ნეფროპტოზი - მოძრავი თირკმელი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნეფროპტოზი - მოძრავი თირკმელი

მოძრავი თირკმელი იშვიათობად იყო მიჩნეული, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ასე არ ყოფილა. სადღეისოდ დადგენილია, რომ ქალების 20%-ს აქვს ეს ანომალია, თუმცა სიმპტომები შესაძლოა მილიონიდან ერთს გამოაჩნდეს. ცთომილი თირკმლის დიაგნოზს ხშირად სრულიად შემთხვევით, სხვა მიზეზით ჩატარებული გამოკვლევისას სვამენ. მათთან, ვისაც დაავადების სიმპტომები არ აქვს, ის შემდგომ ღონისძიებათა ჩვენებად არ მიიჩნევა.

ნეფროპტოზი (იგივე თირკმლის პროლაფსი, თირკმლის დაწევა, ცთომილი თირკმელი) ორივე სქესის პირებს შეიძლება აღმოაჩნდეთ, თუმცა ქალებთან უფრო ხშირია. მარჯვენა თირკმელი მარცხენაზე ხშირად ზიანდება.

თირკმლის ნორმალური მდებარეობა

მარჯვენა თირკმელი მარცხენაზე ოდნავ დაბლა მდებარეობს. ორივე თირკმელი ზურგთან ახლოს, წელის არეშია მოთავსებული, მარჯვენა - ღვიძლის ოდნავ უკან, მარცხენა კი ელენთის უკან. მათ ლობიოს ფორმა აქვთ, ხოლო ზომა 9-დან 13 სანტიმეტრამდე მერყეობს. თირკმლის შუაში არის ეგრეთ წოდებული თირკმლის მენჯი, სადაც შედის თირკმლის არტერია და ნერვები და გამოდის ვენა და შარდსაწვეთი. მარჯვენა თირკმლის მენჯი წელის მეორე მალის დონეზეა, მარცხენისა კი 1 სანტიმეტრით მაღლა. შესაძლოა, ცაკლეულ პირებთან მისი მდებარეობა რამდენიმე სანტიმეტრით განსხვავდებოდეს.

როგორაა დაფ იქსირებული თირკმელი

ორივე თირკმელი მუცლის უკანა ლატერალურ კედელზეა მიმაგრებული ცხიმითა და შემაერთებელი ქსოვილით, რომელსაც ფასციას უწოდებენ. თირკმელები დაფარულია კაფსულით. კაფსულას გარს აკრავს ცხიმი, თირკმლის ფასცია და ცხიმის კიდევ ერთი ფენა. მუცლის ფარი ანუ პერიტონეუმი წინიდან ფარავს ცხიმის ფენას, ხოლო განივი ფასცია - უკნიდან. საბოლოო ჯამში, თირკმელი კარგადაა დაფიქსირებული და შემოფარგლული ცხიმით და ნაწილობრივ - ქვედა ორი ნეკნით.

თირკმლის მოძრაობა

ჩასუნთქვა-ამოსუნთქვისას თირკმელი შესაძლოა უმნიშვნელოდ მოძრაობდეს, მაგრამ არსებობს ზღვარი, რომლის გადაცდომაც ანომალიად მიიჩნევა. მოძრავ თირკმელს, იმავე ნეფროპტოზს, უწოდებენ მდგომარეობას, როცა თირკმელი 5 სანტიმეტრზე მეტით იცვლის ადგილს ჰორიზონტალური პოზიციიდან ვერტიკალურში გადასვლისას. რასაკვირველია, ეს ბევრი არ არის, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ თირკმლის მოძრაობისას მისი ნერვები და სისხლძარღვები, ასევე მისგან გამომავალი შარდსაწვეთები შესაძლოა ანალოგიურად არ მოძრაობდეს. შედეგად მოსალოდნელია:

  • შარდსაწვეთის მარყუჟის წარმოქმნა, რაც შეაფერხებს შარდის გამოყოფას;
  • თირკმლისა და ირგვლივ მდებარე ქსოვილების ნერვებზე ზეწოლა, მათი სტიმულაცია;
  • თირკმლის სისხლძარღვების დაჭიმვა და შევიწროება, რაც თირკმლისთვის სისხლის მიწოდებას ამცირებს.

ეს ის ცვლილებებია, რომლებსაც მოძრავი თირკმლის სიმპტომების გამოვლენამდე მივყავართ, თუმცა მცირედი ცვლილებები შესაძლოა საკმარისი არ აღმოჩნდეს სიმპტომების გამოვლენისთვის.

რა იწვევს ნეფროპტოზს ცხიმის ნაკლებობა

ნეფროპტოზის უშუალო მიზეზი უცნობია. მიუხედავად მრავალი კვლევისა, არ გამოვლენილა დარღვევა, რომელიც ზუსტად აგვიხსნიდა ამ მდგომარეობის აღმოცენების მიზეზს. ცნობილია, რომ ნეფროპტოზი უფრო ხშირად ემართებათ გამხდარ ქალებს და, სავარაუდოდ, დაკავშირებულია თირკმლის შემაკავებელი ცხიმის ნაკლებობასთან, რაც შესაძლებელს ხდის ორგანოს დაბლა დაშვებას. ამჟამად მიიჩნევენ, რომ სწორედ ეს ერთადერთი მექანიზმია თირკმლის მოძრაობის მიზეზი. ნეფროპტოზის რისკს ზრდის სხეულის მასის უეცარი და ძლიერი დაქვეითება.

გაწელილი ან დაგრძელებული ქსოვილი

შესაძლოა, ქსოვილი, რომელიც თირკმლის მენჯისკენ მიმავალ სისხლძარღვებს აკავებს, ნორმალურზე მეტი სიგრძისა იყოს. ვარაუდობენ, რომ ეს ფაქტორიც განაპირობებს თირკმლის მოძრაობას ნორმალურზე მეტი ამპლიტუდით წინ, უკან, ზემოთ ან ქვემოთ. თუმცა უნდა ითქვას, რომ ყველაზე დიდ როლს თირკმლის ფიქსირებული მდგომარეობის შენარჩუნებაში ცხიმოვანი ქსოვილი და ფასცია ასრულებენ, სისხლძარღვთა როლი ამ თვალსაზრისით მინიმალურია.


ფიზიკური აქტივობა

ამჟამად არაფერი ამტკიცებს იმას, რომ ჭარბი ფიზიკური აქტივობა შესაძლოა ნეფროპტოზის მიზეზად იქცეს. ეს ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული მითია. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ნეფროპტოზის შემთხვევაში ჭარბ ფიზიკურ აქტივობას თირკმლის მოძრაობის გაძლიერებამდე მივყავართ.

ნეფროპტოზის კლინიკური გამოვლენა

დადგენილია, რომ შემთხვევათა 80%-ში ნეფროპტოზი უსიმპტომოა. ეს იმას ნიშნავს, რომ პაციენტს კლინიკური გამოხატულება არ აწუხებს. ამ თავისებურების გამო განსაზღვრულ პერიოდში კითხვის ნიშნის ქვეშაც კი დადგა ნეფროპტოზის - თირკმლის დაწევის, მოძრავი თირკმლის - დაავადებად კლასიფიცირების და ამ კუთხით მისი განხილვის მართებულობა. რეალურად, მოძრავი თირკმლის სიმპტომების გამოვლენა ხშირად ფასდება როგორც თირკმლის სხვა დაავადება ან ნაღვლის ბუშტის, ნაწლავის, საკვერცხის პათოლოგია, სწორ დიაგნოზს კი მოგვიანებით სვამენ.

ტკივილი

ნეფროპტოზის ყველაზე ხშირი სიმპტომი ტკივილია. მას უმეტესად აღწერენ როგორც ტკივილს წელის არეში ან ტკივილს მუცლის ქვედა ნაწილში. ჩვეულებრივ, ტკივილი აღმოცენდება ან ძლიერდება წამოდგომისას და სუსტდება ან ქრება წოლის დროს. მას შესაძლოა პროვოცირება გაუწიოს აგრეთვე მძიმე ფიზიკურმა დატვირთვამ.

შარდვისა და შარდის ცვლილებები

ნეფროპტოზის დროს მოსალოდნელია შარდვისა და შარდის შემდეგი ცვლილებები:

  • შარდის რაოდენობის შემცირება. მისი გამოყოფა მთლიანად, წესისამებრ, არ წყდება, რადგან მეორე თირკმელი ნორმალურად ფუნქციობს;
  • ჰემატურია – შარდში სისხლის არსებობა;
  • პროტეინურია – შარდში ცილის არსებობა.

ნაწლავური ინფექციის მსგავსი სიმპტომები

მძიმე შემთხვევებში შესაძლოა თავი იჩინოს ინფექციის სიმპტომებმა, მიუხედავად იმისა, რომ ნეფროპტოზი არ არის ინფექცია. ასეთი სიმპტომატიკა დაკავშირებულია თირკმლის ფუნქციის დარღვევასთან და მოიცავს:

  • გულისრევას;
  • ღებინებას;
  • შემცივნებას;
  • ტაქიკარდიას - გულისცემის აჩქარებას.

ნეფროპტოზის ეს მძიმე გამოხატულება დიეტლის კრიზისის სახელწოდებითაა ცნობილი. დიეტლის კრიზისი არის თირკმლის მენჯთან შარდსაწვეთის გარდამავალი ობსტრუქცია (დახშობა), რომელსაც თან ახლავს გარდამავალი ჰიდრონეფროზი (თირკმლის გადიდება მასში შარდის შეფერხების გამო)

ჯოზეფ დიეტლი

ჯოზეფ დიეტლი იყო ავსტრიელ-პოლონელი ექიმი, ავსტრიელი მამისა და პოლონელი დედის შვილი. მედიცინას ლვოვსა და ვენაში სწავლობდა, იყო ბალნეოლოგიის პიონერი, კრაკოვის უნივერსიტეტის პროფესორი, მისი რექტორი. 1864 წელს მან პირველმა აღწერა კრიზი, რომელიც დღეს დიეტლის კრიზის სახელითაა ცნობილი და შეიმუშავა მისი მკურნალობის პრინციპი. 1866-1874 წლებში ჯოზეფ დიეტლი კრაკოვის მერიც იყო. გარდაიცვალა კრაკოვში, 1878 წელს, 74 წლისა.

ნეფროპტოზის დიაგნოზი

ზემოთ აღწერილი სიმპტომები, პაციენტის მიერ მოძრავი მასის შემჩნევა და ექიმის მიერ მისი გამოვლენა ეჭვს ბადებს ნეფროპტოზზე. ეჭვს საფუძველს უმყარებს პაციენტის მდედრობითი სქესი, სიგამხდრე ან სხეულის მასის სწრაფი და მკვეთრი კლება. შარდისა და სისხლის გამოკვლევით შესაძლოა გამოვლინდეს აღწერილი ცვლილებები ან თირკმლის ფუნქციის დაქვეითება. რასაკვირველია, ეს ცვლილებები უშუალოდ დიაგნოზზე არაფერს ამბობს. ის უმეტესად სხვა მიზეზით ჩატარებული კვლევისას დასტურდება. ეჭვის შემთხვევაში კი ტარდება:

  • ინტრავენური უროგრაფია - ვენაში შეჰყავთ რენტგენოკონტრასტული აგენტი, რის შემდეგაც ტარდება თირკმელების რენტგენოგრაფია. ეს საკმაოდ ეფექტური სადიაგნოზო გამოკვლევაა;
  • ექოსკოპია მწოლიარე და მდგომარე პოზიციაში.

აღსანიშნავია, რომ კომპიუტერული ტომოგრაფია არცთუ ეფექტური მეთოდია, რადგან წოლისას თირკმელი ხშირად ნორმალურ პოზიციას უბრუნდება.

როგორ მკურნალობენ ნეფროპტოზს

მართალია, მედიკამენტებით შეიძლება ტკივილის დროებითი მოხსნა, მაგრამ მკურნალობის ერთადერთი ეფექტური გზა ქირურგიული ჩარევაა. ოპერაციის საკითხი დღის წესრიგში მაშინ დგება, როცა პაციენტს გამოხატული აქვს ზემოთ აღწერილი სიმპტომები და დიაგნოზი დადასტურებულია ინტრავენური უროგრაფიით. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნეფროპტოზის ყველა შემთხვევის დროს ქირურგიული ჩარევა არ არის აუცილებელი.