თუ თირკმელმა გიღალატათ - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2019

თუ თირკმელმა გიღალატათ

თუ თირკმელმა გიღალატათ

"გლომერულონეფრიტი" - ეს დიაგნოზი ბევრისთვის წოლით რეჟიმთან, სითხის შეზღუდვასთან, მკაცრ დიეტასთან ასოცირდება. რა არის სინამდვილეში გლომერულონეფრიტი, რა იწვევს მას, როგორია დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები? ვის ემუქრება პიელონეფრიტი, როგორ ვუმკურნალოთ პაციენტს, რომელსაც თირკმელების უკმარისობა აქვს? ჩვენი მკითხველებისთვის საინტერესო ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება მეოთხე კლინიკური საავადმყოფოს ნეფროლოგიური განყოფილების გამგე, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ექსპერტი ნეფროლოგიაში, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი სოფიო ელიაშვილი.

- რა არის გლომერულონეფრიტი, მის რამდენ ფორმას განასხვავებენ, რომელი ფაქტორები განაპირობებს ამ დაავადების აღმოცენებას?
- გლომერულონეფრიტი იმუნოანთებითი დაავადებაა, რომელიც თირკმლის გორგლოვან აპარატს

აზიანებს. ის ხშირად არის თირკმელების ქრონიკული უკმარისობის მიზეზი. სწორედ ასეთი პაციენტები ავსებენ ქრონიკული ჰემოდიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის განყოფილებებს. უმთავრესად მისი მწვავე, ქრონიკული და სწრაფად პროგრესირებადი ფორმები გვხვდება. მართალია, გლომერულონეფრიტი დამოუკიდებელი ნოზოლოგიური ერთეულია (დაავადებაა), მაგრამ ის შესაძლოა ამა თუ იმ სისტემური დაავადების დროსაც განვითარდეს. ამ დაავადებათა
შორის აღსანიშნავია სისტემური წითელი მგლურა, ჰემორაგიული ვასკულიტი, ქვემწვავე ბაქტერიული ენდოკარდიტი, სისტემური სკლეროდერმია, მეტაბოლური (შაქრიანი დიაბეტი) და დეპოზიტური (ამილოიდოზი) დაავადებები. გლომერულონეფრიტის გამომწვევ ფაქტორებს შორის მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ინფექციას, კერძოდ, მწვავე პოსტსტრეპტოკოკულ გლომერულონეფრიტს A ჯგუფის ბეტა ჰემოლიზური სტრეპტოკოკი იწვევს. გლომერულონეფრიტის ამ ფორმით უმეტესად 2-14 წლის ბავშვები ავადდებიან, მოზრდილები და ხანდაზმულები კი იშვიათად.


- როგორ ვლინდება კლინიკურად გლომერულონეფრიტი?
- გლომერულონეფრიტი შესაძლოა გამოვლინდეს ორი ძირითადი სინდრომით - ნეფროზულითა და ნეფრიტულით. ნეფროზული სინდრომისთვის დამახასიათებელია მაღალი, 3,5 გრამზე მეტი დღეღამური პროტეინურია ანუ შარდით ცილის გამოყოფა. ნეფრიტული სინდრომის დროს შარდით დღე-ღამის განმავლობაში 3,5 გრამზე ნაკლები ცილა გამოიყოფა. გარდა ამისა, გლომერულონეფრიტი შეიძლება მიმდინარეობდეს იზოლირებული შარდის სინდრომით - მხოლოდ შარდში არსებული ცვლილებებით. ამ დროს აღინიშნება იზოლირებული ჰემატურია - შარდში ერითროციტების არსებობა, თირკმლის ფუნქცია დიდხანს ნორმალური რჩება. არის გლომერულონეფრიტის ისეთი შემთხვევებიც, რომლებიც მიმდინარეობს მაღალი არტერიული წნევის ფონზე შარდის სინდრომის გარეშე, თუმცა აღინიშნება თირკმლის ფუნქციის სწრაფი გაუარესება.


- რა მიკროსკოპიული ცვლილებები ხდება თირკმელში გლომერულონეფრიტის დროს, რა არის დაავადების საფუძველი, განსხვავდება თუ არა კლინიკურად ერთმანეთისგან გლომერულონეფრიტის სხვადასხვა ფორმა?
- ნეფროზული სინდრომით მიმდინარე გლომერულონეფრიტის დროს მიკროსკოპიულად ვლინდება პოდოციტის (თირკმლის უჯრედი) დაზიანება, ხოლო ნეფრიტული სინდრომის შემთხვევაში ზიანდება ენდოთელიუმი - გორგლის სისხლძარღვის შიგნითა შრე. ამ ცვლილებებს მიკროსკოპიული კვლევები ავლენს. რასაკვირველია, გლომერულონეფრიტის სხვადასხვა ფორმა კლინიკურადაც განსხვავებულია. ცნობილია, რომ ნეფრიტული სინდრომით მიმდინარეობს სამი ნოზოლოგია - პოსტინფექციური გლომერულონეფრიტი, მეზანგიოპროლიფერაციული გლომერულონეფრიტი და სწრაფად პროგრესირებადი გლომერულონეფრიტი. შევეცდებით, მოკლედ განვიხილოთ თითოეული მათგანი. პოსტინფექციური გლომერულონეფრიტი იმუნოკომპლექსური დაავადებაა. კომპლექსების წარმოშობას იწვევს ინფექცია (ხშირად - ბეტა ჰემოლიზური სტრეპტოკოკი), კომპლექსები ლაგდება სუბენდოთელიურად, გორგლის კაპილარის შიგნითა შრის - ენდოთელიუმის ქვეშ. პოსტინფექციური გლომერულონეფრიტი კლინიკურად შექცევადია, მეტადრე - ბავშვებში. დროული მკურნალობით შესაძლებელია დაავადების გაქრონიკულების თავიდან აცილება. მეზანგიოპროლიფერაციული გლომერულონეფრიტი ერთბაშად იწყება. შარდში ჩნდება დისმორფული (ფორმაშეცვლილი) ერითროციტები (ერითროციტურია), ცილა (პროტეინურია), ვლინდება შეშუპება, ოლიგოანურია - შარდის ოდენობის შემცირება ან მისი წარმოქმნის შეწყვეტა, არტერიული წნევის მომატება, თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, სისხლში კრეატინინის შემცველობის მატება. დაავადების ამ ფორმის დროს თირკმლის ქსოვილის სინათლის მიკროსკოპით გამოკვლევისას ვლინდება ნახევარმთვარისებრი ჩანართები. დაავადება პროგრესირებს, დაახლოებით 10 წლის შემდეგ ვითარდება თირკმელების ქრონიკული უკმარისობა. სწრაფად პროგრესირებადი გლომერულონეფრიტის დროს თირკმლის ფუნქცია სწრაფად ქვეითდება. არტერიული წნევა მაღალია. თავს იჩენს ავთვისებიანი ჰიპერტენზია. თირკმლის ქრონიკული უკმარისობა შესაძლოა რამდენიმე თვეში განვითარდეს. ნეფროზული სინდრომით მიმდინარე ნოზოლოგიებს ახასიათებს პოდოციტის სელექციური ანუ სეგმენტური ან დიფუზური დაზიანება. პოდოციტი სეგმენტურად ზიანდება მინიმალური ცვლილებების გლომერულონეფრიტის და ფოკალურ-სეგმენტური გლომერულოსკლეროზის დროს, ხოლო დიფუზურად - მემბრანული გლომერულონეფრიტის შემთხვევაში. მინიმალური ცვლილებების გლომერულონეფრიტი უმეტესად ბავშვთა ასაკში გვხვდება, მას ლიპოიდურ ნეფროზსაც უწოდებენ. დაავადების ეს ფორმა რემისიით მიმდინარეობს და თირკმლის ქრონიკული უკმარისობა შესაძლოა 20-25 წლის შემდეგ განვითარდეს. თირკმლის ქსოვილის ელექტრონული მიკროსკოპიით ვლინდება პოდოციტის ფეხისმაგვარი წანაზარდების გადასწორება. ფოკალურ-სეგმენტური გლომერულოსკლეროზი მოზარდებში გვხვდება. ის 3 ნაირსახეობად იყოფა - პირველადად, მეორეულად და ოჯახურად. პირველადის მიზეზი უცნობია. მეორეული დაკავშირებულია მედიკამენტებთან (ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები, რიფამპიცინი), ავთვისებიან სიმსივნეებთან, აივ ინფექცია/შიდსთან, ჩ ჰეპატიტთან, ჰეროინის მოხმარებასთან. ჰეროინის მოხმარება იწვევს მაკოლაბირებელ ფოკალურ-სეგმენტურ გლომერულოსკლეროზს, რაც თირკმლის გორგლებზე ჰეროინის ძლიერ ტოქსიკურ ზემოქმედებასთან არის დაკავშირებული.


- რას ეფუძნება გლომერულონეფრიტის დიაგნოსტიკა? უკანასკნელ ხანს პაციენტები ხშირად აღნიშნავენ, რომ დიაგნოსტიკის მიზნით მათ თირკმლის ბიოფსია შესთავაზეს. როგორია ბიოფსიის როლი გლომერულონეფრიტის დიაგნოსტიკაში, სარისკოა თუ არა ეს მანიპულაცია და რამდენად აუცილებელია მისი ჩატარება?
- გლომერულონეფრიტის დიაგნოსტიკა ემყარება პაციენტის ანამნეზს - გამოკითხვით მიღებულ მონაცემებს, ასევე - ლაბორატორიული გამოკვლევის, ექოსკოპიისა და თირკმლის ბიოფსიის მონაცემებს. უკანასკნელი საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ, დაავადების რომელი მორფოლოგიური ფორმა აქვს პაციენტს. თირკმლის ბიოფსია არის თირკმლის ქსოვილის გამოკვლევა პაციენტის სიცოცხლეშივე. საკვლევი ქსოვილი მიიღება კანქვეშა პუნქციით (სპეციალური ნემსით) ან ოპერაციული გზით. ბიოფსია ძალზე მნიშვნელოვანი გამოკვლევაა დიაგნოზის დადასტურებისა და მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის. ბიოპტატის მიკროსკოპიული გამოკვლევით მიღებული მონაცემები ათიდან 2 შემთხვევაში პრინციპულად ცვლის კლინიკურ დიაგნოზს, 3 შემთხვევაში კი არსებით გავლენას ახდენს მკურნალობაზე (ეს იმ შემთხვევებს ეხება, როცა ხდება დაავადების სტეროიდრეზისტენტული - ჰორმონებისადმი მდგრადი - ფორმების გამოვლენა). ბიოფსია რამდენადმე სარისკოც არის - მოსალოდნელია რიგი გართულება. მათი გათვალისწინებით დადგენილია მანიპულაციის აბსოლუტური უკუჩვენებები. თირკმლის ბიოფსია არ არის რეკომენდებული, როცა პაციენტს აქვს ერთადერთი მოფუნქციე თირკმელი, სისხლის შემდედებელი სისტემის პათოლოგია, თირკმლის არტერიის ანევრიზმა, თირკმლის ვენების თრომბოზი, ჩირქოვანი პარანეფრიტი, ჰიდრონეფროზი, თირკმლის ტუბერკულოზი, თირკმლის სიმსივნე. ბიოფსიის შედარებითი უკუჩვენებაა მაღალი არტერიული წნევა, თირკმლის გამოხატული უკმარისობა, კვანძოვანი პერიარტერიიტი, მიელომური დაავადება, ნეფროფტოზი (თირკმლის დაწევა), მოძრავი თირკმელი. ბიოფსიის შესაძლო გართულებებიდან აღსანიშნავია სისხლდენა თირკმლის მენჯში, საშარდე გზებში, რაც ვლინდება სისხლიანი შარდით - მაკროჰემატურიით. ზოგჯერ ვითარდება თირკმლის ჭვალის კლინიკური სურათი. შემთხვევათა 0,15-1,3%-ში მოსალოდნელია მასიური პარანეფრული სისხლჩაქცევა. ამ დროს თავს იჩენს ინტენსიური ტკივილი წელის არეში, ეცემა არტერიული წნევა. მიუხედავად ამ ყოველივესი, ბიოფსიის როლი თირკმლის მთელი რიგი დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ტაქტიკის შერჩევის თვალსაზრისით უდიდესი და შეუცვლელია.



გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
მაღალცხიმიანი და დაბალნახშირწყლოვანი დიეტა - LCHF: გახდომა სიამოვნებით - ეს დიეტა წვავს ცხიმებს.
არტერიულ ჰიპერტენზიასთან ბრძოლაში დიდი მნიშვნელობა აქვს ცხოვრების ჯანსაღ წესსა და რაციონალურ კვებას.
ექიმები დიდი ხანია ეძებენ უსაფრთხო დიეტას მოხუცებულთათვის, რომელიც უზრუნველყოფს ჭარბი წონის
კატეგორიის სხვა სტატიები
შარდ-კენჭოვანი დაავადების მკურნალობა რამდენიმე მეთოდით ხდება:
თირკმელების ქრონიკული უკმარისობის გამო ორგანიზმში მთელი შინაგანი გარემოს მუდმივობა ირღვევა, რაც საბოლოოდ
სისხლის გაწმენდის პრობლემა მედიცინის წინაშე ანტიკური ეპოქიდან იდგა.
თირკმლის გავრცელებულ დაავადებებზე გვესაუბრება კლინიკა “ვივამედის” დეპარტამენტის ხელმძ­ღვანელი,
შაქრიანი დიაბეტი თირკმელებს საკმაოდ ხშირად აზიანებს. პირველი ტიპი დიაბეტის მქონე ყოველ მესამე პაციენტს და
საბედნიეროდ, კარგა ხანია ისტორიას ჩაბარდა დრო, როცა თირკმლის გადანერგვისთვის, ანუ თირკმლის ტრანსპლანტაციისათვის,
ამერიკელმა მეცნიერმა და ექიმმა ბროდა ოტო ბარნსმა ენდოკრინოლოგიაში ჩატარებულ საინტერესო კვლევებზე დაყრდნობით აღმოაჩინა, რომ
სპეციალისტები არაერთხელ ამტკიცებდნენ, რომ სოციალური ქსელები იწვევს დეპრესიას, აქვეითებს ძილის ხარისხს, თვითშეფასებას.
იაპონიაში, ყველა მოქალაქე 40-დან 75 წლამდე, ვალდებულია წელის გარშემოწერილობის ზომა განისაზღვროს.
„ბოროტების ერთ-ერთი გამოვლინებაა აბორტი, როდესაც მკვლელობას მანიპულაცია ეწოდება, მკვლელს – დამსახურებული ექიმი, – ამის შესახებ