კალციუმის სიჭარბე ქალთა სიკვდილიანობას ზრდის
კალციუმი ძვლოვანი ქსოვილის ერთ-ერთი მთავარი მინერალია. მისი იონები სისხლის შედედებაში მონაწილეობს. მათ გარეშე შეუძლებელია იმპულსების გატარება ნერვულ ბოჭკოებში და კუნთების (მათ შორის - გულის კუნთის) ნორმალური შეკუმშვა. კალციუმის ცვლის რეგულაციაზე პასუხისმგებელია ორი ჰორმონი - პარათჰორმონი (გამოიმუშავებენ ფარისებრახლო ჯირკვლები) და კალციტონინი (გამოიმუშავებენ ფარისებრი, მკერდუკანა და ფარისებრახლო ჯირკვლები). პარათჰორმონი (ქიმიური რეაქცია მიმდინარეობს დ ვიტამინის თანაობისას) ზრდის სისხლში კალციუმის შემცველობას ძვლებში მისი შემცირებისა და გამოყოფის შეფერხების ხარჯზე. კალციტონინს აქვს შებრუნებული მოქმედება - იგი ზრდის სისხლიდან ძვლებში კალციუმის მიწოდებას. ასევე, მიიჩნევა, რომ ქალის ორგანიზმში კალციუმის ცვლის რეგულაციაში მონაწილეობს სასქესო ჰორმონებიც. ასაკოვან ქალებში, რომელთაც სასქესო ჰორმონების შემცირების გამო მომატებული აქვთ ოსტეოპოროზის განვითარების რისკი, ხშირად უნიშნავენ კალციუმის პრეპარატებს. შვედ მეცნიერთა მიერ ჩატარებულ გამოკვლევაში მონაწილეობა მიიღო 1941-1948 წლებში დაბადებულმა 61 443-მა ქალმა. კვლევა 19 წელი გაგრძელდა. 1987, 1990 და 1997 წლებში კვლევის მონაწილეებმა შეავსეს კითხვარი მოხმარებული კალციუმის რაოდენობის შესახებ. ამგვარად გამოავლინეს მეცნიერებმა კავშირი კალციუმის დიდი დოზით მოხმარებასა და სიკვდილის რისკს შორის. სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აღირიცხა იმ ქალებთან, რომლებიც დღეში 1400 მგ-ზე მეტ კალციუმს იღებდნენ. მაღალი აღმოჩნდა სიკვდილიანობა დღეში 600 მგ-ზე ნაკლები კალციუმის მომხმარებელ ქალებს შორისაც. პროფესორმა კარლ მიკაელსონმა ეს იმით ახსნა, რომ ნივთიერებათა ცვლის რეგულაციას კალციუმის მიწოდების დაქვეითებაც და მატებაც არღვევს. ასეთივე კვლევა, ოღონდ მამაკაცებში, ჩაატარა აშშ-ის ჯანმრთელობის ნაციონალურმა ინსტიტუტმა. გაირკვა, რომ კალციუმის ჭარბი მოხმარება მამაკაცებშიც ზრდიდა გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით სიკვდილის რისკს. ექიმების რეკომენდაცია ასეთია: კალციუმის ყოველდღიური დოზა მამაკაცებისთვის არ უნდა აღემატებოდეს 1000 მგ-ს, ხოლო ქალებისთვის - 1400 მგ-ს. ამაში შედის არა მხოლოდ ბადებში არსებული კალციუმი, არამედ საკვებიდან მიღებულიც. კალციუმი ბევრია ხაჭოში, რძეში, ყველში, სოიის ხაჭოსა და რძეში, ნუშსა და სხვა მცენარეებში.
ასაკობრივ სნეულებათა და კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდი
კურტინის სამედიცინო-კვლევით ინსტიტუტსა და დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანის ორგანიზმის განსაზღვრულ უჯრედებზე ზემოქმედებით შესაძლებელია იმუნიტეტზე კიბოს ნეგატიური გავლენის განეიტრალება. სწავლულებმა ფოკუსირება მოახდინეს იმუნური სისტემის კიბოს საწინააღმდეგო უნარზე. მათ დაამტკიცეს, რომ ხანდაზმულთა იმუნური სისტემა ითრგუნება და ორგანიზმი უმწეო ხდება კიბოს წინაშე, მაკროფაგებზე (რომლებიც მიიტაცებენ და გადაამუშავებენ ბაქტერიებს, უჯრედთა ნარჩენებს, ტოქსიკურ ნაწილაკებსა და სხვა პათოგენებს) ზემოქმედებით კი შესაძლებელია ამ ვითარების შეცვლა. მაკროფაგების წინამორბედი უჯრედები ძვლის ტვინში გამომუშავდება. როდესაც მეცნიერები ლაბორატორიულ ცხოველებში მაკროფაგებს ააქტიურებდნენ, ასაკობრივი ცვლილებები უკუიქცეოდა და კიბოს მიერ დაზიანებული იმუნური სისტემა აღდგებოდა. გამოდის, რომ უჯრედების გაახალგაზრდავება შესაძლებელია. ეს აღმოჩენა ხელს შეუწყობს ხანდაზმულთა იმუნოთერაპიის ახალი მეთოდის შემუშავებას. მეცნიერები დარწმუნებული არიან, რომ აღნიშნული მიდგომა ეფექტურად იმუშავებს ისეთი ონკოლოგიური დაავადებების წინააღმდეგ, როგორიცაა მეზოთელიომა - გულმკერდის, მუცლისა და გულის ღრუების ამომფენი უჯრედების სიმსივნე.
ძუძუთი კვება ბავშვის თავის ტვინის განვითარების ხელისშემწყობი ფაქტორია
ძუძუთი კვების მარგებლობა ყველამ კარგად იცის, მაგრამ ის, რომ დედის რძე ბავშვის თავის ტვინის განვითარებას უწყობს ხელს, ახლახან დაადგინეს ბრაუნის უნივერსიტეტის მეცნიერებმა 10 თვიდან 4 წლამდე ასაკის 133 ბავშვის ჯანმრთელობაზე დედის რძის გავლენის შესწავლის შედეგად. კვლევაში მონაწილე ბავშვები დაყვეს სამ ჯგუფად. პირველი მხოლოდ ძუძუთი იკვებებოდა, მეორე - ძუძუთი და ადაპტირებული ნარევით, მესამე - მხოლოდ ნარევით. მეცნიერებმა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფით შეისწავლეს ბავშვების თავის ტვინის მიკროსტრუქტურა ძილის დროს. აღმოჩნდა, რომ ორი წლის ასაკისთვის ბავშვებს, რომლებიც სამი თვის განმავლობაში მაინც წოვდნენ ძუძუს, სხვებზე მეტად ჰქონდათ განვითარებული თავის ტვინის საკვანძო ზონები (უკავშირდება ემოციებს, მეტყველებისა და შემეცნების უნარს). უფრო ზუსტად, პირველი ჯგუფის ბავშვები უკეთესად ლაპარაკობდნენ და აღიქვამდნენ ვიზუალურ ინფორმაციას, ასევე, კარგად აკონტროლებდნენ მოტორიკას. ბავშვები, რომლებიც ერთ წელზე მეტხანს იკვებებოდნენ დედის რძით, უკეთესად ართმევდნენ თავს დავალებებს, ვიდრე 12 თვემდე ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვები.