ეგვიპტეში ბიჭი-ციკლოპი დაიბადა
როგორც მედიკოსები ვარაუდობენ, ბავშვს ციკლოპია აღენიშნება ანუ განვითარების მანკი, რომლის დროსაც თვალის კაკლები სრულად ან ნაწილობრივ შეზრდილია და სახის შუა ხაზზე ერთ თვალბუდეშია ლოკალიზებული. ახალშობილის თვალბუდე არასწორად ფორმირდა ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში.
ციკლოპია, საზოგადოდ, ორსულობის ადრეულ ეტაპზე ვითარდება, როდესაც ბავშვს ტვინი და თვალები უყალიბდება. "ციკლოპებს", ჩვეულებრივ, არ აქვთ ცხვირი, რაც ამ მაგალითზეც ჩანს - ცხვირის ნაცვლად ახალშობილს თვალის ქვეშ კუნთოვანი ხორთუმისებრი ნაკეცი აქვს, რომელიც სუნთქვის ფუნქციას ასრულებს. ციკლოპიას, სამწუხაროდ, ხშირად სხვა დეფექტებიც ახლავს.
ტრაგიკული ფოტო პირველად საინფორმაციო ვებ-გვერდმა სლაატი.ცომ (რომელიც საუდის არაბეთს ეკუთვნის) გაავრცელა. როგორც საინფორმაციო წყაროებიდან ირკვევა, ბავშვის დედა ეგვიპტელია. მან პატარა ჩრდილო-აღმოსავლეთ ეგვიპტის ქალაქ ელ სენბელლავეინის ერთ-ერთ კერძო ჰოსპიტალში გააჩინა. სპეციალისტთა ვარაუდით, დეფორმაციის გამომწვევი შესაძლოა სამკურნალო პრეპარატები (რომელთაც დედა იღებდა) ან რადიაცია იყოს.
ახალშობილის ჯანმრთელობა ექიმ აჰმედ ბადრუდინის მეთვალყურეობის ქვეშაა. ექიმის განცხადებით, ბიჭუნას დაბადებისთანავე აღენიშნებოდა თავზე ხშირი თმა, მსხვილი ყურები და სხეულის სხვა დეფექტები, რომელთა გამოც ის სულ რამდენიმე დღე იცოცხლებს.
სამწუხაროა, რომ ახალშობილის მშობლები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მილოცვების ნაცვლად თანაგრძნობისა და მწუხარების გაზიარების შეტყობინებებს იღებენ ინტერნეტით!
თინათინ გოცაძე