ორი დაჭრილი მოზარდი რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში რჩება
მათი მდგომარეობა სტაბილურია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის უფროსმა თეა თავართქილაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, ორივე მოზარდს გულმკერდის არეში შემავალი ჭრილობა აქვს, კერძოდ, ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის წინა ზედაპირზე მარცხენა მხარეს. დეპარტამენტის ხელმძღვანელისთვის ამ მომენტისათვის უცნობია დასჭირდებათ თუ არა მათ რაიმე სამედიცინო მანიპულაცია. ეს შესაბამისი კვლევების შემდეგ გაირკვევა.
”ორივე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. მათ მთელი ღამის განმავლობაში ლაბორატორიულ-დიაგნოსტიკური კვლევები უტარდებოდათ, რომელიც დღესაც გაგრძელდება. ამ მაჩვენებლების საფუძველზე გადაწყდება მკურნალობის შემდგომი ტაქტიკა. ამ მომენტისთვის მათთვის ოპერაციული ჩარევა არ იგეგმება”, - განაცხადა თეა თავართქილაძემ.
თბილისის #35-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები გუშინ დაჭრეს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.