თირკმელკენჭოვანი დაავადება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2019

კითხვა-პასუხი

თირკმელკენჭოვანი დაავადება

თირკმელკენჭოვანი დაავადება

თირკმელკენჭოვანი დაავადება უძველესი დროიდან არის ცნობილი. არქეოლოგებმა ძველეგვიპტური მუმიების საშარდე გზებში კენჭები აღმოაჩინეს. არსებობს მონაცემები ამ დაავადების ქირურგიული მკურნალობის შესახებაც. თირკმელკენჭოვანი დაავადება ამჟამადაც ზედმიწევნით არის გავრცელებული. ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტს ამ დაავადების მკურნალობა ყოველწლიურად მილიარდი დოლარი უჯდება. მიუხედავად თირკმლის ჭვალის მძიმე გამოცდილებისა, შეტევის მოხსნის შემდეგ მრავალი ჩვენგანი ექიმთან მისვლას აღარ ჩქარობს. არადა ამ დაავადებას შესაძლოა მძიმე გართულებები მოჰყვეს. ვესაუბრებით აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის ექიმ ნეფროლოგს, მედიცინის დოქტორს ქეთევან ცანავას.

- ქალბატონო ქეთევან, რა აჩენს თირკმელებში კენჭებს?
- თირკმელკენჭოვან

დაავადებას მრავალი მიზეზი აქვს. მის ჩამოყალიბებაში განსაზღვრულ როლს ასრულებს:

  • ნივთიერებათა ცვლის მოშლა (ჰიპერკალციემია, შაქრიანი დიაბეტი, პოდაგრა და სხვა);
  • შარდის ჭარბი გაჯერება მარილოვანი ელემენტებით;
  • თირკმლის ქსოვილის ანთებითი დაზიანება და მარილოვან ცვლაზე პასუხის გაუკუღმართება;
  • შეგუბებითი პროცესები საშარდე სისტემაში;
  • კვების თავისებურება. დიდი მნიშვნელობა აქვს საკვებში მინერალური ნაერთების შემცველობას და წყლის ქიმიურ შემადგენლობას, ასევე
    - მიღებული სითხის ოდენობას.
  • განსაზღვრული მნიშვნელობა აქვს ასევე გეოქიმიურ და კლიმატურ პირობებს - მშრალი და მაღალი ტემპერატურის პირობებში დიდხანს ყოფნისას ორგანიზმი ოფლის სახით სითხეს უხვად კარგავს. პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან თირკმელკენჭოვანი დაავადების ენდემურ კერად მიიჩნევა შუა აზია, რაც ნაწილობრივ ამ ქვეყნების ცხელი კლიმატითაც არის გამოწვეული.

კლიმატური პირობების, წყლის, ნიადაგის მინერალური შემადგენლობის, საკვების ხასიათის მიხედვით შეადგინეს თირკმელკენჭოვანი დაავადების გავრცელების რუკა. აღმოჩნდა, რომ აღმოსავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით კი კახეთის რეგიონში, ეს დაავადება უფრო მეტად არის გავრცელებული, ვიდრე დასავლეთ საქართველოში, სადაც რაციონში მცენარეული საკვები ჭარბობს.


- როგორი შემადგენლობის კენჭები გვხვდება უპირატესად, რა ზომას შეიძლება მიაღწიოს კენჭმა?
- ქიმიური შემადგენლობის მიხედვით განასხვავებენ ოქსალატურ, ცისტინურ, ფოსფატურ, ურატულ და შერეული ტიპის კენჭებს. ყველაზე პატარა კენჭის ზომა მილიმეტრს არ აღემატება, ყველაზე დიდი კი თირკმლის მენჯფიალოვან სისტემას მთლიანად ავსებს. შარდკენჭოვანი დაავადების კლინიკური გამოხატულება კენჭ ის ლოკალიზაციაზეა დამოკიდებული. პატარა კენჭი უფრო მოძრავი და შემაწუხებელია. დიდი, მეტადრე - თუ თირკმელი ინფიცირებული არ არის, შესაძლოა წლობით არ გამომჟღავნდეს.


- რა უწყობს ხელს კენჭის დაძვრას?
- უხერხული მოძრაობა, სირბილი, მგზავრობისას უსწორმასწორო გზაზე ნჯღრევა, დიდი რაოდენობით სითხის მიღება და სხვა.


- როდის და როგორ ვლინდება დაავადება?
- დაავადება მაშინ გამოვლინდება, როდესაც კენჭი საშარდე გზებში მოძრაობას დაიწყებს და დააბრკოლებს შარდის თავისუფალ დინებას. თირკმლის ჭვალი უეცრად იწყება. მისთვის დამახასიათებელია შეტევითი, ზოგჯერ გაუსაძლისი ტკივილი წელის არეში, რომელიც იმავე მხარეს საზარდულისკენ, სასქესო ორგანოებისკენ გადაეცემა. მზის წნულის გაღიზიანების გამო ტკივილს თან სდევს გულისრევა, პირღებინება, აგრეთვე - შარდვის გახშირება და ტკივილი შარდვის დროს, ზოგჯერ - მუცლის კუნთების დაჭიმულობა, შებერილობა, აირების დაგროვება და დეფეკაციის გაძნელებაც, რაც ნაწლავების რეფლექტორული პარეზით აიხსნება. ტკივილი იმდენად ძლიერია, რომ ავადმყოფი ადგილს ვერ პოულობს და განუწყვეტლივ იცვლის პოზას. ტკივილის ინტენსივობა კენჭის ზომაზე, მისი გადაადგილების ინტენსივობაზეა დამოკიდებული. განსაკუთრებით ძლიერ ტკივილს იწვევს მცირე ზომის მოძრავი კენჭი. თუ კენჭი სწრაფად გამოიყო, ტკივილი ისევე უცებ წყდება, როგორც დაიწყო. ზოგჯერ ჭვალი ხანმოკლე შესვენებებით რამდენიმე დღე გრძელდება. არცთუ იშვიათად თირკმლის ჭვალს თან სდევს ტემპერატურის მატება, რაც თირკმელში შეგუბებითი და ანთებითი მოვლენებით არის გამოწვეული. კენჭების გადაადგილებას თან სდევს ლორწოვანი გარსის სისხლძარღვების მექანიკური დაზიანება, რის გამოც შარდს სისხლი ერევა.


- რით შეიძლება გართულდეს თირკმელკენჭოვანი დაავადება და რამდენად საშიშია "ჩუმი" კენჭები?
- ქრონიკულად მიმდინარე თირკმელკენჭოვანი დაავადებისას პაციენტები პერიოდულად უჩივიან სიმძიმის შეგრძნებას წელის არეში. ზოგჯერ წელის ტკივილი ყრუ, მღრღნელი ხასიათისაა და ძლიერდება ფიზიკური დატვირთვის დროს. ავადმყოფები ასეთ ტკივილს ყურადღებას არ აქცევენ, ექიმთან არ მიდიან, ზოგჯერ თვითონვე მკურნალობენ, მაგრამ უშედეგოდ. წელის ტკივილის მიზეზია არა იმდენად კენჭის მოძრაობა, არამედ მის გარშემო მიმდინარე ბაქტერიული ანთებითი პროცესი და ვენური სისხლის შეგუბება, რაც თირკმლის შეშუპებას, თირკმლის ფიბროზული კაფსულის გაჭიმვას იწვევს (ფიბროზული კაფსულა, ფიალის კედლისგან განსხვავებით, ნაკლებად წელვადია, თანაც მდიდარია ნერვული ბოჭკოებით). თირკმლის ფიალაში კენჭი იწვევს ფიალოვანი სტრუქტურების გაგანიერებას, შარდის დინების დარღვევას, ინფიცირებას და საბოლოოდ - თირკმლის ქსოვილის ანთებას, პიელონეფრიტს. ქრონიკული კალკულოზური (კენჭოვანი) პიელონეფრიტი ზედმიწევნით ვერაგია და გაცილებით მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე კენჭოვან დაავადებას. წელის ყრუ ტკივილი, რომელიც წლობით გრძელდება, პერიოდული სუსტი ცხელება უყურადღებოდ რჩება, ანადგურებს თირკმლის ქსოვილს და შესაძლოა, საქმე ურემიულ მდგომარეობამდე ისე მივიდეს, რომ პაციენტმა ავადმყოფობის მიზეზი ვერც კი გაიხსენოს. არანამკურნალევი კალკულოზური პიელონეფრიტი თირკმლის შეჭმუხვნის, თირკმელების ქრონიკული უკმარისობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია.


- რით შეიძლება გართულდეს თირკმლის ჭვალი?
- თუ კენჭის გამოდევნა მოხერხდა, საშარდე გზებში რჩება ნაკაწრები, ვითარდება ანთებითი პროცესი - პიელონეფრიტი, რომელიც სათანადო ანთების საწინააღმდეგო მკურნალობას მოითხოვს. ყურადღება უნდა მიექცეს შესაძლო სისხლდენებს და მათ დროულ ლიკვიდაციას. ხშირად კენჭის გამოდევნა ვერ ხერხდება. იგი შარდსაწვეთში იჭედება და ნაწილობრივ ან მთლიანად არღვევს თირკმლიდან შარდის გამოყოფას. შარდი თირკმლის მენჯფიალოვან სისტემაში გუბდება და მის გაფართოებას იწვევს. ვითარდება ჰიდრონეფროზი, რაც, თავის მხრივ, ანთებითი დაავადების - პიელონეფრიტის - ჩამოყალიბების წინაპირობაა. თუ კენჭმა საშარდე გზები სწრაფად დაახშო, ვითარდება მწვავე ჰიდრონეფროზი, რომელსაც ახასიათებს მწვავე ტკივილი წელის არეში, ჰემატურია, ხოლო ინფექციის დართვის შემთხვევაში - ცხელება, შემცივნება.


- გადაეცემა თუ არა თირკმელკენჭოვანი დაავადება მემკვიდრეობით?
- თირკმელკენჭოვანი დაავადების განვითარებაში გენეტიკურ განწყობას უდავოდ დიდი მნიშვნელობა აქვს - ნივთიერებათა ცვლის დარღვევის ზოგიერთი ფორმა, რომელიც ხელს უწყობს კენჭების წარმოქმნას, მემკვიდრეობითი ბუნებისაა.



გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ნაღვლის ბუშტის დაავადებებისას დიეტური კვება მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად იწყება.
მაღალცხიმიანი და დაბალნახშირწყლოვანი დიეტა - LCHF: გახდომა სიამოვნებით - ეს დიეტა წვავს ცხიმებს.
კატეგორიის სხვა სტატიები
შარდ-კენჭოვანი დაავადების მკურნალობა რამდენიმე მეთოდით ხდება:
თირკმელების ქრონიკული უკმარისობის გამო ორგანიზმში მთელი შინაგანი გარემოს მუდმივობა ირღვევა, რაც საბოლოოდ
სისხლის გაწმენდის პრობლემა მედიცინის წინაშე ანტიკური ეპოქიდან იდგა.
თირკმლის გავრცელებულ დაავადებებზე გვესაუბრება კლინიკა “ვივამედის” დეპარტამენტის ხელმძ­ღვანელი,
შაქრიანი დიაბეტი თირკმელებს საკმაოდ ხშირად აზიანებს. პირველი ტიპი დიაბეტის მქონე ყოველ მესამე პაციენტს და
საბედნიეროდ, კარგა ხანია ისტორიას ჩაბარდა დრო, როცა თირკმლის გადანერგვისთვის, ანუ თირკმლის ტრანსპლანტაციისათვის,
გთავაზობთ 4 ეფექტურ საშუალებას, თუ როგორ გაიწმინდოთ ფილტვები მოწევისთვის თავის დანებების შემდეგ.
"რამდენიმე წლის წინ ჯანმრთელობამ შემაწუხა. თერაპევტმა ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა მირჩია
1. საფეხურებზე სიარული.

კიბეზე ასვლისას ადამიანი წუთში 11 კალორიას წვავს.
არიზონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოავლინეს ადამიანის ორგანიზმის საოცარი თავისებურება: თუ