ორგანოთა გადანერგვა
სისხლის გადასხმა - ყველაზე გავრცელებული გადანერგვა
ტრანსპლანტაციის ყველაზე გავრცელებული სახეობა სისხლის გადასხმაა. მართალია, სისხლი თხევადია, მაგრამ ის მაინც ორგანიზმის ქსოვილად მიიჩნევა. ისიც მართალია, რომ დონორის სისხლი პაციენტის ორგანიზმში მხოლოდ ქირურგებს არ შეჰყავთ, თუმცა ეს მაინც მეტად რთული და საპასუხისმგებლო სამედიცინო მანიპულაციაა, რომელიც მრავალსაფეხურიანი და ერთმანეთის მადუბლირებელი შემოწმებებისგან შედგება. შემოწმება კი იმის გასარკვევად გახლავთ საჭირო, შეესაბამება თუ არა დონორის სისხლი რეციპიენტისას. სხვათა შორის, დონორის ქსოვილის ტრანსპლანტაციის ეს სახეობა ყველაზე ადრე, მეოცე საუკუნის დასაწყისში წარმოიშვა, სისხლის ჯგუფების აღმოჩენის შემდეგ. მანამდე სისხლის გადასხმის ყველა შემთხვევა “რუსული რულეტკის” მსგავსი იყო. სადღეისოდ მსოფლიოში ყოველწლიურად 90 მილიონი სისხლის გადასხმა ტარდება. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ დონორის სისხლის მრავალმხრივი შემოწმების მიუხედავად, სისხლის გადასხმის დროს არცთუ იშვიათად ხდება სხვადასხვა ინფექციით რეციპიენტის დასნებოვნება. ბ და ც ჰეპატიტები თუ შიდსი ამ მანიპულაციის თანმხლები დაავადებებია. ასე რომ, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ექიმები უფრო მკაცრად უდგებიან ამ ოპერაციის ჩვენებებს. ამასთან, ხშირად გადასასხმელად მთელი სისხლი კი აღარ გამოიყენება, არამედ მისი ცალკეული კომპონენტები - პლაზმა, ლეიკოციტური, ერითროციტული ან თრომბოციტული მასა.
კანის გადანერგვა ადვილია, შენარჩუნება - რთული
ისტორიული ცნობებით, გადანერგვის პირველ ოპერაციებს ძველი ინდუსები აკეთებდნენ. ისინი ბატონებს უნერგავდნენ მონის ცხვირს, ანდა ცხვირის ან ყურის დაზიანებულ ქსოვილს კანის გადანერგვით უბრუნებდნენ ადრინდელ სახეს. ზოგი ოპერაცია წარმატებით მთავრდებოდა, ზოგიც - წარუმატებლად, მაგრამ მთავარია, რომ ამ ტიპის ოპერაციები მაინც ტარდებოდა. კანის გადანერგვის ოპერაცია ტექნიკურად ადვილია, მაგრამ მას არცთუ ისე ხშირად მიმართავენ. მიზეზი ადამიანის იმუნიტეტია, რომელიც მთელ ძალებს მიმართავს გადანერგილი ქსოვილის საწინააღმდეგოდ და სწრაფად იშორებს მას. მართალია, იმუნიტეტის დათრგუნვა შეიძლება, მაგრამ დამწვრობის დროს, როდესაც დამწვარი არე “ინფექციის კარიბჭედ” ითვლება, დაქვეითებული იმუნიტეტი საქმეს ნამდვილად გააფუჭებს. წარმატებით სარგებლობს აუტოტრანსპლანტაცია - საკუთარი კანის გადანერგვა, თუმცა ზოგჯერ გვამის ან ცოცხალი დონორის, მაგალითად, მშობლების ან და-ძმის, კანის გადანერგვაც ხდება. ამ შემთხვევაში, მართალია, ორგანიზმი გადანერგილ კანს იშორებს, მაგრამ, სამაგიეროდ, დაზიანებულ მიდამოში მწვავე პროცესები თითქმის ჩამქრალია. უცხოეთში კიდევ ერთი მეთოდია აპრობირებული, კერძოდ, კანის უჯრედების ხელოვნურად გამოზრდა და შემდეგ მათი ღია ჭრილობაზე გადატანა. გადანერგვის ზემოთ მოყვანილი სახეობები საზოგადოების ყურადღებას ნაკლებად იპყრობს. გაცილებით დიდი ინტერესით სარგებლობს შინაგანი ორგანოების გადანერგვა.
თირკმელი - ყველაზე ხშირად გადანერგილი ორგანო
ამ ორგანოს გადანერგვის ოპერაციები (26 ათასი ყოველწლიურად) ორგანოთა გადანერგვის სტატისტიკაში (50 ათასი წელიწადში) პირველ ადგილს იკავებს. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა თირკმლის გადანერგვის შემთხვევაში 10-15 წელია. თირკმლის გადანერგვის სტიმულირების დამატებით ფაქტორად ის მიიჩნევა, რომ ადამიანს ეს ორგანო წყვილი აქვს. ორგანიზმისთვის ზიანის მიუყენებლად შეიძლება ერთი მათგანის ამოღება და მეორე ადამიანისთვის მიცემა, - ახლო ნათესავისთვის ან იმისთვის, ვინც ამაში ფულს იხდის. მაგალითად, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში დონორს ერთ თირკმელში 500 დოლარს უხდიან, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში - 10 ათასს, თავად მყიდველს კი თირკმელი 80 ათასი დოლარი და უფრო მეტი უჯდება. თირკმლის პირველი გადანერგვა 1902 წელს შესრულდა. ურემიით დაავადებულს ღორის თირკმელი გადაუნერგეს. სამწუხაროდ, პაციენტი დაიღუპა. მხოლოდ 1954 წელს გადანერგეს წარმატებით გარდაცვლილი ადამიანის თირკმელი, რომელმაც რამდენიმე წელიწადი იმუშავა. სწორედ ამ წარმატებული ოპერაციისთვის 1990 წელს ჯოზეფ მიურეიმ მედიცინის სფეროში ნობელის პრემია დაიმსახურა. თირკმლის გადანერგვა გაცილებით უფრო გავრცელებულ ოპერაციად იქცა იმუნიტეტის დამთრგუნველი პრეპარატების აღმოჩენის შემდეგ, რომლებმაც საგრძნობლად დააქვეითა უცხო თირკმლის მოშორების რეაქცია. დღესდღეობით მსოფლიოში შესრულებულია თირკმლის გადანერგვის ნახევარ მილიონზე მეტი ოპერაცია. ჩვენს დროში თირკმლის გადანერგვა საშიშ ოპერაციულ ჩარევად აღარ ითვლება და აუცილებლობის შემთხვევაში ადრეული ბავშვობის ასაკშიც კი ტარდება. გადანერგვისათვის იყენებენ გარდაცვლილი ან ცოცხალი დონორის თირკმელს. საუკეთესო შედეგს იღებენ მაშინ, როცა თირკმელი პაციენტის მშობლებისა, დისა ან ძმისაა. დისა და ძმისგან გადანერგილი თირკმლის შემთხვევაში სიკვდილიანობა ნული პროცენტია. ჯანმრთელი დონორული თირკმელი ოპერაციიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, მასში სისხლის მიმოქცევის აღდგენისთანავე, შარდის გამოყოფას იწყებს. თირკმლის გადანერგვის ჩვენებად ითვლება ტერმინალური ქრონიკული თირკმლის უკმარისობა - ქრონიკული გლომერულონეფრიტის, ქრონიკული პიელონეფრიტის, დიაბეტური ნეფროპათიის, თირკმელების პოლიკისტოზის, ტრავმებისა და უროლოგიური დაავადებების, თირკმელების თანდაყოლილი დაავადებების ფინალური ეტაპი. პაციენტები ტერმინალური ქრონიკული თირკმლის უკმარისობით სიცოცხლის შესანარჩუნებლად თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიით სარგებლობენ, რომელსაც მიეკუთვნება ქრონიკული ჰემოდიალიზი, პერიტონეალური დიალიზი და თირკმლის გადანერგვა. ეს უკანასკნელი დანარჩენ ორთან შედარებით სიცოცხლის გახანგრძლივების უკეთეს შანსს იძლევა (1,5-2-ჯერ მეტად ახანგრძლივებს სიცოცხლეს), თანაც მეტად აუმჯობესებს მის ხარისხს. თირკმლის ტრანსპლანტაცია ამორჩევით მეთოდად ითვლება ბავშვებში, რადგან მათ განვითარებას ჰემოდიალიზის შემთხვევაში საგრძნობი ზიანი ადგება. სადღეისოდ ცოცხალ დონორად განიხილება 18-დან 65 წლამდე ასაკის ადამიანი. დონორი - ეს ორგანოს ნებაყოფლობით გამცემი პირია, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს იმ საკითხის გარკვევას, ხომ არ განიცდიან პოტენციური მოხალისეები ზეწოლას ოჯახის წევრებისგან იმ მიზნით, რომ მან სურვილის საწინააღმდეგოდ გასცეს თირკმელი. განსაკუთრებით ეხება ეს უმცროსი ასაკის ადამიანებს. ყველა დონორმა უნდა გაიაროს ფსიქოსოციალური გამოკვლევა თირკმლის გაცემის მოტივაციის შეფასების მიზნით.
კუჭქვეშა ჯირკვლის გადანერგვა
კუჭქვეშა ჯირკვლის გადანერგვის პირველი მცდელობა 1891 წელს განხორციელდა, ინსულინის გამოგონებამდე 30 წლით ადრე. გადანერგვის ჩვენებები საბოლოოდ ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული და მეტად წინააღმდეგობრივია. ეჭვს არ იწვევს ის გარემოება, რომ გადანერგვა უნდა მოხდეს შაქრიანი დიაბეტის მძიმე და შეუქცევადი გართულებების დროს, მაგალითად, მძიმე რეტინოპათიის დროს, რომელიც ადამიანს დაბრმავებას უქადის, ასევე - ნეიროპათიის, ნეფროპათიის, წვრილი და მსხვილი სისხლძარღვების მძიმე დაავადებების შემთხვევაში. დონორის შერჩევასა და კუჭქვეშა ჯირკვლის ამოღებას დიდი მნიშვნელობა აქვს ტრანსპლანტაციის წარმატებისთვის. ჩვეულებრივ, კუჭქვეშა ჯირკვალს უღებენ ახალგაზრდა, ჯანმრთელ დონორს, რომელსაც თავის ტვინის სიკვდილი დაუდასტურდა. ასაკი 3-დან 55 წლამდე მერყეობს. პანკრეასს ღვიძლსა და თორმეტგოჯა ნაწლავთან ერთადაც იღებენ და ცალკეც. ამოღების შემდეგ ღვიძლს ჯირკვლისგან აცალკევებენ, ამ უკანასკნელს სპეციალურ ხსნარში აკონსერვებენ და გადანერგვამდე დაბალ ტემპერატურაზე ინახავენ. კონსერვირებული ორგანოს შენახვის მაქსიმალური ვადა 20-30 საათია. გადანერგვისთვის იყენებენ ან კუჭქვეშა ჯირკვლის სეგმენტს, ან მთელ პანკრეასს თორმეტგოჯა ნაწლავის სეგმენტთან ერთად. სხვათა შორის, დღეს კუჭქვეშა ჯირკვალსა და თირკმელს უმეტესად ერთად ნერგავენ, რადგან ამ ტიპის ოპერაცია შედარებით უკეთესი შედეგით გამოირჩევა. კუჭქვეშა ჯირკვლის გადანერგვის შემდეგ ადამიანის ორგანიზმში ნახშირწყლების ცვლა წესრიგდება, პაციენტი ინსულინის შეყვანის აუცილებლობისგან თავისუფლდება, თუმცა იმუნოსუპრესიული (იმუნიტეტის დამთრგუნველი) პრეპარატების მიღება მაინც უწევს. პანკრეასისა და თირკმლის ერთდროული გადანერგვის ძირითადი მიზანია, შეაჩეროს ნეფროპათიის, რეტინოპათიისა და ნეიროპათიის პროგრესირება. წესისამებრ, ეს ყველაფერი მიიღწევა, პაციენტის ცხოვრების ხარისხი საგრძნობლად უმჯობესდება ჰემოდიალიზის ფონზე ცხოვრების ხარისხთან შედარებით. თეორიულად შესაძლებელია მხოლოდ ლანგერჰანსის უჯრედების გადანერგვაც, იმ უჯრედებისა, რომლებიც კუჭქვეშა ჯირკვალში ინსულინის გამოყოფაზე არიან პასუხისგებელნი, მაგრამ პრაქტიკულად ამის გაკეთება საკმაოდ რთულია. მსოფლიოში ჩატარებულია 200-ზე მეტი ოპერაცია, რომელთა დროსაც გადანერგილ იქნა 16-20 კვირის ჩანასახის კუჭქვეშა ჯირკვალი. ასეთი ჯირკვალი იზრდება, მაგრამ ინსულინს მხოლოდ მცირე ხნის განმავლობაში გამოყოფს. ასეა თუ ისე, კვლევები ამ მხრივ ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
გულის გადანერგვა
გულის გადანერგვის ოპერაცია პირველად 1967 წლის 3 დეკემბერს გააკეთა დოქტორმა კრისტიან ნიტლინგ ბარნარდმა ქალაქ კეიპტაუნში (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა). მისი პაციენტი, 55 წლის ლუი ბაშკანსკი, ოპერაციიდან 18 დღის შემდეგ გარდაიცვალა. სადღეისოდ კი ტრანსპლანტოლოგიაში გულის გადანერგვა რუტინულ ოპერაციად მიიჩნევა და პაციენტებიც 10 წელიწადზე მეტს ცოცხლობენ. დონორების სიმცირე რომ არა, გულის დაავადებებით გარდაცვლილთა რიცხვი გაცილებით ნაკლები იქნებოდა. გულის ტრანსპლანტაციის ჩვენებებია: მიოკარდიუმის დიდი ზომის ინფარქტი, დილატაციური და რესტრიქციული კარდიომიოპათია. გადანერგვისთვის გამოიყენება გვამური გული. ითვალისწინებენ სისხლის ჯგუფსა და რეზუსს, აგრეთვე - რეციპიენტისა და დონორის მასისა და სიმაღლის შეფარდების ინდექსს. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: ადამიანის ქსოვილოვან ანტიგენს გულის გადანერგვის დროს, პანკრეასისა და ღვიძლის გადანერგვისგან განსხვავებით, დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება. უცხოეთში აპრობირებულია ხელოვნური გულის გადანერგვის მეთოდიც. გადანერგვის რიგში მდგომი პაციენტების გარკვეული ნაწილი დონორის გულის გამოჩენამდე ამ უახლესი მოწყობილობის წყალობით ცოცხლობს.
ნერვების გადანერგვა - გადანერგვა თუ?..
სულ ცოტა ხნის წინ აშშ-ის ჰიუსტონის საავადმყოფოში 8 თვის მექსიკელ ბიჭუნას მისივე დედის ნერვი გადაუნერგეს. პაციენტი თავს კარგად გრძნობს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ნერვი ცოცხალი დონორისგან იქნა აღებული. ნერვების ტრანსპლანტაცია აქამდეც ტარდებოდა აშშ-ში, მაგრამ გადასანერგ მასალას გვამებისგან იღებდნენ. როდრიგო სერვანტეს კორონას მხრისა და წინამხრის ნერვები მშობიარობის დროს დაუზიანდა, რის შედეგადაც ხელმა მგრძნობელობა დაკარგა. ასეთი ტრავმა 1000 შემთხვევიდან ერთის წილად მოდის. ოპერაცია 12 საათს გაგრძელდა. დედის ნერვები არავითარ ფუნქციას არ შეასრულებს, გარდა იმისა, რომ ხელს შეუწყობს ახალი ნერვული ბოჭკოების სწორი მიმართულებით ზრდას. საერთო ჯამში ბავშვს დედისაგან დაახლოებით 90 სანტიმეტრი ნერვი გადაუნერგეს. გადასანერგი მასალა ქალის ბარძაყის უკანა ზედაპირიდან აიღეს. გვარწმუნებენ, რომ ამ ოპერაციის ერთადერთი გვერდითი ეფექტი ფეხის უმნიშვნელო დაბუჟება იქნება. ექიმები ვარაუდობენ, რომ დაახლოებით ერთი წლის შემდეგ ხელის ფუნქცია აღდგება. 9-12 თვის განმავლობაში პატარა პაციენტს იმუნიტეტის დამთრგუნველ პრეპარატებს მისცემენ.
სისხლძარღვების, კანის, ხრტილისა და ძვლების გადანერგვა
მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ორგანოების დამოუკიდებლად გადანერგვაც ხდება და ამას მედიცინის სხვადასხვა დარგში - სისხლძარღვთა ქირურგიაში, ტრავმატოლოგიაში, პლასტიკურ ქირურგიაში, ოტორინოლარინგოლოგიაში და სხვაგან - თითქმის ყოველდღიურად მიმართავენ, ეს ორგანოები უმთავრესად იმისთვის გადაინერგება, რომ შექმნას კარკასი, რომელზეც რეციპიენტის ახალი ქსოვილის ფორმირება უნდა მოხდეს.
კომბინირებული გადანერგვები
ამ ტიპის ოპერაცია, რომლის დროსაც ერთდროულად რამდენიმე ორგანოს, მაგალითად, გულის, ფილტვის და ღვიძლის, კუჭქვეშა ჯირკვლის, ღვიძლის, ფილტვებისა და თირკმლის, გადანერგვა ხდება, მსოფლიოში სულ რამდენიმეა გაკეთებული. ასეთი ოპერაციები უმთავრესად პატარებს, ჩვილებს უკეთდებათ, რადგან წარმატების შანსი ამ ასაკში უფრო მეტია. ეს უნიკალური ტიპის ოპერაციები რამდენიმე ათეული საათი გრძელდება და ქირურგიის მწვერვალად მიიჩნევა. რაც შეეხება სხვა კომბინირებულ გადანერგვებს, მაგალითად, ისეთს, როგორიცაა გულ-ფილტვის, კუჭქვეშა ჯირკვლისა და თირკმლის, კუჭქვეშა ჯირკვლისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ერთიანი ბლოკის გადანერგვა, - არცთუ იშვიათია და საკმაოდ შედეგიანიც.
ღეროვანი უჯრედები - მომავლის პერსპექტივა
ღეროვანი უჯრედი - ეს არის მოუმწიფებელი ახალგაზრდა უჯრედი, რომელსაც აქვს თვითგანახლებისა და, პარალელურად, დიფერენცირების უნარი. სწორედ მისგან წარმოიქმნება ქსოვილები, უჯრედები და ორგანოები. ღეროვანი უჯრედი რეგენერაციის, თვითაღდგენის ერთადერთი წყაროა ორგანიზმში. ეს უკანასკნელი გამუდმებით ცვდება და რომ არა ღეროვანი უჯრედები, ადამიანი გაცილებით ადრე დაბერდებოდა და მოკვდებოდა. დღეს მთელ მსოფლიოში ინახავენ ჭიპლარის სისხლის ღეროვან უჯრედებს. ჭიპლარის სისხლის პირველი ტრანსპლანტაცია 1988 წლის 6 ოქტომბერს საფრანგეთში განხორციელდა. პაციენტს ჰქონდა იშვიათი გენეტიკური დაავადება, ფანკონის ანემია. ამ დაავადებით ადამიანი დაახლოებით 30 წლამდე ცოცხლობს. უნიკალური ოპერაციის წყალობით ეს პაციენტი დღესაც ცოცხალია. ღეროვანი უჯრედების გადანერგვა, სისხლისა და ძვლის ტვინის მსგავსად, გადასხმით ხდება. კიდევ ერთი ფაქტი: სადღეისოდ საქართველოშიც არსებობს ღეროვანი უჯრედების ბანკი და, ამასთანავე, მიმდინარეობს კლინიკური კვლევები ღვიძლის ციროზებისა და მიოკარდიუმის ინფარქტის დროს საკუთარი ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების გამოყენებისთვის. მართალია, ღეროვანი უჯრედების შესახებ ბევრი რამ ჯერ კიდევ უცნობია, მაგრამ მეცნიერები გვარწმუნებენ, რომ მათ უდიდესი პერსპექტივა აქვთ და ხელოვნური ორგანოების შექმნის დიდ შანსს გვაძლევენ. ეს არ არის შორეული პერსპექტივა, ერთადერთი, რაც საჭიროა - ინტენსიური კვლევებია.