საქართველოში თამბაქოსაგან გამოწვეული დაავადებებით ყოველწლიურად 9 000-11 000 ადამიანი იღუპება
ამ დღის აღსანიშნავად ხდება თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის რისკების ხაზგასმა და თამბაქოს მოხმარების შემცირებისაკენ მიმართული ეფექტური პოლიტიკის განხორციელების ადვოკატირება. თამბაქოს მოხმარება მსოფლიოში ერთადერთი ყველაზე უფრო თავიდან აცილებადი სიკვდილის მიზეზია, თუმცა ამჟამად მსოფლიოს მოსახლეობის სიკვდილობის 10% სწორედ ამ მიზეზითაა გამოწვეული.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოში თამბაქოსაგან გამოწვეული დაავადებებით ყოველწლიურად 9 000-დან 11 000-მდე ადამიანი იღუპება, მათ შორის 3 000-მდე პასიური მოწევის მსხვერპლია. ყოველწლიურად იყიდება 10 მილიარდი ღერი (0.5 მილიარდი კოლოფი), რაც დაახლოებით 0.58 მილიარდ ლარს შეადგენს.
თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში დღეს შეხვედრა გაიმართება, სლოგანით – "თამბაქოს ნაწარმზე გადასახადის ზრდის გზით ავადობისა და სიკვდილობის შემცირება".
შეხვედრაში მონაწილეობას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები მიიღებენ.
შეხვედრას დაესწრებიან როგორც საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის მაღალი დონის, ასევე სამინისტროების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
"შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება ის მიღწევები და გამოწვევები, რაც უკანასკნელ წლებში საქართველოს მთავრობის წინაშე დგას თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გაძლიერების კუთხით. განიხილება ძირითადი სტრატეგიული საკითხები და კიდევ ერთხელ ხაზი გაესმება თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გაძლიერების მნიშვნელობას ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და ეკონიმიკური დანახარჯების შემცირების კუთხით", - აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში.
იხილეთ აგრეთვე სტატია "როგორ დავანებოთ თავი სიგარეტის მოწევას"