შობის ღამეს სადარბაზოში მიტოვებული ჩვილის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი
როგორც ოჯახის დიასახლისი ამბობს, კარის გახსნამდე ჩვილის ყრუ ტირილი შემოესმათ, თუმცა მეზობლის ბავშვი ეგონათ. მოგვიანებით კი მისმა გოგონამ გახსნა კარი და გვერდით ცისფერ პლედში გახვეული ჩვილი დაინახა. ახალშობილს მხოლოდ პამპერსი და წინდები ეცვა.
ჩვილი, რომელსაც ექიმებმა თომა შეარქვეს, კლინიკა „რუსთავის" სამშობიარო განყოფილებაშია მოთავსებული. განყოფილების უფროსის, ბადრი გელენავას განცხადებით, შობის ღამეს ნაპოვნი ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გელენავას განმარტებით, ჩვილს ყველა საჭირო გამოკვლევა ჩაუტარდა, კლინიკაში მიყვანისას სხეულის ტემპერატურა ნორმაში იყო.
„ჩვილი ამ დროისთვის ჩვენთან რჩება, ველოდებით სოციალურ სამსახურს და უახლოეს პერიოდში მოხდება ალბათ მისი გადაყვანა ჩვილ ბავშვთა სახლში", - განაცხადა ბადრი გელენავამ.
მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 127-ე მუხლით აღიძრა და მიმდინარეობს გამოძიება. დამნაშავის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია და ის დაკავებული არ არის.
მარიკა ვარდოშვილი