News
იელის მედიცინის სკოლის მეანობა-გინეკოლოგიისა და რეპროდუქციული მეცნიერების განყოფილებაში ჩატარდა გამოკვლევა, რომელშიც მონაწილეობდა 217 ახალშობილი. პროექტის ავტორმა ჰარვი კლიმანმა და მისმა კოლეგებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანის პლაცენტის ქორიონული შრის ანომალია და ნორმიდან გადახრილი ახალწარმონაქმნები (ტროფობლასტები) მთავარი მარკერებია ბავშვებში აუტიზმის მაღალი რისკის დასადგენად. მკვლევრებმა ბავშვები ორ ჯგუფად დაყვეს. სატესტო ჯგუფში მოხვდნენ ისეთ ოჯახში დაბადებული ახალშობილები, სადაც უკვე იყო აღნუსხული აუტიზმის შემთხვევა. ამ ჯგუფში მეცნიერებმა ტროფობლასტების არსებობის 15 შემთხვევა გამოავლინეს, საკონტროლო ჯგუფში კი - მხოლოდ ორი. კლიმენის თქმით, ახალშობილებთან, რომლებსაც აქვთ 4-ზე მეტი ტროფობლასტი, აუტიზმის განვითარების რისკი 96,7%-ს უტოლდება. ამჟამად აუტიზმის რისკის საუკეთესო მარკერად დაავადების ოჯახური ანამნეზია მიჩნეული. თუ ცოლ-ქმარს ჰყავს აუტიზმით დაავადებული ბავშვი, ალბათობა, რომ ეს დარღვევა მეორე შვილსაც აღმოაჩნდეს, 9-ჯერ მეტია. კლიმანი ხაზგასმით ამბობს, რომ თუ დაავადება ადრეულ სტადიაში გამოვავლინეთ, მკურნალობის ხარისხის გაუმჯობესება შესაძლებელია. კვლევის ავტორი იმედს გამოთქვამს, რომ აუტიზმის დიაგნოსტირება ბავშვის დაბადებისთანავე, პლაცენტის გამოკვლევის გზით, ჩვეულებრივი მოვლენა გახდება და ექიმებს ბავშვებისა და მათი მშობლების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში დაეხმარება.