ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნეები
წარმოადგენს ღვიძლში გავრცელებულ სხვა სიმსივნეთა მეტასტაზს.
მონაცემების თანახმად, მსოფლიოში ყოველწლიურად 250 ათას ადამიანზე მეტს ღვიძლის კიბოს დიაგნოზი უდასტურდება. დაავადება გაცილებით ხშირია იმ ქვეყნებში, სადაც მაღალია ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტებით მოავადეთა რიცხვი. ღვიძლის კიბოთი გაცილებით ხშირად ავადობენ მამაკაცები. დაავადება ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს, თუმცა ყველაზე ხშირად ის 40 წელს გადაცილებულებს შორის გვხვდება.
დაავადების წარმოშობის, მისი განვითარების ხელშემწყობი მიზეზებისა და მიმდინარეობის შესახებ ექიმი მარიამ დუდუჩავა გვესაუბრება.
- რა იწვევს ღვიძლის ავთვისებიან სიმსივნეს, ან რომელი ფაქტორები უწყობს ამას ხელს?
- ეტიოლოგია და ღვიძლის კიბოს განვითარების მექანიზმი ჯერჯერობით სრულყოფილად არ არის შესწავლილი, თუმცა გამოკვეთილია დაავადების განვითარების ხელშემწყობი რამდენიმე ფაქტორი და რისკის ფაქტორები, ანუ ის ფაქტორები, რომლებიც არსებითად ზრდის დაავადების განვითარების ალბათობას. ასეთებია:
- სქესი - მამაკაცები 3-4-ჯერ მეტად ავადობენ;
- ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტები - როგორც ციროზის განვითარებით, ისე პირდაპირ იწვევენ ღვიძლის სიმსივნურ გადაგვარებას. დღეს სერიოზული სამუშაოები მიმდინარეობს ვირუსული ბ ჰეპატიტის პროფილაქტიკური ვაქცინაციის ირგვლივ, რამდენადაც ჰეპატოცელულარული კარცინომის ყველაზე ხშირ მიზეზს სწორედ იგი წარმოადგენს;
- ნებისმიერი ეტიოლოგიის ღვიძლის ციროზი (ალკოჰოლური ინტოქსიკაცია, ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტები, ნაღველგამომტანი გზების დაავადებები, ქიმიური თუ მედიკამენტური მოწამვლა, გულის უკმარისობა). განვითარებულ ქვეყნებში ღვიძლის კიბო შემთხვევათა 80-90%-ში ალკოჰოლური ციროზის ფონზე ვითარდება;
- თამბაქოს წევა;
- აფლოტოქსინებთან ან დარიშხანთან ხშირი კონტაქტი;
- დადგენილია დაავადებისადმი გენეტიკური განწყობის არსებობაც;
- ღვიძლის რა სახის ავთვისებიანი სიმსივნეებია ცნობილი?
- კლინიკური თვალსაზრისით, ცნობილია ღვიძლის პირველადი და მეორეული კიბო. პირველადი ფორმა გაცილებით იშვიათია, ვიდრე მეორეული. ის ვითარდება უშუალოდ ღვიძლის უჯრედებისა და მისი სტრუქტურებისგან. ის ორგვარია: დიფუზური და კვანძოვანი.
სიმსივნური კვანძები წარმოადგენს ღია ფერის მკვრივ წარმონაქმნებს, რომლებსაც არ გააჩნია მკვეთრი კონტურები და საზღვრები. სიმსივნე სწრაფად იზრდება სისხლძარღვებში და ვრცელდება მთელ ორგანოში.
რაც შეეხება კიბოს, რომელიც ციროზის ფონზე ვითარდება, იგი დიფუზური ფორმისაა და კვანძებს არ წარმოქმნის. ჰეპატოციტებიდან ვითარდება ჰეპატოცელულარული კარცინომა, ნაღვლის სადინარებიდან კი ქოლანგიოცელულარული კიბო. ცნობილია შერეული ფორმაც - ჰეპატოქოლანგიოცელულარული და არადიფერენცირებული კიბო. შერეულ ფორმას მიეკუთვნება ჰეპატობლასტომები და კარცინოსარკომები.
მეორეულია ღვიძლის მეტასტაზური კიბო, რომელიც წარმოადგენს ღვიძლში განვითარებულ მეტასტაზს, მისი პირველადი ლოკალიზაცია კი სხვა ორგანოშია: კუჭში, ფილტვებში, საშვილოსნოში, საკვერცხეებში, სარძევე ჯირკვალში, სწორ ნაწლავში. გავრცელებისა და მიმდინარეობის მიხედვით განირჩევა ღვიძლის კიბოს 4 სტადია. პირველი ყველაზე მსუბუქია, მეოთხე კი ყველაზე მძიმე.
- რა ნიშნებით ვლინდება დაავადება?
- დაავადების დასაწყისს მკვეთრად გამოხატული კლინიკური ნიშნები არ ახასიათებს, ხშირად იგი უსიმპტომოდაც კი მიმდინარეობს. მოგვიანებით ვლინდება ზოგადი სიმპტომები, რომლებიც დამახასიათებელია ნებისმიერი სახის ავთვისებიანი წარმონაქმნისთვის: პროგრესირებადი სისუსტე, სუბფებრილური ტემპერატურა, მადის დაქვეითება, წონის უმიზეზო კლება, ანემია.
მოგვიანებით კი უკვე საკუთრივ დაავადებისთვის დამახასიათებელი ნიშნებიც ვლინდება: ჰეპატომეგალია (ღვიძლის გადიდება), წარმონაქმნი, რომელიც ისინჯება ხელით და ვლინდება ულტრაბგერითი გამოკვლევით, დისკომფორტი მარჯვენა ფერდქვეშა არეში, დისპეფსიური მოშლილობები (ღებინება, ყაბზობა ან ფაღარათი).
ციროზის ფონზე განვითარებული სიმსივნის დროს სწრაფად უარესდება პაციენტის მდგომარეობა და თავს იჩენს ასციტი, სიყვითლე, ცხვირიდან სისხლდენა. ზოგჯერ აღინიშნება მაღალი ტემპერატურა და კანკალი. კანზე ჩნდება სისხლჩაქცევები.
სიყვითლე თავს იჩენს ღვიძლის მუშაობის დარღვევისას, მაშინ, როდესაც ნაღვლის სადინარები სიმსივნური წარმონაქმნებით იხშობა, რის გამოც ნაღველი, ნაცვლად იმისა, რომ მოხვდეს ნაღვლის ბუშტში, სისხლში გადადის. სიყვითლის დროს კანი და თვალის სკლერა მოყვითალო ფერს იღებს, რასაც შესაძლოა თან ახლდეს ძლიერი ქავილი; მუქდება შარდი და ფერს კარგავს განავალი.
ასციტი მუცლის ღრუში სითხის დაგროვებაა. როდესაც ღვიძლი სიმსივნით ზიანდება, ვენებში, რომლებსაც ორგანოში სისხლი მიაქვთ, იმატებს წნევა, მუცლის ღრუს ორგანოებიდან სისხლი დროულად ვერ ჩაედინება ღვიძლში, იგი გამოიჟონება სისხლძარღვებიდან და სითხის სახით გროვდება მუცლის ღრუში.
მარჯვენა ფერდქვეშა არეში გაჩენილი დისკომფორტი და მცირე ტკივილი ღვიძლის გადიდებას უკავშირდება, მას რეფლექტორული ხასიათი აქვს, გადიდებული ღვიძლი აწვება დიაფრაგმის ნერვულ დაბოლოებებს და მტკივნეულ შეგრძნებებს იწვევს.
პირველადი სიმსივნის დროს ზოგჯერ აღმოცენდება ცხელება, რომელიც თერაპიას არ ემორჩილება. ამ შემთხვევაში საკუთრივ ღვიძლის დაზიანებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები შედარებით გვიან იჩენს თავს.
დაავადების გართულებასა და მოგვიანებით სტადიაზე მიგვანიშნებს ობტურაციული სიყვითლე, სპლენომეგალია, ასციტი, მუცლის კანქვეშა ვენების გადიდება, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენები, რაც კარის ვენის ზეწოლის შედეგია, სიმსივნის გახეთქვის შემდგომი სისხლდენები და პერიტონიტი.
- როგორი მეტასტაზირება ახასიათებს ღვიძლის კიბოს?
- ღვიძლის კიბოს მეტასტაზები ყველაზე ხშირად ღვიძლშივე (შიდაორგანული მეტასტაზები) და კარის ვენის ლიმფურ კვანძებში ვითარდება, შემდგომ კი ვრცელდება ფილტვებში, პლევრაში, თირკმელებში, კუჭქვეშა ჯირკვალსა და ძვლებში.
- როგორ დიაგნოსტირდება დაავადება?
- დიაგნოსტიკის სრულყოფილი სკრინინგული მეთოდი არ არსებობს, დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენა რთულია, რადგან მას სპეციფიკური სიმპტომები არ ახასიათებს. ხშირად ის საკმაოდ გვიან დიაგნოსტირდება. აუცილებელია, პაციენტმა ყურადღება მიაქციოს ზემოთ ნახსენებ ცვლილებას და დროულად მიმართოს ჯანდაცვის პირველად რგოლს, რათა აუცილებლობის შემთხვევაში ჩაუტარდეს კვალიფიციური მკურნალობა.
გარკვეული ცვლილებები ვითარდება სისხლში, იზრდება ღვიძლის სპეციფიკურ ფერმენტთა აქტივობა, იცვლება ერითროციტების დალექვის სიჩქარე, იკვეთება ანემიის ნიშნები და სხვა.
სიმსივნის ვიზუალიზაციისთვის გამოიყენება ულტრაბგერითი გამოკვლევა, კომპიუტერული, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, ანგიოგრაფია და პოზიტრონულ-ემისიური კვლევა. მიუხედავად ჩამოთვლილი მეთოდებისა, საბოლოო დიაგნოზი ბიოფსიით აღებული ბიოპტატის ჰისტოლოგიური კვლევის შედეგად დაისმის.
- რომელ დაავადებებს ჰგავს ღვიძლის კიბო და როგორ გავარჩიოთ იგი მსგავსი პათოლოგიებისგან?
- საჭიროა ღვიძლის პირველადი კიბოს დიფერენცირება მეორეული სიმსივნეებისგან, ციროზისგან, აგრეთვე ღვიძლის კეთილთვისებიანი (კისტები) და არასიმსივნური (პარაზიტული დაზიანებები) დაავადებებისგან. ციროზისგან განსასხვავებლად ტარდება სპეციფიკური ანალიზი, ალფაფეტოპროტეინის რეაქცია, რომელიც ციროზის დროს უარყოფითია, ღვიძლის პირველადი კიბოს დროს კი დადებითი.
გარდა ამისა, კიბოს შემთხვევაში, ციროზისგან განსხვავებით, სკანირება მკვეთრად ავლენს ორგანოს კვანძოვან და დიფუზურ დაზიანებას. ღვიძლის კისტებს მრგვალი ფორმა, ელასტიკური კონსისტენცია და მკვეთრი რენტგენოლოგიური სურათი ახასიათებთ, ამასთან სიმსივნისგან განსხვავებით კარგად ვლინდებიან ღვიძლის რადიოიზოტოპური სკანირებისას.
პარაზიტული დაავადებებისას გადამწყვეტი ანამნეზური მონაცემები, სისხლის ანალიზები და სეროლოგიური რეაქციებია.
- როგორ მკურნალობენ ღვიძლის კიბოს?
- ღვიძლის კიბოს მკურნალობა დამოკიდებულია მის სტადიაზე, სიმძიმის ხარისხზე, სიმსივნის გავრცელების საზღვრებზე. არსებობს მკურნალობის ქირურგიული მეთოდი, სხივური თერაპია, ქიმიათერაპია. სხვა მეთოდებიც: ღვიძლის გადანერგვა, რადიოსიხშირული აბლაცია, ქიმიოემბოლიზაცია, რადიოემბოლიზაცია.
სადღეისოდ მკურნალობის ოქროს სტანდარტად მიჩნეულია ღვიძლის გადანერგვა, მაგრამ ეს საკმაოდ რთული რამაა, რამდენადაც ძნელია დონორის პოვნა, ამასთანავე, დაავადების დაგვიანებული დიაგნოსტიკა ტრანსპლანტაციას ხშირად შეუძლებელს ხდის.
- თუ შეიძლება, უფრო ვრცლად შევეხოთ თითოეულ მათგანს.
- პირველადი კიბოს მკურნალობის წამყვანი მეთოდი რადიკალური ოპერაციული ჩარევაა, ტიპური წილის ან სეგმენტის მოკვეთა, რომელიც შერწყმულია ქიმიოთერაპიასთან. სამწუხაროდ, დაგვიანებული დიაგნოსტიკა ხშირად პაციენტს არაოპერაბელურს ხდის, დიაგნოზის დაზუსტების შემდგომ 5-დან მხოლოდ 1 შემთხვევაში თუა შესაძლებელი ოპერაციის ჩატარება. ქირურგიული მკურნალობა ტარდება მაშინ, როდესაც სიმსივნის ზომა არ აღემატება 5 სმ-ს და იგი არ გამოდის ღვიძლის საზღვრებიდან, არ არის შეჭრილი სისხლძარღვებში.
სხივური თერაპია ითვალისწინებს კიბოს მკურნალობას სპეციალური, მაღალი ენერგიის სხივებით, რომლებიც სიმსივნურ უჯრედებს ანადგურებს, ამასთანავე, ნორმალურ, ჯანმრთელ უჯრედებს მინიმალური ზიანი ადგებათ. მკურნალობის ეს მეთოდი პირველადი კიბოს დროს იშვიათად გამოიყენება - ღვიძლი დასხივების მაღალი დოზებისადმი ნაკლებამტანია. მას ძირითადად ქოლანგიოკარცინომის პოსტოპერაციულ პერიოდში მიმართავენ.
რაც შეეხება ღვიძლის კიბოს ისეთ ფორმას, როდესაც ორგანოში მრავლობითი კვანძია, ოპერაციული ჩარევა რეკომენდებული არ არის და შეუძლებელიც კია. ასეთ შემთხვევაში სპეციალისტთა უმრავლესობა უპირატესობას ქიმიათერაპიას ანიჭებს.
- როგორ ტარდება მკურნალობა?
- ქიმიათერაპია ტარდება რამდენიმე ეტაპად, რომელიც ერთ მთლიან ციკლს წარმოადგენს. ყოველი ციკლი გრძელდება რამდენიმე დღე, შემდგომ ასევე რამდენიმედღიანი შესვენებაა, რათა ორგანიზმს პრეპარატების გვერდითი ეფექტების განეიტრალებისა და თვითაღდგენის საშუალება მიეცეს. ციკლების რაოდენობა დაავადების მიმდინარეობაზეა დამოკიდებული.
- ქიმიათერაპიისთვის გამოსაყენებელი პრეპარატები საკმაოდ ძვირად ღირებულია. ამართლებენ თუ არა ისინი მათთვის გაწეულ ხარჯს და იმ გვერდით მოვლენებს, რომლებიც მათ ხანგრძლივ მიღებას ახასიათებს?
- ქიმიათერაპიის დროს გამოიყენება ანტისიმსივნური (ციტოტოქსიკური) პრეპარატები, რომლებიც ანადგურებენ კიბოს უჯრედებს. ქიმიათერაპიით კიბოსგან განკურნება არ ხდება, იგი უბრალოდ აპატარავებს სიმსივნეს, ამუხრუჭებს მის ზრდას და შესაძლებელს ხდის დაავადების სიმპტომურ კონტროლს.
ქიმიათერაპიულ პრეპარატებს პაციენტები იღებენ აბების სახით ან შიდავენური ინექციებით. თერაპია მაშინ ტარდება, როდესაც ღვიძლის ფუნქციები არ არის დარღვეული, ახანგრძლივებს სიცოცხლეს და აუმჯობესებს მის ხარისხის, ამიტომ მათი მიღება უმეტესად გამართლებულია.
- ღვიძლის კიბო და, ზოგადად, სიმსივნე ის პათოლოგიაა, რომლის გამოც ადამიანები ყველაზე ხშირად სტუმრობენ ექიმბაშებსა და გაურკვეველი კვალიფიკაციის მკურნალებს. რამდენად სანდოა ამგვარი მკურნალობა, როდესაც დაგვიანებული დიაგნოსტიკის გამო დახმარება ხშირად სამედიცინო არსენალის სრული გამოყენებითაც კი ვერ ხერხდება?
- მაქსიმუმი, რაც ამგვარი "მხსნელისგან" შეიძლება პაციენტმა მიიღოს, არის ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და ეფექტი, გამოწვეული ვიტამინებითა და იმუნომასტიმულებელი პრეპარატებით. ამგვარ "მკურნალებთან" სიარულში პაციენტები საკმაოდ დიდ თანხას ხარჯავენ და მასთან ერთად - დროს, რომელიც ოქროდ ფასობს. დაავადების პროგნოზი არცთუ კეთილსაიმედოა, ამიტომ პირველივე ნიშნების აღმოჩენისას აუცილებელია კვალიფიციური სამედიცინო დახმარება და პროცესის პროგრესის დროული შეჩერება.