ქალის სასქესო ორგანოთა კიბოსწინარე დაავადებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქალის სასქესო ორგანოთა კიბოსწინარე დაავადებები

დღეს, როდესაც სამედიცინო წრეების ყურადღება მთელ მსოფლიოში სიმსივნური პროცესების თავიდან აცილებისკენ არის მიმართული, კიბოსწინარე დაავადებების დროულ ამოცნობას ჯანმრთელობის დაცვის კუთხით უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ამ საკითხებზე სასაუბროდ მეან-გინეკოლოგ ნინო იამანიძეს მივმართეთ.

- ქალბატონო ნინო, რომელი პათოლოგიური პროცესი შეიძლება ჩაითვალოს კიბოსწინარე მდგომარეობად?

- კიბოსწინარე მდგომარეობებს მიეკუთვნება ქრონიკული დისტროფიული პროცესები, აგრეთვე - კეთილთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნები, რომლებიც მალიგნიზაციის ტენდენციას ამჟღავნებს.

ჯანმრთელ ორგანიზმში ავთვისებიანი სიმსივნის განვითარება ნაკლებმოსალოდნელია. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ორგანიზმის თავდაცვით ძალებზე ყველაზე მავნე ზემოქმედებას ახდენს ალკოჰოლი, თამბაქო, მოუწესრიგებელი სქესობრივი ცხოვრება. დადგენილია, რომ მწეველ ქალებს სასქესო ორგანოების კიბო უფრო ხშირად ემართებათ, ვიდრე არამწეველებს.

მორფოლოგიური თვალსაზრისით კიბოსწინარე პროცესებს მიეკუთვნება კეროვანი პროლიფერაციები (ინვაზიის გარეშე), ეპითელიუმის ატიპური წანაზარდები, უჯრედების ატიპიზმი. საბედნიეროდ, ყველა კიბოსწინარე დაავადება კიბოში არ გადაიზრდება, მაგრამ ყურადღება მაინც საჭიროა, ვინაიდან ამ დაავადებათა დროული აღმოჩენა და რადიკალური მკურნალობა კიბოს ყველაზე ქმედითი პროფილაქტიკაა.

პათოლოგიური პროცესის ლოკალიზაციის მიხედვით განასხვავებენ გარეთა სასქესო ორგანოების, საშვილოსნოს ყელის, საშვილოსნოს ტანისა და საკვერცხეების კიბოსწინარე დაავადებებს.

კარგა ხანს საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე მდგომარეობებად ფსევდოეროზიები და დისკერატოზები მიაჩნდათ. არცთუ ისე დიდი ხნის წინ გაირკვა, რომ ჭეშმარიტი კიბოსწინარე მდგომარეობა ეპითელიუმის დისპლაზიური ცვლილებაა (არასწორი ზრდა-განვითარება), რომლის შედეგადაც დროთა განმავლობაში ყალიბდება ავთვისებიანი სიმსივნე (კიბო). თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ დისპლაზია ყოველთვის არ გარდაიქმნება სიმსივნედ - ამ კუთხით დიდი მნიშვნელობა აქვს დიაგნოზის დროულად დასმას და მკურნალობის სწორად წარმართვას.

ტერმინი "დისპლაზია" მომდინარეობს მორფოლოგიური ცნებიდან, რომელიც ეპითელიუმის სხვადასხვა წარმოშობის ცვლილებებს აერთიანებს. დისპლაზიას ახასიათებს უჯრედების ინტენსიური გამრავლება ატიპიის გამოვლენით. ხარისხობრივად განასხვავებენ მის მსუბუქ და მძიმე ფორმებს.

ეპიდემიოლოგიური მონაცემების თანახმად, დისპლაზიის განვითარების რისკფაქტორებია:

  • სქესობრივი ცხოვრების ნაადრევი (16 წლამდე) დაწყება;
  • მრავალი აბორტი და მშობიარობა, განსაკუთრებით - ადრეულ ასაკში;
  • სქესობრივი პარტნიორების ცვლა, დაუცველი სქესობრივი კონტაქტები;
  • სქესობრივი გზით გადამდები არანამკურნალები ინფექციები, განსაკუთრებით - ვირუსული წარმოშობისა (ადამიანის პაპილომავირუსის ზოგიერთი სახეობა, ჰერპესის ვირუსი);
  • თამბაქოს წევა;
  • საშვილოსნოს ყელის ტრავმატიზაციით მიმდინარე მანიპულაციები.

საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე დაავადებად მიიჩნევა ასევე ლეიკოპლაკია უჯრედთა ატიპიით. ვულვის ლეიკოპლაკია, ჩვეულებრივ, გვხვდება კლიმაქტერიულ ასაკში ან მენოპაუზის დროს. ის შეიძლება განვითარდეს ჰორმონული დარღვევების, საშვილოსნოს ყელზე მექანიკური და ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედების შედეგად, სქესობრივი გზით გადამდები არანამკურნალები ინფექციის ფონზე.

საშვილოსნოს ყელის ლეიკოპლაკია ძალიან ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და შემთხვევით აღმოაჩენენ პროფილაქტიკური გასინჯვისას. ამ დაავადების დროს გარეთა სასქესო ორგანოების კანზე ჩნდება სხვადასხვა ზომის მშრალი თეთრი ფოლაქები, რომლებიც ეპითელური უჯრედების გარქოვანების შედეგია.

ერითროპლაკიისთვის დამახასიათებელია საშვილოსნოს ყელის საშოსმხრივი ნაწილის ეპითელიუმის ზედაპირული შრეების ატროფია. დაზიანებული უბნები, ჩვეულებრივ, მუქი წითელია, რადგან ეპითელიუმის გათხელებულ (ატროფირებულ) შრეში ჩანს ქვედა შრეში განლაგებული სისხლძარღვოვანი ბადე.

ვულვის კრაუროზის დროს დისტროფიული პროცესების გამო გარეთა სასქესო ორგანოების კანი იჭმუხნება და საშოს შესავალი მკვეთრად ვიწროვდება, კანი მეტისმეტად მშრალია და ადვილად ზიანდება. დაავადებას თან სდევს ქავილი, რაც აჩენს ნაკაწრებს და იწვევს მეორეულ ინფექციურ ცვლილებებს.

კრაუროზი უმეტესად კლიმაქტერიულ ასაკში გვხვდება. იშვიათია ახალგაზრდებში. ამ დაავადების განვითარებაში დიდ როლს ასრულებს საკვერცხეებისა და თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის, აგრეთვე ვიტამინების (განსაკუთრებით - A ვიტამინის) ცვლის დარღვევა.

სამკურნალოდ რეკომენდებულია ესტროგენული ჰორმონების გამოყენება A ვიტამინთან ერთად ჰისტოლოგიური და ციტოლოგიური გამოკვლევების შემდეგ.

საშვილოსნოს ყელის პოლიპები სხვადასხვა ზომის, გლუვკონტურიანი მრგვალი წანაზარდებია. პოლიპები იშვიათად გარდაიქმნება კიბოდ. სიფრთხილე გვმართებს საშვილოსნოს ყელის მორეციდივე პოლიპის დროს ან მისი დაწყლულების შემთხვევაში.

საშვილოსნოს ყელის პოლიპებს აცილებენ ცერვიკალური არხის ლორწოვანი გარსის გამოფხეკით, რომელსაც აუცილებლად იკვლევენ ჰისტოლოგიურად.

საშვილოსნოს ყელის ჭეშმარიტი ეროზია (ჯირკვლოვან-კუნთოვანი ჰიპერპლაზია) საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა - მის წილად მოდის გინეკოლოგიური დაავადებების 10-15%. ამ დროს ზიანდება საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსი. მიზეზი შეიძლება იყოს მექანიკური ტრავმა - ხშირი აბორტისა და მშობიარობის შედეგი. საშვილოსნოს ყელის ჭეშმარიტი ეროზია ვლინდება შემდეგი სიმპტომებით:

  • სისხლიანი გამონადენით;
  • სქესობრივი კონტაქტის თანამდევი ტკივილით;
  • მენსტრუაციის დარღვევით, გახანგრძლივებით, ჭარბი გამონადენით;
  • ინფექციის თანდართვისას - ჩირქოვანი გამონადენით.

ეროზირებულმა ექტროპიონმა ასევე შეიძლება კიბოსთვის ხელსაყრელი პირობები შექმნას. საშვილოსნოს ყელის ექტროპიონი ვითარდება მშობიარობის პროცესში ყელის დაზიანების (იშვიათად - აბორტისა და სხვა სახის გინეკოლოგიური ჩარევის) შედეგად, მისი შეხორცებითი დეფორმირებისას. საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსის მთლიანობა ირღვევა და ყელის არხი საშოსკენ ამობრუნდება. ექტროპიონიდან ცერვიკალური არხის ამობრუნებული ლორწოვანი გარსი ეხება საშოს მჟავა არეს და მის ჯირკვლებში იჭრება პათოგენური მიკრობები. ამის შედეგად განვითარებულმა ანთებითმა პროცესმა შესაძლოა დიდხანს გასტანოს და ხელი შეუწყოს ეროზიის განვითარებას.

- რას უჩივის ამ დროს ავადმყოფი?

- ეპითელიუმის დისპლაზიურ ცვლილებებს დამახასიათებელი კლინიკური სურათი არ გააჩნია. ჩივილი, წესისამებრ, თანდართული ჰორმონული დარღვევებით არის განპირობებული. საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე დაავადებების კლინიკური გამოვლინებებია:

  • მენსტრუალური ციკლის დარღვევა - მენორაგია (გაძლიერებული მენსტრუაცია) და მეტრორაგია (საშვილოსნოდან არამენსტრუალური - აციკლური სისხლდენა);
  • მცირე სისხლიანი გამონადენი მენსტრუაციამდე და მის შემდეგ; მცირე, ხანმოკლე კონტაქტური სისხლიანი გამონადენი სქესობრივი აქტის ან გინეკოლოგიური გამოკვლევის შემდეგ;
  • წყალწყალა თეთრად შლა.

- რის საფუძველზე სვამენ დიაგნოზს?

- საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე მდგომარეობათა დიაგნოსტიკა ემყარება კომპლექსურ კლინიკურ-ლაბორატორიულ გამოკვლევას, რომელიც მოიცავს:

  • საშვილოსნოს ყელის დათვალიერებას სარკეების საშუალებით და კოლპოსკოპიურ გამოკვლევას;
  • საშვილოსნოს ყელისა და ცერვიკალური არხის ციტოლოგიურ და საჭიროებისას - ჰისტოლოგიურ გამოკვლევას;
  • საშვილოსნოს ყელის არხის მიზნობრივ კონუსისებრ ბიოფსიას.

საკმაოდ ეფექტურია ციტოლოგიური მეთოდი - მორფოლოგიურ გამოკვლევასთან შეთავსების შემთხვევაში ის საშუალებას იძლევა, ასიდან 95-98 შემთხვევაში სწორი დიაგნოზი დაისვას. კიბოსწინარე მდგომარეობების დიაგნოსტიკის ძირითად მეთოდად რჩება საშვილოსნოს ყელის პათოლოგიურად სახეცვლილი უბნების ჰისტოლოგიური კვლევა.

კვლევის ციტოლოგიური მეთოდი უსაფრთხოა და უმტკივნეულო: საშვილოსნოს ყელის საშოს ნაწილიდან იღებენ ნაცხს და მას მიკროსკოპიულად იკვლევენ. კოლპოსკოპია ინსტრუმენტული გამოკვლევის მეთოდია - საშვილოსნოს ყელის საშოსმხრივ ზედაპირს ათვალიერებენ ოპტიკური სისტემის დახმარებით მრავალჯერადი გადიდების პირობებში.


- რა არის პაპ-ტესტი?

- პაპ-ტესტი ანუ პაპანიკოლაუს ტესტი მნიშვნელოვანი სკრინინგული კლევაა საშვილოსნოს ყელის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისთვის. ზოგჯერ მას უწოდებენ ასევე ცერვიკალურ ნაცხს ციტოლოგიაზე, ონკოციტოლოგიაზე. იგი ხელმისაწვდომი, მარტივი და უმტკივნეულო მეთოდია და საშუალებას გვაძლევს, ადრეულ სტადიაში აღმოვაჩინოთ საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე მდგომარეობა ან კიბო, რაც, თავის მხრივ, საწინდარია დროული მკურნალობისა და დაავადების პროგრესირების შეფერხებისა.

პაპ-ტესტის დანერგვამ განვითარებულ ქვეყნებში საგრძნობლად შეამცირა ავადობა და სიკვდილიანობა. ყველა ქალს, რომელიც კი სქესობრივ ცხოვრებას ეწევა, გინეკოლოგიური გამოკვლევა უნდა ჩაუტარდეს წელიწადში ერთხელ, განსაკუთრებით - თუ აღმოაჩნდა მაღალი ონკოგენური რისკის მქონე ადამიანის პაპილომავირუსი ან ცვლილებები ლორწოვან გარსში. შემდგომ ექიმი განსაზღვრავს, როგორი სიხშირით განმეორდეს გამოკვლევა.

- როგორ იღებენ ნაცხს გამოსაკვლევად?

- გამოსაკვლევად იღებენ საშვილოსნოს ყელის არხის ამომფენი უჯრედების ანაფხეკს და ათავსებენ მას სასაგნე მინაზე. ჩვეულებრივ, მზადდება ორი პრეპარატი: ენდოცერვიქსისგან (საშვილოსნოს ყელის საშოს ნაწილის ამომფენი ლორწოვანი გარსისგან) და ეგზოცერვიქსისგან (ცერვიკალური არხის ამომფენი ლორწოვანი გარსისგან).

ატიპური უჯრედების გამოსავლენად გამოიყენება შეღებვის სპეციალური მეთოდი პაპანიკოლაუს მიხედვით.

  • ზუსტი შედეგის მისაღებად აუცილებელია შესრულდეს რიგი პირობა:
  • ტესტის ჩატარება არ არის მიზანშეწონილი მენსტრუაციის, ანთებითი პროცესის დროს;
  • ტესტის აღებამდე 48 საათის განმავლობაში აუცილებელია თავი შევიკავოთ სქესობრივი კონტაქტისგან, ტამპონის, ვაგინალური კრემის, სუპოზიტორიისა და ნებისმიერი მედიკამენტის გამოყენებისგან;
  • ნაცხი უნდა ავიღოთ გინეკოლოგიურ გასინჯვამდე, კოლპოსკოპიური კვლევის ჩატარებამდე ან ამ მანიპულაციების ჩატარებიდან 48 საათის შემდეგ.

თავდაპირველად ფასდება ნაცხის ხარისხი. თუ ის არადამაკმაყოფილებელია, მასალა ხელახლა უნდა ავიღოთ.

პაპანიკოლაუს ტესტის პასუხი შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი.

ნორმაში ნაცხში ატიპური უჯრედები არ არის, ყველა უჯრედი ერთნაირი ფორმისა და ზომისაა (ტესტის უარყოფითი პასუხი).

სხვადასხვა ზომისა და ფორმის უჯრედების არსებობა, მათი პათოლოგიური მდებარეობა დადებით პასუხად განიხილება. თუმცა პაპ-ტესტის დადებითი პასუხი ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ქალს კიბო ან კიბოსწინარე მდგომარეობა აქვს - ის მხოლოდ შემდგომი კვლევის აუცილებლობას ადასტურებს.

ატიპური უჯრედების გაჩენის მიზეზი შეიძლება იყოს ანთება (ქლამიდიოზი, ჰერპესული ინფექცია, გონორეა, ტრიქომონიაზი), ადამიანის პაპილომავირუსით ინფიცირება. ამ შემთხვევაში აუცილებელია ჩატარდეს მკურნალობა და ტესტი 3-6 თვის შემდეგ განმეორდეს.

პაპილომავირუსული ინფექცის დროს ხშირია უჯრედების კოილოციტოზი. კოილოციტები უსწორმასწორო, ბრტყელი, მკაფიო საზღვრების მქონე ეპითელიუმის უჯრედებია. ისინი სხვადასხვა ზომისაა. მათი ზომა, ჩვეულებრივ, ნორმალური უჯრედებისას აღემატება. ციტოლოგიური კლასიფიკაცია პაპანიკოლაუს მიხედვით:

I კლასი - ნორმალური ციტოლოგიური სურათი;

II კლასი - უჯრედების მორფოლოგიის ცვლილებები, განპირობებული საშოში და/ან საშვილოსნოს ყელში მიმდინარე ანთებითი პროცესით;

III კლასი - ერთული უჯრედები ბირთვებისა და ციტოპლაზმის ანომალიით (ეჭვი ავთვისებიან წარმონაქმნზე);

IV კლასი - ცალკეული უჯრედები მალიგნიზაციის აშკარა ნიშნებით;

V კლასი - კიბოს ტიპური უჯრედების დიდი რაოდენობა. ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი ეჭვარეშეა.

Bethesda-ს სისტემის მიხედვით (The Bethesda System - TBS) კლასიფიკაციისას ციტოლოგის დასკვნაში შეიძლება შევხვდეთ შემდეგ ტერმინებს:

ASCUS (atypical squamous cells of undetermined significance) - დაუდგენელი მნიშვნელობის ბრტყელუჯრედოვანი ატიპია;

CIN (cervical intraepithelial neoplasia) - ინტრაეპითელური ნეოპლაზია. ტერმინი გამოიყენება როგორც საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის სინონიმი;

LSIL Low (Grade Squamous Intraepitelial Lesions) - ბრტყელუჯრედოვანი ინტრაეპითელური დაზიანება დაბალი ხარისხის გამოხატულებით;

HSIL (High -Grade Squamous Intraepitelial Lesions) - ბრტყელუჯრედოვანი ინტრაეპითელური დაზიანება მაღალი ხარისხის გამოხატულებით.

თუ ექიმის დასკვნაში მითითებულია სუსტად, ზომერად, ან მკვეთრად გამოხატული დისპლაზია, ამ შემთხვევაში ტარდება კოლპოსკოპიური კვლევა, ცერვიკალური არხის დიაგნოსტიკური გამოფხეკა და საშვილოსნოდან აღებული გამონაფხეკი მასალის ჰისტოლოგიური კვლევა.

- რას გულისხმობს ფონური და საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა?

- საშვილოსნოს ყელის ფონური დაავადებები ადრეული დიაგნოსტიკის შემთხვევაში ადვილად იკურნება. ამ დროს ტარდება როგორც ზოგადი, ისე ადგილობრივი მკურნალობა, რომელიც მოიცავს:

  • სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების მკურნალობას;
  • ჰორმონული ფონის მოწესრიგებას;
  • თანმხლები დაავადებების (შაქრიანი დიაბეტის, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის, შინაგანი ორგანოების სხვა დაავადებების) მკურნალობას.

მკურნალობის ქირურგიული მეთოდებიდან ჩვენში ყველაზე ხშირად გამოიყენება რადიოქირურგია, კრიოდესტრუქცია, ლაზეროთერაპია და ელექტროკონიზაცია, თუმცა დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში საშვილოსნოს ყელის ფონურ დაავადებათა ქირურგიული მკურნალობისას ელექტროკოაგულაციას აღარ იყენებენ, ვინაიდან ის იწვევს ქსოვილების ღრმა დაზიანებას - ნეკროზს და ახასიათებს გართულებათა მთელი წყება, უპირველეს ყოვლისა - სისხლდენა.

ამჟამად ყველაზე ფიზიოლოგიურ და ეფექტურ მეთოდად რადიოქირურგიული მკურნალობა მიიჩნევა, რომელიც საშვილოსნოს ყელის ფონურ დაავადებათა კომპლექსური მკურნალობის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია. მასთან ერთად მიმართავენ საშოს დამუშავებას ქიმიური მიკრობსაწინააღმდეგო ხსნარებით, ანტივირუსული მალამოებით. ასევე მნიშვნელოვანია ანტიმიკრობული, ანტივირუსული პრეპარატებისა და ანტიბიოტიკების გამოყენება.

რადიოტალღური ქირურგია რბილი ქსოვილის გაჭრისა და კოაგულაციის ატრავმული მეთოდია, რომელიც ფართოდ გამოიყენება საშვილოსნოს ყელის, საშოსა და ვულვის სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ. დადასტურებულია, რომ ოპერაციის შემდგომი ნაწიბურის შეხორცების თვალსაზრისით რადიოტალღურ დანას უდავო უპირატესობა აქვს სკალპელთან, ელექტროდანასა და ლაზერთან შედარებით. გარდა იმისა, რომ რადიოტალღური მეთოდის გამოყენებისას წვრილი სისხლძარღვების ლიგირება და კოაგულაცია საჭირო არ არის, რადიოტალღას მიკრობების განადგურების უნარიც შესწევს, რის გამოც ოპერაციის შემდგომი პერიოდი გართულებათა გარეშე ჩაივლის, ნაწიბური კი ფაქტობრივად შეუმჩნეველია.

საშვილოსნოს ყელის საშოს ნაწილის პათოლოგიათა მკურნალობის შემდეგ პაციენტს სჭირდება დისპანსერული დაკვირვება. დისპლაზიის არსებობისას ქალი უნდა იმყოფებოდეს მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ და 3 თვეში ერთხელ უტარდებოდეს კოლპოსკოპიური და ციტოლოგიური კონტროლი.

საშვილოსნოს საშოს ნაწილის კეთილთვისებიანი დაავადებების მკურნალობის კარგი შედეგი არ შეიძლება ჩაითვალოს განკურნების საბოლოო კრიტერიუმად. ეს დაავადებები 5 წლის მანძილზე საჭიროებს აქტიურ დისპანსერულ მეთვალყურეობას.

- რას გვეტყვით საშვილოსნოს ტანის კიბოსწინარე მდგომარეობებზე?

- საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის კიბოსწინარე მდგომარეობებს მიაკუთვნებენ ენდომეტრიუმის კეროვანი პროლიფერაციის სხვადასხვა სახეს - ჯირკვლოვან ჰიპერპლაზიას, პოლიპოზსა და ადენომატოზს. მათ ფონზე კანცეროგენული ფაქტორების ზემოქმედებისას ვითარდება სიმსივნე. საშვილოსნოს ტანის ლორწოვანი გარსის ყოველგვარი ჰიპერპლაზია არ წარმოადგენს კიბოსწინარე მდგომარეობას. ამ მხრივ განსაკუთრებით საშიშია მორეციდივე ჯირკვლოვანი ჰიპერპლაზია.


- რას უჩივის ამ დროს ქალი?

- ენდომეტრიუმის კიბოსწინარე დაავადებებს ახასიათებს მენსტრუაციის გახანგრძლივება და გაძლიერება, აგრეთვე - აციკლური სისხლდენები და სისხლიანი გამონადენი. საეჭვო სიმპტომად უნდა მივიჩნიოთ მენოპაუზის დროს სისხლიანი გამონადენის გაჩენა. ამ პერიოდში ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია ან ადენომური პოლიპები ყოველთვის კიბოსწინარე პროცესად უნდა განვიხილოთ.

უფრო ახალგაზრდა ქალებში ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია და ადენომური პოლიპები კიბოსწინარე მდგომარეობებად მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს, თუ საშვილოსნოს პირველი გამოფხეკისა და ამ დაავადებების სწორი კონსერვატიული მკურნალობის შემდეგ განვითარდა რეციდივი.

საშვილოსნოს ტანის კიბოსწინარე დაავადებებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია ბუშტნამქერს, რომელიც ხშირად წინ უძღვის ქორიონეპითელიომას. კლინიკურ-მორფოლოგიური თავისებურებების კვალობაზე, განასხვავებენ ბუშტნამქერის სამ ფორმას: კეთილთვისებიანს, პოტენციურად ავთვისებიანს და სავარაუდოდ ავთვისებიანს. კიბოსწინარე მდგომარეობებს ორ უკანასკნელს მიაკუთვნებენ.

ყველა ქალი, რომლის ორსულობაც ბუშტნამქერით დასრულდა, ხანგრძლივად უნდა იმყოფებოდეს დაკვირვების ქვეშ და პერიოდულად ჩაუტარდეს იმუნოლოგიური ან ბიოლოგიური რეაქციები, რაც საშუალებას იძლევა, დროულად დაისვას ქორიონეპითელიომის დიაგნოზი.

- როგორ სვამენ დიაგნოზს?

- საშვილოსნოს ტანის კიბოსწინარე მდგომარეობების დიაგნოსტიკა ხორციელდება საშვილოსნოს ღრუდან აღებული ნაცხის (ასპირაცია ბრაუნის შპრიცით) ციტოლოგიური და საშვილოსნოს ღრუდან აღებული ანაფხეკის ჰისტოლოგიური გამოკვლევით.

- როგორ მკურნალობენ?

- ენდომეტრიუმის კიბოსწინარე მდგომარეობების მკურნალობა უნდა დაიწყოს საშვილოსნოს ღრუს გამოფხეკით. ენდომეტრიუმში ჰიპერპლაზიური პროცესის დადასტურება ჰორმონთერაპიიის ჩვენებაა.

- რას გვეტყვით საკვერცხეების კიბოსწინარე დაავადებებზე?

- საკვერცხეების ავთვისებიანი სიმსივნეების უმეტესობა კეთილთვისებიანი სიმსივნეების ფონზე ვითარდება, ამიტომ საკვერცხეების ყველა ჭეშმარიტი სიმსივნე კიბოსწინარე მდგომარეობად უნდა განვიხილოთ. მათ უნდა მივაკუთვნოთ საკვერცხის კისტომების ზოგიერთი სახეობაც. ყველაზე ხშირად განიცდის მალიგნიზაციას ცილიოეპითელური (პაპილარული) კისტომები, შედარებით იშვიათად - ფსევდომუცინოზური. საკვერცხეების კიბო განსაკუთრებით ხშირად სწორედ ამ ორი სახის კისტომების ფონზე ვითარდება.

- შესაძლებელია თუ არა პროფილაქტიკა?

- ბოლო ხანს ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში საშვილოსნოს ყელის, ტანისა და საკვერცხეების კიბოს შემთხვევათა მატება შეინიშნება. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ამ დაავადებებს კავშირი აქვს მენსტრუალური ციკლის დარღვევებთან, ამიტომ ყოველგვარი დისფუნქცია რეპროდუქციულ ასაკში, ასევე - სასქესო ორგანოებიდან გამონადენის გაჩენა მენსტრუაციის შეწყვეტის შედეგ საკმაო საფუძველია გინეკოლოგთან მისასვლელად, მაგრამ, გავიმეორებ, საშვილოსნოს ყელისა და ტანის კიბოსწინარე ცვლილებები ხშირად არავითარ ჩივილს არ იწვევს, ამიტომ თუნდაც ქალს არაფერი აწუხებდეს, პერიოდულად (წელიწადში ერთხელ) აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს, რათა დროულად მოხდეს ამ დაავადებათა დიაგნოსტირება და მკურნალობა.

გინეკოლოგიურ გასინჯვასთან ერთად ექიმმა აუცილებლად უნდა გამოიკვლიოს სარძევე ჯირკვლები და სწორი ნაწლავიც, სადაც ასევე შეიძლება იყოს სიმსივნე. მათი ადრეული გამოვლენა ეფექტური მკურნალობის მთავარი პირობაა.

- რას გვეტყვით პაპილომავირუსის ვაქცინაციის შესახებ? რა ასაკშია რეკომენდებული მისი გაკეთება?

- ბოლოდროინდელმა გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს ერთ-ერთი მიზეზი ადამიანის პაპილომავირუსია. იმის გამო, რომ ინფიცირებულებს დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებათ, უმრავლესობამ არ იცის, რომ ვირუსმატარებელია. ინფიცირების მაღალი რისკი აქვთ ახალგაზრდა ქალებს. სქესობრივად აქტიური ქალების 50-75% სიცოცხლეში ერთხელ მაინც ინფიცირდება HPV-ით. ინფექციის პიკი მოდის მოზარდებსა და ადრეული რეპროდუქციული ასაკის (16-30 წლის) ქალებზე.

პაპილომავირუსისგან თავის დასაცავად ერთ-ერთი ეფექტური საშუალება ვაქცინაციაა. ვაქცინა იცავს ვირუსის ორი ყველაზე მეტად გავრცელებული ტიპისაგან - მე-16 და მე-18 ტიპებისგან, რომლებიც სამიდან ორ შემთხვევაში იწვევენ საშვილოსნოს ყელის მაღალი ხარისხის დაზიანებას და შემდგომ - მის კიბოს. ვაქცინაციის დროს ორგანიზმი სავსებით ჯანმრთელი უნდა იყოს, ქალს არ უნდა ჰქონდეს ალერგია ვაქცინის შემცველი კომპონენტების მიმართ და არ უნდა გეგმავდეს დაორსულებას მომდევნო 6 თვის განმავლობაში, რადგან აცრა 3-ჯერადია - მეორდება მეორე და მეექვსე თვეს. იმუნიტეტი სამუდამოდ რჩება.

- დასასრულ, მოდი, კიდევ ერთხელ ჩამოვთვალოთ ის ნიშნები, რომლებსაც ქალმა ყურადღება უნდა მიაქციოს.

- თუ შეამჩნიეთ:

  • ხორცის ნარეცხისფერი გამონადენი საშოდან მენსტრუალური ციკლის სხვადასხვა პერიოდში;
  • სისხლიანი გამონადენი საშოდან სქესობრივი ურთიერთობის შემდეგ;
  • ჩვეულთან შედარებით მნიშვნელოვნად გახანგრძლივებული მენსტრუაცია;
  • ზოგადი ინტოქსიკაციის (მოწამვლის) ნიშნები: საერთო სისუსტე, უმადობა, სხეულის წონის კლება, ტემპერატურის მატება და სხვა;
  • ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში, - აუცილებლად მიმართეთ ექიმს. გახსოვდეთ, ყოველგვარი დაავადების მკურნალობა ადრეულ სტადიაში გაცილებით ეფექტურია, ვიდრე შორსწასულ შემთხვევებში.