ნარკომანის ფსიქოპორტრეტი
ნარკომანია ქრონიკული დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია სამკურნალო და არასამკურნალო ნარკოტიკული ნივთერებების ბოროტად გამოყენებით, რომელსაც ახასიათებს ნარკოტიკებისადმი პათოლოგიური ლტოლვა, მისაღები დოზის ზრდის ტენდენცია და ფიზიკური დამოკიდებულების ჩამოყალიბება. ეს არის ქცევა, რომელიც სცილდება საზოგადოებაში მიღებულ ყველა მორალურ თუ ზნეობრივ ნორმას. თანამედროვე სამყარო, მათ შორის - საქართველოც, სავსეა ხმაურიანი, მჭიდროდ დასახლებული ქალაქებით, დაბინძურებული გარემოთი, ადამიანებით, რომლებიც ებრძვიან სიღარიბეს, ვერ ახერხებენ საკუთარი თავის რეალიზებას. ადამიანებს ამძიმებს მუდმივი სტრესი, რთული ცხოვრებისეული სიტუაციები მათ ცხოვრების ნორმალური რიტმიდან აგდებს. ძნელია სულიერი წონასწორობის შენარჩუნება, ბევრი ვერ უძლებს ცდუნებას, განსაკუთრებით - ახალგაზრდები, და დაძაბულობის მოსახსნელად ალკოჰოლსა და ნარკოტიკულ საშუალებებს ეტანებიან. მსხვერპლი დღითი დღე იზრდება. საქართველოში ნარკომანია ბოლო დროს ნამდვილ ჭირად იქცა. ვერც ასაკი, ვერც გამოცდილება, სქესი, რელიგია, ეკონომიკური თუ საზოგადოებრივი სტატუსი ვერ უწევს წინააღმდეგობას ამ სენს. მან უკვე ტრაგიკულ მასშტაბს მიაღწია, ამიტომ სასიცოცხლო აუცილებლობად იქცა ნარკომანიის კვალიფიციური მკურნალობის საკითხი. მაგრამ მკურნალობის მეთოდების გაცნობამდე ძირისძირობამდე უნდა ჩავწვდეთ საკითხის არსს. არ შეიძლება, ზედაპირული წარმოდგენა გვქონდეს ამ ძალზე სერიოზულ პრობლემაზე.
რამ შეიძლება მიიყვანოს ადამიანი ნარკოდამოკიდებულებამდე
გამოყოფენ ნარკოტიკებისადმი სწრაფვის რამდენიმე მიზეზს:
1. სოციალურს:
- ალკოჰოლიზმითა და ნარკომანიით დაავადებული მშობლები, ემოციური კონტაქტის უქონლობა, არასრული ოჯახი;
- საცხოვრებელ არეალში ნარკოტიკულ ნივთიერებათა ფართო გავრცელება და ბოროტად გამოყენება;
- ახალგაზრდებს შორის არაადეკვატური არსებობის პოლიტიკა;
- რეალური პროფესიისა და სამუშაოს დეფიციტი, ბევრი თავისუფალი დრო, უსაქმობა.
2. კონსტიტუციურ-ბიოლოგიურს:
- ფსიქიკური ან ნარკოლოგიური დაავადებებისადმი გენეტიკური განწყობა.
3. ტრადიციულს:
- საბინადრო გარემოში ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების რელიგიური თუ სხვა ტრადიცია.
4. ინდივიდუალურ-ფსიქოლოგიურს:
- ავტორიტეტული თანატოლების ან უფროსების მიბაძვა;
- უარყოფითი განცდების ნეიტრალიზების მცდელობა;
- თანატოლთა წრის შეხედულებებისადმი შესაბამისობის სურვილი;
- ანომალიური პიროვნული თვისებები (ავანტიურიზმი, აღგზნებადობა, მომატებული ან, პირიქით, დაქვეითებული თვითშეფასება, მერყევი ხასიათი, სუსტი ნებისყოფა);
- უფროსებისადმი (მშობლებისა და პედაგოგებისადმი) მიმართული საპროტესტო რეაქციები;
- თვითდესტრუქციული ქცევა;
- ცნობისმოყვარეობა;
- მუქარა და ძალისმიერი ზეგავლენა.
ჩამოთვლილი მიზეზებიდან ნარკოტიკების გამოყენებამდე ყველაზე ხშირად მივყავართ სამს:
1. მოწყენილობასა და ცნობისმოყვარეობას;
2. მეგობართა თავყრილობის დროს საერთო განწყობილების აყოლას;
3. არსებული რეალობისგან გაქცევის სურვილს.
ეს ნარკომანიის უშუალო მიზეზებია, მისი ჭეშმარიტი საფუძველი კი არის ადამიანურ ფასეულობათა შემეცნების უუნარობა, დასახული მიზნის მისაღწევად დაბრკოლებათა გადალახვის შიში და მცდარი წარმოდგენა, რომ მძიმე სიტუაციებში დახმარება მხოლოდ ნარკოტიკს შეუძლია. ნარკომანად ჩამოყალიბება ნარკოტიკული ნივთიერების პირველივე გასინჯვიდან იწყება. საბოლოო შედეგამდე დრო უპირატესად პიროვნულ თვისებებსა და გამოყენებული ნარკოგენური პრეპარატის სახეობაზეა დამოკიდებული.
ნარკომანის ფსიქოპორტრეტი
ფსიქიკური დამოკიდებულების სინდრომი - ეს არის სინდრომი, რომელიც დაავადების განვითარების განსაზღვრულ ეტაპზე წარმოიშობა და გულისხმობს ფსიქიკურ (ობსესიურ) ლტოლვას და ფსიქიკურ კომფორტს ინტოქსიკაციის დროს. მას წინ უძღვის შეცვლილი რეაქციის სინდრომი. ფსიქიკური (ობსესიური) ლტოლვა გამოიხატება გამუდმებით ნარკოტიკზე ფიქრით, დათრგუნვილობით, ნარკოტიკის უქონლობის დროს დაუკმაყოფილებლობის გრძნობით და მისი მიღების წინ განწყობილების ამაღლებით მოსალოდნელი ტკბობის გამო. ობსესიური ლტოლვა ცვლის ემოციურ ფონს, მაგრამ მას არ შეუძლია მთელი ცნობიერების დაკავება, ქცევის კარნახი. დაავადების ამ სტადიაში, როცა ფსიქიკური ლტოლვა ყალიბდება, ამ მოტივების ბრძოლა გრძელდება. ის შეიძლება გაამძაფროს კონფლიქტურმა სიტუციამ, არასასიამოვნო განცდებმა, ამა თუ იმ ადგილის მონახულებამ, ადამიანებთან ურთიერთობამ, საუბრებმა და ა.შ. ლტოლვა შეიძლება შეამციროს ძლიერმა პოზიტიურმა განცდამ. ფსიქიკური ანუ ობსესიური ლტოლვა, როგორც დაავადების ერთ-ერთი ადრეული სიმპტომი, ძნელად ვლინდება, რადგან უმეტესად თავად ავადმყოფი იტყუებს თავს. ეს დაავადების ყველაზე ხანგრძლივი და ძნელად დასაძლევი სიმპტომია. ნარკომანიით დაავადებულებთან პრეპარატის მიღების დროებითი შეწყვეტა იწვევს უმძიმეს შეგრძნებებს, რომელთა ერთობლიობას აბსტინენციურ სინდრომს უწოდებენ: უგუნებობას, გაღიზიანებადობას, შიშს, გულგრილობას, თავბრუხვევას, გულისცემის გაძნელებას, მშფოთვარე ძილს. ამ დროს ავადმყოფები იყენებენ ნებისმიერ, ზოგჯერ დანაშაულებრივ ხერხებს ნარკოტიკის მოსაპოვებლად. დროთა განმავლობაში ნარკომანს ნარკოტიკული ნივთიერების ადრინდელი დოზა აღარ აკმაყოფილებს და თანდათანობით ზრდის მას. ამან შესაძლოა ქრონიკული ინტოქსიკაცია გამოიწვიოს, რასაც მოჰყვება სომატური და ფსიქიკური დარღვევების წყება, მათ შორის - ნებისყოფის შესუსტება, მეხსიერების დაქვეითება. იცვლება ფასეულობები, ხდება პიროვნების მორალური დეგრადაცია. ნარკოდამოკიდებული მატყუარაა, ემოციურად არამდგრადი, იქცევა არაადეკვატურად, ნარკოტიკების ან მათ შესაძენად საჭირო თანხის მოსაპოვებლად ხან ხვეწნა-მუდარას მიმართავს, ხანაც - მუქარას. ნარკოდამოკიდებულების ჩამოყალიბებაში დიდ როლს ასრულებს ადამიანის ხასიათიც. დადგენილია, რომ ნარკომანები ხდებიან ფსიქოპათიური პიროვნებები. ფსიქოპათია პიროვნების ანომალიაა. განწყობებისა და ჩვევების, ხასიათის ნიშნების ერთობლიობა ქმნის პიროვნებას, ფსიქოპათს კი ეს მხარეები დისჰარმონიულ ურთიერთობაში აქვს. პიროვნების დისჰარმონია გამოიხატება საკუთარ თავსა და გარემოსთან კონფლიქტური ურთიერთობით. ნარკომანის ქცევის ჩვეული ფორმაა განრისხება, სიტყვიერი თუ ფიზიკური აგრესია, რაც სხვადასხვა გამღიზიანებლით არის გამოწვეული. ზოგჯერ ხდება აფეთქებაც. ასეთი ეპიზოდების შემდეგ ადამიანი კრიტიკულადაც კი აფასებს თავის საქციელს, ხშირად ნანობს, რომ თავი ვერ შეიკავა. მაგრამ გავა დრო და თავისი ავადმყოფური მიდრეკილების გამო ის კვლავ კარგავს კონტროლს საკუთარ ემოციებზე. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს სრულად იმპულსურ და გაუცნობიერებელ მოქმედებას - ნარკოდამოკდიებული, წესისამებრ, პასუხისმგებელია თავის საქციელზე. ადამიანი, რომელიც მხოლოდ თავისი ავადმყოფური მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზეა კონცენტრირებული, ხშირად დამნაშავეთა წრესაც უერთდება. ახლობლებისა თუ საზოგადოების მხრივ ნებისმიერ შეზღუდვასა და წინააღმდეგობას იგი უსამართლობად აღქვამს. მთელ თავის ენერგიას ის საკუთარი მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ახმარს. ამ ტიპის ადამიანები ხშირად ანტისოციალურ პიროვნებებად ყალიბდებიან. ნარკომანს ხშირად ენგრევა ოჯახი. მას დარღვეული აქვს ფასეულობები და ყველაფრისადმი ინტერესს კარგავს. ცოლის, შვილების პრობლემები მისთვის უცხოა, პირველ ადგილზე პირადი პათოლოგიური სურვილები დგას. ნარკომანს აღარ შესწევს თანაგრძნობის უნარი, არ აქვს სინდისის, სირცხვილის, ღირსების განცდა და, შეიძლება ითქვას, ერთგვარი ემოციური სიჩლუნგე ახასიათებს. უამრავი მაგალითია, როცა ნარკომანს ნარკოტიკული ნივთიერების ერთი დოზისთვის დაუთმია ქონება, სახლი, გამოუჩენია სრული გულგრილობა ცოლისა და შვილების მიმართ, გაუწირავს ყველაზე ძვირფასი, რაც გააჩნდა...