თირკმლის დაავადებები ბავშვებში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თირკმლის დაავადებები ბავშვებში

გვესაუბრება ნეონატოლოგი მედეა სიჭინავა.

- თირკმლის დაავადებებთან დაკავშირებული რომელი სიმპტომები ვლინდება ახალშობილობის პერიოდში?

- ახალშობილს განსაკუთრებული მოვლა და ყურადღება სჭირდება. ნებისმიერი უჩვეულო სიმპტომი, რომელსაც კი შეამჩნევს მშობელი, ექიმის დაუყოვნებელ კონსულტაციას მოითხოვს. ასეთი სიმპტომებია:

  • შეშუპება. ეს უმეტესად დაკავშირებულია გადაცივებასთან, ჰემოლიზურ დაავადებასთან, მუცლადყოფნის პერიოდის ინფექციებთან, ქრომოსომულ ანომალიებთან, ჰიპოთირეოზთან, დედის შაქრიან დიაბეტთან, იშვიათად - გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან. როდესაც შეშუპებას ერთვის ლაბორატორიული ცვლილებებიც (სისხლში ცილების დაქვეითება, შარდში ცილა), პრობლემები შარდვისას - უნდა გამოირიცხოს თირკმლის დაავადებები. თირკმლის დაავადებებისთვის დამახასიათებელია სახის, ზურგის, კიდურების შეშუპება.
  • ოლიგურია - შარდვის შემცირება. ვითარდება სითხის არასაკმარისი რაოდენობით მიღების, პირღებინების, დიარეის, გულ-სისხლძარღვთა უკმარისობის, ანთებითი დაავადებების დროს.
  • პროტეინურია - შარდში ცილის არსებობა. თავს იჩენს ტოქსიკოზის, დეჰიდრატაციის დროს.
  • ჰემატურია - შარდში ერითროციტების არსებობა. როგორც წესი, დაკავშირებულია თირკმელებში სისხლის მიმოქცევის დარღვევასთან, მაგალითად, მძიმე ჰიპოქსიის, საშარდე გზების ინფექციების დროს.
  • ცილინდრები შარდში. ერთეული ჰიალინური ცილინდრი შესაძლოა ჯანმრთელ ახალშობილსაც გამოაჩნდეს, მარცვლოვანი ცილინდრების არსებობა კი თირკმლის უკმარისობაზე მიუთითებს.

- თირკმლის რომელი დაავადებები გვხვდება ახალშობილებში?

- თირკმლის დაავადებები, რომლებიც ახალშობილებს უდასტურდებათ, შეიძლება სამ ჯგუფად დავყოთ:

  • მემკვიდრეობით და თანდაყოლილ დაავადებებად. ასეთია თირკმლის პოლიკისტოზი, თირკმელების გაორმაგება, ჰიდრონეფროზი, თირკმლისმიერი დისპლაზია და აგენეზია, დისტოპია.
  • შეძენილ დაავადებებად. ასეთია ინტერსტიციული ნეფრიტი, საშარდე გზების ინფექციები, თირკმლის სისხლძარღვთა თრომბოზი.

ინტერსტიციული ნეფრიტი ვითარდება ჰიპოქსიის, ვირუსული ინფექციების, ზოგიერთი მედიკამენტის მიღების ფონზე. საშარდე გზების ინფექციები ახალშობილთა 1%-ს უდასტურდება. ჭიპლარის სისხლძარღვების ხშირმა კათეტერიზაციამ შესაძლოა გამოიწვიოს თირკმლის სისხლძარღვების თრომბოზი, რომელიც შემდგომ არტერიული ჰიპერტენზიითა და თირკმლის უკმარისობით გართულდება.

  • მესამე ჯგუფში შედის იშემიური ნეფროპათია - თირკმლის ფუნქციის ტრანზიტული დარღვევა, რომელიც თირკმლის ქსოვილის იშემიით არის გამოწვეული.

სიმძიმის მიხედვით განასხვავებენ იშემიური ნეფროპათიის სამ ხარისხს:

I ხარისხი - კლინიკური გამოვლინებები არ ახასიათებს, სისხლის პლაზმაში კრეატინინი მომატებულია ზომიერად, 130 მკმოლ/ლ-მდე;

II ხარისხი - შესაძლოა ზომიერი პასტოზურობა ან შეშუპება, ნორმალური ან მომატებული დიურეზის ფონზე პლაზმაში კრეატინინის დონე 130მკმოლ/ლ-ზე მეტად იმატებს;

III ხარისხი - დამახასიათებელია შეშუპება, ზოგჯერ - მთელი სხეულისაც კი (ანასარკა), შარდვის შემცირება ან არარსებობა.

თირკმლის მწვავე უკმარისობა, როგორც მოგახსენეთ, თირკმლის დაავადებების გართულებაც შეიძლება იყოს და თირკმლის ქსოვილის იშემიის შედეგიც. ამ დროს ახალშობილებს, ისევე, როგორც მოზრდილ ბავშვებს, უვითარდებათ შეშუპება, ოლიგურია, მეტაბოლური აციდოზი, იმატებს სისხლში კალიუმისა და აზოტის დონე. სიცოცხლის პირველ დღეებში თირკმლის მწვავე უკმარისობის მიზეზი მძიმე ჰიპოქსიაა, მომდევნო პერიოდში კი იგი ძირითადად ანთებითი პროცესების - საშარდე სისტემის ინფექციების, სეფსისის, მუცლადყოფნის პერიოდის ინფექციების - ფონზე იჩენს თავს.


- რით განსხვავდება თირკმლის პოლიკისტოზური დაავადება თირკმლის მულტიკისტოზური დაავადებისგან?

- თირკმლის პოლიკისტოზი არის თანდაყოლილი კისტოზური დაავადება, რომლის დროსაც ნორმალური თირკმლის ელემენტების კისტოზური გაგანიერება ხდება. მულტიკისტოზური დაავადების დროს კი მთელი თირკმელი ვითარდება არანორმალურად. იგი უმწიფარი წარმონაქმნებისა და სხვადასხვა ზომის კისტებისგან შედგება. მულტიკისტოზური თირკმელი არ ფუნქციობს და პროგნოზიც ცუდია.

თირკმლის პოლიკისტოზი თანდაყოლილი, მემკვიდრეობითი დაავადებაა. თუ ბავშვს ეს დაავადება აღმოაჩნდა, ორივე მშობლის გამოკვლევაა საჭირო, პატარას კი სჭირდება მუდმივი მეთვალყურეობა, პერიოდულად - ულტრაბგერითი გამოკვლევა და არტერიული წნევის მონიტორინგი.

ნებისმიერ პაციენტს, რომელსაც კი გამოაჩნდება არტერიული ჰიპერტენზია ან მოცულობითი წარმონაქმნი თირკმლის საპროექციო არეში, ნეფრექტომია უნდა ჩაუტარდეს.

- თირკმლის თანდაყოლილი დაავადებაა ვილმსის სიმსივნეც. რა არის ეს და როგორი პროგნოზი აქვს?

- ვილმსის სიმსივნე ანუ ნეფრობლასტომა ახალშობილებს იშვიათად გამოაჩნდებათ. ის უმთავრესად 2-დან 7 წლამდე ასაკში იჩენს თავს, გოგონებსა და ვაჟებში - თანაბრად. ასიდან 5 შემთხვევაში სიმსივნე ორმხრივია. მისი მიზეზი ხშირად არის ემბრიონულ პერიოდში მომხდარი განვითარების დარღვევები, რაც იმით დასტურდება, რომ ვილმსის სიმსივნე ხშირად ერწყმის განვითარების სხვა მანკებს.

თვით ვილმსის სიმსივნეს ახასიათებს სწრაფი მეტასტაზირება სხვა ორგანოებში - ფილტვებში, ღვიძლში, ძვლის ტვინში, ლიმფურ ჯირკვლებში.

დაავადების პირველი ტიპური სიმპტომია დიდი ზომის მოცულობითი წარმონაქმნი, რომელიც ხელით შეიგრძნობა მუცლის არეში. ზოგჯერ სიმსივნე ორივე თირკმლიდან ერთდროულად იზრდება. ამ ფორმას სინქრონულ ვილმსის სიმსივნეს უწოდებენ. ხშირად ერთადერთი სიმპტომი გადიდებული მუცელია.

მოზრდილ ბავშვებს აღენიშნებათ სისხლი შარდში (ჰემატურია), სხეულის ტემპერატურის უმიზეზო მომატება, მუცლის ან გვერდის (ფერდის) ტკივილი, არტერიული წნევის მომატება. მეტასტაზების შემთხვევაში ბავშვი უმიზეზოდ ჭირვეულობს, ადვილად იღლება, ღიზიანდება, ტირის, უმადობის გამო წონას იკლებს, ერღვევა ძილის რეჟიმი.

დიაგნოსტიკისთვის აუცილებელია ლაბორატორიული გამოკვლევა, ასევე - ულტრასონოგრაფია ან კომპიუტერული ტომოგრაფია. საჭიროა ღვიძლისა და თირკმელების გამოკვლევაც მეტასტაზების გამოსარიცხავად.

დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. საუკეთესო შედეგს იძლევა კომბინირებული მკურნალობა - ქირურგიული ჩარევა სხივურ თერაპიასა და ქიმიოთერაპიასთან ერთად. ოპერაციის დროს ამოკვეთენ პირველად სიმსივნურ კვანძს, იმავდროულად ხდება მეტასტაზების ამოკვეთაც ღვიძლიდან, ფილტვის ქსოვილიდან ან მუცლის ღრუს ლიმფური კვანძებიდან.

მკურნალობის შედეგად ათიდან 9 შემთხვევაში მიიღწევა სრული გამოჯანმრთელება ყოველგვარი რეციდივის გარეშე. გამოჯანმრთელების კრიტერიუმად ითვლება ჰისტოლოგიურად უფრო მომწიფებული უჯრედების არსებობა, მეტასტაზების არარსებობა, ბავშვის ასაკი - 1 წელზე ნაკლები, ხოლო სიმსივნის წონა - 250 გ-ზე ნაკლები.

სხივური თერაპიისა და ქიმიოთერაპიის მიზანია თირკმელში არსებული პირველადი სიმსივნისა თუ შესაძლო მეტასტაზების საბოლოო განადგურება.

- დამეთანხმებით, მცირე ასაკის ბავშვებში სიმსივნის დიაგნოზის დასმა არც ისე ადვილია. რომელი დაავადებებისგან არის საჭირო მისი დიფერენცირება?

- მართალი ბრძანდებით, ვილმსის სიმსივნე არცთუ იშვიათად სხვა ორგანოთა ცვლილებებში ერევათ, ანდა პირიქით - ამ ცვლილებებს ვილმსის სიმსივნედ იღებენ. ამდენად, აუცილებელია, გამოკვლევაში მონაწილეობა მიიღონ გამოცდილმა უროლოგ-პედიატრებმა, რათა დროულად მოხდეს გადიდებული ღვიძლისა თუ ელენთისგან, თირკმლის ჰიდრონეფროზისა თუ პოლიკისტოზისგან, ასევე - სხვა დაავადებებისგან ვილმსის სიმსივნის დიფერენცირება. განასხვავებენ ვილმსის სიმსივნის ხუთ სტადიას:

I - სიმსივნე მხოლოდ თირკმელშია, სხვა ქსოვილებზე არ გადადის;

II - სიმსივნე გადადის მეზობელ ქსოვილებზე, მაგალითად, ცხიმოვან შრეზე ან სისხლძარღვებზე;

III - სიმსივნე ვრცელდება რეგიონულ ლიმფურ კვანძებსა და მუცლის ღრუს სხვა სტრუქტურებზე;

IV - სიმსივნე ვრცელდება სხვა ორგანოებზე - ფილტვებში, თავის ტვინში.

V - სიმსივნე ორივე თირკმელს მოიცავს.

ამ სტადიების გაანალიზება ნათელყოფს, რამდენად მნიშვნელოვანია დროული, ზუსტი დიაგნოსტიკა სიმსივნის ლიკვიდაციისა და დაავადების პროგნოზის თვალსაზრისით.

მინდა, დასასრულ კიდევ ერთხელ მივმართო მშობლებს: თუ პატარას ბანაობის, ჩაცმის, მოფერებისა თუ თამაშის დროს მუცლის ღრუში უჩვეულო წარმონაქმნი შეამჩნიეთ, დროულად აჩვენეთ პედიატრს.