აბორტისთვის სამდღიანი მოსაფიქრებელი პერიოდი ხუთდღიანი ვადით იცვლება
სამდღიანი მოსაფიქრებელი პერიოდი ხუთდღიანი ვადით იცვლება. კანონპროექტი ბიუროს სხდომაზე 15 აპრილს დარეგისტრირდა.
დოკუმენტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, სამდღიანი მოსაფიქრებელი პერიოდი უმოქმედოა და რეალურად ვერ ასრულებს აბორტის რეგულირების ინსტრუმენტის როლს.
"აღნიშნული კი შეიძლება განხორციელდეს ამ ვადის 5 დღემდე გაზრდით და აბორტისწინა გასაუბრების ფორმატის რეგულირებით. რამდენადაც გასაუბრების დროს ექიმმა უნდა მიაწოდოს ქალს ინფორმაცია აბორტის ბიოლოგიურ და სამედიცინო ასპექტებზე, რისკებსა და მოსალოდნელ გართულებებზე და ამავე დროს, უპირატესობა მიანიჭოს ნაყოფის სიცოცხლის დაცვის საკითხს. ხშირად აბორტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ქალის მიერ ხდება გაუცნობიერებლად, მეუღლის, ოჯახის წევრების ან სხვა პირების ზემოქმედებით. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მოწყვლადია დაუქორწინებელი მოზარდი გოგონები, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალები და აივ-ინფიცირებულები. გასათვალისწინებელია ასევე, სქესის შერჩევის მიზნით მიღებული გაუცნობიერებელი გადაწყვეტილებებიც", - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
დოკუმენტის მიხედვით, ცვლილების მიზანია, აბორტების შემცირების გზით ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ბავშვთა უფლებების დაცვა.