ვირუსების როლი კანცეროგენეზში
ავთვისებიან სიმსივნეთა განვითარებაში, ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად, ვირუსებიც განიხილება. XX საუკუნის 40-იან წლებში ლ. ზილბერის მიერ მოწოდებულმა სიმსივნეთა განვითარების ვირუსულ-გენეტიკურმა თეორიამ შემდგომ წლებში არაერთი დადასტურება მიიღო.
სადღეისოდ მეცნიერები აღარ დავობენ იმაზე, რომ ვირუსებს გარკვეული როლი აქვთ ავთვისებიან სიმსივნეთა განვითარებაში. თანამედროვე მონაცემებით, ადამიანის სიმსივნური ახალწარმონაქმნების დაახლოებით 15%-ის ეტიოლოგიური აგენტები ვირუსებია. ასეთ ვირუსებს მიეკუთვნება, მაგალითად, თ-უჯრედოვანი ლეიკოზის/ლიმფომის ვირუსი, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი, ადამიანის პაპილომის ვირუსი, B და ჩ ჰეპატიტის ვირუსები, ეპშტეინ-ბარის ვირუსი და სხვა.
რა გავლენას ახდენს ვირუსები ორგანიზმის უჯრედებზე, რა როლი აქვთ მათ ონკოგენეზში? – ამ საკითხზე გვესაუბრება მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს სამხედრო-სამედიცინო აკადემიის აკადემიკოსი (პრეზიდენტი), საქართველოს საინჟინრო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს ჰუმანიტარულ და სახელოვნებო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, „ქ. ვენის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ საპატიო პროფესორი, სახელმწიფო პრემიისა და აკად. ივ. ბერიტაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, ონკოლოგი – ირაკლი ნადირაძე.
ბატონ ირაკლის ჩატარებული აქვს 8000-მდე სხვადასხვა მასშტაბის ოპერაცია კანზე, რბილ ქსოვილებზე, ძუძუსა და ძვლებზე. არის 160 სამეცნიერო ნაშრომის, 8 მონოგრაფიის, ექიმებისა და სტუდენტებისათვის განკუთვნილი 2 სახელმძღვანელოს, 10 მეთოდური რეკომენდაციის, 11 რაციონალური წინადადებისა და 21 საგაზეთო პუბლიკაციის ავტორი.
– ბატონო ირაკლი, როგორც ცნობილია, არსებობს ონკოლოგიური ვირუსების ცალკე ჯგუფი. რა განაპირობებს ვირუსების ონკოგენურობას?
– სადღეისოდ ცნობილია 100-ზე მეტი უდავოდ ონკოგენური ვირუსი, რომელთაც სხვადასხვა ცხოველებში სიმსივნეების წარმოქმნის უნარი შესწევს.
ონკოლოგიური ვირუსები ოყოფა ორ დიდ ჯგუფად: რნმ-ს შემცველ ვირუსებად (65 სახეობა) და დნმ-ს შემცველ ვირუსებად, ანუ ონკოვირუსებად, რომლებიც თითქმის ყველა ძუძუმწოვარში, ფრინველებში, თევზებსა და ქვეწარმავლებში იწვევენ ლეიკოზს, კურდღლებსა და ადამიანებში – პაპილომებს, ზოგიერთ ცხოველში – ადენომებს, ასევე ფიბრომებს, ლიმფომებსა და სხვა წარმონაქმნებს.
ვირუსებს ახასიათებთ შემდეგი თავისებურებანი:
1) იმ უჯრედის სტიმულაცია, რომელშიც ისინი მრავლდებიან;
2) განსაზღვრული ქსოვილებისადმი თავისებური ტროპიზმი (კერძოდ, ეპითელიუმური ქსოვილებისადმი – ეპითელიოტროპულობა);
3) ლატენტურ მდგომარეობაში ყოფნა და გარკვეულ პირობებში გამოჩენა;
4) როგორც თავისუფლად, ასევე შენიღბულად ყოფნა;
5) კანცეროგენებთან ერთად სინერგიული მოქმედების უნარი.
ვირუსის ონკოგენურობა ისაა, რომ ის იბუდებს უჯრედში და მას გენეტიკურად ცვლის. ამასთან, უჯრედის რნმ უერთდება ვირუსის რნმ-ს და წარმოქმნის თვისობრივად ახალ გენომს. აქედან წარმოდგა ვირუსული თეორიის ახალი სახელწოდება – სიმსივნეების წარმოქმნის ვირუსულ-გენეტიკური თეორია.
– როგორც აღნიშნეთ, ვირუსებს აქვთ კანცეროგენებთან ერთად სინერგიული მოქმედების უნარი, გამოდის, რომ ონკოვირუსები დამატებითი კანცეროგენული ფაქტორების არსებობისას იწვევენ სიმსივნეებს თუ დამოუკიდებლადაც შეუძლიათ ეს?
– ვინაიდან დადგენილია კანცეროგენისა და ვირუსის სინერგიული ქმედება, ვარაუდობენ, რომ ვირუსები ხელს უწყობს კანცეროგენის შეღწევას უჯრედში. ვირუსების ერთ-ერთი გამოუკვლევი თავისებურებაა შენიღბვის უნარი, ანუ გაუჩინარება, რასთან დაკავშირებითაც მათი აღმოჩენა მხოლოდ იმუნოლოგიური მეთოდით ხერხდება. ასეთი პროცესი უმეტესწილად მიმდინარეობს კეთილთვისებიანი სიმსივნის ავთვისებიანად გარდაქმნისას, მაგალითად, შოპის პაპილომის შემთხვევაში. ამგვარად, დღეისთვის საკმაო რაოდენობით არსებობს ფაქტები, რომლებიც ადასტურებს, რომ ცხოველების ორგანიზმში შეყვანისას ბევრ ვირუსს აქვს ავთვისებიანი სიმსივნის წარმოქმნის უნარი, თუმცა, ადამიანთა სიმსივნეების ვირუსული ბუნება დადგენილია მხოლოდ ზოგიერთი კეთილთვისებიანი სიმსივნის შემთხვევაში. ასეთია, მაგალითად, კანის ზოგიერთი პაპილომა, მეჭეჭები. ამჟამად, მიმდინარეობს ადამიანის სიმსივნეთა გენეზში ვირუსების როლის ინტენსიური შესწავლა, ვინაიდან, ზოგი მეცნიერის მონაცემებით, ვირუსის მსგავსი სხეულაკები აღმოჩენილია სარძევე ჯირკვლის, კუჭისა და ზოგიერთი სხვა ორგანოს ავთვისებიანი სიმსივნის შემთხვევაში.
– რას გვეტყვით ონკოგენეზში ვირუსების როლის შესწავლასა და საზოგადოდ, სიმსივნეთა ვირუსული თეორიის ისტორიაზე?
– ავთვისებიანი სიმსივნეების წარმოქმნაში მიკროორგანიზმების როლის შესწავლა დიდი ხნის წინ დაიწყო. ჯერ კიდევ 1889 წელს პ. კუბასოვმა ნაშრომში, „კიბოვანი სიმსივნეების მიკროოგანიზმები“, სპორმტარებელი ჩხირისა და გრეგარინების აღწერისას ისინი კიბოს გამომწვევად აღიარა. 1892 წელს დ. ივანოვსკიმ აღმოაჩინა ფილტრებადი ვირუსი, რომელიც იწვევს თამბაქოს მოზაიკურ ავადმყოფობას. ვ. პოდვისოცკი (1908), რომელიც კიბოს წარმოქმნის ინფექციურ-ვირუსული თეორიის ფუძემდებელია, ამტკიცებდა, რომ სიმსივნეები აღმოცენდება უსასრულოდ მცირე ულტრამიკროსკოპული წარმონაქმნების მიერ, რომლებსაც ი. მეჩნიკოვმა (1910) ვირუსები უწოდა.
სიმსივნეების ვირუსული ბუნების შესწავლაში დიდი წვლილი მიუძღვის როუსს (1911), რომელმაც პირველად მიიღო ქათმის თითისტარაუჯრედოვანი სარკომა ქათმის სპონტანური სარკომის ფილტრატის არაუჯრედოვანი კანქვეშა აცრით. შემდგომში ამ გზითვე განხორციელდა შოპის (1933) პაპილომების ექსპერიმენტული წარმოქმნა. ბილტნერმა (1936) აღმოაჩინა თაგვის სარძევე ჯირკვლის სიმსივნის ვირუსი, ე.წ. რძის ფაქტორი, შემდეგ კიდმა (1940) – ბრაუნ-პირსის კარცინომის ვირუსი, გროსომმა (1950) – თაგვის ლეიკემიის ვირუსი და ა.შ. სადღეისოდ მრავალი ონკოგენური ვირუსია ცნობილი.