პათოლოგიური სიმთვრალე
ისეთი კატეგორიაც არსებობს, პათოლოგიური სიმთვრალისაკენ მიდრეკილების გამო რომ იკავებს თავს; საზოგადოდ, არ არის ალკოჰოლის ხშირი მომხმარებელი, არც დაუოკებელი ლტოლვა და მიდრეკილება აღენიშნება სპირტიანი სასმელებისადმი, უბრალოდ, სმის პროცესში ჭარბად იღებს ალკოჰოლს, საკუთარ თავზე კონტროლს კარგავს და დეპერსონალიზაციამდე მიდის.
რატომ აკარგვინებს ალკოჰოლი ზოგიერთს კონტროლის უნარს?
სპირტიანი სასმლის მიღებისთანავე ალკოჰოლი კუჭიდან და ნაწლავებიდან შეიწოვება. მისი კონცენტრაცია სისხლში თანდათანობით იმატებს და 2-3 საათში მაქსიმუმს აღწევს. მიღებული ალკოჰოლის 10% ფილტვების, თირკმელებისა და კანის საშუალებით შეუცვლელი სახით გამოიყოფა ორგანიზმიდან. დანარჩენი სპეციალური ფერმენტების ზემოქმედებით იჟანგება. ჟანგვა ნელა მიმდინარეობს. დადგენილია, რომ მართალია, ალკოჰოლი სისხლიდან 4-5 საათში (მეტისმეტად ბევრის მიღებისას – 12 საათში) ქრება, მისი მოქმედების კვალი ორგანიზმის ქსოვილებსა და უჯრედებში მთელი ორი კვირის განმავლობაში რჩება.
ალკოჰოლი თავდაპირველად ღვიძლსა და კუნთებში კონცენტრირდება, შემდეგ კი ცენტრალურ ნერვულ სისტემაში აღწევს, ჯერ ქერქქვეშა წარმონაქმნებსა და ნათხემს მოიცავს, მერე – თავის ტვინის ქერქს (სწორედ აქ ნარჩუნდება მისი გავლენა ყველაზე მეტხანს).
ტვინზე ალკოჰოლის ზემოქმედების მოლეკულური მექანიზმი ჯერჯერობით ზუსტად არ არის განსაზღვრული, თუმცა ცნობილია, რომ ალკოჰოლის ზემოქმედებით ხდება თავის ტვინის დოფამინერგული სისტემის გააქტიურება (დოფამინი არის ნეირორეგულატორი, რომლის მეშვეობითაც ნეირონებს შორის კომუნიკაცია ხორციელდება. დოფამინეგული სისტემა მოიცავს დოფამინის გამომყოფნეირონებს ანუ ნერვულ უჯრედებს). ცნობილია ისიც, რომ ალკოჰოლი დაბალი დოზებით ააქტივებს გაემ-ბენზოდიაზეპინის რეცეპტორულ კომპლექსს და რაც მთავარია, ნეგატიურად მოქმედებს უჯრედების მემბრანებზე, იწვევს მათი მოქმედების დესტაბილიზაციას, ზოგადად, თრგუნავს მათ ფუნქციას. შესაბამისად, დიდი დოზით ალკოჰოლი დამანგრევლად მოქმედებს უჯრედებზე.
ალკოჰოლური თრობა ეტაპობრივად ვითარდება და პროგრესირებს. მისი პირველი სიმპტომების გამოვლენა დამოკიდებულია სპირტიანი სასმლის შედგენილობასა და კონცენტრაციაზე, მიღებული ალკოჰოლის რაოდენობაზე, ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზე, ნერვული სისტემის აგზნებადობასა და ზოგიერთ სხვა ფაქტორზე. საერთოდ, რაც უფრო იზრდება ალკოჰოლის დოზა, მით უფრო იმატებს და მოუწესრიგებელი ხდება ფსიქიკური და მოძრაობითი აქტივობა, სულ უფრო მეტად ჭირს მეტყველებისა და ქცევის კონტროლი. ადამიანი თანდათან კარგავს საკუთარ შესაძლებლობათა შეფასებისა და ანალიზის უნარს, თავისი სხეულის შეგრძნებას, წონასწორობა და კოორდინაცია კი ისე ერღვევა, რომ თუ რამეს არ დაეყრდნო, სიარულსაც ვეღარ ახერხებს. სიმთვრალის ამ ეტაპზე ხშირად ვლინდება ფარული ინსტინქტები და ხასიათის ის თვისებები, რომლებიც სიფხიზლისას, ჩვეულებრივ, მიჩქმალულია. სიმთვრალის მომდევნო ეტაპებზე აღქმისა და ცნობიერების პროცესები განსაკუთრებით ითრგუნება. სმენა თითქოს იხშობა, ადამიანს სისუსტე ეუფლება, ეშვება და ღრმა ძილს ეძლევა.
განსაკუთრებით ძლიერი სიმთვრალე შეიძლება გადაიზარდოს კომაში – უგონო მდგომარეობაში, რომელიც ღრმა ძილს მოგვაგონებს. ამ დროს მეტ-ნაკლებად ირღვევა გულის მუშაობა, სუნთქვის რიტმი, მგრძნობელობა და რეფლექსები. სპირტიანი სასმელების ჭარბი და სისტემური მოხმარება ანგრევს ადამიანის ჯანმრთელობას, უარყოფითად აისახება ადამიანის სასიცოცხლო ფუნქციებზე. ზიანდება როგორც ცენტრალური, ისე პერიფერიული ნერვული სისტემა, რაც სხვადასხვა სახის ფსიქოზს, პოლინევროზს, პოლინევროპათიასა და ნევრიტს აძლევს დასაბამს.
ალკოჰოლის პერმანენტულად მომხმარებლებს სხვადასხვა სახის დარღვევა აღენიშნებათ. მათ შორის ყველაზე ხშირია ღვიძლის გადაგვარება, ჰალუცინაციები. სისტემური მოხმარების შემდეგ ალკოჰოლის მიღების მყისიერი შეწყვეტისას „უკურეაქციის“ სიმპტომების სახით აღიძვრება: ტრემორი (იგივე კანაკალი), ტაქიკარდია, არტერიული წნევის მატება, შეუძლოდ ყოფნის განცდა, გულისრევა, გულყრები და ალკოჰოლური დელირიუმი. ეს უკანასკნელი ხასიათდება ოფლიანობით, ტრემორით, ატონიური წარმოშობის საჭმლის მონელების პროცესის დარღვევით, მოუსვენრობით, შფოთვით, წინაგულების ფუნქციის დარღვევით, ფსიქიკის აღრევითა და ჰალუცინაციებით.
ალკოჰოლიზმის სამკურნალოდ დღეს უამრავი პრეპარატია მოწოდებული. ზოგ შემთხვევაში, განსაკუთრებით პათოლოგიური სიმთვრალისაკენ მიდრეკილ პირებთან, გამოიყენება ფსიქოთერაპია. ფსიქოთერაპია ხშირად ეფექტურია იმ შემთხვევაში, როცა ამ პროცესში მონაწილეობს მეუღლე. გარდა ამისა, ფსიქოთერაპიული მკურნალობისათვის მნიშვნელოვანი ფაქტორია განკურნების სურვილი, გარეშე პირთა მხარდაჭერა, ოჯახის წევრების მხრიდან ხელშეწყობა.