ვიტამინი B4 ტვინის დაბერებას აფერხებს
ის ადამიანები, რომელთა რაციონი მდიდარია ამ ვიტამინით, უკეთ ართმევენ თავს მეხსიერების გამოსაცდელ ტესტებს და ნაკლებად აქვთ შეცვლილი ტვინის ქსოვილი.
ტვინის ქსოვილის შეცვლა ჭკუასუსტობის განვითარებაზე მიუთითებს. მეცნიერებმა უკვე დიდი ხანია დაადგინეს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა, რომელიც ზღვის პროდუქტებისა და თევზისგან, ზეითუნის ზეთის, ასევე, ბოსტნეულისგან შედგება, ტვინის დაბერებისგან დამცავ ეფექტს ახდენს.
გამოკვლევაში 36-38 წლის 1400 კაცი მონაწილეობდა. გამოსაცდელ პირებს უნდა მოეყოლათ, როგორ იკვებებოდნენ 1991-1995 წლებში. 1998-2001 წლებში მათ მეხსიერებისა და ტვინის სხვა ფუნქციების შესამოწმებელი ტესტირება უტარდებოდათ. ჩაუტარდათ ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევაც. ყველაზე კარგი შედეგები მათ აჩვენეს, ვისი რაციონიც მდიდარი იყო B4 ვიტამინით. გარდა ამისა, მათ შორის უფრო იშვიათი აღმოჩნდა მდგომარეობა, რომელსაც თეთრი ნივთიერების ჰიპერინტენსივობას უწოდებენ და თავის ტვინის სისხლძარღვოვანი უკმარისობით, ინსულტებითა და ჭკუასუსტობით მიმდინარეობს.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ B4 ვიტამინის დადებითი მოქმედება იმით არის გამოწვეული, რომ ის აცეტილქოლინის წინამორბედია. ეს ნივთიერება ძლიერ გავლენას ახდენს კოგნიტურ პროცესზე. მისი უკმარისობა ახასიათებთ ალცჰაიმერით დაავადებულებს. B4 ვიტამინის დღიური ნორმა მამაკაცებისთვის 550 მგ-ია, ქალებისთვის კი 425 მგ. B4 ვიტამინს შეიცავს მცენარეული და ცხოველური პროდუქტები: კვერცხის ცილა, ღვიძლი, ხორცი, თევზი, ყველი, არარაფინირებული ზეთი, საფუარი, ბარდეული, კომბოსტო, პომიდორი, ისპანახი, სტაფილო.