მონოკლონური ანტისხეულები სიმსივნის სამკურნალოდ

ზოგიერთი სიმსივნის სამკურნალოდ უკვე იყენებენ ამ ჯგუფის პრეპარატებს, მათი მეშვეობით მკურნალობის საუკეთესო მეთოდი ჯერ კიდევ დაუზუსტებელია. შევეცდებით, მოკლედ მიმოვიხილოთ მონოკლონური ანტისხეულების პრეპარატების ეფექტურობა და მკურნალობის მოსალოდნელი შედეგები.
რა არის მონოკლონური ანტისხეულები
მონოკლონური ანტისხეული არის ლაბორატორიულად შექმნილი მოლეკულა, რომელიც დეფექტურ სიმსივნურ უჯრედებს უტევს. მონოკლონური ანტისხეულები ჰგავს იმ ანტისხეულებს, რომლებსაც ორგანიზმის იმუნური სისტემა, ჩვეულებრივ, გამოიმუშავებს მიკრობების, ვირუსებისა და მისთვის გენეტიკურად უცხო სხვა აგენტების წინააღმდეგ.
როგორ მოქმედებს
მონოკლონური ანტისხეულები სიმსივნურ უჯრედებთან შეერთებისას შემდეგი ტიპის ცვლილებებს იწვევს:
- სიმსივნურ უჯრედებს იმუნური სისტემისთვის უფრო შესამჩნევს ხდის. როგორც იცით, იმუნური სისტემა ანადგურებს ორგანიზმში მოხვედრილ თუ წარმოქმნილ გენეტიკურად უცხო უჯრედებს, მაგრამ სიმსივნის დროს მას ყოველთვის არ შესწევს დაავადებული უჯრედების ამოცნობის უნარი. მონოკლონური ანტისხეულები მიემაგრება და ამით ერთგვარად მონიშნავს სიმსივნურ უჯრედებს, რის წყალობითაც იმუნურ სისტემას ამ უკანასკნელთა ამოცნობა უადვილდება.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
მონოკლონური ანტისხეულის პრეპარატი რიტუქსიმაბი (რიტუქსანი) უერთდება სპეციფიკურ ცილას (CD20), რომელიც მხოლოდ B ლიმფოციტებზე - სისხლის თეთრი უჯრედების განსაზღვრულ ტიპზეა აღმოჩენილი. ამავე დროს, ცნობილია, რომ ლიმფომების განსაზღვრული ტიპი სწორედ B უჯრედებისგან წარმოიშობა. როცა რიტუქსიმაბი უერთდება მის ზედაპირზე არსებულ ცილა CD20-ს, B ლიმფოციტი უფრო იოლად ამოსაცნობი ხდება იმუნური სისტემისათვის და შეტევაც იწყება.
რასაკვირველია, რიტუქსიმაბი ჯანმრთელი B უჯრედების დონესაც აქვეითებს, თუმცა ორგანიზმი მალევე წარმოქმნის ახალ, ჯანმრთელ B უჯრედებს, სიმსივნური B უჯრედების ხელახალი წარმოშობა კი ნაკლებსავარაუდოა.
- აუმჯობესებს სიგნალის ბლოკირებას. ქიმიური ნივთიერებები, რომლებსაც ზრდის ფაქტორს უწოდებენ, უერთდება როგორც ნორმალური, ასევე სიმსივნური უჯრედების ზედაპირზე არსებულ რეცეპტორებს და მათ გამრავლებას აძლევს ბიძგს. განსაზღვრული სიმსივნური უჯრედები ზრდის ფაქტორების რეცეპტორების მრავალ ასლს ქმნიან, რის გამოც ჯანმრთელ უჯრედებზე გაცილებით სწრაფად მრავლდებიან. მონოკლონური ანტისხეულები ბლოკავენ ამ რეცეპტორებს და თავიდან გვაცილებენ მათზე ზრდის სიგნალის ზემოქმედებას.
ცეტუქსიმაბი (ერბიტუქსი), მსხვილი ნაწლავის, თავისა და კისრის კიბოს სამკურნალოდ ნებადართული მონოკლონური ანტისხეული, უერთდება სიმსივნური უჯრედის იმ რეცეპტორს, რომელზეც ზემოქმედებს ეპიდერმული ზრდის ფაქტორი. ამ სიგნალის გავლენით სიმსივნური და ზოგიერთი ტიპის ჯანმრთელი უჯრედები მრავლდებიან. ეპიდერმული ზრდის ფაქტორის ბლოკირებით შესაძლოა შენელდეს ან შეწყდეს სიმსივნის ზრდა.
- აფერხებს ახალი სისხლძარღვების წარმოქმნას. სიმსივნურ უჯრედებს ზრდა-გამრავლებისთვის ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები სჭირდება. მათი მიწოდება, ბუნებრივია, სისხლით, სისხლძარღვების გავლით ხდება. სისხლძარღვოვანი ქსელის განვითარებისთვის სიმსივნური უჯრედები ორგანიზმს ზრდის სიგნალს უგზავნიან. მონოკლონურ ანტისხეულს, რომელიც ამ სიგნალს დაბლოკავს, შეუძლია შეაფერხოს სიმსივნური წარმონაქმნის სისხლმომარაგება, რის შედეგადაც სიმსივნის ზრდა წყდება. თუ პაციენტს აქვს სიმსივნე უკვე კარგად განვითარებული სისხლმომარაგებით, ზრდის სიგნალის ბლოკირებამ შესაძლოა სისხლძარღვების რღვევა და სიმსივნის დაპატარავება გამოიწვიოს.
მონოკლონური ანტისხეული ბევაციზუმაბი (ავასტინი) ნებადართულია ზოგიერთი სიმსივნის სამკურნალოდ. მას არ იყენებენ სარძევე ჯირკვლის სიმსივნის დროს. ბევაციზუმაბის სამიზნეა ზრდის ფაქტორი, რომელსაც ენდოთელიუმის ზრდის ფაქტორს უწოდებენ. სწორედ ის არის სიმსივნური უჯრედების მიერ ახალი სისხლძარღვების ფორმირებისთვის გაგზავნილი სიგნალი. ბევაციზუმაბი “იჭერს” ამ სიგნალს და ეს უკანასკნელი მიზანს ვეღარ აღწევს.
- რადიაციას სიმსივნური უჯრედებისკენ მიმართავს. რადიაქტიური ნაწილაკების მონოკლონურ ანტისხეულებთან კომბინაციით შესაძლებელი ხდება, რადიაციამ უშუალოდ სიმსივნურ უჯრედზე იმოქმედოს. ამ დროს ირგვლივ მდებარე ჯანმრთელი უჯრედები დაუზიანებელი რჩება. რადიაქტიურად მონიშნული მონოკლონური ანტისხეულები უჯრედებზე მოქმედებს რადიაციის მცირე დოზით და დიდხანს, რაც, მკვლევართა აზრით, ისევე ეფექტურია, როგორც გარეგანი დასხივება.
იბრიტუმომაბი (ზევალინი), რომლის გამოყენებაც ნებადართულია არაჰოჯკინის ლიმფომის დროს, მონოკლონური ანტისხეულისა და რადიაქტიური ნაწილაკების კომბინაციას წარმოადგენს. ის უერთდება სიმსივნური უჯრედების რეცეპტორებს და მათ რადიაციას აწვდის. ამჟამად არსებობს სხვადასხვა მონოკლონური ანტისხეულის პრეპარატი სხვადასხვა სახის სიმსივნის სამკურნალოდ. გრძელდება კლინიკური კვლევები თითქმის ყველა სიმსივნის დროს მათი გამოყენების ირგვლივ.