სკრინინგის კრიტიკული მნიშვნელობა და მისი ხელმისაწვდომობა საქართველოში
სახელმწიფო სერვისები მოიცავს ძუძუს, საშვილოსნოს ყელისა, მსხვილი ნაწლავის, პროსტატისა და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სკრინინგს, ხოლო გარკვეულ ასაკობრივ ჯგუფებში ეს მომსახურება უფასოდაც არის ხელმისაწვდომი [1]. თუმცა რეალობა ამ სურათს არ შეესაბამება, მოქალაქეების ნაწილი სკრინინგს საერთოდ არ იტარებს, ხოლო მონაწილეობის მაჩვენებელი საერთაშორისო სტანდარტებისგან ძალიან განსხვავდება: ძუძუს სკრინინგში ჩართულია დაახლოებით 16%, საშვილოსნოს ყელის შემთხვევაში 15%, ხოლო კოლორექტულ სკრინინგში სულ რაღაც 3%. მაშინ, როდესაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, 60–70%-იანი ჩართულობა, მიღებულ მინიმუმად ითვლება [2].
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნებიც ამ მიმართულებით პესიმისტურ სურათს გვაძლევს, მიუხედავად მნიშვნელოვანი ბიუჯეტის ხარჯვისა, მოსახლეობის ჩართულობა წლებია 13%-ის ზღვარს ვერ ცდება, რაც სერიოზულ სისტემურ ხარვეზებზე მიუთითებს [3].
აუდიტის შედეგად ასევე გამოვლინდა, რომ საქართველოში არ ხორციელდებოდა კიბოს სკრინინგის რეგულარული კამპანია, რომელსაც უნდა მოეცვა ქვეყნის მთლიანი ტერიტორია. დამატებით, მიუხედავად იმისა, რომ სკრინინგის საწყისი ეტაპი სახელმწიფო პროგრამებში უფასოა, საჭირო დამატებითი დიაგნოსტიკა ხშირად ფასიანია, მაგალითად, კოლონოსკოპიის შესრულება. ეს ფინანსური წნეხი მოქალაქეების ნაწილს აშორებს პროცედურას და განსაკუთრებით მძიმეა დაბალი სოციალური სტატუსის მქონე პირებისთვის.
რატომ არის მნიშვნელოვანი სკრინინგი და დროული დიაგნოსტიკა
სკრინინგი და დაავადებების დროული დიაგნოსტიკა თანამედროვე ჯანდაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და სიცოცხლის შემნახველი მექანიზმია. მისი მთავარი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ დაავადებას ავლენს სიმპტომების გაჩენამდე, ანუ იმ ეტაპზე, როდესაც მკურნალობა ბევრად მარტივი, ეფექტური და უფრო წარმატებულია.
კიბოსა და მრავალი ქრონიკული დაავადების ადრეული სტადია თითქმის ყოველთვის უსიმპტომოდ მიმდინარეობს, რის გამოც ადამიანი ხშირად მხოლოდ მაშინ მიმართავს ექიმს, როცა დაავადება უკვე გავრცელებულია. მაგალითად, ძუძუს კიბოს I სტადიაზე გამოვლენა 99%-იან გადარჩენას უზრუნველყოფს, ხოლო გვიან სტადიაზე ეს მაჩვენებელი მკვეთრად იკლებს. მსგავსი ტენდენცია შეინიშნება საშვილოსნოს ყელის, კოლორექტალური და პროსტატის კიბოს შემთხვევაშიც.
მეორე მნიშვნელოვანი მიზეზია მკურნალობის ხარჯი და სიმარტივე. ადრეულ სტადიაზე აღმოჩენილი დაავადებების მართვა ჩვეულებრივ მოითხოვს ნაკლებად ინვაზიურ ჩარევას, მცირე რესურსს და ნაკლებ ფინანსურ ხარჯს როგორც პაციენტისთვის, ასევე სახელმწიფო სისტემისთვის.
საბოლოოდ, სკრინინგი მხოლოდ „პროფილაქტიკური ტესტი“ კი არა, არამედ სიცოცხლის გადარჩენის სტრატეგიაა. დროული დიაგნოსტიკა დაავადებას პოულობს იმ ეტაპზე, როცა ის ჯერ კიდევ მართვადია. სწორედ ამის გამო პრევენციული მედიცინა და რისკების ადრეული იდენტიფიკაცია უნდა ადამიანის ჯანმრთელობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი.
თანამედროვე შედეგები და აუცილებელი ნაბიჯები
დაბალი სკრინინგის მაჩვენებლები პირდაპირ აისახება ონკოლოგიურ სტატისტიკაზე. 2023 წელს საქართველოში 12 000- მდე კიბოს ახალი შემთხვევა დარეგისტრირდა. ეს გაფრთხილებაა, რომ არსებული პოლიტიკა საკმარისად ეფექტური არ არის [4].
სიტუაციის გაუმჯობესებისთვის აუცილებელია რამდენიმე მიმართულება: მოსახლეობის ცნობიერების გაზრდა, ოჯახის ექიმების ჩართულობის გაძლიერება, ახალი სისტემის დანერგვა, სადაც კლინიკა თავად იწვევს პაციენტს სკრინინგზე, დამატებითი დიაგნოსტიკის დაფინანსების გაზრდა და რეგიონებში სერვისების გეოგრაფიული თანასწორობა.
პრევენციული მედიცინის სუსტი განვითარება საქართველოში ერთფეროვანი მიზეზით არ არის განპირობებული. ეს არის ერთმანეთზე გადაჯაჭვული ფაქტორების ერთობლიობა, არასაკმარისი ცოდნა, სისტემური შეფერხებები, ფინანსური და გეოგრაფიული უთანასწორობა, ექიმების დაბალი ჩართულობა და არასათანადო სახელმწიფო პოლიტიკა.სკრინინგის პროგრამები ფორმალურად არსებობს, მაგრამ მათ ეფექტიანობას რეალური ძალა მაშინ ექნება, როდესაც მთელი სისტემა, სახელმწიფო, კლინიკები, ექიმები და მოსახლეობა, ერთიანად იმუშავებს პრევენციის კულტურის ჩამოსაყალიბებლად.
Reference:
[1] სკრინინგის პროგრამები | Medulla [Internet]. Medconsilium.ge. 2021 [cited 2025 Dec 9]. Available from: https://medconsilium.ge/ka/oncology/skriningi
[2] Topuridze M, Kareli A, Javashvili G, Kiknadze N, Shiukashvili N, Todua T, Melikidze T, Khetsuriani K, Otiashvili D. Primary healthcare providers' knowledge, attitudes, and practices regarding cancer screening recommendation and referral in Georgia, 2023. Eur J Gen Pract. 2025 Dec;31(1):2582292. doi: 10.1080/13814788.2025.2582292. Epub 2025 Nov 24. PMID: 41284371; PMCID: PMC12646092.
[3]https://blog.sao.ge/%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%90%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C/
[4] საქართველოში კიბოს 11 863 შემთხვევა გამოვლინდა - მაჩვენებელი ბოლო 8 წლის განმავლობაში რეკორდულია [Internet]. Commersant.ge. 2024 [cited 2025 Dec 9]. Available from: https://commersant.ge/news/society/saqartveloshi-kibos-11-863-shemtkhveva-gamovlinda-machvenebeli-bolo-8-tslis-ganmavlobashi-rekordulia
გიორგი ელიაშვილი