თირკმლის სიმსივნეები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2019
თირკმლის სიმსივნეები

თირკმლის სიმსივნეები

თირკმელში ლოკალიზებული სიმსივნური წარმონაქმნი პირველად გერმანელმა ექიმმა, დანილ ზენერტმა აღწერა. იგი ვიტენბერგში მოღვაწეობდა და ეს ინფორმაცია თავის წიგნში Practicae Medicinae გადმოსცა. 1810 წელს ფრანგმა ექიმმა 35 წლის ორსულ ფრანსუა ლეველს აღმოუჩინა თირკმლის კიბო.
მსოფლიოში ყოველწლიურად თირკმელუჯრედოვანი კიბოთი დაახლოებით 250 ათასი ადამიანი ავადდება, აქედან 100 ათასი იღუპება. აღნიშნული სიმსივნე გავრცელება-ზრდის ტემპით მხოლოდ პროსტატასა და ფარისებრ ჯირკვალში განვითარებულ ავთვისებიან წარმონაქმნებს ჩამორჩება.

თირკმლის სიმსივნეებზე, მათი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდებზე გვესაუბრება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უროლოგიის დეპარტამენტის მედიცინის დოქტორი, ასისტენტ-პროფესორი ვლადიმერ პაპავა:

- ბატონო
ვლადიმერ, რა სახის სიმსივნეები ვითარდება უხშირესად თირკმელში?

- თირკმლის ავთვისებიანი სიმსივნეების 80-90%-ს შეადგენს თირკმელუჯრედოვანი კიბო, დანარჩენ შემთხვევაში გვხვდება თირკმლის სარკომა, ნეფრობლასტომა (ვილმსის სიმსივნე, ბავშვთა ასაკში), თირკმლის არაეპითელიარული სიმსივნეები. თირკმელუჯრედოვანი კიბო ჰისტომორფოლოგიურად იყოფა ნათელუჯრედოვან, პაპილარულ, ქრომოფობულ და შემკრები სადინარების კიბოდ. არსებობს ასევე თირკმლის კეთილთვისებიანი ქსოვილოვანი წარმონაქმნები,
რომელთაც მიეკუთვნება ანგიომიოლიპომა, ონკოციტომა და სხვა.

- რა არის თირკმლის სიმსივნის განვითარების ყველაზე ხშირი რისკფაქტორი?

- რისკფაქტორებია ცხოვრების არაჯანსაღი წესი, რაც გულისხმობს მავნე ჩვევებს: თამბაქოს მოხმარება, ჭარბი ალკოჰოლი, ჭარბი წონა. აღსანიშნავია, აგრეთვე, არტერიული ჰიპერტენზია, მემკვიდრული განწყობა, იმუნური სისტემის დაქვეითება, სპეციფიკური კვება, A, C და E ვიტამინების ნაკლებობა, ქიმიური აგენტების ზემოქმედება (საღებავები, ნავთობპროდუქტები, სამშენებლო მასალები) და რადიაციული გარემო.

- აღნიშნული პათოლოგია მამაკაცებთან უფრო ხშირია თუ ქალებთან?

- თირკმლის კიბო ავთვისებიანი სიმსივნეების 2-3%-ს შეადგენს. დაავადება ჭარბობს მამაკაცებთან (2/1). ის მეშვიდე ადგილზეა მამაკაცებთან განვითარებულ ავთვისებიან სიმსივნეთა შორის და მეცხრე ადგილზეა - ქალებთან. ორივე სქესის წარმომადგენლებთან ძირითადად გამოვლინდება 60-70 წლის ასაკში. თირკმლის კიბო აქამდე ხანშიშესულთა დაავადებად ითვლებოდა, თუმცა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის 2017 წლის მონაცემებით, დაავადება გაახალგაზრდავდა.

- რა სიმპტომებით ვლინდება თირკმლის სიმსივნური პათოლოგია?

- დაავადება ძირითადად მიმდინარეობს უსიმპტომოდ ან არასპეციფიკური სიმპტომატიკით. ის ძირითადად ვლინდება შემთხვევით, პროფილაქტიკური გასინჯვის დროს. მისთვის უხშირესად დამახასიათებელია ყრუ ხასიათის ტკივილი წელის არეში, ირადიაციით მუცლის მიდამოში, მიკრო ან მაკროჰემატურია (სისხლიანი შარდი) და სიმსივნური წარმონაქმნი, რომელიც ხელით ისინჯება ლუმბალურ არეში და მუცლის წინა ზედაპირზე. სიმსივნის შორს წასულ შემთხვევაში (რაც მეტასტაზურ დაზიანებას გულისხმობს) შესაძლოა დაერთოს პარანეოპლაზიური ნიშნები - წონის უმიზეზოდ კლება, ღამით ოფლიანობა, სისუსტე, ანემია, პოლიციტემია, ჰიპერკალცემია, ჰიპერტენზია, ხველა სისხლიანი ნახველით, ძვლების ტკივილი, მამაკაცებთან შეიძლება გამოიხატოს სათესლე პარკის ვენების ვარიკოზული გაგანიერებით (თირკმლის ვენაზე სიმსივნის ზეწოლის გამო), გინეკომასტიით.

- რომელ გამოკვლევებს ეფუძნება თირკმლის სიმსივნის დიაგნოსტიკა?

- დიაგნოსტიკა ძირითადად დამყარებულია ანამნეზის დეტალურ შეკრებაზე, ფიზიკური კვლევის მეთოდებზე, როგორიც არის თირკმლის ბიმანუალური პალპაცია (ხელით შესაგრძნობი უსწორმასწოროზედაპირიანი სიმსივნური წარმონაქმნის დროს). მნიშვნელოვანი სადიაგნოსტიკო მეთოდია ულტრასონოგრაფიული კვლევა (ექოსკოპიური გამოკვლევა). ის ძირითადად შემთხვევით გამოავლენს სიმსივნეს, როდესაც პაციენტს არ აქვს ზემოხსენებული ჩივილები. კვლევის შემდგომი საფეხურებია: ჩთ კვლევა (კომპიუტერული ტომოგრაფია, კონტრასტით), Mღთ კვლევა (მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია), ასევე PEთ (პოზიტრონემისიური ტომოგრაფია), რაც ეხმარება როგორც პირველადი კერის, ასევე თირკმლის მეტასტაზებული სიმსივნის დიაგნოსტირებას; მეტასტაზები ვითარდება რეგიონულ ლიმფურ კვანძებში, ფილტვში, ღვიძლში, ძვალსა და თავის ტვინში.

ლაბორატორიული კვლევებიდან დიაგნოსტიკა ემყარება:

  • შარდის საერთო ანალიზს, რომელიც შარდში ერითროციტების არსებობას ავლენს;
  • შარდის ციტოლოგიურ კვლევას, რომელიც ნეოპლასტიური უჯრედების არსებობას ავლენს;
  • სისხლის საერთო ანალიზს - შესაძლებელია იყოს ანემია, ედს-ის მატება;
  • სისხლში კრეატინინის კონცენტრაციის განსაზღვრას.

იშვიათად მივმართავთ თირკმლის სიმსივნის ბიოფსიას მორფოლოგიური გენეზის დასადგენად.

- რას მოიცავს თირკმლის სიმსივნის მკურნალობა?

- თირკმლის სიმსივნის დროს ძირითადად ქირურგიული მკურნალობაა მოწოდებული. მცირე ზომის სიმსივნისას (იგულისხმება 2-3 სმ) ნაჩვენებია ორგანოშემანარჩუნებელი ოპერაცია, თირკმლის რეზექცია ან წარმონაქმნის ენუკლეაცია, რომელიც შეიძლება ჩატარდეს ლაპარასკოპიული მეთოდით, ღია წესით ან პერკუტანეული მიდგომით (ტაკტიკას წყვეტს ქირურგი). დიდი ზომის სიმსივნის დროს ნაჩვენებია რადიკალური ნეფრექტომია ცხიმოვან კაფსულასა და გეროტას ფასციასთან ერთად, ტრანსაბდომინალური ან რეტროპენიტონეალური მიდგომით. ლიმფურ კვანძებში მეტასტაზირების შემთხვევაში შესაძლებელია გაფართოებული ლიმფადენექტომიის ჩატარება. ასევე მოწოდებულია რობოტასისტირებული ოპერაცია თირკმელზე.

- როგორია პროგნოზი, არსებობს თუ არა ინოპერაბელური სიმსივნეები?

- საზოგადოდ, პროგნოზი დამოკიდებულია TNM კლასიფიკაციაზე (თ - სიმსივნის ზომა და გავრცელება, N - პროცესის გავრცელება ლიმფურ კვანძებში, M - შორეული მეტასტაზების არსებობა). ინოპერაბელური და მეტასტაზირებული თირკმლის კიბოს შემთხვევაში ქიმიოთერაპია არ იძლევა მნიშვნელოვან ეფექტს, ძირითადად ვებრძვით მეორეულ დაზიანებებს, ამ დროს ნაჩვენებია იმუნოთერაპია ინტერფერონ ალფათი. თირკმლის კიბოს პროგნოზი დამოკიდებულია დაავადების სტადიაზე. ნაადრევ სტადიაზე ჩატარებული თირკმლის რეზექცია, ენუკლეაცია ან რადიკალური ნეფრექტომია სრული გამოჯანმრთელების საშუალებას იძლევა, შორს წასულ შემთხვევაში პაციენტები მუდმივად საჭიროებენ ონკოლოგისა და ონკო-უროლოგის მეთვალყურეობას, რომ დროულად გამოვლინდეს მეტასტაზები და რეციდივი.
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდებული პროდუქტები
მენოპაუზის შემდგომ პერიოდისთვის-60აბი
ფასი: 51.9
ხვრინვის საწინააღმდეგო საშუალება-20მლ აეროზოლი
ფასი: 37.4
ვაგინალური გამოყენებისათვის-10 სანთელი
ფასი: 39.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
მსგავსი სიახლეები
ჩვენ უკვე გატყობინებდით, რომ პატარა ნიკოლოზ ჭიჭიკოშვილს, რომელიც მთელმა საქართველომ
30-12-2018
თირკმლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია სისხლის გაწმენდაა. ორგანიზმში გადაადგილებისას
11-11-2018
ხელოვნური თირკმელი არის აპარატი, რომლითაც დროებით ანაცვლებენ თირკმლის ორგანოს გამომყოფფუნქციას.
13-08-2018
05 აპრილი 2018
ისევ შეგვახსენა თავი წითელამ, დაავადებამ, რომელსაც “ბატონების” სახელით იცნობს ხალხი და ის ბავშვთა
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
სიმსივნური უჯრედების ნაწილი განსხვავდება დანარჩენებისგან -შეიცავს ქრომოსომათა გაზრდილ რაოდენობას
თუ ადამიანი არ ეწევა და მხოლოდ განსაკუთრებულ დღეებში სვამს, ეს იმის გარანტია ვერ იქნება, რომ ის მძიმე
2014 წელს პროფესორ გია ნემსაძის მიერ დაარსებული "კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტში" (კოი) მოღვაწე, მრავალწლიანი გამოცდილების
კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის ექიმი ქირურგი-ონკოლოგი, მედიცინის დოქტორი და პროფესორი გურამ მენთეშაშვილი
ქალების მიერ გამოყენებული კოსმეტიკური საშუალებები, ხშირად ტოქსიკურ კომპონენტებს შეიცავს. ჯორჯ
ესპანელი მკვლევარების მონაცემებით (გამოქვეყნებულია ჟურნალში Journal of Molecular Biologi) ზეთისხილის კანში
30 იანვარი 2018
2017 წლიდან საქართველოში წითელას შემთხვევების ზრდა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის
ღორის გრიპის შესახებ გვესაუბრება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ალბათ არ დარჩენილა საქართველოში ადამიანი, ღორი გრპის ვირუსით გამოწვეულ ინფექციას და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს
ბოლო მონაცემებით, საქართველოში გრიპის ვირუსით გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული