ნარკოტიკები და ნარკომანია
როგორი ნარკოტიკები არსებობს?
არსებობს ნარკოტიკული ნივთიერებების რამდენიმე ჯგუფი:
1. ოპიოიდური ანალგეტიკები (ჰეროინი, მორფინი, კოდეინი, პრომედოლი და სხვა). ისინი იწვევენ ეიფორიას, გაუტკივარებას, მოდუნებას, პასიურობას, ძლიერ ფსიქიკურ და ფიზიკურ დამოკიდებულებას. დოზის გადაჭარბებისას ხშირია სიკვდილი სუნთქვის გაჩერების გამო (სასუნთქი ცენტრის დამბლის მიზეზით).
2. სტიმულატორები (კოკაინი, ამფეტამინი, კოფეინი). ეს ჯგუფი იწვევს ფიზიკური და გონებრივი აქტიურობის სტიმულაციას, ეიფორიას. მიიჩნევა, რომ კოკაინის მოხმარების შედეგად ყალიბდება ყველაზე ძლიერი ფსიქიკური დამოკიდებულება. სტიმულატორების დოზის გადაჭარბებას ხშირად მოსდევს ჰიპერტონიული კრიზი, ინსულტი და მიოკარდიუმის ინფარქტი.
3. ალკოჰოლი. ის აღაგზნებს, ხოლო დოზის გაზრდისას თრგუნავს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, არღვევს მოძრაობის კოორდინაციას და არტიკულაციას. იწვევს ფიზიკურ და ფსიქიკურ დამოკიდებულებას. ზედოზირებას მოსდევს კომა. სუნთქვის ცენტრის დამბლამ შესაძლოა სიკვდილიც გამოიწვიოს ან ადამიანი დაახრჩოს ღებინების დროს სასულეში გადაცდენილმა საკვების მასამ.
4. ნიკოტინი. ის ყველაზე გავრცელებული ნარკოტიკია. აღაგზნებს ნერვულ სისტემას. მისი მოხმარების დროს ფორმირდება დამოკიდებულების ორივე სახე. მეტად შხამიანია, მაგრამ მოწევის დროს სასიკვდილო დოზების მიღება პრაქტიკულად შეუძლებელია.
5. ტრანკვილიზატორები და ძილის მომგვრელები. მათი საწყისი ეფექტი ალკოჰოლით თრობას ჰგავს, რომელიც შემდეგ ძილიანობით იცვლება. მიღებისას სწრაფად იწვევენ ღრმა ძილს.
6. ბარბიტურატები (ფენობარიტალი, ციკლობარბიტალი და მათი მსგავსები). მათ მიმართ როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური დამოკიდებულება საკმაოდ სწრაფად ყალიბდება. ვითარდება სოციოფობია და აგორაფობია. დოზის გადაჭარბების დროს მოსალოდნელია სიკვდილი სასუნთქი ცენტრის დამბლის გამო.
7. ბენზოდიაზეპინები და მათი მსგავსი ნივთიერებები (დიაზეპამი, ტრიაზოლამი, ზოლპიდემი და სხვა). ისინი ბარიტურატებზე მსუბუქად მოქმედებენ. იწვევენ ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას, ხოლო დიდი დოზების ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში - ფიზიკურსაც. ზედოზირებისთვის დამახასიათებელია ხანგრძლივი სოპოროზული მდგომარეობა. სიკვდილი იშვიათია.
8. ჰალუცინოგენები (ფსიქომიმეტიკები).
- ფსიქოდელიკები (ლსდ, ფსილოციბინი, მესკალინი და სხვა). ეს ნივთიერებები იწვევს აზროვნების ძლიერ დარღვევას, ილუზიებსა და ჰალუცინაციებს. ზედოზირების დროს სიკვდილის ფაქტები პრაქტიკულად უცნობია, თუმცა შესაძლოა მოხდეს უბედური შემთხვევა დეზორიენტაციის ან უჩვეულო შესაძლებლობების ცრუ შეგრძნების გამო (საგზაო შემთხვევები, სიმაღლიდან ვარდნა, დამწვრობა, ელექტროტრავმა).
- დელირიანტები (ქოლინორეცეპტორების ბლოკატორები: ატროპინი, სკოპოლამინი, ტარენი, ციკლოდოლი და სხვა). მათი მიღებისას ვითარდება მწვავე ფსიქოზის ნიშნები (ჰალუცინაციებით, ძლიერი დეზორიენტაციით, ამნეზიით და სხვა). სასიკვდილო ზედოზირება მოზრდილებში იშვიათია (ბავშვებსა და მოზარდებში - შესაძლოა). დამახასიათებელია უბედური შემთხვევები.
- დისოციაციური ანესთეტიკები (ფენციკლიდინი, კეტამინი და სხვა). ეს ნივთიერებები იწვევს ფსიქიკური ფუნქციების სხეულის ფუნქციებისგან გამოყოფას, არღვევს სხეულის აღქმის ფუნქციას, ქმნის სხვაგან (გამოგონილ ან რეალურ ადგილას) ყოფნის ილუზიას. კეტამინი მედიცინაში გამოიყენება სანარკოზე ნივთიერებად, რომელიც არ თრგუნავს სასუნთქ და სისხლის მიმოქცევის ცენტრებს, თუმცა მის ზედოზირებას შესაძლოა კომა მოჰყვეს, იშვიათად - სიკვდილიც, წინასწარგანწყობილ ადამიანებში კი - ჰიპერტონიული კრიზი.
ჰალუცინოგენები ფიზიკურ დამოკიდებულებას არ იწვევს, ფსიქოლოგიური კი ყალიბდება, თუმცა იშვიათად.
9. კანაბისის პროდუქტები (მარიხუანა, ჰაშიში და სხვა). იწვევს მოდუნებას, სიმსუბუქის შეგრძნებას, აღქმის გამძაფრებას, აუარესებს მეხსიერებას, აძლიერებს მადას. ფიზიკური დამოკიდებულება არ ყალიბდება, ფსიქიკური კი მსუბუქადაა გამოხატული. ზედოზირებას სისუსტე, დეზორიენტაცია, შიშის შეგრძნება მოსდევს. სასიკვდილო ზედოზირება შემჩნეული არ არის.
როგორ მოქმედებს ოპიოიდები
მეოცე საუკუნის სამოცდაათიან წლებში მკვლევრებმა დეტალურად შეისწავლეს ოპიოიდური ნარკოტიკების ზემოქმედება. ორგანიზმზე ეს ნივთიერებები ენდორფინების (ნივთიერებები, რომლებიც გაუტკივარებას და გუნება-განწყობილების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს) მსგავს ზემოქმედებას ახდენს, ოღონდ უფრო ძლიერსა და ხანგრძლივს. ადამიანის ორგანიზმზე წამლისა და შხამის მოქმედების საზღვარი მეტად მკრთალია და, შესაბამისად, ყოველთვის მოსალოდნელია მისი დარღვევა. კონცენტრაციის სულ ოდნავ გაზრდა - და ნივთიერება, რომელიც მინიმალური დოზით ამა თუ იმ დაავადების საუკეთესო წამალი გახლდათ, შესაძლოა მეტად პოპულარულ ნარკოტიკად იქცეს. ოპიუმისგან ახალ-ახალი ნივთიერებების გამოყოფით ქიმიკოსები და ფარმაკოლოგები უნებურად ოპიოიდური ნარკომანიის გავრცელების ხელშემწყობნი გახდნენ. მაგალითად, 1803 წელს ოპიუმის ყაყაჩოსგან მიღებულ იქნა მორფინი, რომელიც თავად ოპიუმზე 10-ჯერ უფრო ძლიერი გახლდათ. მეცხრამეტე საუკუნის დასასრულს გერმანელმა ექიმმა ჰაინრიხ დრეზერმა (სხვათა შორის, მან პირველმა გამოიყენა ასპირინი) მორფინის საფუძველზე მოახდინა ახალი ქიმიური ნაერთის, კოდეინის, სინთეზირება, რომელიც ფარმაცევტებმა დიდი სიხარულით მიიღეს. მას ტკივილგამაყუჩებლად და ხველის საწინააღმდეგოდ ხმარობდნენ. კოდეინი მორფინზე სუსტია, მაგრამ ფიზიკურ დამოკიდებულებას მაინც იწვევს. მორფინზე 10-ჯერ ძლიერია სხვა ოპიატიც - ჰეროინი. ის ბედნიერების შეგრძნებას იწვევს, რომელიც ცოტა ხნის შემდეგ დაცულობისა და კეთილდღეობის განცდით იცვლება. მაგრამ აღმოჩნდა, რომ მისი მომხმარებლების 91%-ს სამ კვირაში უყალიბდება ფიზიკური დამოკიდებულება. კუსტარული ჰეროინი სწრაფად წამლავს ორგანიზმს, ადამიანი თვალდათვალ დეგრადირდება. ჰეროინის ზედოზირებისას სიკვდილი პირველი მიღებიდან 1-1,5 წლის შემდეგ შეიძლება დადგეს.
ნარკოტიკების მიღების შედეგები
ნარკოტიკებისკენ ძლიერ ლტოლვას (ალკოჰოლი იქნება ეს თუ სხვა ნივთიერებები) სხვა პრობლემებიც ერთვის:
- ფსიქიკის ცვლილებები, რომლებიც ნარკოტიკის მოქმედების დროს ხდება (თრობა, ილუზიები, ჰალუცინაციები);
- ზედოზირების საშიშროება დოზის ხშირი ზრდის მოთხოვნილების გამო;
- ზიანი, რომელსაც იწვევს თავად ნივთიერება (მაგალითად, ციროზი ალკოჰოლიზმის დროს) ან მისი გამოყენება (სეფსისი ინტრავენური ნარკოტიკების მომხმარებლებში);
- აბსტინენცია (“ლომკა”), მათ შორის - დელირიუმით მიმდინარე (“თეთრი ცხელება”);
- ფსიქიკური დარღვევები, ჩვეულებრივი ეფექტისგან განსხვავებით (სხვადასხვა ფსიქოზები და მანიები);
- ფსიქიკის დანგრევა ნარკოტიკის ზემოქმედების დროს (ამნეზია, ჭკუასუსტობა);
- ნარკოტიკის ზემოქმედების დროს თვითგადარჩენის ინსტინქტის დაქვეითების, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევის და სხვათა გამო მიღებული ტრავმები (ალკოჰოლიკების მოყინვები, ფანჯრიდან ან სიმაღლიდან გადმოვარდნა ფრენის ცოდნის ილუზიური, ცრუ შეგრძნების გამო და სხვა).
დაბოლოს, ცხოვრება ამოუცნობია - ნარკომანი ამა თუ იმ ხარისხით ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გახდეს, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც სხვებზე მეტად არიან მიდრეკილნი ნარკოდამოკიდებულებისადმი. ადამიანი, რომელიც ნარკომანი ხდება, ადრე თუ გვიან გაივლის პიროვნების დეგრადაციის (დანგრევის) ყველა სტადიას და სულ მალე იქცევა საკუთარი ოჯახისა და ახლობლების წყევლად. ნუ მისცემთ ნარკოტიკებს თქვენზე ბატონობის საშუალებას.