News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

ანტითრომბინი აუცილებელია თრომბების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ დონორის სისხლის პლაზმა, საიდანაც მას ამჟამად იღებენ, მეტისმეტად ძვირია. კორპორაცია "ჯი თი სი ბიოთერაპევტიკსმა", რომელიც გაწმენდილ ცილოვან პრეპარატს, სახელად ატრინს, გენური ინჟინერიით გამოყვანილი თხის რძისგან იღებს, ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების სამმართველოში მისი რეგისტრაციის თაობაზე შეიტანა განაცხადი. საექსპერტო კომისიამ დაასკვნა, რომ ატრინი ეფექტური და უსაფრთხოა, ამიტომ სავსებით შესაძლებელია, სწორედ იგი გახდეს აშშ-ში რეგისტრირებული პირველი პრეპარატი, რომელიც გენური ინჟინერიით გამოყვანილი ცხოველისგან იქნება მიღებული (ევროპაში ასეთი წამლები ჯერ კიდევ 2006 წელს დაუშვეს).

თუ ატრინმა FDA-ს ლიცენზია მიიღო, მწარმოებელ კომპანიას განზრახული აქვს, წამოიწყოს პრეპარატების წარმოება ჰემოფილიის, ანგიონევროზული შეშუპების და სხვა ისეთ დაავადებათა სამკურნალოდ, რომლებიც ამა თუ იმ ცილის უკმარისობას უკავშირდება. ამჟამად გენური ინჟინერიის პრეპარატების უმრავლესობას მიკროორგანიზმებისგან იღებენ, რისთვისაც ძვირად ღირებული ბიორეაქტორებია საჭირო. ამ მედიკამენტების ცხოველის რძისგან მიღება საგრძნობლად შეამცირებს წარმოების ხარჯს.

სახის გიგანტური სიმსივნის მოკვეთამ შესაძლოა სისხლდენა გამოიწვიოს

ამერიკელი ქირურგები სახის შვიდკილოგრამიანი სიმსივნის მოკვეთას აპირებენ. ამ გიგანტური წარმონაქმნის გამო 15 წლის გოგონა ვერც იკვებება, ვერც ლაპარაკობს და ვერც იძინებს. ექიმების აზრით, სიმსივნე კეთილთვისებიანია და ნერვის გარსიდან იზრდება. მან სამი წლის ასაკში დაიწყო ზრდა. თავდაპირველად წარმონაქმნის მოცილება პრობლემას არ წარმოადგენდა, მაგრამ ოპერაციის გაკეთება სიძვირის გამო ვერ მოხერხდა. ამჟამად სიმსივნე იმხელაა, რომ 6-12 თვის შემდეგ შესაძლოა სასუნთქი გზებიც კი დაახშოს.

ამერიკელი ექიმების თქმით, ეს არის ყველაზე დიდი შვანომა, რომელიც კი ოდესმე ჰქონია ადამიანს. ის მდიდარია სისხლძარღვებით, ამიტომ შესაძლოა, ოპერაციის დროს ძლიერი სისხლდენა დაიწყოს. მიუხედავად ამისა, ექიმები უკან დახევას არ აპირებენ. სიმსივნის მოკვეთის პარალელურად გოგონას გაუკეთებენ იმ ძვლებისა და რბილი ქსოვილების რეკონსტრუქციას, რომლებიც სიმსივნემ დაამახინჯა. სავარაუდოდ, ოპერაცია 10 საათს გაგრძელდება. ექიმები დარწმუნებულნი არიან, რომ სიმსივნის მოკვეთის შემდეგ გოგონა ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდება. რეციდივი ნაკლებმოსალოდნელია.

ახალი მეთოდი სისხლდენის თავიდან ასაცილებლად

ამერიკელი მეცნიერები აფრიკაში წინადაცვეთის ახალი, გამარტივებული მოწყობილობის კლინიკური გამოცდისთვის ემზადებიან. წინადაცვეთას, როგორც აივ ინფექციის მასობრივი პროფილაქტიკის ეფექტურ საშუალებას, რეკომენდაციას უწევს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. გამომგონებლის, ჩინელი მეცნიერის ძიან ჩუნ შანის პატივსაცემად ახალ მოწყობილობას ShangRing-ი ეწოდა. ის წარმოადგენს სხვადასხვა დიამეტრის პლასტიკის ორ რგოლს, რომლებიც ჩუჩაზე ეცმება და სისხლის მიმოქცევას კეტავს. რგოლებს ქვემოთ დარჩენილი ნაწილი იკვეთება ადგილობრივი ანესთეზიით. მანიპულაციის შემდეგ ნაკერების დადება საჭირო არ არის, ხოლო სისხლდენა მინიმალურია. ამ მოწყობილობის წყალობით ოპერაციის ხანგრძლივობა 20-30-დან 5 წუთამდე შემცირდა. ერთი კვირის შემდეგ, როდესაც ჭრილობა შეხორცდება, რგოლები იხსნება. ShangRing-ი ჯერჯერობით მხოლოდ ჩინეთშია ხელმისაწვდომი, თუმცა ამერიკელი მეცნიერები, რომლებიც მისი გამოცდისთვის ემზადებიან, ვარაუდობენ, რომ სიმარტივის გამო ის ბევრისთვის იქნება მისაღები და მასობრივ გავრცელებას პოვებს.

სისხლდენის შემაჩერებელი ახალი პრეპარატი

პრეპარატი ქვიქლოტი, რომელიც კომპანია "ზეტ-მედიკამ" შეიმუშავა, თვალის დახამხამებაში აჩერებს სისხლდენას. პრეპარატი წარმოადგენს ფოროვან მინერალურ ფხვნილს, რომელიც სისხლდენისას ჭრილობაზე ეყრება. პრეპარატის ფორები იწოვს წყალს, რაც ზრდის შემდედებელი ფაქტორების კონცენტრაციას და აჩქარებს თრომბის წარმოქმნას. ლაბორატორიული კვლევის დროს ქვიქლოტის წყალობით არტერიული სისხლდენის შემდეგ გადარჩა ყველა ზღვის გოჭი, მაშინ როცა სტანდარტული მკურნალობისას საკვლევი ცხოველების ნახევარი დაიღუპა.

ამჟამად პრეპარატს იყენებენ აშშ-ის პოლიციასა და ჯარში. მწარმოებელთა მონაცემებით, მან უკვე 150 კაცი იხსნა სიკვდილისგან. სამოქალაქო მედიცინაში ახალი პრეპარატის გამოყენებას ხელს უშლიდა არასასიამოვნო თანამოვლენები: წყლის აბსორბციისას გამოიყოფოდა დიდი ოდენობით სითბო, რომელიც ზოგჯერ მეორე ხარისხის დამწვრობასაც კი იწვევდა, ამიტომ ფხვნილს იყენებდნენ მხოლოდ სამხედრო პირებისთვის, ისიც - ექსტრემალურ სიტუაციებში.

კალიფორნიელმა მეცნიერებმა პრეპარატი დახვეწეს. მათ კალციუმის იონები ნაწილობრივ ვერცხლის იონებით შეცვალეს, რის შედეგადაც წყალთან რეაქციისას სითბოს გამოყოფამ იკლო. ამასთან ერთად, ფხვნილმა სადეზინფექციო თვისებაც შეიძინა. "ზეტ-მედიკას" წარმომადგენელთა თქმით, მედიკამენტის უსაფრთხო ვარიანტი მალე მოსახლეობისთვისაც გახდება ხელმისაწვდომი და მძღოლებისთვის განკუთვნილი აფთიაქების შემადგენლობაშიც შევა.

მილიარდდოლარიანი სარჩელი "ფაიზერის" წინააღმდეგ

გიგანტურ ფარმაცევტულ კომპანია "ფაიზერს" მილიარდ დოლარს სთხოვენ. კომპანიას ბრალად ედება მომხმარებლებისგან სიმართლის დამალვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატის ბექსტრას გვერდითი ეფექტების შესახებ. ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მოთხოვნით ევროკავშირის ქვეყნებში ამ პრეპარატის გაყიდვა შეწყდა, თუმცა მან უკვე უამრავი ხალხი დააზარალა - გამოიწვია ინფარქტი, ინსულტი, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, სტივენს-ჯონსონის (ბრუცელოზური ერითემის) ტიპის კანისმხრივი რეაქციები. ეს მაშინ, როდესაც პრეპარატის კოლოფზე შესაძლო თანამოვლენების შესახებ არავითარი გაფრთხილება არ ყოფილა. რამდენიმე ხნის წინ ასეთივე სარჩელი აღიძრა კომპანია "მერკის" წინააღმდეგ - ის აიძულეს, გაყიდვიდან ამოეღო პრეპარატი ვოქსი, რომელიც იმავე ფარმაკოლოგიურ ჯგუფს ეკუთვნის.

სისხლდენის შესაჩერებელი ჟელე

სისხლდენის საწინააღმდეგო ახალი პრეპარატი, რომელიც ამერიკელმა და ჰონკონგელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს, გადახვევებს და ელექტროკოაგულაციას წარმატებით შეცვლის. პეპტიდური ჟელე ჭრილობის ზედაპირზე წარმოქმნის მკვრივ აპკს, რომელიც რამდენიმე წამში აჩერებს სისხლდენას. ჭრილობის შე-ხორცების შემდეგ აპკი იშლება, ხოლო მის შემადგენლობაში არსებულ ნივთი-ერებებს ორგანიზმი ითვისებს. ლაბორატორიულმა კვლევამ ცხადყო, რომ ახალი პრეპარატი სისხლდენას აჩერებს სხეულის ზედაპირზე არსებული ღია ჭრილობებიდან, თავისა და ზურგის ტვინიდან, ღვიძლიდან და ნაწლავებიდან.

მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ეს მეთოდი ქირურგიაში გადატრიალებას მოახდენს. ჟელე, რომელიც პეპტიდების (ცილების მოკლე ფრაგმენტების) ნარევს წარმოადგენს, ჭრილობაზე დადების შემდეგ სწრაფად მყარდება და სისხლმდინარი სისხლძარღვის სანათურს აცობს. ჭრილობის შეხორცების შემდეგ აპკი ლღვება და იშლება ამინომჟავებად, რომლებსაც იოლად ითვისებენ ირგვლივ მდებარე ქსოვილები. მეცნიერთა აზრით, მათ მიერ შემუშავებულ პეპტიდურ კოქტეილს, გარდა უშუალო დანიშნულებისა, აქვს კიდევ ერთი ღირსება: მასში შემავალი ამინომჟავები უჯრედთა საშენ მასალას წარმოადგენს. ქირურგიული ოპერაციის დროს ამ მეთოდის გამოყენება განსაკუთრებით მოხერხებულია - ის საშუალებას მისცემს ექიმებს, სწრაფად შეაჩერონ სისხლდენა შინაგანი ორგანოებიდან, თანაც ისე, რომ ორგანიზმს დამატებითი ვნება არ მიაყენონ. მისი წყალობით ოპერაციის ხანგრძლივობა შესაძლოა თითქმის 50%-ით შემცირდეს.