საშარდე სისტემა ორგანიზმის ფილტრი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020

კითხვა-პასუხი

საშარდე სისტემა ორგანიზმის ფილტრი

საშარდე სისტემა ორგანიზმის ფილტრი

ადამიანი ძალზე რთული სისტემაა. ერთი მხრივ, ის გარე სამყაროში ცხოვრობს, მეორე მხრივ კი - შინაგანში. ჩვენი მოთხოვნილებები, სურვილები, მიზნები, მისწრაფებები ამ ორი სამყაროს ურთიერთქმედების შედეგად ყალიბდება. თირკმელი, წყვილი ანატომიური წარმონაქმნი, ადამიანის ძირითადი გამომყოფი ორგანოა, რომელიც შარდის წარმომქმნელი ფუნქციის მეშვეობით არეგულირებს ორგანიზმის ქიმიურ ჰომეოსტაზს. დაშლის პროდუქტებით მდიდარი სისხლი თირკმელს არტერიით მიეწოდება. იქ ის იფილტრება, მავნე ნივთიერებებისგან იწმინდება და თირკმლის ვენით გამოდის. ფილტრატი შარდია, რომელიც შარდსაწვეთით შარდის ბუშტში ჩადის, გროვდება და შემდეგ შარდსადენით გარეთ გამოიყოფა. მარჯვენა თირკმელი, მარცხენასთან შედარებით, მოძრავია და უფრო

დაბლა მდებარეობს.

თირკმელებს ლობიოს მარცვლის ფორმა აქვთ. თითოეული მათგანის ნორმალური მასა 120-200 გრამია, სიგრძე - 10-12 სმ, სიგანე - 5-6 სმ, სისქე - 3-4 სმ. თითოეული თირკმელი შედგება ორი - გარეთა (ქერქოვანი) და შიგნითა (ტვინოვანი) - შრისგან. ტვინოვანი შრე წარმოდგენილია პირამიდებით, რომელთა ფუძე მიმართულია ქერქის მხარეს,

ხოლო მწვერვალები თირკმლის მენჯში იხსნება. თირკმელების ინერვაცია თირკმლის ნერვული წნულის ბოჭკოებით ხორციელდება. აქვე ერთი საინტერესო რამ უნდა გითხრათ: თირკმელი ადამიანის ერთადერთი ორგანოა, რომელსაც დამოუკიდებლად, ნერვული იმპულსების გარეშეც შეუძლია მუშაობა. სწორედ ეს გახლავთ ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ თირკმელების გადანერგვა სხვა ორგანოებისაზე მარტივია. თირკმელები მონაწილეობს პლაზმასა და უჯრედშორის სითხეში ოსმოსურად აქტიური ნივთიერებების, მათი მოცულობის, ელექტროლიტური და მჟავატუტოვანი ბალანსის მუდმივობის შენარჩუნებაში, ახდენს აზოტოვანი ცვლის პროდუქტების ექსკრეციას, მონაწილეობს ცილების, ნახშირწყლების, ლიპიდების მეტაბოლიზმის პროცესებში, ორგანიზმში არსებული ტოქსიკური ნივთიერებების უვნებელყოფასა და გამოყოფაში, სისტემური ჰემოდინამიკის რეგულაციაში. თირკმლის ამ ფუნქციათა უმეტესობა ხორცილდება შარდის წარმოქმნის პროცესებით: გორგლოვანი ფილტრაციით, ფილტრატის ნაწილის შეწოვის (პასიური და აქტიური), მილაკებში სხვადასხვა ნივთიერების სეკრეციით და ახალი ნაერთების სინთეზით. გარდა ამისა, თირკმელები აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერების (ერითროპოეტინი, რენინი, აქტიური ვიტამინი დ3,  პროსტაგლანდინები და სხვ.) სინთეზში. თირკმელებში წუთში გულიდან გადმოსროლილი სისხლის დაახლოებით 25% ხვდება. თირკმლის ინვოლუციური (განლევა, უკუგანვითარება) ცვლილებები სიცოცხლის მეოთხე ათწლეულში იწყება. 70 წლისთვის ნეფრონების პოპულაცია არცთუ იშვიათად ნახევარზე მეტად მცირდება. თირკმელების სტრუქტურულ ცვლილებებს თან სდევს მათი ფუნქციების დარღვევა: მცირდება გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე, კონცენტრაციული შესაძლებლობა, იზღუდება წყალელექტროლიტური და მჟავატუტოვანი ბალანსის შენარჩუნების უნარი, რაც განსაკუთრებით აშკარა ხდება ოპერაციული ჩარევის, ინფექციის, დეჰიდრატაციის დროს. მოხუცებულ ასაკში იცვლება თირკმლის დაავადებათა სტრუქტურაც: იშვიათად გვხვდება მწვავე და ქვემწვავე ნეფრიტი, თირკმელების დაზიანება სისტემური დაავადებების დროს, იმავდროულად, უფრო ხშირია ქრონიკული პიელონეფრიტი, დიაბეტური გლომერულოსკლეროზი, თირკმლის ამილოიდოზი, პარანეოპლაზიური ნეფროპათიები.


თირკმლის დაავადებები
თირკმელებს გარე სამყაროში არცთუ ისე ცოტა “მტერი” ჰყავს: გაციება, პათოლოგიური ვირუსები და სხვა, მაგრამ თუ ადამიანი მცირეოდენ ყურადღებას მაინც დაუთმობს ამ ორგანოს, ის ათმაგი სიკეთით გადაუხდის სამაგიეროს. ასეა - ჩვენ, ადამიანები, ხშირად ყურადღებას არ ვაქცევთ თითქოსდა ელემენტარულ პრობლემებს, მაგალითად, კარიესს, წელის სუსტ ტკივილს... მაშინღა ავფორიაქდებით ხოლმე, როცა ავადმყოფობა თავად შეგვახსენებს თავს, მაგრამ, სამწუხაროდ, შესაძლოა უკვე გვიან იყოს. მაშ ასე, თირკმლის დაავადებები ემუქრებათ:

  • მაღლებსა და გამხდრებს, ანუ, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ასთენიური აღნაგობის მქონე ადამიანებს. ცხიმოვანი კაფსულა, რომელიც ნორმალურ მდგომარეობაში თირკმლის მდებარეობას უზრუნველყოფს, ასეთ ადამიანებს სუსტად აქვთ განვითარებული. აქედან გამომდინარე, ნეფროპტოზი (თირკმლის დაწევა) მათთვის რეალური საფრთხეა. იგივე პრობლემა იჩენს თავს, როცა ადამიანი, განსაკუთრებით - ქალი წონის დასაკლებად სპეციალისტის გარეშე, ნაცნობ-მეზობლების რჩევით, სხვადასხვა დიეტას სცდის.
  • ქალებს - მამაკაცებზე მეტად. ეს ქალის ორგანიზმის ფიზიოლოგიური და ანატომიური თავისებურებებით აიხსნება. მათ უმრავლესობას თირკმლის ფუნქციის დარღვევა (მაგალითად, პიელონეფრიტი) ორსულობის დროს ეწყებათ, როდესაც გადიდებული საშვილოსნოს გამო ირღვევა შარდის გადინება.
  • შუახნის და უფრო ხნოვან მამაკაცებს. თირკმლისმხრივი პრობლემები მათ პროსტატის ადენომის - მამაკაცის ნომერ პირველი დაავადებისა და შარდსასქესო სისტემის სხვა “ასაკობრივი” დაავადებების ფონზე შეიძლება განუვითარდეთ.
  • ყველა იმ ადამიანს, ვინც დროულად არ უმკურნალებს კბილებს და ცხვირ-ხახის დაავადებებს. ინფექციის გამომწვევები, რომლებიც სისხლთან ერთად მოგზაურობენ, არცთუ იშვიათად სწორედ თირკმელში იბუდებენ. განსაკუთრებით საშიშია ანგინა - ის შეიძლება გლომერულონეფრიტით გართულდეს.
  • მხართეძოზე მწოლიარეებს. დადგენილია, რომ ვარჯიში აუმჯობესებს თირკმლის ფუნქციას და ნივთიერებათა ცვლას. როცა მოძრაობთ, თირკმელები უკეთ მარაგდება სისხლით, აქტიურად გამოიმუშავებს შარდს. ფიზიკურად აქტიურ ადამიანებს შარდკენჭოვანი დაავადება გაცილებით იშვიათად ემართებათ, ვიდრე მათ, ვინც დუნე ცხოვრების წესს მისდევს.


მკურნალობის გზები
რაც უფრო ადრე დაიწყება მკურნალობა, მით უფრო იმედის მომცემია პროგნოზი. თირკმლის პათოლოგიებს მკურნალობენ კონსერვატიულად­აც და ქირურგიულადაც. როდესაც ორივე მიდგომა უშედეგოა, საქმეში “მძიმე არტილერია” - ხელოვნური თირკმელი და თირკმლის გადანერგვა ერთვება.




გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
როგორც იაპონელი მედიკოსები გვაფრთხილებენ, თუ ადამიანი ღამის განმავლობაში რამდენიმეჯერ დგება შარდვის
ადამიანის ორგანიზმში იმუნურ და ნერვულ სისტემებს შორის რომ გარკვეული კავშირია, ამ საკითხს მსოფლიოს სხვადასხვა
შარდ-კენჭოვანი დაავადების მკურნალობა რამდენიმე მეთოდით ხდება:
თირკმელების ქრონიკული უკმარისობის გამო ორგანიზმში მთელი შინაგანი გარემოს მუდმივობა ირღვევა, რაც საბოლოოდ
სისხლის გაწმენდის პრობლემა მედიცინის წინაშე ანტიკური ეპოქიდან იდგა.
თირკმლის გავრცელებულ დაავადებებზე გვესაუბრება კლინიკა “ვივამედის” დეპარტამენტის ხელმძ­ღვანელი,
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად