რა უნდა იცოდეთ თავის ტვინის დაავადებების შესახებ
ტვინის სიმსივნეები ოდნავ უფრო ხშირია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში. მხოლოდ კეთილთვისებიანი მენინგიომა გვხვდება შედარებით ხშირად ქალებში. სიმსივნეები ხშირად ვითარდება ზრდასრულობის ადრეულ ან შუა პერიოდში, მაგრამ ნებისმიერ ასაკში შეიძლება წარმოიქმნას. ისინი უფრო და უფრო ხშირდება მოხუცებში.
ტვინის სიმსივნეები შესაძლოა იყოს პირველადი და მეორადი. პირველადი სიმსივნე წარმოიშობა ტვინში ან მის მახლობლად არსებული უჯრედებიდან, კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანია. მძიმე გართულებები ორივე მათგანის არსებობას შეიძლება მოჰყვეს, რადგან თავის ქალა მყარია, მას სიმსივნის ზრდისთვის საჭირო სივრცე ვერ დაემატება. ამასთანავე, ონკოლოგიური პათოლოგია შეიძლება სასიცოცხლო ფუნქციების მარეგულირებელ ნაწილში ან მის მახლობლად წარმოიშვას. ტვინის მეორადი სიმსივნეები ორგანიზმის სხვა ნაწილიდან წამოსული მეტასტაზებია, შესაბამისად, ყოველთვის ავთვისებიანია.
კეთილთვისებიან სიმსივნეებს სახელწოდებები იმ უჯრედების ან ქსოვილების მიხედვით ჰქვიათ, საიდანაც წარმოიშობიან. მაგალითად, ჰემანგიობლასტომა სისხლძარღვებში წარმოიშობა ("ჰემა" – სწორედ ამას მიუთითებს, ხოლო ჰემანგიობლასტი – უჯრედია, რომელიც სისხლძარღვის ქსოვილში ვითარდება). ზოგი კეთილთვისებიანი სიმსივნე ემბრიონული – ჩანასახოვანი უჯრედებიდან ვითარდება ნაყოფის განვითარების ადრეულ სტადიაზე. ისინი შეიძლება დაბადებისთანავე გამოვლინდეს.
ტვინის პირველადი, ავთვისებიანი სიმსივნის ყველაზე ხშირი სახე გლიომაა, რომელიც რამდენიმე სახის არსებობს. გლიომები ტვინის პირველადი სიმსივნეების 65%-ს შეადგენს. თუმცა, ავთვისებიან სიმსივნეთა უმრავლესობა მეტასტაზურია, ანუ სხვა ორგანოდან ხვდება ტვინში.