სეფსისის დიაგნოსტიკა, მკურნალობა და პროფილაქტიკა

ინფექციონისტი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი მაია კანაშვილი.
რა არის სეფსისი?
- სეფსისი უძველესი დროიდან ცნობილი დაავადებაა. ხალხში მას სისხლის მოწამვლის სახელწოდებით იცნობენ. თანამედროვე გაგებით, სეფსისი ინფექციური დაავადების მძიმე ფორმაა, რომლის დროსაც ინფექციის გამომწვევი სისხლით მოითესება მთელ ორგანიზმში.
შედეგად მრავალ ორგანოში ყალიბდება ჩირქოვანი და არაჩირქოვანი ანთების კერები, ირღვევა ანთების შედეგად დაზიანებულ ორგანოთა ფუნქციები, რაც სწორად წარმართული მკურნალობის გარეშე უცილობელი სიკვდილით მთავრდება. ეს დაავადება ყველა ასაკში შეიძლება შეგვხვდეს, ადრეული ბავშვობიდან დაწყებული, ღრმა მოხუცებულობამდე.
რა იწვევს და რა უწყობს ხელს მის განვითარებას?
- სეფსისის მრავალი რისკფაქტორია ცნობილი: შაქრიანი დიაბეტი, მშობიარობა, ქირურგიული ოპერაციები, სტომატოლოგიური მანიპულაციები, ტრავმები, ონკოპათოლოგია და მის წინააღმდეგ მიმართული ქიმიოთერაპია, სამკურნალო საშუალებების, განსაკუთრებით - ანტიბიოტიკებისა და ჰორმონების, დაუსაბუთებელი, არამიზნობრივი გამოყენება და სხვა, ანუ ყველაფერი ის, რაც არღვევს ორგანიზმის ბუნებრივ თავდაცვას და გზას უხსნის ინფექციას სისხლისკენ.
ამჟამად დამკვიდრებული აზრი, რომ სეფსისი მხოლოდ იმუნიტეტდაქვეითებულთა ხვედრია, მცდარია. მართალია, ამა თუ იმ მიზეზით დაქვეითებული იმუნიტეტი სეფსისის განვითარების მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ
სეფსისი ნორმალური იმუნიტეტის მქონე, სავსებით ჯამრთელ ადამიანსაც შეიძლება დაემართოს, თუ მის ორგანიზმში ძლიერი, როგორც ექიმები ვამბობთ, მაღალი ვირულენტობის მქონე მიკრობი მოხვდა.
რა სიმპტომებით ვლინდება სეფსისი?
- სეფსისის ყველაზე გავრცელებული სიმპტომია ცხელება, სხეულის ტემპერატურის მომატება, რომელსაც ხშირად თან ახლავს შემცივნებაც. მიუხედავად იმისა, რომ სეფსისი მრავალი ორგანოს: ფილტვის, გულის, ღვიძლის, ელენთის, თირკმელების, - ანთებით დაზიანებას გულისხმობს, საწყის ეტაპზე ცხელება ხშირად ამ დაავადების ერთადერთი სიმპტომია.
სხვადასხვა ორგანოს დაზიანებით გამოწვეული ჩივილები - ძლიერი საერთო სისუსტე, ჰაერის უკმარისობა, სხვადასხვა ლოკალიზაციის ტკივილი და სხვა - მოგვიანებით, უკვე შორს წასულ შემთხვევებში იჩენს თავს, დაგვიანებული დიაგნოსტიკა კი საგრძნობლად ზრდის სიკვდილის რისკს.
გენიალურ ექიმს, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილს, სეფსისის დროული დიაგნოსტიკის უმარტივესი ფორმულა ჰქონდა: თუ ადამიანს სამ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში აქვს გაურკვეველი ცხელება ან ცხელება, რომელიც ინფექციის სისხლში მოხვედრის ხელშემწყობ ფაქტორს: მცირე ან დიდ ოპერაციას, სტომატოლოგიურ ან სხვა პროცედურას, მცირე ან დიდ ტრავმას, შემოფარგლულ ჩირქოვან პროცესს - ძირმაგარას, კარბუნკულს, ქოლეცისტიტს, - მოჰყვა, საჭიროა ასეთი ავადმყოფის გამოკვლევა სპეციალიზებულ - გაურკვეველი ცხელებისა და სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრში.
ასეთმა მიდგომამ უამრავი სეფსისით დაავადებული გადაარჩინა, რადგან, მართალია, არა ყოველთვის, მაგრამ ზოგ შემთხვევაში ცხელების მიღმა სწორედ სეფსისის ადრეული სტადია იმალებოდა. სწორედ ამ მარტივი ფორმულის საშუალებით შემცირდა საქართველოში სეფსისით სიკვდილიანობა 50-65-დან დაუჯერებელ 4-5%-მდე.
სეფსისის დიაგნოსტიკის რა მეთოდები და საშუალებები არსებობს?
- სეფსისის დიაგნოსტიკისთვის დღევანდელ მედიცინას მრავალი ინსტრუმენტული და ლაბორატორიული მეთოდი მოეპოვება, რაც დიდად ეხმარება ექიმს სწორ და დროულ დიაგნოსტიკაში, მაგრამ თანამედროვე მაღალტექნოლოგიური მეთოდებიც კი ვერ ცვლის ექიმის გამოცდილებას. გამოკვლევის სწორად დაგეგმვა, მიღებული შედეგების სწორად შეფასება, რაც დაავადების სიმპტომებთან შეჯერებით ხდება, მხოლოდ გამოცდილ ექიმს შეუძლია. სხვაგვარად ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევის შედეგები არათუ ვერ დაგვეხმარება, შესაძლოა, დიაგნოსტიკური შეცდომის წყაროდაც კი იქცეს.
ამის უკეთ გასაგებად ერთ მაგალითს მოვიყვან. ვ. ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში, რომელიც სეფსისისა და გაურკვეველ ცხელებათა კვლევასა და მკურნალობას ემსახურება, ხშირად მოდიან ავადმყოფები გახანგრძლივებული, გაურკვეველი წარმოშობის ცხელებით. მათ დიდ ნაწილს გამოკვლევის პასუხების მთელი დასტა მოაქვს, მათ შორის - ხახის ნაცხის ბაქტერიოლოგიური კვლევის პასუხიც, რომელშიც ჩანს ამოთესილი მიკრობი და ანტიბიოტიკებისადმი მისი მგრძნობელობა. ასეთ ავადმყოფებს, წესისამებრ, ამოთესილი მიკრობის მგრძნობელობის გათვალისწინებით, მიღებული აქვთ ანტიბიოტიკიც, ხშირად - არაერთი. რეალურად კი ამოთესილ მიკრობს არაფერი აქვს საერთო დაავადების რეალურ მიზეზთან. იგი ადამიანის პირის ღრუს ნორმალური მიკროფლორის ნაწილია და მასთან ბრძოლა მხოლოდ აზარალებს პაციენტს. ანტიბიოტიკი სპობს ნორმალური მიკროფლორის შემადგენელ მიკრობებს, რითაც გზას უკვალავს და აძლიერებს დაავადების რეალურ გამომწვევს, გამოუმუშავებს მას გამძლეობას (რეზისტენტობას), წამლავს ადამიანის ორგანიზმს და, რაც მთავარია, იკარგება დრო, გვიანდება სწორი დიაგნოსტიკა, რაც ზოგჯერ საბედისწერო შედეგით სრულდება.