News
ქალის საკვერცხეებს სხეულიდან იღებენ, მექანიკურად აზიანებენ მომცრო ჭრილობების მიყენების გზით და ამუშავებენ სპეციალური წამლით, მერე ხელახლა ნერგავენ პაციენტის სხეულში (ფალოპის მილის ზედა ნაწილში) და უტარებენ ჰორმონულ თერაპიას. ამ მეთოდით 27 ქალს გაუაქტიურეს საკვერცხეები. რვა მათგანის სხეულში ფოლიკულებმა დაიწყო განვითარება, ორი დაორსულდა და ერთ-ერთმა უკვე ჯანმრთელი ვაჟი გააჩინა. მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ მკურნალობის ახალი მეთოდი უშვილობის სხვა ფორმების შემთხვევაშიც გამოდგება (მაგალითად, ქიმიო- და სხივურ თერაპიაზე მყოფი ონკოდაავადებულებისთვის), თუმცა ის არ გამოადგებათ ასაკოვან ქალებს, რომლებსაც მენოპაუზა ბუნებრივი მიზეზების გამო დაუდგათ.
ჩიფსები ბავშვის თავის ტვინში შეუქცევად ცვლილებებს იწვევს
ბავშვის ჯანმრთელობაზე ჩიფსების მავნე გავლენის შესახებ მრავალჯერ თქმულა. ნეგატიურ ეფექტს, წესისამებრ, სიმსუქნეს და გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე ზემოქმედებას უკავშირებენ. ახლახან დასრულებულმა გამოკვლევამ კი აჩვენა, რომ ბავშვებს, რომლებიც 3-4 წლიდან ჭამენ ჩიფსებს, მომავალში უფრო ხშირად აღენიშნებათ გონებრივ განვითარებასთან დაკავშირებული პრებლემები. ეს საკითხი ბრისტოლის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეისწავლეს და დაადგინეს, რომ ჩიფსები პროვოცირებას უწევს ბავშვის თავის ტვინის მუშაობის დარღვევას. კერძოდ, აქვეითებს მეხსიერებას, ყურადღების კონცენტრაციის უნარს, შემოქმედებით პოტენციალს. ბავშვებს უჭირთ სწავლა და აქვთ ქცევითი პრობლემები. მეცნიერთა აზრით, ბავშვის თავის ტვინის ნორმალური განვითარების დარღვევას ჩიფსებში არსებული ნაჯერი მჟავები იწვევს.
სპეციალური კორსეტის მეშვეობით სკოლიოზის მკურნალობა ეფექტურია
კორსეტს ტანადობის დარღვევის სამკურნალოდ გასული საუკუნის 40-იან წლებში იყენებდნენ. ამ მეთოდის ეფექტურობის დასადგენად მრავალი გამოკვლევა ჩატარდა, მაგრამ შედეგები ურთიერთგამომრიცხავი აღმოჩნდა, რის გამოც კორსეტით მკურნალობის შედეგიანობა დღემდე ეჭვქვეშ იდგა. ამერიკელმა მეცნიერებმა პროფესორ სტიუარტ ვაინშტაინის ხელმძღვანელობით გამოიკვლიეს და დაამტკიცეს ბავშვებსა და მოზარდებში სკოლიოზის კონსერვატიული მკურნალობისთვის კორსეტის გამოყენების მაღალი ეფექტურობა. გამოკვლევაში მონაწილეობა მიიღეს 10-დან 15 წლამდე ასაკის ამერიკელმა და კანადელმა მოზარდებმა, რომლებსაც ჰქონდათ სკოლიოზი 20-40-გრადუსიანი კუთხის მქონე დეფორმაციით. პაციენტები ორ ჯგუფად დაყვეს. პირველი ჯგუფის ბავშვები კორსეტს დღეში 18 საათის განმავლობაში ატარებდნენ, ხოლო მეორე ჯგუფისანი მხოლოდ ორთოპედების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ. იმ ჯგუფში, რომელშიც მოზარდები ატარებდნენ კორსეტს, სკოლიოზის მკურნალობა შემთხვევათა 72%-ში აღმოჩნდა წარმატებული. რაც მეტხანს ატარებდა კორსეტს პაციენტი, მით უკეთესი იყო მკურნალობის შედეგი. გამოკვლევის შედეგები ექიმ ორთოპედებს აძლევს საფუძველს, სკოლიოზის მკურნალობის პროცესში მყოფ მოზარდებს დაჟინებით ურჩიონ კორსეტის ჩაცმა. გარდა იმისა, რომ დადასტურდა, საზოგადოდ, კორსეტის ტარების ეფექტიანობა, მეცნიერებმა ისიც დაადგინეს, სახელდობრ რა შემთხვევაშია უფრო მეტად ნაჩვენები მისი გამოყენება. იმ ბავშვების 41%, რომლებიც იშვიათად ატარებდნენ კორსეტს, წარმატებული შედეგების მქონე ჯგუფში მოხვდა, პირიქით - ზოგიერთ ბავშვს, მიუხედავად კორსეტის ხანგრძლივი ტარებისა, მაინც დასჭირდა ქირურგიული მკურნალობა. სამწუხაროდ, კორსეტის გამოყენება უშედეგოა, როდესაც ხერხემლის გამრუდების კუთხე შეადგენს 50 გრადუსზე მეტს. ამ დროს საჭიროა ოპერაცია - პაციენტის ხერხემალში ტიტანის ხარიხების ჩადგმა.