News
ონკოლოგები დარწმუნებულები არიან, რომ მალე კიბოს მკურნალობაში ახალი ეპოქა დაიწყება. საქმე ისაა, რომ ონკოლოგიაში ქიმიოთერაპია აღარ არის წამყვანი. ონკოლოგები იმედს იმუნოთერაპიაზე ამყარებენ.
მკურნალობის ეს მეთოდი ადამიანის იმუნურ სისტემას კიბოს უჯრედებზე იერიშის მიტანას აიძულებს.
იელის კიბოს ცენტრის პროფესორის როი ჰერბსტის აზრით, უახლოეს 5 წელიწადში იმუნოთერაპია ქიმიოთერაპიას შეცვლის.
-
ბიპოლარული დარღვევა ტვინის განვითარებას აფერხებს
ბიპოლარული დარღვევა, წესისამებრ, მოზარდ ასაკში ვლინდება.
ამ ფსიქიკური დაავადებისთვის დამახასიათებელია განწყობის მკვეთრი ცვალებადობა და ენერგიისა და აქტიურობის სხვადასხვა დონე. ბიპოლარული დარღვევის მქონე პირებს ხშირად უჭირთ იმპულსურ ქმედებათა კონტროლი, ამიტომ სუიციდისა და ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებისკენ მიდრეკილებას ამჟღავნებენ.
იელის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მეცნიერთა მიერ ჩატარებულ კვლევაში მონაწილეობა მიიღო ბიპოლარული დარღვევების მქონე 37-მა და 35-მა ჯანმრთელმა მოზარდმა. სპეციალისტებმა ორწლიანი შუალედით ორჯერ ჩაატარეს ცდისპირთა ტვინის სკანირება. აღმოჩნდა, რომ ბიპოლარული დარღვევის მქონე მოზარდებს ტვინი ჯანმრთელ თანატოლებზე ნაკლებად ჰქონდათ განვითარებული. კერძოდ, განსხვავება შეინიშნებოდა თავის ტვინის მარჯვენა ჰემისფეროსა და პრეფრონტალურ ქერქში - ემოციის რეგულირებასთან დაკავშირებული ეს ზონები ბიპოლარული დარღვევის მქონე მოზარდებს უფრო პატარა აღმოაჩნდათ, ვიდრე საკონტროლო ჯგუფის წევრებს.
ტვინის ნორმალური განვითარების პროცესში რუხი ნივთიერება ისედაც მცირდება, მაგრამ ბიპოლარული დარღვევების მქონე ცდისპირებმა გაცილებით მეტი რუხი ნივთიერება დაკარგეს, ვიდრე კვლევის ჯანმრთელმა მონაწილეებმა. გარდა ამისა, დარღვევების მქონე მოზარდებს ტვინის თეთრ ნივთიერებაში არ აღმოაჩნდათ ბევრი ფუნქციონალური კავშირი, რომლებიც ტვინის ნორმალური განვითარებისას ყალიბდება.
ბიპოლარული აშლილობა
ბიპოლარული აშლილობის დროს (წარსულში – მანიაკალურ-დეპრესიული აშლილობა) დეპრესიის ეპიზოდებს ენაცვლება მანიაკალური ეპიზოდები ან მანიის ნაკლებად მძიმე გამოვლინება – ჰიპომანია. მანია ხასიათდება სიტუაციისთვის შეუფერებელი, გადაჭარბებული ფიზიკური აქტივობითა და ზეაწეული განწყობით.
- ბიპოლარული აშლილობისას მემკვიდრეობა, სავარაუდოდ, გარკვეულ როლს თამაშობს;
- დეპრესიისა და მანიის ეპიზოდები შესაძლოა ცალ-ცალკე ან ერთდროულად განვითარდეს;
- გადამეტებული სევდისა და უინტერესობის ეპიზოდებს ენაცვლება ზეაწეული განწყობის, ენერგიის მოზღვავებისა და გაღიზიანებულობის პერიოდები; მოხსენიებულთა შორის შედარებით ნორმალური განწყობის პერიოდებია;
- დიაგნოზი ეფუძნება სიმპტომებს;
- ეფექტიანია განწყობის მასტაბილიზებელი მედიკამენტები, როგორიცაა ლითიუმი და გულყრის საწინააღმდეგო ზოგიერთი საშუალება; ხანდახან შეიძლება ფსიქოთერაპიაც ეფექტიანი აღმოჩნდეს.
სახელი – ბიპოლარული აშლილობა – დაერქვა იმის გამო, რომ მასში განირჩევა გუნება-განწყობილების აშლილობის ორი უკიდურესობა, ორი პოლუსი – დეპრესია და მანია. ეს აშლილობა, სხვადასხვა ხარისხით გამოხატული, აქვს აშშ-ის პოპულაციის 4%-ზე ოდნავ ნაკლებს. ერთნაირი სიხშირით გვხვდება მამაკაცებსა და ქალებში, მაგრამ ქალებში უფრო მეტად დეპრესია ვლინდება, ხოლო მამაკაცებში – მანია. ბიპოლარული აშლილობა, როგორც წესი, იწყება მოზარდობისას, მეორე, მესამე დეკადაში, იშვიათად – უფრო ადრე. ბიპოლარული აშლილობა შემდეგნაირად კლასიფიცირდება:
- ბიპოლარული I აშლილობა: პაციენტს ჰქონდა, სულ მცირე, მანიის ერთი და, ჩვეულებრივ, დეპრესიის ეპიზოდები;
- ბიპოლარული II აშლილობა: პაციენტს ჰქონდა დიდი დეპრესიის ეპიზოდები და, სულ მცირე, ჰიპომანიაკალური ეპიზოდი, მაგრამ არასრული მანია.
თემის გაგრძელება ნახეთ ბმულზე
https://merki.mkurnali.ge/sections/969/bipolaruli-ashliloba/