როგორ გამოვიკვლიოთ თირკმლები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ გამოვიკვლიოთ თირკმლები

შარდის გამოკვლევა

შარდის ანალიზის ჩატარებისას ზოგიერთი გამოკვლევისათვის საკმარისია შარდის მხოლოდ მცირე რაოდენობა – 50 მლ-მდეც კი, თუმცა არის კვლევები, რომელთათვისაც აუცილებელია 24 საათის განმავლობაში გამოყოფილი შარდის სრულად შეგროვება. 24 საათის განმავლობაში გამოყოფილი შარდის შეგროვება საშუალებას იძლევა განისაზღვროს, რა რაოდენობით შარდს გამოყოფს საკვლევი პირი 24 საათის განმავლობაში. 24 საათში შეგროვებულ შარდში შეიძლება ასევე ზუსტად განისაზღვროს დღე-ღამის განმავლობაში გამოყოფილი ცილის რაოდენობა.

შარდის საერთო ანალიზი - ეს კვლევა გულისხმობს შარდის ქიმიური თვისებების შესწავლასა და მის მიკროსკოპულ გამოკვლევას. განისაზღვრება შარდის რეაქცია, ხვედრითი წონა, დგინდება მასში ცილის, გლუკოზის, კეტონური სხეულების არსებობა. მიკროსკოპული კვლევა ლეიკოციტების, ერითროციტების, ბაქტერიების არსებობის გამოვლენის საშუალებასაც იძლევა. არსებული ცვლილებების საფუძველზე კი საშარდე სისტემის სხვადასხვა დაავადების, მათ შორის, თირკმლების ქრონიკული უკმარისობის, შაქრიანი დიაბეტის, საშარდე სისტემის ინფექციის, თირკმლის კენჭის გამოვლენაა შესაძლებელი.

მიკროალბუმინურიის განსაზღვრა - აღნიშნული ტესტის მიზანია შარდში ცილა ალბუმინის ძალიან მცირე რაოდენობის დადგენა, ანუ აქვს თუ არა პაციენტს მიკროალბუმინურია. ანალოგიური კვლევა მნიშვნელოვანია, როცა პაციენტს აქვს თირკმლის დაზიანების მაღალი რისკის დაავადება, მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი ან მაღალი არტერიული წნევა, ხოლო ჩვეულებრივი შარდის ანალიზი არ ავლენს შარდში ცილის არსებობას.

კრეატინინის კლირენსი - კრეატინინი არის აზოტოვანი ცვლის ერთ-ერთი საბოლოო პროდუქტი. ის თირკმლის მეშვეობით შარდში გამოიყოფა. კრეატინინის კლირენსის დასადგენად განისაზღვრება მისი შემცველობა 24 საათის განმავლობაში გამოყოფილ შარდში და კრეატინინის დონე სისხლში. მაჩვენებელი მიუთითებს, თირკმლის მიერ 1 წუთში სისხლის რა რაოდენობა იფილტრება. თუ თირკმლის ფუნქცია დარღვეულია, კრეატინინის კლირენსი მცირდება.

სისხლის ანალიზები

სისხლში კრეატინინის შემცველობა - როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კრეატინინის მატება თირკმლის ფუნქციის დარღვევის მაჩვენებელია. საზოგადოდ, კრეატინინის შემცველობა დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე, რასაზე, კუნთოვანი მასის მოცულობაზე, თუმცა გარკვეული ზღვრის ზემოთ მისი მომატება თირკმლების უკმარისობაზე მიუთითებს.

გორგლოვანი ფილტრაციის დონე - ტესტის მიზანია დადგინდეს, როგორ გამოყოფს თირკმელი მავნე ნივთიერებებსა და ზედმეტ სითხეს. ის გამოიანგარიშება სისხლში კრეატინინის დონის, პაციენტის ასაკის, წონის და სხეულის ზედაპირის ფართობის გამოყენებით. ჩვეულებრივ, გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე, ასაკის მატებასთან ერთად ქვეითდება. მისი ნორმალური მაჩვენებელი 90%-ზე მეტია. გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარის 60%-ზე ნაკლებად დაქვეითება გვაფიქრებინებს, რომ თირკმელი თავის ფუნქციას სათანადოდ ვერ ასრულებს. გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარის 15%-ზე ნაკლებად დაქვეითება თირკმლების ფუნქციის მკვეთრი დაქვეითების მაჩვენებელია. ამ დროს საჭირო ხდება თირკმლის უკმარისობის მკურნალობისათვის ხელოვნური თირკმლის აპარატის გამოყენება ან თირკმლის გადანერგვა.

შარდოვანას აზოტის განსაზღვრა - შარდოვანას აზოტი აზოტოვანი ნივთიერებების დაშლის ერთ-ერთი საბოლოო პროდუქტია. მისი მომატებაც თირკმლების ფუნქციის დაქვეითებაზე მეტყველებს.

გამომსახველობითი კვლევები

ულტრასონოგრაფია (ექოსკოპია) - შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული კვლევა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისათვის კარგადაა ცნობილი. ზოგჯერ მისგან იმაზე მეტ ინფორმაციასაც ველით, ვიდრე ეს რეალურადაა შესაძლებელი. ექოსკოპიით შეიძლება დადგინდეს თირკმლების ზომა, მდებარეობა, თირკმელში კენჭების არსებობა, თირკმლის სიმსივნური წარმონაქმნი, საშარდე გზებში ობსტრუქციის (დაბრკოლების) არსებობა.

კომპიუტერული ტომოგრაფია - ამ კვლევის მიზანიც თირკმლის სტრუქტურის (აგებულების) დადგენაა. ზუსტი მონაცემების მისაღებად საჭირო ხდება სპეციალური კონტრასტული ნივთიერების გამოყენება.

თირკმლის ბიოფსია - არის გამოკვლევა, რომლის დროსაც იღებენ თირკმლის ქსოვილის ძალიან მცირე ნაწილს და დეტალურად სწავლობენ მიკროსკოპით. მიკროსკოპულ კვლევას ატარებენ მორფოლოგები.

განასხვავებენ თირკმლის ბიოფსიის ორ სახეს:

  • პერკუტანეური (კანგავლითი) ბიოფსია – თირკმლის ბიოფსიისათვის განკუთვნილი სპეციალური ნემსით ექოსკოპიური კონტროლით ტარდება კანიდან ჩხვლეტა თირკმელში, რათა კვლევისათვის მიიღონ თირკმლის ქსოვილის ძალიან პატარა ნაწილი. კვლევისას კეთდება ადგილობრივი გაუტკივარება;
  • ბიოფსია ღია წესით – თირკმლის ქსოვილის ნაწილი მიიღება ოპერაციის დროს.

ბუნებრივია, გაჩნდება კითხვა, რა არის ამ სერიოზული კვლევის მიზანი.

ჩვეულებრივ, თირკმლის ბიოფსია ტარდება შემდეგი მიზნებით:

  • სპეციფიკური დიაგნოზის დასადგენად და მკურნალობაზე პასუხის დასადასტურებლად;
  • თირკმლის დაზიანების ხარისხის დასაზუსტებლად;
  • გადანერგილი თირკმლის დაზიანების გამოსარიცხად.

რას ემსახურება თირკმლის ბიოფსია

თირკმლის მთელი რიგი დაავადებების შესახებ მსჯელობა შეიძლება ლაბორატორიული კვლევების, ულტრასონოგრაფიის ან სხვა კვლევების მონაცემებით. მათი დიაგნოზის დასაზუსტებლად ბიოფსია სულაც არ არის საჭირო. არის მდგომარეობები და დაავადებები, რომელთა ზუსტი დიაგნოსტიკაც მხოლოდ ბიოფსიითაა შესაძლებელი.

თირკმლის ბიოფსიის მიზეზი შეიძლება გახდეს:

  • შარდში სისხლის (ჰემატურია) ან ცილის (პროტეინურია) არსებობა, რომელთა მიზეზის დადგენაც სხვა კველევებით ვერ მოხერხდა;
  • სისხლში თირკმლის ფუნქციური ტესტების ანომალური მაჩვენებლები;
  • თირკმლების მწვავე ან ქრონიკული უკმარისობა, რომელთა მიზეზის დადგენაც ვერ ხერხდება;
  • თირკმლის გორგლების დაზიანებით მიმდინარე დაავადება (გლომერულური დაავადება) ან ნეფროზული სინდრომი (მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება მასიური შეშუპებებით, შარდში დიდი რაოდენობით ცილის არსებობით, ხოლო სისხლში მისი შემცველობის დაქვეითებით).

ბიოფსიის რისკი

თირკმლის ბიოფსია თანამედროვე ეტაპზე ძალიან მცირე რისკთანაა დაკავშირებული, თუმცა გარკვეული მინიმალური რისკი, რასაკვირველია, არსებობს. პროცედურამდე პაციენტი ექიმისაგან იღებს დეტალურ ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ.

თირკმლის ბიოფსიისთვის მომზადება

ბიოფსიამდე 2 კვირით ადრე პაციენტმა უნდა შეწყვიტოს ასპირინის, ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატებისა და ყველა იმ საშუალების მიღება, რომლებიც სისხლის შედედებას ეწინააღმდეგება. სხვაგვარად იზრდება სისხლდენის რისკი. რასაკვირველია, პაციენტმა ექიმს უნდა მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია ყველა იმ მედიკამენტის შესახებ, რომლებსაც ამა თუ იმ მიზეზით იღებს.

ბიოფსიის შემდეგ

ბიოფსიის შემდეგ 12-24 საათის განმავლობაში რეკომენდებულია წოლითი რეჟიმი. ეს ამცირებს სისხლდენის რისკს. ბიოფსიიდან 2 კვირის განმავლობაში არ არის სასურველი სიმძიმის აწევა, მძიმე ფიზიკური დატვირთვა, სქესობრივი კონტაქტი.

პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას, თუ ბიოფსიის შემდეგ უეცრად აღმოცენდა:

  • 24 საათის განმავლობაში სისხლიანი შარდვა;
  • შარდის გამოყოფის დარღვევა;
  • ცხელება;
  • მზარდი ტკივილი ბიოფსიის არეში;
  • სისუსტე, გონების კარგვა, წნევის დაქვეითება.

გაითვალისწინეთ, რომ ასეთი გართულებები ძალიან იშვიათია. ბიოფსია, უმთავრესად, წარმატებით ტარდება და მიღებული ინფორმაცია რეალურად და არსებითად ეხმარება ზუსტი დიაგნოზის დადგენასა და დაავადების სწორად მკურნალობას.