ბავშვის დაბალი მოსწრება პარაზიტულ ინფექციას უკავშირდება
ამერიკელ მეცნიერთა მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ამ მეტად გავრცელებულ პარაზიტს მოსწავლის აკადემიური მოსწრების გაუარესება შესძლებია. ცნობილია, რომ პარაზიტი ტოქსოპლაზმა კატის ნაწლავებში მრავლდება, მაგრამ ნებისმიერი თბილსისხლიანი ცხოველის, მათ შორის - ადამიანის, ორგანიზმშიც შეუძლია სიცოცხლე.
-
ცხოველისა თუ ადამიანის ორგანიზმში ტოქსოპლაზმა კატის ფეკალურ მასებთან ერთად ხვდება. დადგენილია, რომ ის გავლენას ახდენს ტვინის ქიმიაზე და ცვლის მატარებლის (მასპინძლის) ქცევას.
მაგალითად, ინფიცირებული მღრღნელები კარგავენ შიშის გრძნობას და ჯანმრთელ მღრღნელებზე ხშირად უცვივდებიან კატას კლანჭებში.
-
ადამიანებთან ტოქსოპლაზმოზი ზრდის დეპრესიის განვითარების რისკს და პიროვნებას არარაციონალური ქმედებისკენ უბიძგებს.
ამერიკელ მეცნიერთა მიერ ახლახან ჩატარებულმა კვლევამ კი ამ პარაზიტით გამოწვეული ცვლილებების ნუსხას კითხვისა და მეხსიერების უნარის დაქვეითება შემატა.
სტატისტიკურად, ტოქსოპლაზმით ინფიცირებულია მსოფლიოს მოსახლეობის მესამედი, თუმცა აქტიური იმუნიტეტის მქონე პირებში ეს პარაზიტი დაავადებას არ იწვევს.
ტოქსოპლაზმოზი
ტოქსოპლაზმოზი წარმოადგენს ერთუჯრედიანი უმარტივესი პარაზიტის – Toxoplasma gondii-ს მიერ გამოწვეულ ინფექციას.
- ადამიანები იძენენ ინფექციას პარაზიტების კვერცხების დაბინძურებული საგნიდან პირისკენ გადაცემით ან დაინფიცირებული საკვების მიღებით;
- დაინფიცირებულმა ორსულმა ქალებმა შესაძლოა გადასცენ პარაზიტი ნაყოფს, რაც ზოგჯერ იწვევს მუცლის მოშლას, მკვდრადშობადობას ან სერიოზულ პრობლემებს ბავშვში;
- ჩვეულებრივ, სიმპტომები აქვთ მხოლოდ დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანებს. ამ სიმპტომებს მიეკუთვნება სისუსტე სხეულის ერთ მხარეს, დაბნეულობა, კომა, სუნთქვის გართულება და ორგანოების ფუნქციების დარღვევა;
- ექიმები სვამენ ინფექციის დიაგნოზს სისხლის გამოკვლევების ჩატარებით, რომელთა მეშვეობით ხდება პარაზიტის საწინააღმდეგო ანტისხეულების აღმოჩენა;
- ხორცის კარგად მომზადება ან მისი გაყინვა და ხელების გულმოდგინედ დაბანა უმი ხორცის, მიწის ან კატის განავლის დამუშავების შემდეგ ხელს უწყობს დაავადების თავიდან აცილებას;
- ადამიანების უმეტესობა არ საჭიროებს მკურნალობას, მაგრამ მოზრდილ ადამიანებს, რომელთაც აქვთ სიმპტომები და ინფექციის მქონე ჩვილებს მკურნალობენ სულფადიაზინით, პირიმეთამინთან და ლეიკოვორინთან ერთად.
Toqsoplazma gondii გვხვდება მთელ მსოფლიოში, იმ ადგილებში, სადაც არსებობენ კატები. პარაზიტი აინფიცირებს როგორც დიდი რაოდენობით ცხოველებს, აგრეთვე ადამიანებსაც. ამერიკის შეერთებულ შტატებში დაინფიცირებულია ბევრი ადამიანი, მაგრამ მხოლოდ მათ მცირე ნაწილს უვითარდება სიმპტომები. მწვავე ინფექცია ვითარდება მხოლოდ ნაყოფსა და შიდსით დაავადებულ ადამიანებში, სიმსივნით ან პრეპარატებით (ეს პრეპარატები გამოიყენება გადანერგილი ორგანოს მოცილების აღკვეთის მიზნით და მათ იმუნოსუპრესანტები ეწოდებათ) დასუსტებული იმუნური სისტემით.
მიუხედავად იმისა, რომ პარაზიტს შეუძლია გაზრდა ბევრი ცხოველის ქსოვილებში, ის წარმოქმნის კვერცხებს (ოოცისტებს) მხოლოდ კატების ნაწლავების ამომფენ უჯრედებში. კვერცხები გამოიყოფა კატის განავალთან ერთად და მათ 18 თვემდე შეუძლიათ მიწაში გადარჩენა.
ადამიანებმა შესაძლოა შეიძინონ ინფექცია ტოქსოპლაზმას კვერცხებით დაბინძურებული მიწის ან სხვა საგნებიდან კვერცხების პირისკენ გადაცემით ან დაინფიცირებული საკვების მიღებით. ზოგჯერ, ცხოველები, მაგ. ღორები, იძენენ ტოქსოპლაზმოზს ტოქსოპლაზმას კვერცხებით დაბინძურებული მასალის ჭამით. ადამიანები შესაძლოა დაინფიცირდნენ უმი ან ცუდად მომზადებული დაინფიცირებული ხორცის ჭამით. იშვიათად, პარაზიტი გადაეცემა სისხლის გადასხმის დროს ან დაინფიცირებული ადამიანიდან გადანერგილი ორგანოს მეშვეობით.
თემის გაგრძელება ნახეთ ბმულზე