როგორ გავუმკლავდეთ ვირუსებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ გავუმკლავდეთ ვირუსებს

იმუნური სისტემის მუშაობა რთული მექანიზმია და ერთ-ერთი რგოლის გაუმართაობას დამცველობითი ფუნქციის დაქვეითებისკენ მივყავართ. რისგან შედგება ჩვენი დამცველობითი მექანიზმი? იმუნიტეტის გამომუშავებაში მონაწილეობს ორგანოთა რამდენიმე ჯგუფი, რომლებიც განლაგებულია მთელ იმ გზაზე, რომლითაც შესაძლოა ორგანიზმში უცხო სხეული შეიჭრას.

თიმუსი

თიმუსი მდებარეობს მკერდის ძვლის უკან, სადაც ჩასუნთქულ ჰაერთან ერთად ხვდებიან უცხო მიკროორგანიზმები. მისი ჩამოყალიბება იწყება ნაყოფის მუცლადყოფნის პერიოდის პირველ თვეს. თიმუსი გამოიმუშავებს იმუნურ უჯრედებს - ტ-ლიმფოციტებს. დროთა განმავლობაში თიმუსი განილევა, პრაქტიკულად ქრება და ტ-ლიმფოციტების გამომუშავებას საკუთარ თავზე იღებენ სხვა ორგანოები. ჩვილებში ხშირია თიმუსის გადიდება - თიმომეგალია, რასაც იმუნიტეტის დაქვეითება მოჰყვება. ასეთი ბავშვები ხშირად ავადმყოფობენ, საბავშვო ბაღში მათი სიარული უმცროს სკოლამდელ ასაკში (3 წლამდე) მიზანშეწონილი არ არის. თიმომეგალიაზე ეჭვის შემთხვევაში ექიმმა პაციენტი რენტგენოლოგიურ გამოკვლევაზე უნდა გაგზავნოს. თიმომეგალიას არ მკურნალობენ, 5-7 წლისთვის ის თავისთავად გაივლის.

ძვლის წითელი ტვინი

ძვლის წითელი ტვინის ძირითადი ამოცანაა B-ლიფოციტების გამომუშავება, რომელთა ზედაპირზეც განლაგებულია იმუნური ცილები - იმუნოგლობულინები.

ლიმფური კვანძები

ლიმფური კვანძები ასრულებენ ბარიერულ ფუნქციას და პირველები რეაგირებენ დამაზიანებელი ფაქტორების შემოჭრაზე, გამოიმუშავებენ იმუნოგლობულინებს. ჩვილებს ლიფური ჯირკვლების დამცველობითი ფუნქცია სუსტად აქვთ განვითარებული  და ინფექციასთან შეხვედრის პასუხად ეს ჯირკვლები დიდდება.

ელენთა

ელენთაში ტ და B Bლიმფოციტების დახმარებით ხდება ორგანიზმისთვის უცხო ნივთიერებების დაშლა და გადამუშავება. აქვე წარმოიქმნება M და G იმუნოგლობულინები უცხო აგენტების (ანტიგენების) სისხლში ან ლიმფაში მოხვედრის პასუხად.

ნუშურა ჯირკვლები და მუცლის ღრუში არსებული ლიმფური ქსოვილის გროვები

(მათ შორის - აპენდიქსი)

ამ ორგანოთა ლორწოვან გარსებზე განლაგებულია ტ და ბ ლიმფოციტები, ლიზოციმი და სხვა ნივთიერებები, რომლებიც უზრუნველყოფს იმუნურ დაცვას. აქედან უცხო აგენტის შესახებ ინფორმაცია გადაეცემა იმუნური სისტემის ცენტრალურ ორგანოებს - თიმუსსა და ძვლის ტვინს.

- რამდენი სახის იმუნიტეტი არსებობს?

- განასხვავებენ აქტიურ და პასიურ იმუნიტეტს. აქტიური იმუნიტეტი გამომუშავდება გადატანილი ინფექციის (ბუნებრივი) ან აცრის (პასიური) შემდეგ. უცხო მიკროორგანიზმებთან შეხვედრისას მეხსიერების უჯრედები იმახსოვრებენ ამ ინფორმაციას და ამ ინფექციასთან ხელმეორე შეხვედრის შემთხვევაში ორგანიზმი ანტისხეულების გამომუშავებას იწყებს. ეს აქტიური იმუნიტეტია. იგი დიდხანს ნარჩუნდება და ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკას ემსახურება. პასიური იმუნიტეტი ყალიბდება ორგანიზმში განზრახ (ვაქცინის, გამა-გლობულინის სახით) შეყვანილ მზა ანტისხეულებთან იმუნური სისტემის ურთიერთქმედების შედეგად. ეფექტი სწრაფად ვლინდება და დიდხანს გასტანს. პასიურ იმუნიტეტს სჩუქნის პატარას დედაც პლაცენტის საშუალებით გადაცემული ანტისხეულებით, რომლებიც მისმა ორგანიზმმა სხვადასხვა დაავადების მიმართ გამოიმუშავა. ასეთი იმუნიტეტი სიცოცხლის პირველი წლის ბოლოს ქრება. ძუძუთი კვებისას ჩვილი დედის რძის მეშვეობით დამატებით ანტისხეულებს იღებს.

- როგორ ფორმირდება იმუნიტეტი?

- იმუნიტეტის ფორმირება ჯერ კიდევ დაბადებამდე იწყება. მუცლადყოფნის მე-10-12 კვირას ორგანიზმი იწყებს საკუთარი ანტისხეულების და ზოგიერთი იმუნოგლობულინის გამომუშავებას, თუმცა ნაყოფის იმუნიტეტი ძირითადად მაინც დედის ანტისხეულებისგან შედგება, რომლებსაც იგი პლაცენტის საშუალებით იღებს. ანტისხეულების ძირითად ულუფას ნაყოფი იღებს მუცლადყოფნის ბოლო პერიოდში. ამის კვალობაზე, დღენაკლული ახალშობილი არასათანადოდ არის დაცული ინფექციისგან.

- როგორ გრძელდება იმუნიტეტის ფორმირება დაბადების შემდეგ?

- იმუნიტეტის ჩამოყალიბება უმთავრესად სიცოცხლის პირველი 12 თვის განმავლობაში ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზმი დაბადების პირველივე დღეებიდან იწყებს ანტისხეულების გამომუშავებას, ეს არ არის საკმარისი - პირველი სამი თვის განმავლობაში ბავშვს ძირითადად დედის ორგანიზმიდან მიღებული ანტისხეულები იცავს. თუმცა ეს ანტისხეულები თანდათან იშლება და 3-6 თვისთვის მათი მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე დაშლილია. ამ პერიოდში ჩვილის ორგანიზმში ინფექციის შეჭრას პირველადი იმუნური პასუხი მოჰყვება. იგი არ ტოვებს იმუნოლოგიურ მეხსიერებას და ამ მიკროორგანიზმთან განმეორებითი შეხვედრისას ბავშვი ისევ დაავადდება, როგორც პირველად. სპეციფიკური იმუნიტეტის ფორმირება იწყება მიკრობებთან შეხვედრის შემდეგ. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიკროორგანიზმები. ჩვეულებრივ, სიცოცხლის პირველ თვეებში კუჭ-ნაწლავის ტრაქტში სახლდებიან უსარგებლო მიკროორგანიზმები, ამიტომ აქ დიდხანს იმყოფება სადარაჯოზე A იმუნოგლობულინი, რომელსაც დაცვის პირველ ხაზს უწოდებენ. 12 თვის შემდეგ პატარა ინფექციებს მხოლოდ საკუთარი ძალებით ებრძვის, რომლებიც ამ დროისთვის უკვე საკმარისია. იმუნიტეტის შემდგომი ფორმირება უკვე გადატანილი დაავადებებისა და ვაქცინაციის შედეგია. სიცოცხლის პირველი წლის ბოლოს იმუნიტეტი თითქმის მზადაა თავდაცვისთვის, მაგრამ ნებისმიერ ინფექციურ პროცესს შეუძლია, ბავშვის მთელი ორგანიზმი მოიცვას. ექიმები ამას პროცესის გენერალიზაციას ვუწოდებთ. ამით აიხსნება წლამდე ასაკის ბავშვების ხშირი და მძიმე ავადმყოფობა. ამიტომაც არის საჭირო მეტი სიფრთხილე, ყურადღება მშობლებისა და ექიმის მხრივ, ამიტომ სჭირდება ჩვილს გულდასმით მოვლა - ჭიპისა და კანის ჰიგიენური დამუშავებისას მცირე შეცდომამაც კი შეიძლება დიდ პრობლემებს დაუდოს სათავე. კანდიდას გვარის სოკოები, სტრეპტოკოკი, ჰერპესის ვირუსი ბავშვისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. დაბადების შემდეგ ბავშვის ორგანიზმს ბევრ უცხო ნივთიერებასთან უხდება შეხება: პროფილაქტიკური აცრები, ბავშვთა ინფექციები, ვირუსები, ბაქტერიები... ეს ბიძგს აძლევს ორგანიზმში ლიმფური ქსოვილის - ადენოიდების, ნუშურა ჯირკვლების, ლიმფური კვანძების ზრდას. 3 წლისთვის იმუნური სისტემა იძენს უნარს, ამოიცნოს ანტიგენები და მათზე უფრო ადეკვატურად მოახდინოს რეაგირება. ბავშვის იმუნიტეტის არასრულფასოვნება იმით გამოიხატება, რომ ზოგჯერ იმუნური პასუხი არაადეკვატურია. ორგანიზმი ებრძვის ერთი შეხედვით უწყინარ ფაქტორებს: ზოგიერთ საკვებს, მტვრის ტკიპებს, შინაური ცხოველების კანის ნაწილაკებს, მცნარეულ მტვერს. ეს გადამეტებული რეაქციაა ალერგია. ამრიგად, თუ, ერთი მხრივ, იმუნიტეტი იცავს ორგანიზმს საფრთხისგან, მეორე მხრივ, მისმა არაადეკვატურმა რეაქციამ შესაძლოა ჯანმრთელობის გაუარესება გამოიწვიოს.


- რა საფეხურებს გაივლის იმუნიტეტი ზრდის პროცესში?

- არსებობს იმუნიტეტის განვითარების კრიტიკული პერიოდები, როდესაც თავდაცვა სუსტდება და შესაძლოა, არასათანადო ან პარადოქსული (ალერგიული) პასუხები მოგვცეს. ეს პერიოდები შეესაბამება განსაზღვრულ ასაკს:

  • სიცოცხლის პირველი 29 დღე (ახალშობილობის პერიოდი) - საკუთარი იმუნიტეტი ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული და ბავშვს იცავს თანდაყოლილი, დედისგან მიღებული ანტისხეულები. ბავშვს შეჯახება უხდება ბაქტერიებსა და ვირუსებთან. მნიშვნელოვანია ამ პერიოდში მისი კვება დედის რძით, ვინაიდან ამ გზით ორგანიზმი იმუნური ფაქტორების დამატებით ულუფას იღებს. 9-12 თვისთვის დედის ანტისხეულები, როგორც გითხარით, ქრება.
  • 1-დან 4 წლამდე - ფართოვდება გარემოსთან კონტაქტი. დედისგან მიღებული იმუნური სხეულები აღარ არსებობს, საკუთარი იმუნოგლობულინები და ინტერფერონი უმნიშვნელო ოდენობით გამომუშავდება, ამდენად, ბავშვი ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების პირისპირ პრაქტიკულად დაუცველი რჩება. ამიტომაც არის ასე ხშირი ამ ასაკში ბავშვების ავადობა, განსაკუთრებით - საბავშვო ბაგა-ბაღში სიარულისას.
  • 4-დან 6 წლამდე - სრულდება შეძენილი იმუნიტეტის ფორმირება. ამ ასაკში ზედა სასუნთქი გზების დაავადებებმა შესაძლოა მიიღოს ქრონიკული და მორეციდივე ხასიათი, ვინაიდან ადგილობრივი იმუნიტეტის აქტიურობა არასაკმარისია.
  • 12-დან 13 წლამდე - ხდება ლიმფოიდური ორგანოების ზოგადი მასის შემცირება სასქესო ჰორმონების გამომუშავების მატების ფონზე. საბოლოოდ ყალიბდება იმუნური პასუხის (ძლიერი და სუსტი) ტიპები. ხშირდება ქრონიკული, ანთებითი, აუტოიმუნური დაავადებები. ატოპიური დაავადებები (ბრონქული ასთმა და სხვა ალერგიული დაავადებები) უმეტესად სუსტდება.

- შესაძლებელია თუ არა ბავშვის იმუნური სისტემის მდგომარეობის შეფასება?

- თუ ბავშვს ხშირად ემართება ანთებითი, კანის, სასუნთქი სისტემის, კუჭ-ნაწლავის დაავადებები, აქვს სუბფებრილური (37,0-37,5 0ც) ტემპერატურა, დისბიოზი (ნაწლავური ფლორის დარღვევა), ალეგიული რეაქციები, სოკოვანი და ვირუსული ინფექციები, საჭიროა მისი იმუნური სისტემის მდგომარეობის შეფასება ან, როგორც  ექიმები ვამბობთ, იმუნოლოგიური სტატუსის განსაზღვრა. სპეციალური ანალიზისთვის, იმუნოგრამისთვის, სისხლს ვენიდან იღებენ. ლეიკოციტების დაქვეითებული ფაგოციტური აქტივობა ადასტურებს ორგანიზმში ქრონიკული ანთებითი პროცესების არსებობას. სპეციფიკური ანტიგენების მომატება ალერგიულ რეაქციებსა და პარაზიტულ ინფექციებზე მიუთითებს. ლიმფოციტების მომატება ვირუსული პათოლოგიის არსებობას მოწმობს. იმუნოგრამის გაშიფვრის შემდეგ ექიმი დანიშნავს მკურნალობას. მედიკამენტები შეირჩევა იმის მიხედვით, იმუნური სისტემის რომელი რგოლია დაზიანებული. იმუნომასტიმულირებელი და იმუნომოდულაციური პრეპარატებით იმუნური სისტემის მუშაობაში უხეში ჩარევა არ შეიძლება. ასეთ თვითმკურნალობას შესაძლოა მოჰყვეს ანთებითი პროცესის გაძლიერება, ვირუსული ინფექციის გავრცელება, ალეგიული რეაქციები. როგორც ვიცით, იმუნური სისტემის ძირითადი ელემენტებია სისხლის თეთრი უჯრედები - ლიმფოციტები. გარდა ამისა, ორგანიზმი გამოიმუშავებს ანტისხეულებს - იმუნოგლობულინებს. ისინი უერთდებიან უცხო ნივთიერებას და გააუვნებლებენ მას. არსებობს იმუნოგლობულინების 5 კლასი:

  • IgA - ხელს უშლის ორგანიზმში ინფექციის შეჭრას;
  • IgM - იცავს ზოგიერთი ინფექციისა (სალმონელოზი, მუცლის ტიფი და სხვა) და ვირუსებისგან. მისი მომატება მწვავე ინფექციურ პროცესზე მიუთითებს.
  • IgG - იცავს მრავალი ვირუსისა (წითელა, ყბაყურა და ა.შ.) და ბაქტერიებისგან. იმუნოგრამაში მისი არსებობა უკვე გადატანილ დაავადებაზე მეტყველებს.
  • IgD - აღმოჩენილია ნუშურა ჯირკვლებსა და ადენოიდებში, უზრუნველყოფს ადგილობრივ იმუნიტეტს.
  • IgE - დაუყოვნებელი ტიპის ალერგული რეაქციების არსებობას მოწმობს. იგი ხშირად გვხვდება იმუნური დარღვევების მქონე ბავშვებთან და ჭიებით (ლამბილიებით, ასკარიდათი და ა.შ.) ინვაზიის დროს.

ორგანიზმის ფასდაუდებელი მცველები არიან აგრეთვე ლიზოციმი და ინტერფერონი. ლიზოციმი ფერმენტია, რომელიც შლის ბაქტერიის გარსს. მას შეიცავს ცრემლი, ნერწყვი, სისხლი, სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსები, ნაწლავები. ამიტომაც არის, რომ მწეველთა ოჯახებში ბავშვები ხშირად ხდებიან ავად - სიგარეტის კვამლი დამღუპველად მოქმედებს სასუნთქი გზების ლორწოვანის ლიზოციმზე და ბავშვის ორგანიზმი ადვილად იღებს ინფექციას. ინტერფერონი უზრუნველყოფს ანტივირუსულ დაცვას. იგი ანთებითი კერის გარშემო ქმნის ბარიერს და ჯანსაღ უჯრედებს ინფიცირებულებისგან მიჯნავს. გარდა ამისა, წინააღმდეგობას უწევს უჯრედშიდა პარაზიტებს (ტოქსოპლაზმას, მიკოპლაზმას და სხვა). ბავშვის დაბადების შემდეგ ორგანიზმში ინტერფერონის დონე მაღალია, მაგრამ პირველი წლის ბოლოსთვის მცირდება (თუმცა მერე ისევ იმატებს და მაქსიმუმს 12-18 წლისთვის აღწევს), ამიტომ მცირე ასაკის ბავშვებს იოლად ხვდებათ ინფექციები, განსაკუთრებით - სასუნთქი სისტემისა.

- როგორ დავიცვათ ბავშვი ინფექციისგან ქუჩაში თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში?

- ორგანიზმის თავდაცვის უნარის ასამაღლებლად ერთად შეასრულეთ შემდეგი მოქმედებები:

  • შინიდან გასვლამდე 1-2 წუთის განმავლობაში თითის ბალიშების წრიული მოძრაობით, საათის ისრის მოძრაობის მიმართულებით, მსუბუქად დაუზილეთ ნიკაპისა და კისრის მიდამო.
  • 30-60 წამით მსუბუქად დააწექით გაციების საწინააღმდეგო წერტილს. ის მდებარეობს ქვედა ყბის ძვლის შუაში, ჩაღრმავებულ ადგილას.
  • მსუბუქად დააწექით წერტილებს ლავიწისა და კეფის ჩაღრმავების შუაში და იქ, სადაც თავის დახრისას კისრის მეშვიდე მალა შეიგრძნობა.
  • ხელები ერთმანეთს გადააჭდეთ და ნიკაპქვეშ ამოსდეთ, სთხოვეთ, დაგაწვეთ ნიკაპით. გაიმეორეთ 2-3-ჯერ.
  • სთხოვეთ, ჩამოუშვას მხრები და ხელები, თავი ასწიოს, კისერი წაიგრძელოს. გააკეთოს ყლაპვითი მოძრაობა და ნიკაპი წინ წამოსწიოს. გაიმეორეთ 3-5-ჯერ.
  • სადარბაზოდან გასვლამდე სთხოვეთ, რამდენიმეჯერ გადაყლაპოს ნერწყვი - ეს გააუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ნუშურებში და გააძლიერებს მათ დაცვით ფუნქციებს.

სეირნობის დროს ყურადღება მიაქციეთ, რომ ბავშვმა ცხვირით ისუნთქოს და არა პირით. 30-40 წუთში ერთხელ დაუზილეთ შუბლის შუა წერტილი თავის თმიან ნაწილში გადასვლის ადგილას, წარბების შიდა (ცხვირთან მდებარე) წერტილები, ცხვირის დაბოლოების გარეთა წერტილები.

- როგორ მოვუაროთ ბავშვს ვირუსული ინფექციის შემდეგ?

- ვირუსული დაავადება ორგანიზმის თავდაცვით ფუნციას ასუსტებს, ამიტომ ხშირია ხელმეორედ დაავადების შემთხვევები. ამ პერიოდში მოარიდეთ ბავშვი ხალხის თავშეყრის ადგილებს, რამდენიმე დღე ნუ გაუშვებთ ბაღსა თუ სკოლაში. მოუმზადეთ ვიტამინებით მდიდარი საკვები - ხილი, წვენები, კომპოტი. ჭამას ნუ დააძალებთ. კვებეთ მცირე ულუფებით და ხშირ-ხშირად, ნუ მისცემთ ძნელად მოსანელებელ კერძებს. ნაავადმყოფარი ბავშვისთვის აუცილებელია დასვენება და ძილი. მიეცით ამის საშუალება. გარდა ამისა, ხშირად გაანიავეთ ოთახი, ასეირნეთ ბავშვი სუფთა ჰაერზე, ნაკლებად ხალხმრავალ ადგილებში. ერთბაშად სრული დატვირთვით ნუ ჩააბამთ სასწავლო პროცესში, თანდათან, ზომიერად შეაჩვიეთ მეცადინეობას. მოარიდეთ მძაფრ ემოციებსა და სტრესულ სიტუაციებს, ნაკლები დრო გაატარებინეთ ტელევიზორსა და კომპიუტერთან, გამონახეთ დრო და უკითხეთ წიგნები. დედის სითბო, ყურადღება და სიყვარული ნაავადმყოფარ ბავშვს ყოველგვარ წამალზე მეტად სჭირდება.