მოვუაროთ ხელებსა და ფრჩხილებს
ეცადეთ, საოჯახო საქმეები ხელთათმანით აკეთოთ. თანამედროვე საწმენდი საშუალებების ფორმულები ისეთია, რომ შეიძლება გამოიწვიოს ფრჩხილის ფირფიტის აქერცვლა, აშრევება და მტვრევა. კუტიკულებზე ყოველდღიურად წაისვით საგანგებოდ ამისთვის განკუთვნილი ზეთი. განსაკუთრებით კარგია პროდუქტები, რომლებიც შეიცავს E ვიტამინს, ტკბილი ნუშის, ბრინჯის, ქატოსა და ჟოჟობას ზეთს. ამ ზეთების შემადგენლობაში შემავალი ვიტამინები ხელს უწყობს ფრჩხილის ზრდასა და გამაგრებას, იცავს აშრევებისგან. ფრჩხილების აქერცვლისა და აშრევების ერთ-ერთი მიზეზია არასწორი გაქლიბვა და ფრჩხილის თავისუფალი კიდის მოსაჭრელად მაკრატლის არასათანადოდ გამოყენება. თუ ეს პრობლემა შეგექმნათ, ეცადეთ, უარი თქვათ მაკრატელზე და ფრჩხილის ფირფიტა ერთი მოქნილი მოძრაობით გაიქლიბეთ - ფრჩხილის კიდიდან შუისკენ და არა ქლიბის სხვადასხვა მიმართულებით უხეში მოძრაობით. ხშირად ფრჩხილებს არასწორად შერჩეული ქლიბიც აფუჭებს. გაითვალისწინეთ, რომ ფრჩხილს მიესადაგება ხის ან პლასტიკატის ფუძეზე არანაკლებ 240 ერთეული აბრაზიულობის ქლიბი. უფრო უხეშმა ან ლითონის ქლიბმა შეიძლება ფრჩხილის ტრავმა და აშრევება გამოიწვიოს (მათი აბრაზიულობაა 60-დან 240 ერთეულამდე). თუ ბუნებრიობის მომხრე ხართ და არ გიყვართ მკვეთრი ფერის ლაქი, აუცილებლად გამოიყენეთ გამჭვირვალე ბაზა ან ნებისმიერი სამკურნალო ლაქი, რომელიც იმავდროულად დაიცავს ფრჩხილს გარემოს ნეგატიური ფაქტორებისგან, მათ შორის მტვრევადობისგან, აშრევებისგან ან სოკოსგან. ფრჩხილის ფერი ჯანმრთელობის მდგომარეობის ერთგვარი ინდიკატორია და მისი მოვლის ხარისხის მაჩვენებელიც. სამწუხაროდ, ზოგჯერ ფრჩხილი უსიამოვნო მოყვითალო ელფერის ხდება, ამისგან თავის დაღწევა კი ძნელია. ყვითელი ფრჩხილები ულამაზოდ და არაჯანსაღად გამოიყურება, ამიტომ პრობლემა მისი გაჩენისთანავე უნდა გადაიჭრას. თავდაპირველად უნდა მოიხსნას მიზეზი, შემდეგ კი შეიძლება ფრჩხილის კოსმეტიკური გათეთრება. სახლის პირობებში ფრჩხილების გათეთრების სხვადასხვა საშუალება არსებობს. არის პროფესიული კოსმეტიკაც, მაგალითად, ფხვნილები და ფრჩხილის მათეთრებელი ლაქი, რომლის შეძენაც შესაძლებელია აფთიაქებსა და კოსმეტიკის მაღაზიებში. თუ ფერადი ლაქის მოყვარული ხართ, დიდია ალბათობა, რომ დროთა განმავლობაში თქვენი ფრჩხილები მოყვითალო გახდეს. საქმე ის არის, რომ ლაქების შემადგენლობაში შედის ფორმალდეჰიდი, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ფრჩხილის ფირფიტის მდგომარეობასა და სტრუქტურაზე. ამიტომ ლაქი წაისვით მხოლოდ სპეციალურ ბაზაზე. პრობლემას მოგიხსნით სამკურნალო მათეთრებელი ლაქები, სპეციალური საპრიალებელი ქლიბი ან ფრჩხილებისთვის განკუთვნილი მათეთრებელი აბაზანები ლიმონის წვენის ან სოდის დამატებით.
ფრჩხილის გასათეთრებელი შინაური საშუალებები
- ფრჩხილის გათეთრება კოსმეტიკური პროცედურაა, რომელიც სიყვითლეს მოგაშორებთ, თუმცა მიზეზს ვერ აღმოფხვრის.
- ფრჩხილის გათეთრება შესაძლებელია წყალბადის ზეჟანგის (4%) სუსტი ხსნარით, ლიმონის წვენით, ძმრითა და ლაიმის წვენით.
- ძალიან სასარგებლოა ფრჩხილების გაწმენდა შუაზე გაჭრილი უმი კარტოფილით. ეს პროცედურა ყოველდღე უნდა ჩაიტაროთ.
- ლიმონს ჩამოაჭერით მცირე ზომის ნაჭერი და შეიზილეთ ფრჩხილში 5 წუთის განმავლობაში. ეს პროცედურა არა მარტო ათეთრებს ფრჩხილს, არამედ კუტიკულასაც არბილებს და ფრჩხილის ფირფიტასაც ამაგრებს. სამწუხაროდ, ერთი პროცედურა განსაკუთრებულ შედეგს ვერ მოგცემთ, ეფექტის მისაღებად მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში ყოველდღე უნდა ჩაიტაროთ.
- ძალიან ეფექტურია შემდეგი ნარევი: 1 წილი გლიცერინი, 5 წილი წყალბადის ზეჟანგი.
- ფრჩხილებს ათეთრებს ასევე მარილის აბაზანა: აიღეთ რამდენიმე კოვზი ზღვის მარილი და გახსენით თბილ წყალში. ამ ხსნარში სურვილისამებრ შეგიძლიათ დაუმატოთ ლიმონის წვენი და ეთერზეთები. ამგვარი აბაზანა მიიღეთ ყოველდღე 10-15 წუთის განმავლობაში და უკვე 3 კვირის შემდეგ დაინახავთ პირველ შედეგებს - ფრჩხილები გამაგრდება, გაბაცდება და აბზინდება.
- შეიძლება, მოამზადოთ ლიმონის წვენისა და რამდენიმე წვეთი ზეითუნის ზეთის ნარევი. ამ ნარევით გაიწმინდეთ ფრჩხილები ბამბის ტამპონით, მერე კი გაიქლიბეთ.
- შესანიშნავი მათეთრებელი საშუალებაა გვირილის აბაზანები. 2 კოვზ გვირილის ყვავილს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 30 წუთი. ოდნავ თბილი ნაყენი წაისვით ფრჩხილზე ბამბის ტამპონით ან გაიკეთეთ აბაზანა 10-15 წუთის განმავლობაში.
- ფრჩხილების გასათეთრებლად ვარდის წყალიც ეფექტურია. 40 მლ ვარდის წყალს დაუმატეთ 10 გრამი გლიცერინი და 50 მლ წყალბადის ზეჟანგი. კარგად აურიეთ ინგრედიენტები. ხსნარი წაისვით ფრჩხილებზე ყოველდღე, 1 თვის განმავლობაში. მცირე გაფრთხილება: წყალბადის ზეჟანგის გადამეტებამ შესაძლოა კანი გაგიღიზიანოთ.
- 1 სუფრის კოვზ წყალბადის ზეჟანგს დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი სოდა. აურიეთ (ოღონდ არა ლითონის ჭურჭელში). მიიღებთ კბილის პასტის კონსისტენციის ნარევს. წაისვით ფრჩხილებზე 2-4 წუთის განმავლობაში. მაგრამ თუ ფრჩხილის ირგვლივ ჭრილობა გაქვთ, ამ საშუალების გამოყენებისგან თავის შეკავება ჯობს.