News
სენტ-ლუისის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეძლეს მღრღნელების განკურნება ნერვების დაზიანების შედეგად განვითარებული ქრონიკული ნეიროპათოლოგიური ტკივილებისგან, რასაც ვირთხების თავისა და ზურგის ტვინში A3 რეცეპტორის გააქტიურების გზით მიაღწიეს. ეს რეცეპტორი ხელს უწყობს დისკომფორტის გრძნობის დაქვეითებას.
A3 რეცეპტორის გააქტიურებისთვის აუცილებელია ბუნებრივი სტიმულატორი ადენოზინი ან განსაკუთრებული სინთეტიკური ნაერთი.
მეცნიერთა თქმით, ტკივილთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდები საშიშ გვერდით ეფექტებს იწვევს. ეს წამლები აქვეითებს ცხოვრების ხარისხს, თანაც ტკივილს ბოლომდე ვერ აქრობს. ტკივილის საწინააღმდეგო მრავალი საშუალება იწვევს წამალზე დამოკიდებულებას და ტოლერანტობის მატებას, რის გამოც ადამიანი იძულებული ხდება, გაზარდოს წამლის დოზა. მკურნალობის ახალ მეთოდს კი გვერდითი ეფექტები არ გააჩნია.
მკვლევრები A3AR რეცეპტორის შესწავლის გაგრძელებას აპირებენ. ამჟამად ისინი ცდილობენ გაარკვიონ, შეიძლება თუ არა ადენოზინის გამოყენება ანთებისა და სიმსივნის საწინააღმდეგო აგენტის სახით.
-
მეცნიერებმა დაადგინეს, როგორ დაიცვან ტვინი ინსულტის შედეგებისგან
ცნობილია, რომ ინსულტის დროს ირღვევა ტვინში სისხლის მიმოქცევა, მაგრამ გონების დაკარგვა და სხვა კოგნიტური ფუნქციების გაუარესება უმთავრესად გამოწვეულია ოქსიდაციური სტრესით, რაც სისხლის მიმოქცევის აღდგენამდე გრძელდება.
ლიდსის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ლაბორატორიულ თაგვებში ინსულტის შემდეგ განვითარებული ტვინის დაზიანებები შეისწავლეს. მკვლევრები სისხლის მიმოქცევის აღდგენისთანავე ათვალიერებდნენ ტვინის ქსოვილებში ჟანგბადის რეაქტიული ფორმების სიჭარბით გამოწვეულ ტვინის დაზიანებებს. ჯანმრთელ ტვინში ჟანგბადის რეაქტიული ფორმების დონე ძალიან დაბალია, მაგრამ ინსულტის შემდეგ მკვეთრად იმატებს და ნეირონებისთვის საშიშ ნიშნულს აღწევს.
მეცნიერებმა ნეირონების მემბრანაში აღმოაჩინეს იონური არხი TRPM2. ის ჟანგბადის რეაქტიული ფორმების არსებობისას იხსნება. ისინი ვარაუდობენ, რომ თუ ამ არხის ბლოკირება მოხერხდა, ინსულტის ნეგატიური შედეგების თავიდან აცილებაც გაადვილდება. მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ მალე შექმნიან პრეპარატს, რომელიც ტვინს დაზიანებისგან დაიცავს.
ინსულტი
ინსულტი ვითარდება ტვინის მომმარაგებელი არტერიის დახშობის ან გასკდომის შედეგად, რაც შესაბამისი უბნის ქსოვილის კვდომას (თავის ტვინის ინფარქტი) და უეცარ სიმპტომებს იწვევს.
- ინსულტთა უმრავლესობა იშემიურია (როგორც წესი, არტერიის დახშობით გამოწვეული), მაგრამ ზოგი ჰემორაგიულია (ვითარდება არტერიის გასკდომის შედეგად);
- გარდამავალი იშემიური შეტევა იშემიურ ინსულტს ჰგავს, მაგრამ სიმპტომები ამ შემთხვევაში 1 საათში გაივლის;
- ინსულტისას სიმპტომები უეცრად ვლინდება. მათ შორისაა: კუნთების სისუსტე, დამბლა, სხეულის ცალ მხარეზე უცნაური შეგრძნებები ან მგრძნობელობის მოშლა, მეტყველების გაძნელება, ცნობიერების აბნევა, მხედველობის დარღვევა, თავბრუხვევა, წონასწორობისა და კოორდინაციის მოშლა;
- დიაგნოზი სიმპტომებს ეფუძნება, მაგრამ ასევე აუცილებელია გამოსახულებითი კვლევები და სისხლის ანალიზები;
- ინსულტის შემდეგ გამოჯანმრთელება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგ.: დაზიანების მდებარეობასა და ხარისხზე, პაციენტის ასაკზე, სხვა თანმხლებ დაავადებებზე;
- ინსულტის პრევენციისთვის საჭიროა მაღალი არტერიული წნევის, სისხლში ქოლესტეროლისა და შაქრის მაღალი დონის კონტროლი, მოწევისთვის თავის დანებება;
- მკურნალობა მოიცავს სისხლის შედედების საწინააღმდეგო საშუალებებს, თრომბების დამშლელ თერაპიას და ზოგჯერ ოპერაციასაც.
ინსულტი თავის ტვინის სისხლძარღვოვანი (ცერებრო-ვასკულური) დაავადებაა, რადგან მის
განვითარებაში ჩართულია ტვინი (ცერებრო-) და სისხლძარღვები (ვასკულური).
თემის გაგრძელება ნახეთ ბმულზე