მკურნალობისა და კვლევის ახალი მეთოდები პულმონოლოგიასა და გულმკერდის ქირურგიაში
მეცნიერთა აზრით, სამეცნიერო-ფუნდამენტურ, ტექნიკურ სფეროებში და მათთან ერთად - მედიცინაშიც კაცობრიობის პროგრესი დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს, რაც უდავოდ ემსახურება ცხოვრების გაუმჯობესებასა და შემსუბუქებას. თანამედროვე მედიცინა, ტექნიკური პროგრესი, ფარმაკოლოგიური კვლევები, გარღვევები გენეტიკის სფეროში, ნანოტექნოლოგიები და კვლევები ადამიანის ორგანიზმის მიკროსამყაროს ირგვლივ - ეს ის ინსტრუმენტებია, რომელთა გარეშეც თანამედროვე ადამიანის ცხოვრება წარმოუდგენელია.
მართალია, ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასარკვევი და გულდასმით შესასწავლი, მაგრამ სამედიცინო მეცნიერების შესაძლებლობები პრაქტიკულად შეუზღუდავია, ხოლო კაცობრიობის პროგრესის შეჩერება - შეუძლებელი.
გულმკერდის ქირურგიასა და პულმონოლოგიაში არსებულ სიახლეებზე გვესაუბრება „ამტელ ჰოსპიტალ პირველი კლინიკურის” მთავარი ექიმი, მედიცინის დოქტორი ლაშა მაჭარაშვილი.
-
რამდენად ინტენსიურად ინერგება სიახლეები და სამეცნიერო მიღწევები პულმონოლოგიასა და გულმკერდის ქირურგიაში?
- თანამედროვე პულმონოლოგიის ერთ-ერთი აქტუალური ამოცანაა ფილტვის დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ერთიანი სტანდარტის შექმნა. დიაგნოზი უნდა დაისვას ანამნეზის, კლინიკური, ლაბორატორიული და კვლევის სხვა მეთოდების მონაცემების საფუძველზე.
ცნობილია, რომ დიაგნოსტიკა სამკურნალო პროცესის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს. ხარისხიანი და ზუსტი დიაგნოსტიკის გარეშე ძნელია მაღალი ალბათობით სწორი დიაგნოზის დასმა და ადეკვატური თეარაპიის ჩატარება.
საბედნიეროდ, უკვე არსებობს დიაგნოსტიკის მრავალი მაღალტექნოლოგიური მეთოდი - კომპიუტერული ტომოგრაფია, ბირთვულ-მაგნიტური რეზონანსული კვლევა და სხვა.
ფილტვის დაავადებათა მქონე პაციენტების კვლევის პროგრამაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სხივური დიაგნოსტიკის მეთოდების კომპლექსურ გამოყენებას. პულმონოლოგიაში თანამედროვე დიაგნოსტიკის მეთოდები: კომპიუტერული ტომოგრაფია, ბრონქოსკოპია, რადიოლოგიური კვლევა, ლაბორატორიული კვლევის დიდი არსენალი და სხვა - საშუალებას გვაძლევს, ადრეულ სტადიაშივე გამოვავლინოთ სასუნთქი ორგანოების დაავადებები და ეფექტური პროფილაქტიკური და სამკურნალო ღონისძიებები ჩავატაროთ.
ოპტიკური ბოჭკოს გამოგონებამ შესაძლებელი გახადა დიაგნოსტიკური პროცედურების მთელი წყების შექმნა. საქმე ის არის, რომ ოპტიკურ ბოჭკოს შეუძლია „გაატაროს” გამოსახულება, ამიტომ ექიმი ხედავს სწორედ იმ სტრუქტურებს, რომელთა გვერდითაც განლაგებულია გამოსახულების გადამცემი. მეთოდის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ოპტიკური ბოჭკოს საშუალებით შეგვიძლია დავინახოთ დაშორებული და რთულად მისაღწევი სტრუქტურები. ექიმი გამოსახულებას სპეციალური ოკულარით უყურებს. თანამედროვე აპარატებს უერთდება გარე მონიტორი, რომელზეც მიიღება გამოსახულება. ის შეიძლება ჩავიწეროთ სურათის ან ვიდეოჩანაწერის სახით, რომელსაც შემდეგ არაერთხელ გავაანალიზებთ. ამ მეთოდის დიდი ღირსებაა ის, რომ ექიმი უშუალოდ ხედავს საინტერესო ქსოვილს. თუ რენტგენის აპარატით ან ტომოგრაფით მიღებულ გამოსახულებაზე ჩანს მხოლოდ ფირის ფერის ცვლილება, ოპტიკური ბოჭკოთი მიღებული სურათით ექიმს დიაგნოზის დასმის მეტი შანსი აქვს.
სასუნთქი ორგანოების დაავადებათა დიაგნოსტიკაში ინფორმაციულია პოზიტრონემისიური ტომოგრაფიული (პეტის აპარატი) კვლევა. მას ატარებენ სასუნთქი გზებისა და ფილტვების ონკოლოგიური დაავადებების ადრეულ სტადიაში გამოსავლენად. ამ მეთოდს იყენებენ მკურნალობის პროცესის საკონტროლოდაც.
მართალია, ბრონქოსკოპია ამ საუკუნის აღმოჩენას არ წარმოადგენს, მაგრამ ის მაინც რჩება ფილტვებისა და სასუნთქი გზების დაავადებათა მკურნალობისა და დიაგნოსტიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მეთოდად. ფასდაუდებელია ბრონქოსკოპიის როლი ბრონქის სიმსივნის დიაგნოსტიკაში. თანამედროვე ბრონქოსკოპებით უშუალოდ კვლევის დროს არის შესაძლებელი ბიოფსიის ჩატარება. ეს ბრონქების ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი ახალწარმონაქმნების დიფერენცირების საშუალებას იძლევა.
ასევე ეფექტურია ბრონქოსკოპია პაციენტებთან, რომელთაც სისხლიანი ხველა აღენიშნებათ - აქ ეს მეთოდი საშუალებას გვაძლევს, ოპერატიულად აღმოვაჩინოთ სისხლმდენი სისხლძარღვი და აუცილებლობის შემთხვევაში, თუ შესაძლებელია, ოპერაციული ჩარევის გარეშე შევაჩეროთ სისხლდენა.
ბრონქოსკოპიით შეიძლება გამოვავლინოთ ბრონქების შევიწროება და დეფორმაცია. როგორც სამკურნალო მანიპულაცია, ბრონქოსკოპია გამოიყენება ბრონქის სანათურიდან უცხო სხეულის ამოსაღებად, რაც ზოგჯერ პაციენტის გადარჩენის ერთადერთი გზაა.
ეფექტურია ბრონქოსკოპია ბრონქის სანათურში სამკურნალო პრეპარატების შესაყვანად, რაც უზრუნველყოფს მათ სელექციურ მოქმედებას და თავიდან გვაცილებს ჯანსაღ ქსოვილებზე ზემოქმედებას.
-
მკურნალობის თვალსაზრისით რა სიახლეებია პულმონოლოგიაში?
- პულმონოლოგიაში მკურნალობის თანამედროვე მეთოდები მედიცინის მთელ ისტორიულ გამოცდილებას ეფუძნება. ფილტვებისა და სასუნთქი გზების დაავადებათა კონსერვატიულ მკურნალობაში გამოიყენება სხვადასხვა სახის პროცედურები, ხველის რეფლექსის დამთრგუნველი, ნახველის გამათხიერებელი და ამოსახველებელი საშუალებები, კლიმატური ფაქტორები და ორგანიზმის დამცველობითი ძალების აღმდგენი სხვა მეთოდები. მკურნალობის თანამედროვე არსენალში ერთ-ერთი მთავარი ადგილი უკავია იმ სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც ინფექციური პროცესის გამომწვევზე ახდენს უშუალო ზემოქმედებას.
ფილტვების ქრონიკული დაავადებების მკურნალობისას ეფექტიანია ჰემოსორბცია, პლაზმოფერეზი (სისხლის გაწმენდა ტოქსიკური ნივთიერებებისგან), ფიზიოთერაპიული პროცედურები, სამკურნალო მასაჟი, ვარჯიში. პულმონოლოგიაში, კერძოდ, ბრონქული ასთმის მკურნალობაში, სხვა საბაზისო საშუალებებთან ერთად აქტიურად დაინერგა ანტილეიკოტრიენული პრეპარატები, რომლებიც ამცირებს ბრონქიოლებისა და სისხლძარღვების გლუვი კუნთების ტონუსს, შეშუპებას, ეოზინოფილებისა და მაკროფაგების მიგრაციას, ლორწოს სეკრეციას, აუმჯობესებს მუკოცილიარულ ტრანსპორტს. ბრონქოლიზური მოქმედება ვითარდება ერთი დღის განმავლობაში და დიდხანს ნარჩუნდება.
-
ბოლო ხანს თორაკოსკოპიული ოპერაციები დაინერგა. რა მეთოდია ეს?
- თორაკოსკოპიის დროს ენდოსკოპი გულმკერდის კედლიდან უშუალოდ პლევრის ღრუში შეჰყავთ. ამ გზით საშუალება გვეძლევა, დავათვალიეროთ გულმკერდის კედელი, პლევრის ღრუ, შუასაყარი და პერიკარდიუმი. თორაკოსკოპიას ასრულებენ როგორც დიაგნოსტიკური, ისე სამკურნალო მიზნით. ზოგჯერ ის ტრადიციულ თორაკოტომიას ენაცვლება.
-
რა უპირატესობა აქვს თორაკოსკოპიას?
- თორაკოსკოპიული ჩარევის უპირატესობა ის არის, რომ იგი ნაკლებად ტრავმულია, იშვიათად იწვევს გართულებებს, ნაკლებად მტკივნეულია, შედარებით მცირე ხანი სჭირდება და ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდიც უფრო ხანმოკლეა. ამის წყალობითაც მცირდება სამედიცინო ხარჯი და პაციენტი უფრო მალე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
თორაკოსკოპიით შესაძლებელია პლევრის დაავადებების დიაგნოსტირება, ქსოვილის ნიმუშების აღება გამოკვლევისთვის, ბულებისა და სუბპლევრული კისტების მოშორება, პლევრის ღრუდან სითხის ევაკუაცია. ფილტვის კიდის რეზექციის შესრულება.
თორაკოსკოპიის დროს და მის შემდეგ შესაძლოა განვითარდეს გართულებები. უკიდურეს შემთხვევაში, მოსალოდნელია სისხლდენა, ნერვების დაზიანება, დიაფრაგმის პერფორაცია, ჰაეროვანი ემბოლია, დაჭიმული პნევმოთორაქსი.
თორაკოსკოპია საშუალებას გვაძლევს, გამოვავლინოთ ფილტვისა და შუასაყრის სიმსივნე, დავადგინოთ სისხლდენის წყარო. ამავე მეთოდით შესაძლებელია პლევრის კიბოს, პლევრის ემპიემის, პლევრიტის, ტუბერკულოზისა და სხვა ანთებითი პროცესების დიაგნოსტირება, აგრეთვე - ფილტვის კიდის რეზექციის შესრულება ბულების დროს განმეორებითი პნევმოთორაქსის პროფილაქტიკისთვის.
მედიასტინოსკოპიის საშუალებით შეიძლება დავათვალიეროთ შუასაყარი, შევასრულოთ პარატრაქეული და ბიფურკაციული ლიმფური კვანძების ბიოფსია. მედიასტინოსკოპია სრულდება მაშინ, როდესაც სხვა მეთოდებით, მაგალითად, ნახველის ციტოლოგიური კვლევით, ფილტვების რენტგენოლოგიური კვლევით და ბრონქოსკოპიით, დიაგნოზის დასმა ვერ ხერხდება. მისი მიზანია ფილტვის ბრონქოგენური კიბოს, ლიმფომის (ლიმფოგრანულომატოზის ჩათვლით), სარკოიდოზის დიანოსტიკა, ფილტვის კიბოს სტადიის განსაზღვრა.
მედიასტინოსკოპია აუცილებელია შუასაყრის ლიმფური კვანძებისა და სხვა წარმონაქმნების გამოსაკვლევად. ფილტვის კიბოს სტადიის დადგენა ეფექტური თერაპიის შერჩევაში გვეხმარება. ლიმფური კვანძების მრავლობითი დაზიანება ქირურგიული ჩარევის უკუჩვენებას წარმოადგენს. ბოლო ხანს დაინერგა აგრეთვე ტრაქეისა და ბრონქების რეკონსტრუქციული ოპერაციები. ეს ტრაქეობრონქული ხის ქირურგიული აღდგენის მეთოდია.
რეკონსტრუქციულ ოპერაციებს იყენებენ ცირკულარული ან საბოლოო რეზექციის შემდეგ, ტრავმული გაგლეჯისა და ჭრილობების, ბრონქებისა და ტრაქეის სტენოზის, ხვრელმილის დროს.
ტრაქეისა და ბრონქების რეკონსტრუქციული ოპერაციები მოიცავს პლასტიკას, დეფექტის ჩანაცვლებას საკუთარი ქსოვილით ან სინთეზური მასალით, ტრავმულად გაგლეჯილი ბრონქისა და ტრაქეის აღდგენას, ბრონქის კულტის რეამპუტაციას, ტრაქეის ან ბრონქის სტენოზის დროს სანათურის ენდოპროთეზირებასა და ენდოსკოპიურ აღდგენას და სხვა.
ტრაქეასა და ბრონქებზე აღდგენითი ჩარევების მოთხოვნა წარმოშვა მსხვილი სასუნთქი გზების ტრავმების შედეგად დაზარალებულთა რაოდენობის ზრდამ. მათ შორის ყველაზე დიდ ჯგუფს შეადგენენ პაციენტები, რომელთაც აღენიშნებათ ტრაქეის შეძენილი ნაწიბუროვან-გრანულაციური სტენოზი, რისი მიზეზიც ასიდან 95 შემთხვევაში იატროგენული ზემოქმედებაა (ტრაქეოსტომია, ტრაქეის ინტუბაცია), შესრულებული სასუნთქი რეანიმაციის ფარგლებში აბსოლუტური ჩვენებით.
- მადლობას მოგახსენებთ საინტერესო ინფორმაციისთვის.