თირკმლისმიერი ჰიპერტენზია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

თირკმლისმიერი ჰიპერტენზია

თირკმლისმიერი ჰიპერტენზია

უეცრად დისკომფორტი ვიგრძენით ან სრულიად უმიზეზოდ გავიზომეთ წნევა და აღმოვაჩინეთ, რომ ციფრები საკმაოდ მაღალია. "ნუთუ თირკმლის ბრალია?!" - უმალვე იბადება კითხვა. არტერიული წნევის მატებას მართლაც ხშირად ვაბრალებთ თირკმელს, თუმცა დადგენილია, რომ ამა თუ იმ დაავადებას უკავშირდება არტერიული ჰიპერტენზიის შემთხვევათა მხოლოდ 10%, სადაც თირკმლისმიერი ჰიპერტენზიის წილი არცთუ ისე დიდია.

როდის უნდა ვივარაუდოთ თირკმლისმიერი ჰიპერტენზია
არსებობს სიმპტომები, რომლებიც თირკმლისმიერი ანუ რენული ჰიპერტენზიის საკმაოდ მაღალ ალბათობაზე მიუთითებს. ეს სიმპტომებია:

  • არტერიული წნევის მომატების პირველი ეპიზოდი 25 წლამდე ან 50 (მეტადრე - 60) წლის შემდეგ;
  • არტერიული ჰიპერტენზიის რეზისტენტობა
    მკურნალობის მიმართ - მდგომარეობა, როცა სათანადოდ შერჩეული მედიკამენტებით წნევის მაჩვენებლების ნორმამდე დაწევა შეუძლებელია;
  • არტერიული ჰიპერტენზია, რომელიც ადრე კონტროლირებადი იყო, ახლა კი მედიკამენტურ მკურნალობას აღარ ემორჩილება;
  • მძიმე არტერიული ჰიპერტენზია - არტერიული წნევის ისეთი მომატება, როცა დიასტოლური წნევა ვერცხლისწყლის სვეტის 110 მილიმეტრს აღემატება;
  • არტერიული ჰიპერტენზიის ავთვისებიანი მიმდინარეობა. ამ დროს დიასტოლური
    წნევა მკვეთრად არის მომატებული - აღემატება ვერცხლისწყლის სვეტის 110 მილიმეტრს. შეინიშნება რეზისტენტობა მკურნალობის მიმართ.

ავთვისებიანი ჰიპერტენზიისთვის დამახასიათებელია თავის ძლიერი ტკივილი, თავბრუხვევა, ღებინება, მხედველობის დაქვეითება, ქოშინი, უმადობა, ხშირი კრიზი. ეს ნიშნები გარკვეულწილად დაავადების სწრაფ პროგრესირებასა და არტერიული ჰიპერტენზიის სამიზნე ორგანოების ადრეულ ეტაპზევე დაზიანებას უკავშირდება.


რენოპარენქიმული ჰიპერტენზია
არტერიული ჰიპერტენზიის გამომწვევი თირკმლის დაავადებები პირობითად ორ ჯგუფად იყოფა: უშუალოდ თირკმლის დაავადებებად და თირკმლის არტერიების (მკვებავი სისხლძარღვების) დაავადებებად. უშუალოდ თირკმლის დაავადებებით გამოწვეულ ჰიპერტენზიას მედიცინაში რენოპარენქიმულს უწოდებენ, ხოლო თირკმლის არტერიების დაავადებებთან დაკავშირებულს - რენოვასკულურს. რენოპარენქიმული ჰიპერტენზიის მიზეზებია: მწვავე გლომერულონეფრიტი, ქრონიკული გლომერულონეფრიტი, ქრონიკული პიელონეფრიტი, ქრონიკული ინტერსტიციული ნეფრიტი, თირკმელების პოლიკისტოზი, ჰიდრონეფროზი. არტერიული წნევა საგრძნობლად იმატებს თირკმელების ქრონიკული უკმარისობის დროსაც. სამწუხაროდ, ჩვენ მიერ ჩამოთვლილი დაავადებები არცთუ იშვიათად ყოველგვარი გამოვლინების გარეშე მიმდინარეობს, რასაც ექიმები ფარულ ანუ ლატენტურ მიმდინარეობას უწოდებენ. ფარულად მიმდინარე თირკმლის დაავადებების დიაგნოსტიკა განსაკუთრებით რთულია. ასეთი დაავადება მოულოდნელად ვლინდება პროფილაქტიკური გამოკვლევისას, ანდა მისი ერთადერთი აშკარა ნიშანი არტერიული წნევის მომატებაა. ამ დროს ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, რა არის პირველადი - თირკმლის დაავადება თუ არტერიული წნევის მომატება. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მარტივი არ არის, ვინაიდან არტერიული ჰიპერტენზიის აღმოცენებიდან გარკვეული ხნის შემდეგ მეტ-ნაკლებად აუცილებლად ზიანდება არტერიული ჰიპერტენზიის სამიზნე ორგანოები - თავის ტვინი, გული, თირკმელები, არტერიები, თვალის ფსკერი. ამრიგად, თირკმელების დაზიანება არტერიული ჰიპერტენზიის მიზეზიც შეიძლება იყოს და შედეგიც.


როგორ მკურნალობენ რენოპარენქიმულ ჰიპერტენზიას
რენოპარენქიმული ჰიპერტენზიის მკურნალობა ნეფროლოგების, კარდიოლოგების, თერაპევტების კომპეტენციაა. გამონაკლისია თირკმელების პოლიკისტოზი, ჰიდრონეფროზი და პიელონეფრიტის ზოგიერთი შემთხვევა, რომლებიც უროლოგიის სფეროს ეკუთვნის და ხშირად საჭირო ხდება ოპერაციული ჩარევა. რენოპარენქიმული ჰიპერტენზიის დროს თირკმლის დაავადებების პროგრესირების შესაფერხებლად აუცილებელია, არტერიული წნევა 130/80-85, ზოგ შემთხვევაში კი 125/75 მმ ვწყ.სვ-მდე დავაქვეითოთ. წნევის ნორმალიზება აუცილებელია, ვინაიდან თირკმლისმიერი ჰიპერტენზია, როგორც სიმპტომური ჰიპერტენზიის ერთ-ერთი სახეობა, სამიზნე ორგანოებს გაცილებით სწრაფად აზიანებს, ვიდრე ბანალური ჰიპერტენზია. მკურნალობა არტერიული წნევის ნორმალიზებასთან ერთად, უპირველეს ყოვლისა, თირკმელების პათოლოგიის მკურნალობას გულისხმობს, ეს კი საკმაოდ რთულია, ვინაიდან ექიმისა და პაციენტისგან რეჟიმის ზედმიწევნით დაცვას მოითხოვს, მაგრამ აუცილებელია - დადგენილია, რომ თირკმლის მწვავე დაავადებების უკუგანვითარებისას არტერიული წნევა ნორმას უახლოვდება. რაც შეეხება თირკმელების ქრონიკულ დაავადებებს, ბოლოდროინდელი გამოკვლევების თანახმად, ზოგიერთი ჯგუფის ანტიჰიპერტენზიულ ანუ წნევის დამწევ პრეპარატს შესწევს უნარი, შეაფერხოს თირკმლის დაზიანება, რასაც მედიცინაში რენოპროტექტორული ეფექტი ეწოდება.


რენოვასკულური ჰიპერტენზია - დიაგნოსტიკა, მკურნალობა
რენოვასკულური ჰიპერტენზია თირკმლის არტერიის ცალმხრივი ან ორმხრივი შევიწროებით არის განპირობებული. უმეტესად ის ათეროსკლეროზით ან არტერიის ფიბროზულ-კუნთოვანი დისპლაზიით - პოპულარული ენით თუ ვიტყვით, კუნთოვანი შრის გასქელებით - არის გამოწვეული. თირკმლის არტერიის ათეროსკლეროზული შევიწროება უმეტესად ორმხრივია და 50 წელს გადაცილებულ მამაკაცებში გვხვდება, თირკმლის არტერიის ფიბროზულ-კუნთოვანი დისპლაზია კი უფრო ხშირია 30 წლამდე ასაკის ქალებში. რენოვასკულურ ჰიპერტენზიაზე ეჭვის შემთხვევაში ვენიდან იღებენ სისხლს და განსაზღვრავენ მასში რენინის შემცველობას. ეს არის ნივთიერება, რომელსაც თირკმელი ჭარბად გამოიმუშავებს ჟანგბადის ნაკლებობისას. რენინის შემცველობა ხშირად ესენციური ჰიპერტენზიის დროსაც იმატებს, ამიტომ შემდგომი დიაგნოსტიკისთვის ტარდება სინჯი გარკვეული პრეპარატით, განისაზღვრება რენინის შემცველობა თირკმლის ვენებიდან სპეციალური კათეტერით აღებულ სისხლში. დიაგნოზს ადასტურებს თირკმლის არტერიების ანგიოგრაფია - სპეციალური კათეტერით მათში საკონტრასტო (რენტგენის სხივებისთვის შეუღწეველი) ნივთიერების შეყვანა და რენტგენის სურათის გადაღება, რომელზეც თვალნათლივ ჩანს სისხლძარღვის შევიწროება. რიგ შემთხვევაში ამავე დროს ტარდება ანგიოპლასტიკა - შევიწროებული სისხლძარღვის განვლადობის აღდგენა, რაც რენოვასკულური ჰიპერტენზიის მკურნალობის მეთოდია. ჩამოთვლილი არცთუ მარტივი და იაფი გამოკვლევების ჩატარება და დიაგნოზის დაზუსტება არა მარტო მიზანშეწონილი, არამედ აუცილებელიც არის, ვინაიდან თირკმლის არტერიის შევიწროება, თუნდაც მედიკამენტური მკურნალობით წნევა ნორმამდე დავწიოთ, მაინც გამოიწვევს ორგანოს ფუნქციის მოშლას და თირკმელების უკმარისობას, ხოლო ანგიოპლასტიკა და ქირურგიული ჩარევა ამ გართულებას თავიდან აგვაცილებს.

 

 

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
კატეგორიის სხვა სტატიები
როგორც იაპონელი მედიკოსები გვაფრთხილებენ, თუ ადამიანი ღამის განმავლობაში რამდენიმეჯერ დგება შარდვის
ადამიანის ორგანიზმში იმუნურ და ნერვულ სისტემებს შორის რომ გარკვეული კავშირია, ამ საკითხს მსოფლიოს სხვადასხვა
შარდ-კენჭოვანი დაავადების მკურნალობა რამდენიმე მეთოდით ხდება:
თირკმელების ქრონიკული უკმარისობის გამო ორგანიზმში მთელი შინაგანი გარემოს მუდმივობა ირღვევა, რაც საბოლოოდ
სისხლის გაწმენდის პრობლემა მედიცინის წინაშე ანტიკური ეპოქიდან იდგა.
თირკმლის გავრცელებულ დაავადებებზე გვესაუბრება კლინიკა “ვივამედის” დეპარტამენტის ხელმძ­ღვანელი,
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად