გადარჩენისათვის სიმსივნური უჯრედები „თანამოძმეებს“ ანადგურებენ
გამოყენებულ სამკურნალო პრეპარატებსა თუ მეთოდებს, სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ხელმეორედ ვლინდებიან (ჩნდებიან) პაციენტის თითქოსდა სრული გამოჯანმრთელების შემდეგ. ამ მექანიზმს საზოგადოდ „რეციდივი“ (განმეორება) ჰქვია. სწორედ ამ პროცესის შესწავლა-გამოკვლევისას ამერიკელი მეცნიერები მოულოდნელ შედეგებამდე მივიდნენ – სიმსივნურ უჯრედებს შეუძლიათ თავის მსგავსი უჯრედების შთანთქმა (განადგურება) გაძლიერებისა და თვითგადარჩენისათვის.
მაინც რატომ ანადგურებენ ონკოუჯრედები თავიანთ „მოძმეებს“?
როგორც გამოცემა ჟოურნალ ოფჩელლ Bიოლოგყ გვამცნობს, ლუიზიანას ტულეინის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მეცნიერებმა ონკოუჯრედების მეტად საყურადღებო უნარები გაარკვიეს, მოულოდნელი აღმოჩენები LCC-უჯრედების (Latent Cancer Cells) შესწავლისას გაკეთდა. ონკოუჯრედების ეს ტიპი „მძინარე“ უჯრედებად მოიხსენიება, რადგან ისინი არ მონაწილეობენ სიმსივნის ფორმირებაში, პრაქტიკულად არ მრავლდებიან და არ ავლენენ თავს, რომ იმუნურმა სისტემამ მათ ყურადღება არ მიაქციოს. სამწუხაროდ, ამ თავისებურების გამო LCC-უჯრედები უგრძნობია ქიმიოთერაპიისადმიც.
მეცნიერებმა გადაწყვიტეს, გაერკვიათ, რატომ მაინცდამაინც ეს „მძინარე“ უჯრედები განიცდიან გადარჩენას და იღებენ ენერგიას ავთვისებიანი პროცესებისათვის. ამისათვის ექსპერტებმა გამოიყენეს სარძევე ჯირკვლის კიბოს უჯრედები და შეიყვანეს მათში სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატი დოქსირუბიცინი. ამ პრეპარატის მოქმედების მექანიზმი საკმაოდ მარტივია: აზიანებს უჯრედების დნმ-ს და თრგუნავს ნუკლეინის მჟავების სინთეზს. ამის გამო უჯრედები გამრავლებისა და მეტაბოლიზმის პროცესთა წარმართვის უნარს კარგავს, საბოლოოდ კი, იღუპება. როგორც გაირკვა, უჯრედთა ნაწილი, რომელსაც პრეპარატი ვერ ანადგურებს, სწორედ LCC-უჯრედებად გარდაიქმნება. ეს უკანასკნელნი კი, ასე ვთქვათ, „თავის დროს, თავის საათს“ ელოდებიან.
უახლესი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა შენიშნეს, რომ ეს განვითარებული LCC-უჯრედები სრულად არააქტიურები არ იყვნენ. მათში გაიზარდა ლიზოსომების (რომლებიც ენერგიისა და ნივთიერებათა ცვლაზეა პასუხისმგებელი) რიცხვი და გააქტიურდა იმ გენების ჯგუფი, რომელიც ფაგოციტოზის ჩართვაზეა მომართული. ფაგოციტოზი ერთი უჯრედის მიერ მეორის შთანთქმის პროცესია. ამ პროცესს აქტიურად იყენებს ჩვენი იმუნური სისტემა, მაგალითად, ბაქტერიებსა და იმავე სიმსივნურ უჯრედებთან ბრძოლაში.
ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ LCC-უჯრედებმა სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატის მოქმედების შემდეგ დაიწყეს მეზობელი სიმსივნური უჯრედების აქტიურად შთანთქმა, იმ უჯრედების, რომლებზეც დოქსირუბიცინმა ვერ მოასწრო მოქმედება.
ექსპერტთა დასკვნით, ასეთი ქცევა LCC-უჯრედებს ნივთიერებათა საჭირო მარაგს აძლევს ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეუმჩნევლად ყოფნისათვის და მომავალში აქტიურ ფაზაში დაბრუნებაში ეხმარება. საყურადღებოა ისიც, რომ „მძინარე“ რეჟიმიდან გამოსვლის შემდეგ უჯრედები ბევრად უფრო მდგრადია და გამძლეა ქიმიოთერაპიული პრეპარატებისადმი.
მეცნიერთა აზრით, თუ LCC-უჯრედები ამ თვისებას დაკარგავენ, ქიმიოთერაპიის შემდეგ პაციენტთა გადარჩენის შესაძლებლობა გაიზრდება. მთავარი მიზანი ამ ეტაპზე LCC-უჯრედების განადგურების მიგნებაა, რადგან ამ გზით სიმსივნის რეციდივის აღმოფხვრა გახდება შესაძლებელი!