News
1. მეცნიერებმა ადამიანის კანისგან ღეროვანი უჯრედების გამოზრდა შეძლეს. 2008 წელს იაპონელმა მეცნიერებმა პირველებმა გამოიყენეს ღეროვანი უჯრედების მიღების ახალი ტექნოლოგია. მათ "გადააპროგრამეს" ადამიანის კანის უჯრედები, რის შედეგადაც ისინი ჯერ ღეროვან, შემდეგ კი სხვა ტიპის უჯრედებად იქცნენ. ეთიკური თვალსაზრისით ეს პროცედურა გამართლებულია, პრაქტიკულით კი - ფასდაუდებელი. გარდა იმისა, რომ კანისგან ღეროვანი უჯრედების გამოსაზრდელად არც დონორია საჭირო და არც ემბრიონი,
ამ ტექნოლოგიის დახმარებით მეცნიერებმა ისეთი რთული დაავადების შესწავლა დაიწყეს, როგორიც არის სკლეროზი. ამჟამად მკვლევარები ყურადღებით აკვირდებიან მიღებულ ნეირონებს და მათ ყველა ცვლილებას აღნუსხავენ.
2. მეცნიერებმა ამოიცნეს ინფარქტის ჭეშმარიტი მიზეზი და მისი აღმოფხვრის გზას მიაგნეს.
სტატისტიკურად ინფარქტების ნახევარზე მეტი ნორმალური ქოლესტეროლის ფონზე ვითარდება. ექიმებსა და მათ პაციენტებს სწორედ ეს აყენებდა მცდარ გზაზე - ქოლესტერინი ხომ გულ-სის-ხლძარღვთა დაავადებების მთავარ მიზეზად ითვლებოდა. და აი, 2008 წლის ნოემბერში ამერიკელმა კარდიოლოგმა პოლ რიდკერმა განაცხადა, რომ აღმოაჩინა ინფარქტის გამომწვევი კიდევ ერთი ფაქტორი, კერძოდ, შინაგანი ანთება. მან დაადგინა, რომ ამ მდგომარეობიდან ადამიანის გამოყვანა ადვილია - საჭიროა სტატინების მიღება, რომლებსაც, ტრადიციისამებრ, უნიშნავენ ექიმები ავადმყოფებს მაღალი ქოლესტერინის დროს.
3. ექიმებმა ოპერაცია გაკვეთის გარეშე ჩაატარეს. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ექიმები დიდი ხანია ეძიებენ ადამიანის ორგანიზმში გაკვეთის გარეშე შეღწევის გზებს. პირველი ასეთი ოპერაცია 2008 წლის მარტში კალიფორნიის უნივერსიტეტში განხორციელდა - პაციენტ ქალს წარმატებით ამოჰკვეთეს აპენდიქსი საშვილოსნოს გავლით, მოგვიანებით კი მათმა კოლეგებმა კუჭის კედლის ოპერაცია პირიდან განახორციელეს.
4. გენომის ანალიზი ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი გახდა. 2008 წელს დასავლეთის წამყვანი კლინიკების სამედიცინო მომსახურების სიას კიდევ ერთი ანალიზი - გენომის ანალიზი შეემატა. პროცედურა 400 დოლარი ჯდება და სრულიად უმტკივნეულოა - ანალიზისთვის მხოლოდ ნერწყვია საჭირო, მაგრამ ამ ანალიზის შედეგებზე მეცნიერები დღესაც დავობენ. მრავალი სპეციალისტის აზრით, კაცობრიობას ჯერ კიდევ არ გააჩნია საკმარისი ცოდნა, რათა გენომის ზუსტი ინტერპრეტაცია მოახდინოს. მეორე მხრივ, ასეთი ტესტი მრავალი მემკვიდრეობითი დაავადებისა და კიბოსადმი გენეტიკური განწყობის განსაზღვრის საშუალებას იძლევა.
5. მეცნიერებმა ალცჰაიმერის დაავადების განმსაზღვრელი 4 გენი აღმოაჩინეს. ამ დაავადების სამკურნალო არც წამალი არსებობს და არც ვაქცინა. იმის განსაზღვრაც შეუძლებელია, დაავადდება თუ არა მომავალში ადამიანი ალცჰაიმერით და დაავადების საწყის სტადიაზე მისი ზუსტი დიაგნოსტირებაც რთულია. ალცჰაიმერის დაავადება მოხუცებულთა ჭკუასუსტობის მთავარი მიზეზია, მისი შეჩერება ექიმებს არ ძალუძთ. სწორედ ამიტომ ამ დაავადებასთან დაკავშირებული 4 გენის აღმოჩენა გახდა 2008 წლის უდიდესი მიღწევა. ჯერჯერობით მეცნიერებმა ზუსტად ვერ განსაზღვრეს დაავადების განვითარებაში ამ გენების როლი, მაგრამ იმედოვნებენ, რომ მალე დაავადების თავიდან აცილების მეთოდს მიაგნებენ.
6. მეცნიერებმა შექმნეს 5 დაავადების (დიფტერიის, ტეტანუსის, ყივანახველის, პოლიომიელიტისა და B ტიპის გრიპის) საწინააღმდეგო ერთი ვაქცინა. ხუთის ერთში ხელსაყრელი შერწყმის გარდა, ვაქცინის ღირსებაა უმნიშვნელო გვერდითი ეფექტი - ნანემსარი მიდამოს მცირედი შეწითლება, იშვიათად - ტემპერატურის მომატება. აცრა ოთხჯერადია: 2-დან 6 თვემდე - 3-ჯერ, 15-დან 18 თვემდე - ერთხელ, - რაც გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ყველა დაავადების ცალ-ცალკე აცრა.
7. მეცნიერებმა მკერდის კიბოს სწრაფი განკურნების მეთოდი გამოიგონეს.
მთავარი როლი აქაც გენურმა ტესტმა შეასრულა. ამგვარი ტესტირება ექიმებს არა მარტო დაავადების აღმოჩენაში, არამედ მკურნალობაშიც ეხმარება. ახალი ტესტების მეშვეობით მედიკოსები განსაზღვრავენ, რამდენად ეფექტური იქნება კიბოს მედიკამენტური მკურნალობა, როგორი იქნება რეციდივის ალბათობა და ქიმიოთერაპიის ეფექტი.
8. მეცნიერებმა ორსულის სისხლის ანალიზით დაუნის სინდრომის დიაგნოზის დასმა მოახერხეს.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ემბრიონული დნმ მცირე ოდენობით ხვდება დედის სისხლში, სადაც 21-ე ქრომოსომის დონის მომატება - დაუნის დაავადების სიგნალი - ადვილი დასადგენია. ამ ანალიზის ტექნოლოგია ჯერჯერობით დახვეწის სტადიაშია, მაგრამ მეცნიერები მასზე დიდ იმედებს ამყარებენ.
9. მეცნიერებმა მიაგნეს კიბოთი დაავადებულებისთვის ქიმიოთერაპიის გვერდითი ეფექტების დაძლევის საშუალებას.
ამერიკელმა მედიკოსებმა აღმოაჩინეს, რომ გულისრევის დაძლევა ადვილად შეიძლება რყევის საწინააღმდეგო პლასტირის საშუალებით. ამ ტიპის საშუალებათა უმრავლესობა შეიცავს გრანისტერონს, რომელიც კანიდან სისხლში შეიწოვება და ტვინის სეროტონულ რეცეპტორებს ბლოკავს. ამის შედეგად მცირდება თავბრუხვევა, წყნარდება კუჭი. ერთი პლასტირის ეფექტი 5 დღე გრძელდება.
10. მეცნიერებმა ქალს ახალი ყელი ჩაუდგეს.
30 წლის ესპანელ ქალბატონ ლორენ კასტილიოს მკურნალმა ექიმმა მისივე ღეროვანი უჯრედებისა და დონორის ტრაქეისაგან ახალი სასუნთქი გზები "გამოუძერწა". მედიცინის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პაციენტს უნერგავენ დონორის რომელიმე ორგანოს და პაციენტისავე ძვლის ტვინის ღეროვან უჯრედებს იყენებენ.
კოცნა არცთუ ისე საშიში ყოფილა
თურმე კოცნა არც ისე საშიში ყოფილა. აღმოჩნდა, რომ ჰერპესის გარდა, რომლის შესახებაც ყველამ კარგად ვიცით, არსებობს ათამდე დაავადება, რომლებიც ადამიანს კოცნის დროს გადაედება. მეცნიერებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს, ამ დაავადებების, მათი სიმპტომებისა და თავდაცვის ხერხების შესახებ მოსახლეობისთვის ინფორმაცია მიეწოდებინათ. გაგაცნობთ რამდენიმე მათგანს:
ინფექციური მონონუკლეოზი
გამომწვევია ეპშტეინ-ბარის ვირუსი - ებვ. ის ორგანიზმში ხვდება დაავადებულის ნერწყვთან ერთად. ამ დროს ტემპერატურა 39-40 გრადუსამდე იმატებს, რაც 10-14 დღე გრძელდება. ავადმყოფს სარგძნობლად უდიდდება კისრის ლიმფური კვანძები, უშუპდება ყელი, ეჭედება ცხვირი. მონონუკლეოზის კიდევ ერთი სიმპტომია მუცლის ტკივილი, რომელსაც იწვევს ელენთისა და ღვიძლის ზრდა (მრავალ ავადმყოფს კანი უყვითლდება, შარდი უმუქდება). შესაძლოა, ელენთა გასკდეს, დაზიანდეს ცენტრალური ნერვული სისტემა, განვითარდეს ჰეპატიტი და პნევმონია.
ამ ინფექციისადმი განსაკუთრებით უსუსურნი არიან 3-10 წლის ბავშვები, რომელთა იმუნურ სისტემასაც არ ძალუძს ვირუსთან გამკლავება, თუმცა მონონუკლეოზის მსხვერპლად შეიძლება იქცეს ზრდასრული ადამიანიც, რომელმაც გადაიტანა ძლიერი სტრესი, მძიმე ოპერაცია.
ბავშვი ამ ვირუსისგან რომ დავიცვათ, უნდა ვაკოცოთ მხოლოდ ლოყაზე და არა ცხვირ-ტუჩთან ახლოს. ამავე მიზეზით არ უნდა ვისარგებლოთ ბავშვის ჭურჭლით, არ დავრთოთ ჩვენი ჭურჭლით სარგებლობის ნება, არ მივცეთ სხვა ბავშვის პირში ნადები სათამაშო. რაც შეეხება უფროსებს, მათ მონონუკლეოზისგან თავის დასაცავად ავადმყოფობის გამოვლენიდან 10-14 დღის განმავლობაში, იმუნური სისტემის მოძლიერებამდე, კოცნისგან თავი უნდა შეიკავონ.
ციტომეგალოვირუსული ინფექცია
ის ძალიან ჰგავს რესპირაციულ დაავადებას. ჩვეულებრივ, ვლინდება მაღალი ტემპერატურით, სურდოთი, ყელის ტკივილით და ლიმფური კვანძების გადიდებით. ზემო სასუნთქი გზების დაავადებით შენიღბული ციტომეგალოვირუსული ინფექცია 1-1,5 თვე გრძელდება. სწორედ ამან უნდა დააეჭვოს ადამიანი. ქალებში ციტომეგალოვირუსული ინფექცია საშვილოსნოს ყელისა და საშოს ანთებას იწვევს. ციტომეგალოვირუსისა განსაკუთრებით უნდა ეშინოდეთ მომავალ დედებს. ორსულობისას ქალის იმუნური სისტემა ითრგუნება და ვირუსი იოლად იკიდებს ფეხს ორგანიზმში, დედის ორგანიზმიდან კი ციტომეგალოვირუსი ბავშვს გადაედება და განვითარების დეფექტებს იწვევს.
ამ უსიამოვნებებისგან თავის დასაცავად მშობლებმა ჩასახვამდე უნდა გაიარონ გამოკვლევა ამ ინფექციაზე. თუ ვირუსი არ აღმოაჩნდათ, შეუძლიათ, მშვიდად იფიქრონ შვილის გაჩენაზე, ხოლო თუ ანალიზი დადებითი აღმოჩნდა, იმკურნალონ.
კუჭის წყლულოვანი დაავადება
ათიდან სამ შემთხვევაში კუჭის წყლული უსიმპტომოდ მიმდინარეობს. დანარჩენი 70% უჩივის მწვავე ტკივილს მარცხენა ნეკნების ქვეშ, რომელიც აღმოცენდება ან ჭამისთანავე (ჭამიდან 30-60 წუთის შემდეგ), ან უზმოზე, ჭამის შემდეგ კი ცხრება. იმუნოლოგები დარწმუნებულნი არიან, რომ ჯანსაღ იმუნიტეტს შეუძლია, ჰელიკობაქტერიის შეტევას გაუმკლავდეს, ამიტომ აუცილებელია ორგანიზმის გაკაჟება, ბალანსირებული, რაციონალური კვება და ვარჯიში.
კიბოს პაპილომავირუსი იწვევს
მეცნიერები დიდხანს ცდილობდნენ საშვილოსნოს ყელის კიბოს ბუნების ამოცნობას, მაგრამ ამაოდ, 2008 წელს კი გერმანელმა მეცნიერმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა ჰაროლდ ცურ ჰაუზენმა ივარაუდა, რომ ამ დაავადების მიზეზი ადამიანის პაპილომავირუსი იყო. მან დაამტკიცა, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოთი დაავადებულ ქალთა 99%-ზე მეტი ამ ვირუსით არის ინფიცირებული.
ადამიანის პაპილომავირუსი სქესობრივი გზით გადაედება. რაც უფრო მეტი სქესობრივი პარტნიორი ჰყავს ქალს, მით უფრო მაღალია დასნებოვნების რისკი.
მეცნიერები წლობით ცდილობდნენ ისეთი პრეპარატის შექმნას, რომელიც იმუნურ სისტემას პაპილომავირუსის ამოცნობაში დაეხმარებოდა, ხელს შეუშლიდა დაავადების განვითარებას და უკვე დაზიანებულ უჯრედებს ორგანიზმიდან გამოაძევებდა. მრავალწლიანი შრომის შედეგად შეიქმნა ვაქცინა გარდასილი, რომელსაც ყველა ზემოთ ჩამოთვლილი თვისება აქვს.