News
მონიშნული უჯრედების განსაზღვრა ვიდეოტექნოლოგიის მეშვეობით ხდება. ამის შედეგად ქირურგი ხედავს პათოლოგიური პროცესის მკვეთრ საზღვრებს და სიმსივნეს მთლიანად ამოკვეთს, რასაც ფაქტობრივად ნულამდე დაჰყავს მეტასტაზირების საფრთხე. ეს მოწყობილობა ნამდვილად დიდი გარღვევა იქნება ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობაში.
შვრია და ქერი ქოლესტერინის დონეს აქვეითებს
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ შვრია და ქერი აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს და ამცირებს გულის დაავადებათა გავითარების რისკს. ეს მათ შემადგენლობაში შემავალი ნივთიერების - ბეტა გლუკანის დამსახურებაა. ქოლესტერინის 75%-ს აწარმოებს ღვიძლი და განსაზღვრული უჯრედები, 25%-ს კი ორგანიზმი ცხოველური წარმოშობის საკვებიდან იღებს. შეგახსენებთ, რომ ქოლესტერინი ორი ტიპისაა: სასარგებლო (კარგი) - მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები და მავნე (ცუდი) - დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები. სასარგებლო ქოლესტერინი ამცირებს მავნე ქოლესტერინის მოქმედების ეფექტს - არტერიების დახშობას. ბეტა გლუკანი სწორედ მავნე ქოლესტერინის კონცენტრაციას ამცირებს, სასარგებლო ქოლესტერინზე კი არ მოქმედებს. იგი იხსნება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და წარმოქმნის მკვრივ ჟელეს. ეს ჟელე უკავშირდება ჭარბ ქოლესტერინსა და ნაჯერ მჟავებს. ამდენად, ორგანიზმი მას არ შეიწოვს და გამოაძევებს ბუნებრივი გზით. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ბეტა გლუკანის ოპტიმალური სადღეღამისო რაოდენობა 3 გრამია. ეფექტი ექვსი კვირის შემდეგ ხდება თვალსაჩინო.
მაღალწნევიანებმა ხორცზე უარი უნდა თქვან
მეცნიერები კარგა ხანია აცხადებენ, რომ ხორცის მოყვარულებს ვეგეტარიანელებზე მაღალი არტერიული წნევა აქვთ, მაგრამ ამის მტკიცებულებები არ არსებობდა. იაპონელმა ექსპერტებმა ამ მოსაზრების დასამტკიცებლად გააანალიზეს კვლევები, რომლებიც ეხებოდა ვეგეტარიანულ რაციონსა და არტერიულ წნევას შორის კავშირს. ჯამში მათ 22 ათასამდე ადამიანის მონაცემები შეისწავლეს. ვეგეტარიანული რაციონი გულისხმობდა ხორცზე სრულ უარს ან მის ძალიან იშვიათად მიღებას, ასევე - რძის პროდუქტებს, კვერცხს, თევზს და, როგორც გაირკვა, მას უშუალოდ კავშირი ჰქონდა წნევის დაქვეითებასთან. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ვეგეტარიანელებს სისტოლური წნევა საკონტროლო ჯგუფის წამომადგენლებზე 4,8 მმ-ით დაბალი ჰქონდათ, ხოლო მეორის მიხედვით - 6,9 მმ-ით დაბალი; დიასტოლური წნევა, შესაბამისად, 2,2 და 4,7-ით დაბალი იყო. აღსანიშნავია, რომ სისტოლური წნევის ყოველი 5 მმ-ით დაქვეითებისას გულის იშემიური დაავადებით სიკვდილის რისკი - 9%-ით, ხოლო ინსულტით სიკვდილისა 14%-ით იკლებს. მეცნიერთა ვარაუდით, ვეგეტარიანული კვების ეფექტი შესაძლოა იმით იყოს გამოწვეული, რომ ცხოვრების ამ წესის მიმდევრებს იშვიათად აწუხებთ ჭარბი წონა და სიმსუქნე. მათ რაციონში ბევრია უჯრედისი, კალიუმი, ცოტაა ცხიმი, მარილები, თითქმის არ არის ალკოჰოლი, ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები, სამაგიეროდ, უჯერი ცხიმოვანი მჟავებითაა გაჯერებული. გარდა ამისა, ვეგეტარიანული კვება სისხლის სიბლანტესაც ამცირებს.