვდება ქსოვილებში და სხვადასხვა დაავადებას აძლევს დასაბამს. ყველა ჩამოთვლილ მეტალს აქვს კანცეროგენული მოქმედება. მაგალითად, დარიშხანი გარემოს დამაბინძურებელი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია. მის მავნე ზემოქმედებას მილიონობით ადამიანი განიცდის. ადამიანის ორგანიზმისთვის დარიშხანის ძირითადი წყარო სასმელი წყალია, რომელიც უმთავრესად დარიშხანის გეოლოგიური წარმოშობის არაორგანულ ნაერთებს შეიცავს. დარიშხანი ადამიანის ორგანიზმში საკვებთან ერთადაც ხვდება. განსაკუთრებით ბევრია ის მარცვლეულში. დარიშხანით გარემოს დაბინძურების მიზეზი სხვადასხვა რამ შეიძლება იყოს - შახტების მუშაობა, ფერადი მეტალების გამოდნობა, ნახშირის წვა, პესტიციდების, მინის, ნახევარგამტარების, სამედიცინო და ვეტერინარული პრეპარატების წარმოება. ქრონიკული მოხმარებისას დარიშხანი გროვდება თმაში, ფრჩხილებში, კანსა და სხვა ორგანოებში. დარიშხანი კანცეროგენია. მას შეუძლია, ადამიანის ოგანიზმში დასაბამი მისცეს კანის, ფილტვების, შარდის ბუშტის, ღვიძლისა და თირკმელების სიმსივნეებს. ქრომი ფილტვებისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სიმსივნეებს იწვევს, ნიკელი - ფილტვებისა და ცხვირის ღრუს კიბოს.

რადიაქტიური იზოტოპები

მაიონიზებელმა რადიაციამ შესაძლოა სიმსივნური პათოლოგია გამოიწვიოს. საკვებში ყველაზე ხშირად გვხვდება ისეთი რადიონუკლიდები, როგორებიცაა ცეზიუმ-137 და სტრონციუმ-90. ეს იმიტომ, რომ ცეზიუმსა და სტრონციუმს მცენარეები ყველაზე იოლად შთანთქავენ. რადიონუკლიდები უპირატესად კონცენტრირდება მცენარის ფესურასა და ბოლქვში, ფესვების მახლობელ ნაწილებში. რადიონუკლიდების დაგროვების კუთხით სოკოები რეკორდსმენები არიან. ჩერნობილის ავარიის შემდეგ რუსეთის, უკრაინისა და ბელორუსიის ზოგიერთი რეგიონი დაბინძურდა რადიონუკლიდებით, რომლებიც ათეულობით წლის განმავლობაში არ იშლება. მიუხედავად იმისა, რომ ავარიის ადგილიდან მოშორებით მდებარე ტერიტორიებზე რადიაქტიური დაბინძურება შედარებით ნაკლებია, ამ რეგიონებში სოკოები მაინც ძალიან დიდი რაოდენობით აგროვებენ რადიონუკლიდებს. გამომშრალ-გამხმარ სოკოებში რადიონუკლიდები ძალიან დიდხანს ნარჩუნდება. ასეთი სოკოების დალბობა და მოხარშვა მნიშვნელოვნად ამცირებს მათში რადიონუკლიდების შემცველობას. როდესაც ცხოველები რადიონუკლიდებით დაბინძურებულ ტერიტორიაზე ძოვენ ბალახს, მათი ხორცი და რძე შეიცავს ცეზიუმ-137-ისა და სტრონციუმ-90-ის ჭარბ რაოდენობას, რომელიც საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

კანცეროგენები სასმელ წყალში

კანცეროგენული ნივთიერებები ხვდება სასმელ წყალშიც. ასეთი წყალი საშიშია ჯანმრთელობისათვის. კანცეროგენული დამაბინძურებელი ნაერთებიდან სასმელ წყალში ყველაზე ხშირად გვხვდება ქლორირებული ნახშირწყლები, ასბესტი, ნიტრატები, მეტალები, რადიაქტიური იზოტოპები. წყალი განსაკუთრებით დაბინძურებულია დიდი ქალაქებისა და მსხვილი საწარმოების მახლობლად. ასეთ წყალში ხშირად ხვდება ნავთობპროდუქტები, ფენოლები, ბენზოლი, პოლივინილქლორიდი, დარიშხანის, ტყვიის, კადმიუმის მარილები და სხვა ტოქსიკური ნაერთები. აგრარულ რაიონებში გამდინარე წყალში ხშირად ჩაირეცხება ნიტრატები, ნიტრიტები, პესტიციდები და სხვა სასოფლო-სამეურნეო შხამქიმიკატები. ჟანგიან რკინის მილებში წყლის მოძრაობისას მასში რკინის ნაერთები გადადის, ადამიანის ქსოვილებში რკინის მოჭარბებული შემცველობა კი ზრდის ონკოლოგიური პათოლოგიის საფრთხეს. გარდა ამისა, ორგანიზმში რკინის სიჭარბის შემთხვევაში ვითარდება სპილენძისა და თუთიის დეფიციტი. სპეციალური გამოკვლევებით დადგენილია, რომ წყალში პრაქტიკულად ყოველთვის არის ისეთი კანცეროგენები, როგორიცაა ნიტროზოშენაერთები, 3,4-ბენზპირენი, დარიშხანისა და სხვა მძიმე მეტალების მარილები. სასმელი წყლის ქლორირებისას წარმოიქმნება კიბოს გამომწვევი ნივთიერებები - ქლორბიფინილები, ქლოროფორმი, ტეტრაქლოპენტატი და სხვა. თურმე წყალში უმნიშვნელო რაოდენობით არსებული ქლორიც კი მავნებელია - ის ურთიერთქმედებს წყალში არსებულ ორგანულ ნაერთებთან, რის შედეგადაც წარმოიქმნება ტოქსიკური ნივთიერებები, მათ შორის - დიოქსინები, რომლებიც გენების მუტაციას და უჯრედთა ავთვისებიან გადაგვარებას იწვევს. ფინელ მეცნიერთა მიერ ჩატარებულმა მრავალრიცხოვანმა კვლევამ აჩვენა მნიშვნელოვანი კორელაცია ქლორირებული წყლის ხანგრძლივ გამოყენებასა და სიმსივნური პათოლოგიის, კერძოდ, საყლაპავის, ხახის, ფილტვების, შარდის ბუშტისა და სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების მაღალ რისკს შორის.

***

პროფილაქტიკური ონკოლოგიის თვალსაზრისით იდეალური ვარიანტი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით კვებაა, რაც დღეს პრაქტიკულად შეუძლებელია. ყველასთვის გასაგებია, რომ სოფლის მოსახლეობას ონკოლოგიური საფრთხე შედარებით ნაკლებად ემუქრება, ვიდრე ქალაქისას, რადგან შედარებით სუფთა (თავის ბაღ-ბოსტანში საკუთარი ხელით მოყვანილ) სურსათს მიირთმევს. შედარებითო, იმიტომ ვამბობთ, რომ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები დღეს მსოფლიოში, ფაქტობრივად, არ არსებობს. გლეხმა საერთოდ რომ არ გამოიყენოს ქიმია მოსავლის მოსაყვანად, დაბინძურებული ნალექი (წვიმა და თოვლი), არასასურველი რადიაციული ფონი, ნიადაგში დაგროვილი შხამები მაინც მოხვდება მარცვლეულსა თუ ხილ-ბოსტნეულში. ამიტომ ამა თუ იმ პროდუქტის შეფუთვაზე წარწერა “ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი” სარეკლამო ხრიკი უფროა, ვიდრე რეალობა. რეალურად, დღეს შეიძლება ვილაპარაკოთ მხოლოდ მეტად და ნაკლებად დაბინძურებულ პროდუქტებზე. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყველაფერი შედარებითია, ამიტომ ეცადეთ, შედარებით სუფთა (ნაკლებდაბინძურებული) სურსათი მიირთვათ, დაიცვათ კვების რეჟიმი, მისდიოთ ცხოვრების ჯანსაღ წესს - კიბო ვეღარ მოგეკარებათ!