რა იწვევს თირკმელების ქრონიკულ უკმარისობას და როგორ მივიტანოთ ეჭვი დაავადებაზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა იწვევს თირკმელების ქრონიკულ უკმარისობას და როგორ მივიტანოთ ეჭვი დაავადებაზე

ყველა ორგანოსა და ქსოვილის ფუნქციობის მოშლას განაპირობებს. გამომწვევ მიზეზთა სხვადასხვაობის მიუხედავად, თირკმელებში მიმდინარე პათოლოგიური პროცესის პროგრესირების კვალად, სულ უფრო მცირდება ჯანსაღად მოფუნქციე ქსოვილის მოცულობა, რაც, თავის მხრივ, აზოტემიას ანუ სისხლში ცილოვანი ცვლის (დაშლის) აზოტოვანი პროდუქტების (შარდოვანას, კრეატინინის) მომატებულ შემცველობას იწვევს. რამდენადაც თირკმელები ვეღარ უმკლავდება ამ პროდუქტების გამოყოფას, აღნიშნული ნივთიერებები სხვა გზით გამოიყოფა (საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანი გარსითა და ფილტვებით). ვითარდება ურემია - ორგანიზმის თვითმოწამვლა. ადამიანებს აღენიშნებათ გულისრევა და ღებინება (ხორცის შემცველი საკვების შეძულება), დაუოკებელი წყურვილის შეგრძნება, ეწყებათ კრუნჩხვა, კუნთებისა და ძვლების ტკივილი.

რა იწვევს ძირითადად თირკმელების ქრონიკულ უკმარისობას, რა გართულებები ახლავს მას, ამ და სხვა სიანტერესო საკითხებზე გვესაუბრება საქართველოს დიალიზის, ნეფროლოგიისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის კავშირის თავმჯდომარე, ნეფროლოგიის განვითარების კლინიკური ცენტრის კლინიკური დირექტორი, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი - ირმა ჭოხონელიძე:

- ქალბატონო ირმა, რა იწვევს უხშირესად თირკმელების ქრონიკულ უკმარისობას?

- თირკმელების უკმარისობა არის სიმპტომოკომპლექსთა ერთობლიობა, რომელიც განპირობებულია ნეფრონთა სიკვდილით, ანუ შეუქცევადი პროცესია. ის შეიძლება განვითარდეს თირკმელების პირველადი ან მეორეული დაავადების შედეგად. თირკმელების უკმარისობის მიზეზი შეიძლება იყოს როგორც საკუთრივ თირკმელების, ასევე სხვა ორგანოებისა და სისტემების დაავადებებიც. მოზრდილებთან თირკმელების უკმარისობის ყველაზე გავრცელებული მიზეზია გულ-სისხლძარღვთა და ენდოკრინული პათოლოგიები, ასევე უროლოგიური და ონკოლოგიური დაავადებები.

თირკმელების ქრონიკული უკმარისობის უხშირესი მიზეზებია:

  • ავთვისებიანი ჰიპერტენზია;
  • ათეროსკლეროზი;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • გლომელურონეფრიტები (პირველადი და მეორეული ხასიათის);
  • თირკმელების თანდაყოლილი დაავადებები;
  • საშარდე გზების ქრონიკული ანთებითი დაავადებები.

სამწუხაროდ, თირკმელების დაავადებების გარკვეული ნაწილი შეუქცევადი ხასიათისაა და გამოიყენება ტერმინი “თირკმელების ქრონიკული დაავადება” (თქდ). ხშირ შემთხვევაში, თერაპიის ერთადერთი შედეგია თირკმლების უკმარისობის პროგრესირების შენელება, რაც არტერიული წნევის დარეგულირებისა და დაბალცილოვანი დიეტის დაცვით ხდება.

- რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს თირკმელების ქრონიკულ უკმარისობას?

- თირკმელების უკმარისობის ძირითადი გართულებებია ჰიპერტენზია და ჰიპერჰიდრატაცია.

თირკმელების გამომყოფი ფუნქციის დარღვევა უპირველესად ვლინდება ჰიპერჰიდრატაციითა და ჰიპერტენზიით. ჰიპერჰიდრატაციის კლინიკური გამოვლინებაა კოჭებისა და ტერფების შეშუპება, ასციტი, პერიკარდიტი, ასევე ფილტვების შეშუპება. ჰიპერტენზია ზრდის გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადების რისკს და ხელს უწყობს თირკმლის უკმარისობის პროგრესირებას. მსგავსი გართულებების ასარიდებლად აუცილებელია მუდმივი ანტიჰიპერტენზიული თერაპია და დიეტა - საკვებში სუფრის მარილის შეზღუდვა.

გართულებებიდან აღსანიშნავია ოსტეოპათიაც. თირკმელების უკმარისობის დროს ირღვევა თირკმელების მიერ D ვიტამინის აქტიური ფორმის სინთეზი. ეს უკანასკნელი კი აუცილებელია ორგანიზმისათვის სისხლში კალციუმის ნორმალური კონცენტრაციის შესანარჩუნებლად. გარდა ამისა, თირკმელების უკმარისობის დროს ორგანიზმში გროვდება ფოსფატები, რაც, თავის მხრივ, არაპირდაპირი გზით - ფარისებრახლო ჯირკვლის ჰორმონის გააქტიურებით - კიდევ უფრო ამცირებს სისხლში კალციუმის ნორმალურ შემცველობას. ყოველივე ამის შედეგად ვითარდება ძვლების სხვადასხვა სახის პათოლოგიები, რომლებიც “რენული ოსტეოპათიის” სახელწოდებით ერთიანდებიან.

პრევენციული ღონისძიების მიზნით პაციენტებს ეძლევათ რეკომენდაცია, შეამცირონ ფოსფატებით მდიდარი საკვების მიღება. ასევე საჭირო ხდება მუდმივად ისეთი პრეპარატების მიღება, რომლებიც ბოჭავენ ნაწლავებში ფოსფატებს და გამოდევნიან მათ ორგანიზმიდან სხვა ტოქსინებთან ერთად, ე.წ. ფოსფორშემბოჭავები. ხშირ შემთხვევაში პაციენტებისათვის აუცილებელია D ვიტამინის მეტაბოლიტების მიღება.

- რას გვეტყვით რენულ ანემიაზე (იმავე თირკმლისმიერ სისხლნაკლებობაზე)?

- მოგეხსენებათ, თირკმელებში გამომუშავდება ჰორმონი ერითროპოეტინი, რომელიც ძვლის ტვინის სისხლწარმომქმნელი ფუნქციის მასტიმულირებელია. თირკმელების უკმარისობის დროს მცირდება ერითროპოეტინის გამომუშავება, რაც იწვევს ,,რენული ანემიის” განვითარებას. ანემიის მქონე პაციენტებს აღენიშნებათ ძლიერი დაღლილობა, საერთო სისუსტე და სხვა. ანემიის კორექციისათვის პაციენტთათვის ნაჩვენებია ერითროპოეტინის დანიშვნა. ანემიის მკურნალობის კომპლექსურ თერაპიაში შედის რკინის პრეპარატებიც.

- როგორც ცნობილია, თირკმელების ქრონიკული უკმარისობის დროს პაციენტებს არ ასვენებთ ქავილი?

- ნამდვილად ასეა. თირკმელების უკმარისობის ერთ-ერთი გამოვლინებაა ქავილი. ზოგ შემთხვევაში ის უკავშირდება მეორეულ ჰიპერპარათირეოზს ან/და სისხლში კალციუმის ფოსფატების მაღალ კონცენტრაციას. მკურნალობის ძირითადი საშუალება ამ დროს ურემიული ტოქსინებისგან სისხლის წმენდაა. ზოგ შემთხვევაში ნაჩვენებია ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედი პრეპარატების გამოყენება. მძიმე შემთხვევებში მიმართავენ კანის ულტრაიისფერი სხივებით ფიზიოთერაპიას.

გართულებებიდან საყურადღებოა აგრეთვე ჰიპერქოლესტერინემია და ნეიროპათია.

თირკმელების ფუნქციის დაქვეითებასთან ერთად ხშირად სისხლში იმატებს ქოლესტერინის შემცველობა. გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებების ასარიდებლად აუცილებელია სისხლში ქოლესტერინის კონტროლი, მკაცრი დიეტა და ანტიქოლესტერინული პრეპარატებით მკურნალობა.

თირკმელების ქრონიკული უკმარისობის შედეგად ორგანიზმში ურემიული ტოქსინების დაგროვებამ შეიძლება გამოიწვიოს პერიფერიული პოლინეიროპათიაც. ეს უკანასკნელი შემდეგი სიმპტომებით ვლინდება: კიდურების დაბუჟება, კუნთებში სისუსტის შეგრძნება და ზოგჯერ კუნთების ადგილობრივი ხასიათის კრუნჩხვითი მოვლენები.

- რა ცვლილებები ვითარდება რეპროდუქციული სისტემის მხრივ?

- თირკმელების ქრონიკული უკმარისობის ფონზე ვითარდება რეპროდუქციული ფუნქციის დაქვეითება. თუ დაავადებულ მამაკაცებთან შეინიშნება ლიბიდოს დაქვეითება და ერექციული დისფუნქცია, რაც ხშირ შემთხვევაში გამოწვეულია ჰიპოგონადიზმით, ქალებთან ჰიპოგონადიზმი ვლინდება საშვილოსნოს დისფუნქციური სისხლდენებით ან ამენორეით (მენსტრუაციის უქონლობით). თირკმელების ქრონიკული დაავადების ტერმინალურ სტადიაში ირღვევა ორსულობის ნორმალური მიმდინარეობა, იზრდება ნაადრევი მშობიარობისა და აბორტების რისკი, ასევე ხშირია ნაყოფის განვითარების პათოლოგიები. აღსანიშნავია, რომ ქალებს თირკმლის წარმატებული ტრანსპლანტაციის შემდეგ აღენიშნებათ რეპროდუქციული ფუნქციის სრული აღდგენა.

- რა რეკომენდაციები ეძლევათ თირკმელების ქრონიკული უკმარისობის დროს პაციენტებს?

- რეკომენდაციები უპირველესად შეეხება დიეტას. თირკმელების ქრონიკული დაავადებით დაავადებული პაციენტებისათვის აუცილებელია დანიშნული დიეტის მკაცრად დაცვა და ექიმთან მუდმივი კონსულტაცია. თირკმელების ქრონიკული დაავადების ადრეულ სტადიაზე ჩვეულებრივ რეკომენდებულია ცილებისა და სუფრის მარილის შეზღუდვა. შორსწასულ სტადიებზე პაციენტებისათვის აუცილებელია დიეტის გამკაცრება: გარდა ზემოთ აღნიშნულისა, იზღუდება ფოსფატებისა და კალიუმის შემცველი პროდუქტები.

აღნიშნული შეზღუდვების შედეგად პაციენტებთან ხშირია მადის დაკარგვა და შეიძლება განვითარდეს კვების ნაკლოვანების ანუ ე.წ. მალნუტრიციის სინდრომი. აღნიშნული სინდრომის ადრეული გამოვლინებისას აუცილებელია პაციენტისათვის სპეციალური დიეტის შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს მას ბალანსირებული კალორიული კვებითა და ვიტამინების აუცილებელი რაოდენობით.