სიახლე ონკოლოგიაში! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სიახლე ონკოლოგიაში!

„მეცნიერება საერთო ავლადიდებაა, ბედნიერია ის ეპოქა, რომელიც ახალი ცოდნის მოპოვებითა და გამოგონებებით იწონებს თავს, მეცნიერული აღმოჩენები იშვიათად ხდება ერთბაშად, მისი ავტორები ხშირად ვერც კი ასწრებენ ნაპოვნის ჭეშმარიტებაში დარწმუნებას, დრო მოუხმობს ნამდვილ შემოქმედს, მისი მონაპოვარი კაცობრიობის საკეთილდღეოდ რჩება!“ - ეს სიტყვები ეკუთვნის თავად გამოჩენილ მეცნიერს, დიმიტრი მენდელეევს.

ნამდვილად ბედნიერია ჩვენი ეპოქა და, რაც მთავარია, საქართველო, ჩვენი მეცნიერების უდიდესი მიგნებებისა და აღმოჩენების გამო! რას მიაგნეს მათ მრავალწლიანი მოღვაწეობის შედეგად, რა შექმნეს და რა დარჩება კაცობრიობის საკეთილდღეოდ - ამას დეტალურად საინტერესო ინტერვიუდან შეიტყობთ, მანამდე კი მოკლედ მოგახსენებთ უნიკალური აღმოჩენის - ავთვისებიან სიმსივნეთა ოპერაციის შემდგომი მეტასტაზირების პრინციპულად ახალი ინჰიბიტორის - ამფიცეზინისა და მისი ავტორების შესახებ: ამფიცეზინი არის კიბოს მეტასტაზირების შემაფერხებელი (ინჰიბიტორი) უნიკალური საშუალება, რომელიც ხელს უშლის პირველადი სიმსივნური კერიდან მოწყვეტილი უჯრედების ენდოთელიუმზე ადჰეზიას (მიწებებას), მეტიც, ანადგურებს მათ, შესაბამისად, რადიკალური ოპერაციის დროს და მის შემდეგ ორგანიზმში ამ ნივთიერების შეყვანით ონკოპაციენტები დაცულნი არიან მეტასტაზირებისაგან.

გამოგონების ავტორები არიან ცნობილი მეცნიერები: ონკოლოგი - ირაკლი ნადირაძე და ბიოქიმიკოსი - ნოდარ ჩიგოგიძე.

ონკოლოგი - ირაკლი ნადირაძე გახლავთ:

  • მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი;
  • საქართველოს ჰუმანიტარულ და სახელოვნებო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი;
  • საქართველოს საინჟინრო მეცნიერებათა აკადემიის მრჩეველი;
  • საქართველოს სამხედრო-სამედიცინო აკადემიის პრეზიდენტი (1997 წლიდან);
  • სახელმწიფო პრემიისა (1990 წ.) და აკად. ივ. ბერიტაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი (1999წ.);
  • „ქ. ვენის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ საპატიო პროფესორი;
  • აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის სამხედრო-საველე სწავლებაში მონაწილეობისათვის დაჯილდოვებულია „PAთღIOთ AჭAღDშ“-ის სერტიფიკატით (1998 წლის 19 ივლისი);
  • 2010 წლიდან საქართველო-ისრაელის ერთობლივი კლინიკა „გიდმედის“ ხალის პათოლოგიისა და კანის სიმსივნეების ცენტრის ხელმძღვანელი.

ჩატარებული აქვს 8000-მდე სხვადასხვა მასშტაბის ოპერაცია კანზე, რბილ ქსოვილებზე, ძუძუსა და ძვლებზე. არის 160 სამეცნიერო ნაშრომის, 8 მონოგრაფიის, ექიმებისა და სტუდენტებისათვის განკუთვნილი 2 სახელმძღვანელოს, 10 მეთოდური რეკომენდაციის, 11 რაციონალური წინადადებისა და 21 საგაზეთო პუბლიკაციის ავტორი.

ბიოქიმიკოსი - ნოდარ ჩიგოგიძე გახლავთ:

  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კვლევის სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე სამეცნიერო-ტექნიკურ დარგში;
  • ბიოენერგიის გენერაციის ლაბორატორიის გამგე;
  • ქიმიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი;
  • საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი;
  • საქართველოს ფაზისის აკადემიის აკადემიკოსი;
  • საქართველოს ეროვნულ და სოციალურ ურთიერთობათა აკადემიის აკადემიკოსი;
  • გენერალ-მაიორი.

არის 130-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, 6 მონოგრაფიისა და 12 გამოგონების ავტორი.

- ბატონო ირაკლი, როგორც ცნობილია, თქვენ ბრძანდებით იდეის ავტორი.

- კი, მე - იდეის ავტორი, ნოდარი კი იდეის რეალიზატორი! (იღიმიან გამოგონების ავტორები).

- როდის დაგებადათ ეს იდეა?

- ყველაფერი 1990 წელს დაიწყო. მაშინ მე სახელმწიფო პრემია სხვა სპეციალისტებთან ერთად მივიღე იმ ნაშრომისათვის, რომლითაც დავამტკიცეთ, რომ ონკოლოგიურ ავადმყოფებში, როგორც წესი, ვითარდება „მაჩაბლის სინდრომის“ (იმავე თრომბოჰემორაგიული სინდრომის) ქრონიკული სუბკომპენსირებული ან კომპენსირებული ფორმა, რომელიც იშვიათად გადადის მწვავე ფორმაში. აქედან დაიწყო ყველაფერი.

უამრავი კვლევა და შესაბამისად ლიტერატურა არსებობს იმის თაობაზე, რომ პირველადი სიმსივნური კერიდან მოწყვეტილი უჯრედი შეიფუთება ფიბრინით (როგორც მაჩაბლის სინდრომის დაცვითი რეაქცია) და სისხლისა თუ ლიმფის გზით შორს, სხვა ორგანოებში გადაიტანება, აქ ის ფიბრინის მეშვეობით მიეწებება ენდოთელიუმს და მეტასტაზს აძლევს დასაბამს; ისიც ცნობილია, რომ ეს ფიბრინი ერთგვარი საკვები ნიადაგია მეტასტაზის განვითარებისათვის. ჯერ კიდევ მაჩაბლის სინდრომზე მუშაობისას მომივიდა აზრი ისეთი პრეპარატის შექმნისა, რომელიც ხელს შეუშლიდა სწორედ ამ ფიბრინის გარსის წარმოქმნას, ანუ არ მისცემდა სიმსივნური კერიდან მოწყვეტილ უჯრედს შეფუთვის საშუალებას, თანაც მოქმედ ნივთიერებას უნდა ჰქონოდა ე.წ. ქილერის ფუნქციაც, ანუ მოეკლა სიმსივნური უჯრედი; როგორ მოკლავდა, პირდაპირი იერიშით თუ გატუტიანების გზით, ეს უკვე სხვა საკითხია, მთავარია, რომ უჯრედი გაშიშვლებულ-შეუფუთავი უნდა დარჩენილიყო, აქ მჭირდებოდა სწორედ ჭკვიანი და მოაზროვნე ბიოქიმიკოსის დახმარება, მით უფრო, რომ მე კლინიცისტი ვარ, ლაბორატორიული მუშაობის გამოცდილება ნაკლებად მაქვს, საბედნიეროდ, ასეთი ადამიანი ვიპოვე, ნოდარ ჩიგოგიძე ჩემმა მეგობარმა, გელა ღვინებაძემ (ცნობილმა მეცნიერმა ტექნიკური უნივერსიტეტიდან) გამაცნო. აქედან დაიწყო ჩემი და ნოდარის მეგობრობა და პრობლემაზე ერთობლივი მუშაობა.

- ბატონო ნოდარ, თქვენ როგორც ინჰიბიტორის პრაქტიკულად შემქმნელი და მისი სახელწოდების ავტორი, რას იტყვით, რა შთაბეჭდილება მოახდინა თავდაპირველად თქვენზე კლინიცისტის იდეამ?

- ჩემთვის ნამდვილად საინტერესო იყო ირაკლის იდეა, მით უფრო, რომ არაერთი კვლევა და დაკვირვება მაქვს ჩატარებული ონკოუჯრედების ცალკეულ თვისებათა შესასწავლად. ირაკლის აზრით, ახალ ნივთიერებას ჰეპარინისმაგვარი ფიბრინოლიზური მოქმედება უნდა ჰქონოდა, სწორედ ამ თვისებების მქონე ორგანულ ანიონებს დაეფუძნა ახალი ინჰიბიტორი. აღნიშნული ორგანული ანიონები მე ცეზიუმისა და რუბიდიუმის მატარებლად გამოვიყენე, რადგან დასახელებულ კათიონთა უჯრედში შეღწევა უჯრედის შიდა გარემოს გატუტიანებას იწვევს, რასაც საბოლოოდ სიმსივნური უჯრედის განადგურება მოსდევს.

არეგულირებენ რა უჯრედული მემბრანის შეღწევადობას, ჩვენ მიერ შემოთავაზებული ანიონები დამატებით ეხმარბიან სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატების ტრანსპორტირებას უჯრედში. აღნიშნული ორგანული ანიონები არ არის პირდაპირი მნიშვნელობით კომპლექსონები, მაგრამ მათი მოლეკულების ცალკეულმა ფრაგმენტებმა შეიძლება შეასრულონ მახელატირებელი აგენტების როლი და მონაწილეობა მიიღონ მძიმე ლითონების (ქრომის, კადმიუმის და სხვა) კანცეროგენული იონების შებოჭვაში. გარდა ამისა, ამ ორგანული ანიონების გამოყენება ცეზიუმისა და რუბიდიუმის იონების მატარებლებად, ამ უკანასკნელთა სიმსივნურ უჯრედებში შესაღწევად, გადაგვარებული უჯრედების შიდა გარემოს გატუტიანების საშუალებას იძლევა. ეს პროცესი კი იწვევს სიმსივნურ უჯრედთა სრულ განადგურებას. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ცეზიუმისა და რუბიდიუმის კათიონები არ აზიანებენ ნორმალურ, ჯანმრთელ უჯრედებს.

აკადემიკოსი ირაკლი ნადირაძე:

- დღეისათვის ავთვისებიანი სიმსივნეების პროფილაქტიკა და მკურნალობა ბიოლოგიისა და მედიცინის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა. ეს განპირობებულია ავთვისებიანი სიმსივნეებით ავადობისა და სიკვდილიანობის საგრძნობი და განუხრელი ზრდით მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. საქართველოში კიბოთი ავადობის სიხშირის მატება აღინიშნება ყველა მიმართულებით, მაგრამ განსაკუთრებით შესამჩნევია პირველ ექვსეულში შემავალ ავთვისებიან სიმსივნეებში (ძუძუს, კანის, ფილტვის, კუჭის, საშვილოსნოს ყელის და პროსტატის კიბო).

XX საუკუნის შუა წლებიდან ონკოლოგიური ავადმყოფების მკურნალობაში გამოიყენება სამი ძირითადი მეთოდი: ქირურგიული, მედიკამენტური (ქიმიოთერაპია, იმუნოთერაპია, ჰორმონოთერაპია და სხვა) და სხივური. დროთა განმავლობაში ეს მეთოდები იხვეწებოდა, გვერდითი მოვლენები მცირდებოდა და იზრდებოდა მკურნალობის ეფექტიანობა, მაგრამ ამ პაციენტების სიცოცხლის ხანგრძლივობა უკანასკნელი 30-40 წლის მანძილზე გაიზარდა საშუალოდ მხოლოდ 16%-ით.

სამწუხაროდ, ძალზე აგრესიული, კომბინირებული მკურნალობაც კი მხოლოდ აფერხებს და არ აჩერებს სიმსივნის მეტასტაზების გავრცელებას. გარდა ამისა, სიმსივნის მკურნალობის თანამედროვე საშუალებებს ახასიათებთ მთელი რიგი გვერდითი ეფექტები და გართულებები, რომლებიც ძალზე მძიმედ აისახება პაციენტის ზოგად მდგომარეობაზე.

ასევე ცნობილია, რომ ბევრი ახალი მიდგომა ავთვისებიანი სიმსივნეების მკურნალობაში, რომელმაც მოგვცა კარგი შედეგი ლაბორატორიაში (ინ ვიტრო), კლინიკურ პრაქტიკაში წარუმატებელი აღმოჩნდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ არ ხდებოდა მთავარი ფაქტორის გათვალისწინება - ნებისმიერი შემოთავაზებული პრეპარატი უნდა იყოს გამიზნული მხოლოდ სიმსივნურ უჯრედებზე და არ უნდა აზიანებდეს ჯანმრთელს.

ზემოაღნიშნულის გამო კვლავაც აქტუალურია სასურველი სამკურნალო ეფექტის მისაღწევად ახალი საშუალებების მოძიება და შექმნა, ამასთან საჭიროა, რომ ზემოთ აღნიშნული საშუალებები იყოს უსაფრთხო, ხოლო მათი სინთეზი და გამოყენება - მარტივი განსახორციელებელი.

სიმსივნე - ქსოვილთა ზრდის განსაკუთრებით რეაქტიული ფორმაა, რომელსაც მეტ-ნაკლებად გამოხატული ავტონომიურობა ახასიათებს. ორგანიზმთან არაკოორდინირებული ზრდის ეს ფორმა მიჩნეულია რეაქტიულად, რადგან მეორეულია იმ ფაქტორებთან, რომლებიც იწვევს მის წარმოქმნას. ამასთან, ამგვარი ზრდის პროცესი გრძელდება მისი გამომწვევი მიზეზების მოქმედების შეწყვეტის შემდეგაც. სიმსივნური უჯრედების უსაზღვრო და უკონტროლო გამრავლების თვისება გადაეცემა უჯრედთა მომდევნო გენერაციებს.

ორგანიზმის ნორმალურ უჯრედთა დაყოფა რეგულირდება უკუკავშირის პრინციპის მიხედვით კონტაქტური დამუხრუჭების ფაქტორით - უჯრედების ზედაპირთა შეხება ჯერ ანელებს, შემდეგ კი წყვეტს გაყოფას.

ავთვისებიან უჯრედთა მთავარი თვისებაა - მაინფილტრირებელი ზრდის უნარი, ანუ შეღწევა ირგვლივ მდებარე ქსოვილებში მათი შემდგომი დაშლით და მეტასტაზების განვითარება, რაც ავთვისებიანი უჯრედების სისხლისა და ლიმფის დინებით გავრცელების შედეგია.

ადამიანის ორგანიზმის ქსოვილების ავთვისებიანი სიმსივნური გადაგვარების გამოწვევის უნარი განისაზღვრება რიგი ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური ფაქტორების კანცეროგენული აქტივობით. ფიზიკურ ფაქტორებს, პირველ რიგში, მაიონიზებელი და ულტრაიისფერი გამოსხივება მიეკუთვნება, ქიმიურ ფაქტორებს - ქიმიური ნაერთები, რომლებიც ხვდებიან გარედან (ეგზოგენური კანცეროგენები) ან წარმოიქმნებიან ორგანიზმში არაკანცეროგენული ნივთიერებების ბიოტრანსფორმაციის შედეგად (ენდოგენური კანცეროგენები), ბიოლოგიურ ფაქტორებს - ონკოგენური ვირუსები. ქიმიური და ფიზიკური კანცეროგენული ფაქტორების მოქმედება ხორციელდება გარკვეული უჯრედული გენების დაზიანების ხარჯზე, ონკოგენური ვირუსები კი იწვევენ მუტაციებს თავისი გენომის ნაწილის ჩართვით ჯანმრთელი უჯრედების ნუკლეინის მჟავაში.

აკადემიკოსი ნოდარ ჩიგოგიძე:

- მინდა გამოვყო ნორმალურ და სიმსივნურ უჯრედებს შორის არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავებები, რამეთუ ეს უკანასკნელნი წარმოადგენენ რეალურ სამიზნეს ავთვისებიან უჯრედებთან მიზანდასახული ბრძოლისათვის. ავთვისებიან უჯრედებში შეცვლილია ნივთიერებათა ცვლის პროცესების მიმდინარეობა, მათში დაქვეითებულია ჟანგვითი პროცესების ინტენსივობა. სიმსივნური ქსოვილი განსხვავდება ანაერობული გლიკოლიზის (ანუ გლუკოზის დაშლა ჟანგბადის მონაწილეობის გარეშე) უფრო ინტენსიური რეაქციებით. გლუკოზა სიმსივნურ უჯრედებში განიცდის ფერმენტაციას რძის მჟავამდე, რომელიც ამავდროულად ამჟავებს უჯრედშიდა გარემოს და დამაზიანებელ ეფექტს ახდენს უჯრედის გენეტიკურ აპარატზე. ამასთან, სიმსივნური უჯრედებისათვის დამახასიათებელია ატფ-ის მოლეკულების ანომალურად დიდი რიცხვი. ცვლილებები უჯრედის მიკროგარემოს ფიზიკურ-ქიმიურ პირობებში გავლენას ახდენს მის მიერ სინთეზირებული პეპტიდების რაოდენობრივ და ხარისხობრივ შედგენილობაზე.

ცილებისა და ნუკლეინის მჟავების დაჩქარებული სინთეზის ფონზე მნიშვნელოვნად შემცირებულია ლიპიდების წარმოქმნა, სიმსივნური უჯრედების სხვადასხვა ორგანოიდებში თანდათან იკარგება ფოსფოლიპიდების სპეციფიკურობა. ადამიანის სიმსივნურ ქსოვილში მომატებულია ფიბრინის შემცველობა, რომელიც, წარმოადგენს რა ონკოლოგიურ პაციენტებთან არსებული ე.წ. „მაჩაბლის სინდრომის“ ჯამური რეაქციების შედეგს, იკავებს ცენტრალურ ადგილს სიმსივნეთა მეტასტაზირების პროცესში. სიმსივნური უჯრედების მემბრანული პოტენციალის დაქვეითება საშუალებას აძლევს მათ მკვეთრად შეზღუდონ უცხო ნივთიერებების მათში შეღწევა რამდენიმე კომპონენტამდე. ეს ძალზე აფერხებს სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტების მოქმედებას.

სიმსივნური უჯრედები გამოყოფენ ფერმენტ ჰიალურონიდაზას, რომელიც ეხმარება ძირითადი კერისგან მათ მოწყვეტას და სხვა ორგანოების სისხლძარღვების ან ლიმფური ძარღვების კედელზე მიმაგრებას.

მეტასტაზების წარმოქმნა მჭიდროდაა დაკავშირებული სიმსივნური უჯრედების სისხლისა და ლიმფური ძარღვების ენდოთელიუმის ურთიერთდამოკიდებულებებთან ფიზიკურ-ქიმიურ დონეზე. სიმსივნური უჯრედების ავთვისებიანობის ხარისხის მატებას თან ერთვის მათი ეფექტური ელექტროუარყოფითი მუხტის ზრდა, რომელიც მისი ცნობილი მაცოცხლებელი თვისებების გამო, თავის მხრივ, კიდევ უფრო მეტად ზრდის სიმსივნური უჯრედების სიცოცხლისუნარიანობას. ნიშანდობლივია, რომ სწორედ კანცეროგენული ნივთიერებები ხელს უწყობს უჯრედთა უარყოფითი მუხტის მატებას. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით საინტერესოა კიბოსთან ბრძოლაში სიმსივნური და ჰომოლოგიური ნორმალური უჯრედების ელექტროსტატიკურ პოტენციალებს შორის არსებული სხვაობა.

აკადემიკოსი ირაკლი ნადირაძე:

- თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ელექტრული მუხტი და საზოგადოდ, „ელექტრობა“ ჯერ არ გამოყენებულა ონკოლოგიაში. შემოთავაზებული ნაერთების ეფექტურობა ექსპერიმენტულად უკვე შევისწავლეთ, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით ქალაქ რიგის (ლატვია) ვიროთერაპიის ინტერნაციონალურ ცენტრს ინ ვიტრო ექსპერიმენტების ჩატარებაში დახმარებისათვის.

შემოთავაზებული ნაერთები და მათი შემცველი პრეპარატები მაღალეფექტური საშუალებაა სიმსივნური მეტასტაზების წინააღმდეგ. აღნიშნული ნაერთების პოტენციალის გათვალისწინებით შეიძლება შეიცვალოს ავთვისებიანი სიმსივნეების ქიმიო- და სხივური თერაპიის სტრატეგია. შესაძლებელი ხდება ამ უკანასკნელთა სამკურნალო-პროფილაქტიკური დოზების შემცირება ან საერთოდ მათზე უარის თქმა. უნდა აღინიშნოს, რომ შემოთავაზებული ნაერთები საგრძნობლად გასხვავდება ტრადიციული ქიმიოპრეპარატებისგან, რომელთაც ახასიათებთ მაღალი ციტოტოქსიკურობა ნორმალურ უჯრედებთან მიმართებაში.

* * *

ამგვარად, გამოგონების ავტორებმა აღმოაჩინეს, რომ ავთვისებიანი სიმსივნეების მეტასტაზირების ეფექტური ინჰიბირება შესაძლებელია უარყოფითი მრავალმუხტიანი გრძელჯაჭვიანი ორგანული იონების შემცველი ნაერთების გამოყენებით. შემოთავაზებულ ორგანულ ანიონებს ახასიათებთ ჰეპარინისმაგვარი ფიბრინოლიზური მოქმედება, რაც აფერხებს პირველადი კერიდან მოწყვეტილი სიმსივნური უჯრედების ენდოთელიუმზე ადჰეზიას. გამოგონების ავტორთა განცხადებით, ამფიცეზინი, როგორც სრულიად ახალი კლასის ინჰიბიტორი, ვერ ებრძვის უკვე არსებულ მეტასტაზებს, სამაგიეროდ, ეფექტურად ბლოკავს (აფერხებს) ოპერაციისშემდგომი მეტასტაზირების პროცესს, რაც უმნიშვენლოვანესია ონკოპაციენტებისათვის.

ქართველ მეცნიერთა გამოგონება არის სრულიად ახალი სიტყვა ონკოლოგიაში!

რა მნიშვნელობა აქვს მათ მონაპოვარს და რა დარჩება კაცობრიობის საკეთილდღეოდ - ყველასათვის ნათელია!