თირკმლის კისტოზური დაავადება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თირკმლის კისტოზური დაავადება

კისტა საფრთხეა - რადგან შეიძლება ავთვისებიან წარმონაქმნად გადაგვარდეს, ამიტომ ნებისმიერ ორგანოში არსებული კისტები მუდმივ მეთვალყურეობას საჭიროებენ. თირკმლის კისტა საკმაოდ ხშირია და უფრო მეტად 40 წელს გადაცილებულ მამაკაცებთან გვხვდება.

თირკმლის კისტის სახეობები

სხვა ორგანოთა კისტების მსგავსად, თირკმლის კისტაც თხელკედლებიანი ერთგვარი კაფსულაა, რომლის შიგნითაც სითხეა. ის შესაძლოა განვითარდეს თირკმლის ნებისმიერ ადგილას, იყოს ერთეული სახით ან მრავლობითი - პოლიკისტოზი.

თირკმლის კისტოზური დაავადების გამომწვევი მიზეზები და მექანიზმი დღემდე ბოლომდე დაუდგენელია. მისი რამდენიმე სახეობაა ცნობილი.

სოლიტარული კისტა

ეს არის მომრგვალო ფორმის სეროზული სითხით სავსე კაფსულა, რომელსაც არც განტოტებანი და არც სხვა ორგანოებთან შემაერთებელქსოვილოვანი კავშირები არ აქვს, მას მეორენაირად თირკმლის მარტივ კისტასაც უწოდებენ. ის თითქმის ყოველთვის ერთეულია და მხოლოდ ერთ-ერთ, უფრო ხშირად, მარცხენა თირკმელშია და უპირატესად - მამაკაცებთან.

სოლიტარული კისტა, უმეტეს შემთხვევაში, თანდაყოლილია, თუმცა შესაძლოა შეძენილიც იყოს და განვითარდეს ტრავმის ან იმ დაავადებების შედეგად, რომლებიც შარდის ნორმალურ გადინებას არღვევენ, ამ დაავადებათა შედეგად შარდი თირკმელში საჭიროზე მეტხანს გუბდება და იწვევს მის ქსოვილთა კედლის გამოზნექას, რომლებიც დროთა განმავლობაში კისტებად ყალიბდებიან.

როგორ ამოვიცნოთ სოლიტარული კისტა?

სოლიტარული კისტის გამოვლენის სიმპტომატიკას მეტწილად განსაზღვრავს მისი ზომა და თანმდევი დაავადებები.

თუ კისტა იზრდება და ამას ერთვის ინფექცია, პაციენტები უჩივიან სიმძიმესა და ყრუ ტკივილებს წელის არეში, მარჯვნივ ან მარცხნივ.

თუ კისტა საკმაოდ დიდი ზომისაა და შარდის შეგუბებას იწვევს, მაშინ ანთებითი პროცესი ძლიერდება, მას ერთვის სხეულის ტემპერატურის მატება, კანკალი, შეციება და ძლიერი ტკივილები, აგრეთვე შარდის შემღვრევაც.

მარტივ კისტებს არ ახასიათებს დაჩირქება, მაგრამ ეს შესაძლოა მოხდეს ინფექციის არსებობისას, ამ დროს ტკივილი კიდევ უფრო ძლიერია და ის წელის გარდა მუცელზეც ვრცელდება.

კისტის არსებობისას შედარებით საგულისხმოა ისეთი სიმპტომების გამოვლენა, როგორებიცაა შარდის რაოდენობის შემცირება ან მისი გამოყოფის სრული შეწყვეტა, აგრეთვე სისხლის მინარევები შარდში.

რას ითვალისწინებს მკურნალობა?

მკურნალობის ძირითადი სტრატეგია მასზე მუდმივი დაკვირვებაა. აუცილებელია კისტის ზომის მონიტორინგი, თუ მისი აქტიური ზრდა შეიმჩნევა, რაც თირკმლის მუშაობის გაუარესების მიზეზი შეიძლება გახდეს, საჭიროა კისტის მოცილება ქირურგიული გზით.

ქირურგიული მკურნალობისას გასათვალისწინებელია კისტის სახეობა, მისი მდებარეობა და პაციენტის მდგომარეობა. იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებელია მხოლოდ კაფსულის მოცილება, მაშინ მხოლოდ კისტა იკვეთება, თუკი იგი ღრმად არის ქსოვილში და ორგანოს სიღრმეშია, მაშინ შესაძლოა მთელი ორგანოს ამოკვეთაც გახდეს საჭირო.

თუმცა, ვიდრე კისტის ქირურგიული მკურნალობის საკითხი დადგება, აუცილებელია არსებობდეს ამისთვის შესაბამისი ჩვენებები, კერძოდ:

  • ძლიერი ტკივილი წელის არეში, რომელიც მუცელზეც ვრცელდება;
  • თირკმლის ფუნქციის მოშლა და შარდის ნორმალური გამოყოფის პროცესის დარღვევა;
  • შარდის ფერის შეცვლა, მისი გამუქება და შემღვრევა;
  • კისტის ზომა აღემატება 4 სმ-ს;
  • კისტა სწრაფად იზრდება და არსებობს მისი ავთვისებიან წარმონაქმნად გადაგვარების საშიშროება.

გართულებული სოლიტარული კისტა

გართულებათა შორის აღსანიშნავია სოლიტარული კისტის გასკდომა. ასეთ დროს მისი შიგთავსი იღვრება მუცლის ღრუში და იწვევს ანთებით პროცესს, რაც დროული დახმარების გარეშე შესაძლოა პაციენტისთვის ლეტალურად დასრულდეს.

სხვა ტიპის თირკმლის კისტებიდერმოიდული კისტა

ეს თირკმლის თანდაყოლილი ანომალიაა, რომლის შიგთავსიც არა სეროზული სითხე, არამედ კანის ნაწილები, ცხიმი, ეპიდერმისი და თმა შეიძლება იყოს, ამ კისტის წარმოქმნის მიზეზიც ბოლომდე დაუდგენელია.

ღრუბლისებრი თირკმელი

ამ პათოლოგიისას თირკმლის მილაკოვან სისტემაში ვითარდება ერთროულად მრავლობითი, მცირე ზომის კისტები. თირკმელი გარეგნულად მრავლობითჩანართიან ღრუბელს წააგავს.

მულტიკისტოზი

ეს საკმაოდ იშვიათი პათოლოგიაა, რომელიც აზიანებს თირკმლის დიდ ნაწილს და მას ნორმალურად ფუნქციობის საშუალებას არ აძლევს. გარეგნულად თირკმელი წააგავს ერთ დიდი ზომის კისტას, ამ შემთხვევაში შესაძლოა დაუზიანებელი იყოს თირკმლის მცირე მონაკვეთი, რომელიც ჩვეულებრივ ასრულებს თავის ფუნქციას, თუმცა ამას სრულ ფილტრაციას ვერ ვუწოდებთ.

პოლიკისტოზი

ამ პათოლოგიისას ორივე თირკმელი ზემოდან დაფარულია მრავლობითი კისტებით და გარეგნულად ის ყურძნის მტევანს წააგავს. დადგენილია, რომ პოლიკისტოზის განვითარების მთავარი მიზეზი ამ მდგომარეობისადმი მემკვიდრული წინასწარგანწყობაა.

თავად კისტები ერთმანეთისგან შიგთავსის მიხედვითაც განირჩევიან: ზოგიერთნი სეროზულ შიგთავსს შეიცავენ, ზოგნი ჰემორაგიულს - სისხლის მინარევებით, ზოგიერთნი ჩირქს და ზოგნი კი - ქვებს.

საფრთხის მიხედვით ნაკლებსაშიშნი არიან თხელკედლიანი კისტები, ისინი ულტრაბგერითი გამოკვლევისას კარგად დიაგნოსტირდებიან, შედარებით საშიშია სქელკედლიანი განტოტებების მქონე კისტები.

როგორ დავიცვათ თავი?

რამდენადაც კისტის განვითარების ზუსტი მიზეზები დღემდე დაუდგენელია, არ არსებობს კისტის განვითარების 100%-ით ასარიდებელი პროფილაქტიკური საშუალებაც.

პროფილაქტიკის ერთ-ერთ რეალურ გზად რჩება რეგულარული გამოკვლევები, განსაკუთრებით მათი, რომელთა ახლო ნათესავებსაც ჰქონდათ აღნიშნული პათოლოგიები.