თირკმლის ანომალიები ბავშვებთან - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2019

თირკმლის ანომალიები ბავშვებთან

თირკმლის ანომალიები ბავშვებთან
თირკმლის განვითარების ანომალიები თირკმლის აგებულებისა თუ ფუნქციის თანდაყოლილი დარღვევაა, ის თანდაყოლილ მანკებს შორის ყველაზე ხშირი ანომალიაა. მათ შესახებ გვესაუბრება პედიატრი მარინა აფციაური.
- როგორი ნიშნებით გამოვლინდება თირკმლის განვითარების ანომალიები ბავშვებთან?

- სიმპტომები ერთი თირკმლის ანომალიის დროს არ შეინიშნება, ორივე თირკმლის დაზიანებისას კი შესაძლოა გამოვლინდეს:

  • ტკივილი წელის არეში (განუწყვეტელი);
  • არტერიული წნევის მომატება;
  • შეტევითი “კოლიკები” - მწვავე, პერიოდული ტკივილი წელის არეში;
  • ჰემატურია (შარდში სისხლის არსებობა);
  • შეცვლილი შარდი (შემღვრეული, ქაფიანი, “ხორცის ნარეცხის” ფერი);
  • სხეულის ტემპერატურის მომატება შემცივნებით;
  • შეშუპებისადმი მიდრეკილება;
  • ვარიკოცელე (სათესლე პარკის ვენების გაფართოება);
  • გაძლიერებული წყურვილი, სიმწარის გემო პირში;
  • თავის ტკივილები.

-
როგორი ანომალიები არსებობს?

- არსებობს თირკმლის სისხლძარღვთა ანომალიების სხვადასხვა ფორმა:

სისხლძარღვთა რაოდენობის ანომალიები:

  • დამატებითი არტერია;
  • ორმაგი არტერია;
  • მრავლობითი არტერიები;

სისხლძარღვთა მდებარეობის ანომალიები:

  • წელის;
  • მენჯის;

არტერიის ფორმისა და სტრუქტურის ანომალიები:

  • თირკმლის არტერიის ანევრიზმა;
  • სტენოზი;
  • თანდაყოლილი არტერიოვენოზური ფისტულები;
  • თირკმლის ვენების თანდაყოლილი ცვლილებები (მდებარეობა, ფორმა, რაოდენობა);

თირკმლის რაოდენობის ანომალიები:


თირკმლის ზომების ანომალიები:

  • ჰიპოპლაზია (პატარა, განუვითარებელი თირკმელი);
  • თირკმლის მდებარეობისა და ფორმის ანომალიები;
  • დისტოპია (არასწორი მდებარეობა);
  • თირკმლის სტრუქტურის ანომალიები;
  • მულტიკისტოზური თირკმელი (თირკმლის მთელი ქსოვილი წარმოდგენილია სითხით სავსე ბუშტუკების სახით);
  • პოლიკისტოზური თირკმელი (თირკმლის ქსოვილის უმეტესი ნაწილი ჩანაცვლებულია კისტებით);
  • ერთეული კისტები;
  • თირკმლის ტვინოვანი შრის ანომალიები;

შერწყმული ანომალიები:

  • შარდის ბუშტისა და შარდსაწვეთის რეფლუქსი სხვა ორგანოებისა და სისტემების ანომალიებთან ერთად.

- რა არის თირკმლის განვითარების ანომალიების მიზეზები?

- უმრავლეს შემთხვევაში მიზეზი უცნობია. უფრო ხშირად კი მათ გენეტიკური დაავადებები და მავნე ფაქტორები განაპირობებენ. მავნე ფაქტორებიდან, რომლებიც ორსულობის დროს ნაყოფზე მოქმედებს, გამოვყოფთ - მედიკამენტებს, სიგარეტს, ალკოჰოლს, ნარკოტიკულ საშუალებებს, ფიზიკურ ფაქტორებს (მაღალი ტემპერატურა, გამოსხივება).

- როგორ ხდება დიაგნოსტირება?

- უპირველესად, საჭიროა ჩივილების ანალიზი - იმის გარკვევა, რამდენი ხანია არსებობს ტკივილი წელის არეში, ტკივილის პერიოდულობა, ახლავს თუ არა ტემპერატურის ან წნევის მომატება, როგორ ემორჩილება დამწევ საშუალებებს და ა.შ.

ცხოვრების ანამნეზის ანალიზი - ბავშვობისას გადატანილი დაავადებები, შარდის გამომყოფი სისტემის ქრონიკული დაავადებების არსებობა, უახლოესი ნათესავების ქრონიკული დაავადებები და ა.შ.

  • შარდის საერთო ანალიზი;
  • სისხლის საერთო ანალიზი;
  • არტერიული წნევის კონტროლი;
  • თირკმელების პალპაცია;
  • ულტრაბგერითი გამოკვლევა;
  • ექსკრეტორული უროგრაფია;
  • მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია;
  • თირკმლის სისხლძარღვების ანგიოგრაფია.

მონაცემების შეჯამებით ისმება თირკმლის თანდაყოლილი პათოლოგიის დიაგნოზი, რაც მნიშვნელოვანია მკურნალობის სწორი ტაქტიკისათვის.

- როგორ მკურნალობენ ბავშვების თირკმლის განვითარების ანომალიას?

- უსიმპტომოდ მიმდინარეობისას მკურნალობა საჭირო არ არის, მაგრამ თუ პაციენტს ჩივილები აქვს, კონსერვატიულ მკურნალობას საჭიროებს. იგი მოიცავს დიეტოთერაპიას, არტერიული წნევის დამწევ საშუალებებს, ანტიბაქტერიულ პრეპარატებს.

თირკმლის ანომალიათა უმრავლესობა ოპერაციულ მკურნალობას საჭიროებს. სიცოცხლესთან შეუთავსებელი ზოგიერთი ანომალია კი (მაგ: ორმხრივი მულტიკისტოზური თირკმელი) დაბადებისთანავე იწვევს ახალშობილის სიკვდილს.

თუ ანომალია მხოლოდ ერთი თირკმლისაა ან უმნიშვნელოდ აქვეითებს თირკმლის ფუნქციებს, ბავშვის სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის.

თუ დროულად ვერ ამოიცნეს ან სწორად ვერ შეაფასეს ანომალია, შესაძლოა განვითარდეს გართულებები - ჰიდრონეფროზი, მწვავე ან ქრონიკული პიელონეფრიტი, შარდკენჭოვანი დაავადება, თირკმლის ატროფია, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა.

- რამდენად შესაძლებელია თირკმლის თანდაყოლილი ანომალიების არიდება?

- თირკმლის ანომალიების განვითარების პრევენცია გულისხმობს ორსულისგან გარკვეული ღონისძიებების შესრულებას, ესენია: ორსულობის დაგეგმვა და მომზადება, მეან-გინეკოლოგთან რეგულარული ვიზიტები, დიეტის დაცვა, სპეციალური ვიტამინების მიღება, ორსულის სამკურნალო ფიზკულტურა, ალკოჰოლის, სიგარეტის, ნარკოტიკების, გარკვეული მედიკამენტების მიღებისგან თავის შეკავება, სტრესული ნერვულ-ფსიქიკურ-ფიზიკური დატვირთვების გამორიცხვა.

- ბავშვთა ასაკში თირკმლის ონკოლოგიური დაავადებიდან ყველაზე ხშირია ვილმსის სიმსივნე (ნეფრობლასტომა). ის ძალზე ავთვისებიანია. რამდენად ხშირია ის და უკავშირდება თუ არა სქესს?

- სიმსივნის ეს ფორმა პირველად გერმანელმა ქირურგმა ჰაიდელბერგიდან, მაქს ვილმსმა აღწერა XX საუკუნის დასაწყისში. იგი ვითარდება მუცლადყოფნის პერიოდში, მისი ავთვისებიანობა ისაა, რომ სწრაფად იზრდება და მალევე იძლევა მეტასტაზებს. სიმსივნე აზიანებს თირკმლის მეზობელ ლიმფურ კვანძებს, ასევე ფილტვებსა და ღვიძლს.

68% 1-დან 5 წლამდე ბავშვები არიან, 16% - ჩვილები ერთ წლამდე, მათ შორის, უფრო ხშირად გოგონები, ვიდრე ვაჟები. სიმსივნე მოზრდილებთან ძალიან იშვიათია.

- როგორია დაავადების სიმპტომები?

- თავდაპირველად ბავშვებს არავითარი ჩივილი არ აქვთ. დაავადებულთა ძირითადი სიმპტომებია:

  • მკვრივი და თითქოს წინ გამობერილი მუცელი. მშობლები “ღიპის” არსებობას კარგ მადას უკავშირებენ, მხოლოდ სამედიცინო გასინჯვისას ექიმმა მუცლის პალპაციით შეიძლება აღმოაჩინოს ნეფრობლასტომა;
  • იშვიათად პირველი სიმპტომი მუცლის ტკივილი ან შარდში სისხლის მინარევია;
  • ბავშვი იკლებს წონას, შესაძლოა ჰქონდეს მაღალი სიცხე, ნაწლავთა მოქმედების დარღვევა (უფრო შეკრულობა), მაღალი წნევა, ხველა (მეტასტაზების გამო).

- როგორ სვამენ დიაგნოზს და როგორ მკურნალობენ?

- როცა ჩნდება ეჭვი სიმსივნეზე, უნდა ჩატარდეს გარკვეული ანალიზები და გამოკვლევები დიაგნოზის დასაზუსტებლად და მისი ფორმის დასადგენად, მკურნალობის სწორი ტაქტიკის შესარჩევად.

გამოკვლევებიდან მნიშვნელოვანია ულტრაბგერითი, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია. დიაგნოზის დასაზუსტებლად გადამწყვეტია მაღალი ხარისხის ტექნოლოგიები და ექიმის პროფესიონალიზმი.

საბოლოო დიაგნოზის შემდგომ ექიმი ადგენს მკურნალობის გეგმას. პროგნოზისთვის მნიშვნელოვანია დაავადების სტადია, ავთვისებიანობის ხარისხი.

მკურნალობა კომბინირებულია, ძირითადად, ოპერაციული და ქიმიოთერაპია.

- როგორია გამოჯანმრთელების შანსი?

- გამოჯანმრთელების შანსი უფრო დიდია, რაც ნაკლებად ავთვისებიანია სიმსივნე და დიაგნოზიც ნაადრევად არის დასმული. ასეთ შემთხვევაში დაავადებული ბავშვების 90% გამოჯანმრთელდება.

თუ ოპერაციამდელი ქიმიოთერაპიის კურსის შემდეგ და ოპერაციით სიმსივნის კერის სრული მოსპობა მოხერხდება, გამოჯანმრთელების შანსი 80%-ია.

რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ სტატისტიკა და ციფრებია. ნებისმიერი დაავადების განკურნება მეტწილად მის დროულ ამოცნობაზეა დამოკიდებული. ამაში კი ლომის წილი მშობლებს ეკუთვნით. მშობელი უნდა იყოს მაქსიმალურად დაკვირვებული, ყურადღებით ადევნოს თვალი შვილის ზრდა-განვითარების პროცესს და სულ უმნიშვნელო ცვლილებაც, ნორმიდან გადახრა, არ დატოვოს რეაგირების გარეშე და დროულად მიმართოს ექიმს.
გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 16-01-2019
თეონა
გამარჯობა ,ვარ 25 წლის ამ ზაფხულს დამეწყო მარცხენა თირკმლის პრობლემები ,რომელიც თანდაყოლილი აღმოჩნდა,უროლოგიის ეროვნულ ცენტრში ვიწექი ,მარცხენა თირკმლის ფიალები არის ორმაგი ,პანერქიმაში სისხლძარღვია ,რომელიც შევიწროებას იწვევს ანუ 3,5 მილიმეტრია , ფუნქცია თირკმელს აქვს ,თუმცა შარდი ძალიან დაბინძურებულია ,ხშირად სიხლნარევი ,ძალიან დიდი ტკივილები და გამუდმებული დისკომფორტის შეგრძნება,ხშირი ცისტიტი,წნევა,თავის ტკივილი .ექიმმა მითრა ,რომ ოპერაციულ ჩარევას აზრი არ აქვს ,მედიკამენტებიც მხოლოდ ანტიბიოტიკები ,რომელსაც ორგანიზმი შეეჩვია,ამ შემთხვევაში ვის მივმართო და რა გამოსავალი არსებობს თუ შეგიძლიათ ,რომ მითხრათ. და მთავარი კითვა შესაძლოა ამან ფეხმძიმობას ხელი შეუშალოს?
მსგავსი სიახლეები
მეცნიერებმა გამოიგონეს ახალი ანტიბიოტიკი კედარციდინი, რომელსაც ბაქტერიისა და კიბოს
02-06-2019
ჯანმრთელი სახსრები ბედნიერი ცხოვრების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია.
05-11-2018
ამპელოთერაპია - ყურძნით მკურნალობა ამპელოთერაპია სპეციალური ჯიშის ყურძნით მკურნალობის უძველესი მეთოდია,
05-11-2018
დიეტოლოგია
დიეტური კვება აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას და უზრუნველყოფს მის დროულ დაცლას;
წონის კორექციის მსურველებს დიეტოლოგები რამდენიმე რჩევას აძლევენ - არ შეიძლება ისეთი აბებისა თუ
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
კატეგორიის სხვა სტატიები
როგორც იაპონელი მედიკოსები გვაფრთხილებენ, თუ ადამიანი ღამის განმავლობაში რამდენიმეჯერ დგება შარდვის
ადამიანის ორგანიზმში იმუნურ და ნერვულ სისტემებს შორის რომ გარკვეული კავშირია, ამ საკითხს მსოფლიოს სხვადასხვა
შარდ-კენჭოვანი დაავადების მკურნალობა რამდენიმე მეთოდით ხდება:
თირკმელების ქრონიკული უკმარისობის გამო ორგანიზმში მთელი შინაგანი გარემოს მუდმივობა ირღვევა, რაც საბოლოოდ
სისხლის გაწმენდის პრობლემა მედიცინის წინაშე ანტიკური ეპოქიდან იდგა.
თირკმლის გავრცელებულ დაავადებებზე გვესაუბრება კლინიკა “ვივამედის” დეპარტამენტის ხელმძ­ღვანელი,
ზაფხული, სხვა ღირსებებთან ერთად, ხილის, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა.
ჩვენს განწყობას ჩვენივე ტვინის ქიმია განსაზღვრავს. მისმა მცირე ძვრამაც კი შეიძლება დეპრესია გამოიწვიოს.
ბებიაჩემი გამუდმებით ჩამჩიჩინებს, რომ კანი კოსმეტიკით არ უნდა გადავტვირთო, რომ კონსერვანტები ზამთარშიც ეყოფა, ახლა კი დასვენება და ცოცხალი ვიტამინები სჭირდება. მართლა ასეა თუ არა?


ბაღი ნამდვილად ყველა სახლს დაამშვენებს. ბაღიან ეზოში დასვენება, განტვირთვა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად