ნარკომანია - სენი თუ ცოდვა
- მამაო იოსებ,რატომ იწყებს ადამიანი ნარკოტიკების მოხმარებას, როდესაც თვალწინ უამრავი მაგალითი აქვს გაუბედურებული, დეპერსონიზებული, დეგრადირებული, მარტო დარჩენილი, ყველასგან გარიყული და მიტოვებული პიროვნებისა, რომელსაც მატერიალური თუ სულიერი თვალსაზრისით აღარაფერი შერჩენია?
- რაოდენ მძიმეა ეს ცოდვა და, მიუხედავად ამისა, ადამიანი მაინც მიდრეკილია მისკენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ვნება საკმაოდ ძლიერია და შესაძლოა ბევრად უფრო ძლიერიც, ვიდრე სხვა ვნება. გარდა ამისა, ადამიანი მაინც დაცემული არსებაა. ჰგონია, თავად არ ჩავარდება იმ მდგომარეობაში, რომელშიც სხვა აღმოჩნდა. მე ისეთი ამბავიც კი გამიგონია, როდესაც მეგობარმა მეგობრის გამო დაიწყო ნარკოტიკის მოხმარება, რათა დაემტკიცებინა მისთვის, რომ წამლის გადაგდება და განკურნება შესაძლებელი იყო, მაგრამ ამ სენისგან თავის დაღწევა ვეღარ მოახერხა. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს ასეთი მაგალითები აქვს, მაინც მიიდრიკება ამ ცოდვისკენ. უნდა გვახსოვდეს, რომ ვინც ცოდვას აღასრულებს, ხდება იმ ცოდვის მონა, როგორც უფალი ბრძანებს: “რომელმან ჰქმნეს ცოდვა, იგი მონაი ცოდვისაი არს”. ყველა, ვინც რაიმე ცოდვით ცხოვრობს, მონაა იმ ცოდვისა. ამიტომ ნარკომანი არის მონა ნარკოტიკისა, რომლის გამოც შესაძლოა უკიდურესობამდე მივიდეს და ისეთ სასოწარკვეთილებაში ჩავარდეს, რომ თავიც მოიკლას, ისეთ სიმდაბლემდე დაეცეს, რომ ოჯახზეც კი უარი თქვას და ერთი დოზისთვის დათმოს ყველაფერი, რაც კი ღირსეული და წმინდაა ადამიანის ცხოვრებაში.
- შესაძლებელია ამ ცოდვისგან განკურნება?
- რა თქმა უნდა, შესაძლებელია ქრისტეს მადლით, ეკლესიის ლოცვით. ყველას, ვინც გადაწყვეტს, თავი დააღწიოს ამ ცოდვას, რა თქმა უნდა, ეკლესია დაეხმარება. ეკლესიის ლოცვა-კურთხევა, მისი წმიდა საიდუმლოებანი, უფლის მადლმოსილება შეეწევა ასეთ ადამიანს გასაჭირში.
- როგორ შევინარჩუნოთ იმედი?
- ადამიანმა იმედი არ უნდა დაკარგოს. რა საშინელ მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს და რა საშინელი ცხოვრებითაც არ უნდა ეცხოვროს, რა ცოდვაც არ უნდა ჩაედინოს, უფალი მიუტევებს, თუ თავად მოინდომა ეს. ნარკოტიკების არაერთ მომხმარებელს დაუღწევია თავი ამ ცოდვისაგან და შესდგომია ჩვეულებრივ ცხოვრებასა და საქმიანობას, ზოგი ბერადაც კი აღკვეცილა.
- ძალზე საყურადღებოა საზოგადოების დამოკიდებულება ასეთი ადამიანებისადმი. ხშირად ნარკომანის დამღა სამუდამოდ რჩებათ, ან კიდევ განიკითხებიან, როდესაც მათ ეკლესიის მსახურებად ხედავენ...
- როგორც წმიდა ეფრემ ასურის ლოცვაშია: “მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათაი და არა განკითხვად ძმისა ჩემისაი”. ჩვენ ყველანი მოვდივართ იმ კომუნისტური საზოგადოებიდან, სადაც ეკლესიური განათლება, ეკლესიური ცხოვრება და ქრისტიანული მოღვაწეობა თითქმის არ არსებობდა. ყველა მეტ-ნაკლებად ცოდვით იყო დაავადებული და ურწმუნოების მორევში ცხოვრობდა. განმმარტებლებს უთქვამთ ფარისევლისა და მეზვერის იგავის მაგალითზე: ფარისეველს ჰგონია, რომ მართალია; სინამდვილეში მართალი არავინაა, გარდა უფლისა. უფალია მხოლოდ და მხოლოდ ბუნებითი სიწმინდე, სიმართლე და სათნოება. სხვას ყველაფერს ცოდვის აჩრდილი ადგას, თუ თავად ცოდვით არ არის დაავადებული. ასე რომ, ჩვენ ასე არ უნდა მივუდგეთ ადამიანებს. ღვთის უდიდეს მადლად და წყალობად უნდა ჩავთვალოთ, როდესაც ასეთი ადამიანიც ხდება ჭეშმარიტი ქრისტიანი, როგორც ეს თავის დროზე გვაჩვენეს ჯვარცმულმა ავაზაკმა, მარიამ მაგდალინელმა, მარიამ მეგვიპტელმა, მოსე შავმა და სხვებმა. ეს ადამიანები, მიუხედავად მძიმე წინარე ცხოვრებისა, შეიქმნენ უდიდესი წმინდანები. ყოველივე ეს ადასტურებს, რაოდენ გულმოწყალეა უფალი და როგორ აჯილდოებს ასეთ ადამიანს მადლმოსილებით. ყველას, ვინც გადაწყვეტს უფლისკენ მოქცევას, უფალი აუცილებლად შეეწევა და ის მარტო აღარ იქნება იმ ბრძოლაში. ყველა ადამიანი ცოდვაში და ცოდვასთან არის მარტო, მაგრამ საღვთო ბრძოლაში, რაც უფრო მძიმეა ეს ბრძოლა, მით მეტია შეწევნა უფლისა. მთავარია, ყველას ჰქონდეს იმის სასოება, რომ უფალი ხელს აღუპყრობს, მოაქცევს ცოდვისაგან და გაათავისუფლებს ტირანიისგან, რომელშიც ის არის ჩავარდნილი. ოღონდ ადამიანმა არჩევანი თავად უნდა გააკეთოს. ჩვენ რაც არ უნდა ვუქადაგოთ თუ დავაძალოთ, არაფერი გამოგვივა, თუ არ იქნება მისი თავისუფალი ნებელობა. შეიძლება გავიხსენოთ აბო ტფილელის მაგალითი - როდესაც მსაჯული ეკითხება მას: რა არის შენი რწმენის მიზეზი, რომლისთვისაც ყველაფერს თმობ, სიცოცხლესაც კიო, - აბო უპასუხებს: მიიღე ქრისტიანობა და თვითონ ნახე, რა სიტკბოებაა ესო. მიიღოს ყოველმა ადამიანმა ქრისტე, გულწრფელი და მონანული გული ჰქონდეს და თვითონვე ნახავს, როგორ შეეწევა მას უფალი. თავად იგრძნობს უფლის ძალმოსილებას და თვითონაც გაიზიარებს და შეიმეცნებს იმ ძალას, რასაც უფალი თავის ჭეშმარიტ მორწმუნეებს მისცემს. ჩვენზე არავინ ძალადობს, ჩვენ ნებით ვირჩევთ სიკეთესაც, ბოროტებასაც და ცოდვასაც, ნებით ვვარდებით განსაცდელში და, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ჩვენივე ნებით ამ ბოროტებისგან თავის დახსნა. ჩვენი ნებით, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ უფლის შეწევნით. “არარაი ძალგიძთ ქმნად თვინიერ ჩემსაო”, - ასწავლის უფალი თავის მოწაფეებს და ყველა მორწმუნეს.